logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 1-6 თებერვალი

unnamed (1).png
07 თებერვალი, 2023
 0

ევროპა - ფაშიზმის, ნაციზმის და სიღარიბის ადგილი

  • ევროპას ახასიათებდნენ როგორც ადგილს, სადაც ფაშიზმი და ნაციზმი, ისევე როგორც ადამიანების ჩაგვრა კვლავაც გავრცელებულია და რუსეთი სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძვის;
  • პროპაგანდისტები ავრცელებდნენ ნარატივს, რომ აშშ-სა და ევროპაში ცხოვრების დონე საშინელ დონეზეა და აღნიშნულის გასამყარებლად ცდილობდნენ ინფლაციით გამოწვეული კრიზისის გაზვიადებას. ამასთან, ერთ-ერთი შეთქმულების თეორიის თანახმად, კვერცხის ფასის გაძვირება ბილ გეითსს უკავშირდება, რომელიც ამ გზით ცდილობს ხელოვნური კვერცხების საკუთარი ბიზნესის ხელშეწყობას.

უარი თქვით აშშ-სა და დასავლეთზე, რუსეთი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოების და ტრადიციების გარანტი:

  • საქართველოს უარი, რომ მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ 3+3 ფორმატით გამართულ დიალოგში სამხრეთ კავკასიის საკითხებთან დაკავშირებით (ფორმატის წევრებად მოიაზრებიან რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, რომელიც კატეგორიულად უარყოფს მონაწილეობის შესაძლებლობას), შეფასდა, როგორც საქართველოს გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანების ნაცვლად აირჩიოს დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ლგბტ პოლიტიკა. დეზინფორმაციის წყაროები ასევე ავრცელებდნენ ცრუ განცხადებებს, რომ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა პროცესი უკრაინის ომის შედეგად ჩაიშალა. პროპაგანდა აღნიშნულში ადანაშაულებდა მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიას, უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ამტკიცებდა, რომ ისინი დაფინანსებას იღებენ გარე ძალების მიერ და შესაბამისად ემსახურებიან უცხოელი მფარველების ინტერესებს.
  • რეალურად, საქართველო და რუსეთი 2008 წლიდან მონაწილეობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. აღნიშნული მოლაპარაკებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეფერხდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ განახლდა. უკრაინაში ომამდეც, ჟენევის მოლაპარაკებებში არ შეინიშნებოდა წინსვლა და მხარეები არასდროს ყოფილან ახლოს რაიმე ტიპის მნიშვნელოვან გარღვევასთან. ამასთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებები ასევე იმართება ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რომელიც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას განიხილონ შესაძლო რისკები და ინციდენტების შემდგომ შექმნილი ვითარება, გაცვალონ ინფორმაცია და იმსჯელონ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ ყოველდღიურ პრობლემებზე. ინციდენტების პრევენციის და რეაგირების ფორმატში შეხვედრები აფხაზურ მხარესთან ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეწყდა, თუმცა ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან შეხვედრები ტარდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგაც. ინციდენტების პრევენციის და რეაგირების ფორმატის მექანიზმით მიღწეული ცალკეული ხელშესახები შედეგების მიუხედავად, ფორმატის ფარგლებში არ მიმდინარეობს საქართველოს გაერთიანების ან რამე მსგავსი საკითხის განხილვა. შესაბამისად, რუსეთის პროპაგანდა ქმნის ილუზიას, თითქოს რუსეთს სურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა, დასავლეთისგან მიღებული მითითების საფუძველზე, ზიანს აყენებს აღნიშნულ პროცესს.
  • უკანასკნელ პერიოდში კვლავ გააქტიურდა შედარებით პასიურ რეჟიმში მყოფი ანტითურქული პროპაგანდა. კერძოდ, გავრცელებული მტკიცებით, თურქ მოსწავლეებს უნერგავენ, რომ მათ უნდა უხაროდეთ რუსეთის დაცემა, რადგან ადვილად დაიკავებენ და შეიერთებენ საქართველოს. დეზინფორმაციის გამავრცელებლები აკრიტიკებდნენ საქართველოში მოქმედ ანტირუსულ ჯგუფებს და ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის გარეშე საქართველო დაყოფილი იქნება თურქეთსა და ირანს შორის და ქვეყანა დაკარგავდა სახელმწიფოებრიობას და ეროვნულ კულტურას, მაშინ როდესაც აშშ და ევროკავშირი მხოლოდ შეშფოთების გამოთქმით შემოიფარგლებოდნენ.
  • რუსეთის დამარცხებასთან დაკავშირებით შიშების დათესვა შეინიშნებოდა სხვა მიმართულებებითაც. კერძოდ, რუსეთის მარცხი გაიგივებული იყო საქართველოს განადგურებასთან, რადგან პროპაგანდისტული მტკიცებებით, რუსეთის მხარეზე მყოფები კარგად არიან დაცულები რუსეთის მიერ. პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ძალიან კარგად იცავს და მფარველობს საქართველოს თუ საქართველო კვლავ არსებობს, ეს სწორედ რუსეთის სიძლიერის დამსახურებაა. თუმცა, გამოხატული იყო სინანული, რომ უმადური და მოღალატე ქართველები აშშ-ს ინტერესებს ემსახურებიან და ამერიკელებს უწევენ დახმარებს რუსეთის დაშლის ძალისხმევაში.
  • პროპაგანდისტები ასევე ხაზს უსვამდნენ ბაიდენის გადაწყვეტილებას ერთნაირსქესიანთან და სხვადასხვა რასების წარმომადგენლებს შორის ქორწინების კანონის დონეზე დაცვასთან დაკავშირებით და ამის საპირისპიროდ მოჰყავდათ პუტინის გამოსვლა ამავე საკითხებზე, რითაც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ რუსეთი არის ტრადიციული ფასეულობების დამცველი.

უკრაინა რუსეთის ქართველის მხარდამჭერების რადარზე

  • პროპაგანდა კვლავ აგრძელებდა ომის დაწყების სხვადასხვა ვერსიების და თეორიების გავრცელებას, რომელთაც სულ მცირე ერთი მიზანი აერთიანებთ - ბრალის რუსეთიდან გადატანა. ამჯერად, ომის რეალურ მიზეზად დასახელდა გეგმა „სინაგოგა“ - დასავლეთის ომის რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან. „ებრაელ ექსპერტზე“ დაყრდნობით გავრცელებული კიდევ ერთი განმარტების შესაბამისად, რუსეთი არ იბრძვის უკრაინის დასაპყრობად და ცდილობს არ დაუშვას ნატო რუსეთის საზღვრებთან და შეიცავდა მტკიცებას, რომ ომი აშშ-ის, როგორც მსოფლიო არეულობის მომწყობის, ევროპიდან გაძევებით უნდა დასრულდეს.
  • მორიგი ვერსიის თანახმად, რუსეთი ჯერ საქართველოსთან და შემდეგ უკრაინასთან ომში ნატო-მ ჩაითრია, მაგრამ შედეგად რუსეთმა დაიკავა სოხუმი (აფხაზეთის დედაქალაქი), ცხინვალი, ყირიმი და დონბასი. დეზინფორმაციის წყაროების მტკიცებით, რუსეთი ამჟამად უკვე მეორედ არის უკრაინასთან ომში ჩათრეული და შესაბამისად მიანიშნებდნენ, რომ მეორე ომი არც საქართველოს შემთხვევაში იქნება გამორიცხული. „ნატო-ს მიერ რუსეთის ომში ჩათრევა“ შეფასებული იყო როგორც ნატო-ს მაზოხისტური საქციელი.
  • ცალკეული ანტიდასავლური წყაროები ავრცელებდნენ გზავნილს, რომ პროდასავლელი აქტორების თავდაპირველი ტრაბახის მიუხედავად, რომ რუსული არმია მოყვარეულების არმიაა და უკრაინა მას მოსპობს, ახლა მათ უწევთ აღიარონ, რომ რუსეთი ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და ერთმანეთის მიყოლებით ამყარებს მათზე კონტროლს.
  • სოციალურ ქსელებში გავრცელებული პროპაგანდისტული გზავნილების მიხედვით, უკრაინა ძალის გამოყენების ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების მობილიზებას არმიაში და ქართული მედია აღნიშნულს არ აშუქებს.
  • უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებს ბრალს სდებდნენ, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში, ისინი გეგმავენ ყურადღების საქართველოზე გადმოტანას და ადგილობრივი აგენტების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელშეწყობით რევოლუციის ორგანიზებას.
  • უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თხოვნის პასუხად, პროპაგანდისტებმა ზელენსკი დაადანაშაულეს ასობით ათასი უკრაინელის უწყვეტ რეჟიმში მკვლელობაში.
  • რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთხელ აღმოჩნდა დეზინფორმაციის სამიზნე. პროპაგანდისტები მანიპულაციურად წარმოაჩენდნენ ევროპარლამენტარ გაი ვერჰოფშტადტის განცხადებას, რომ ევროკავშირის სანქციების ცხრა პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად არაეფექტურია.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე

  • უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის მიმდინარეობისას, კრემლი აქტიურად იყენებს საინფორმაციო კამპანიას, ცდილობს გამართლება მოუძებნოს ომის მიზნებს და დაარწმუნოს ყველა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება, რუსეთი საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს.
  • თებერვლის პირველ კვირაში გავრცელდა ახალი დეზინფორმაციული მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილებულ იქნა ფაქტმეტრის მიერ. განსაკუთრებით აღსანიშნავია გადაწყვეტილება უკრაინული არმიისთვის დასავლური საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვში ფართო შეშფოთების საგნად იქცა. მათ შორის, ერთ-ერთი ვირუსულად გავრცელებული ყალბი ამბის თანახმად, ბერლინის ბილბორდზე გაშვებული ვიდეო ასახავდა პროტესტს გერმანული წარმოების „ლეოპარდ“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში სიყალბე აღმოჩნდა. ამავე საკითხზე, კიდევ ერთი დეზინფორმაციული წყარო ავრცელებდა ცრუ მტკიცებას, რომ პოლონეთი ემზადება ლვოვზე კონტროლის დასამყარებლად და ამ მიზნით ვარშავა აქტიურად ქირაობს მოქალაქეებს უკრაინისთვის განკუთვნილი „ლეოპარდ“ ტანკების ეკიპაჟების დასაკომპლექტებლად.
  • რუსული პროპაგანდა ასევე თავს ესხმოდა აშშ-ს და ავრცელებდა ყალბ მტკიცებას, თითქოს ამერიკულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ნიუსვიქში“ განმარტებული იყო, რომ უკრაინაში არსებულმა ტიტანის რეზევებმა უბიძგა ვაშინგტონს ქვეყნის „ოკუპაციისკენ“ და რუსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებისკენ. დასასრულს, მიმდინარე კვირაში ვირუსულად გავრცელდა ყალბი ანგარიში უკრაინის სამხედრო დანაკარგებთან დაკავშირებით, რომელიც ეყრდნობოდა თურქულ გამოცემა „ჰურსედა ჰაბერის“ ინფორმაციას, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მოიპოვა ისრაელის დაზვერვის ანონიმურ მონაცემების მეშვეობით. რუსული წყაროები ასევე ავრცელებდნენ მცდარ მტკიცებას, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის რიგებში დაღუპულია მხოლოდ 18,480 ჯარისკაცი, მაშინ როდესაც უკრაინის დანაკარგების რაოდენობა 157,000 აჭარბებს. ამავე, ყალბ, „მოსადიდან მიღებულ მონაცემებში“ ვხვდებით ინფორმაციას უკრაინაში 2000-ზე მეტი ნატო-ს სამხედრო პირის და სამხედრო ინსტრუქტორის დაღუპვასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია „ფაქტმეტრის“ სტატიაში.