logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 6-12 თებერვალი

unnamed.png
14 თებერვალი, 2023
 0

წითელი განგაში

„ხალხის ძალის“ სახელით ცნობილმა დეპუტატთა ჯგუფმა, რომელიც ფორმალურად გამოეყო მმართველ „ქართულ ოცნებას“ თუმცა კვლავ რჩება საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილად, პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს რომლებიც წლიური შემოსავლის 20% უცხოური წყაროებიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტი“. აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანია უკვე სამართლებრივი დევნის სახეს შეიძენს. კანონპროექტს არ გააჩნია რაიმე სხვა მიზანი, არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად შერაცხვის და სტიგმატიზების გარდა და მოითხოვს, რომ ყველა წამყვანმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ პროაქტიულ რეჟიმში გამოაქვეყნოს და გაასაჯაროვოს ყველა შემოსავალი, ინფორმაცია დონორების შესახებ და მონაცემების უცხოური დაფინანსებით შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მოცემულ ეტაპზე, აღნიშნული წარმოადგენს ყველაზე საგანგაშო მოვლენას საქართველოში, რომელიც არა მხოლოდ გააუარესებს სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას, არამედ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რადგან ისეთი კანონის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციას, ეწინააღმდეგება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას (კერძოდ მე-10 პუნქტს), რომლის შესრულება საჭიროა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.


აშშ-ის ელჩი კიდევ ერთხელ გახდა დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე:

  • ცნობილი პრორუსულად განწყობილი ექსპერტები მოითხოვდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის გაძევებას და ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და დაჯგუფება/ძალა რომელიც ებრძვის ლიბერალი ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლ კონსერვატიულად და ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანებს, აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ფინანსდება. ამავე კონტექსტში, ბაიდენის ადმინისტრაცია შერაცხული იყო ლიბერალ-ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლად და მისი წარმომადგენელი საქართველოში შედარებული იყო ეშმაკთან და სატანასთან. აშშ-ის სპეცსამსახურებს ასევე ადანაშაულებდნენ დასუსტებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფეხზე დაყენებაში.
  • კიდევ ერთი მტკიცების თანახმად, აშშ-ის სურს საქართველოს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების მოსაწყობად. ამავე მტკიცებით, დეგნანმა ვაშინგტონიდან მიიღო მკაფიო ინსტრუქციები, რომ საქართველოს მოსახლეობა დატოვოს სიღარიბეში და ამ მიზნით ხელი შეუშალოს როგორც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე შეტანას, რადგან ასეთ შემთხვევაში მარტივი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მოსახლეობის კონტროლი და საბოლოო ჯამში მათი დამონება. ყოფილი სამხედრო და ამჟამად პრორუსულად განწყობილი ექსპერტი ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ:
  • სინამდვილეში ფინანსურ დახმარებას უწევს არა საქართველოს, არამედ მცირე ჯგუფებს;
  • არ აწარმოებს ქართული პროდუქციის იმპორტს;
  • საქართველოში არ ჩამოდიან ტურისტები, არამედ მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას.

დეზინფორმაცია უკრაინის შესახებ

  • შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან არსებობს მსოფლიო ჩანაფიქრი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად, ფართოდ ტირაჟირდებოდა საქართველოში, მათ შორის მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან. აღნიშნული ნარატივი მიბმული იყო მოწოდებებთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასავლეთის ქვეყნებში სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებებთან;
  • პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ოფიციალურად დატოვა „ქართული ოცნება“, თუმცა კვლავ რჩება საპარლამენტო უმრავლესობაში განაცხადა, რომ ომი რეალურად რუსეთს და დასავლეთს შორის მიმდინარეობს, ხოლო უკრაინა უკვე დამარცხებულია მისი ანტი-უკრაინული პოლიტიკის გამო;
  • პრორუსული ანგარიში „კიევის რეჟიმს“ ადანაშაულებდა უკრაინის განადგურებაში და ამტკიცებდა, რომ რეჟიმი მზად იყო აეფეთქებინა და რადიოაქტიური ნივთიერებებით მოეწამლა კიევი ამერიკელი მფარველების საამებლად;
  • კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქვენარატივი, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების მიზეზით დასავლეთი დაუცველად არის დარჩენილი. ამჯერად აღინიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს აღარ გააჩნდა მძიმე შეიარაღება, რადგან არსებული ტექნიკა სრულად მიაწოდა უკრაინას;
  • პროპაგანდის სამიზნეში ასევე მოხვდნენ უკრაინელი ბავშვები - პროპაგანდისტული გზავნილის მტკიცებით, უკრაინელი ბავშვები არ იზრდებიან ნორმალურ პირობებში და მათ ფაშისტებად წვრთნიან.
  • პრორუსული „ალტ-ინფო“ ცდილობდა მანიპილაციურად წარმოეჩინა უკრაინის მთავრობაში განხორციელებული გადაადგილებები და ამტკიცებდა, რომ ომის კრიტიკულ მომენტში თავდაცვის მინისტრის ცვლილება მიანიშნებს უკრაინაში გაბატონებულ კორუფციაზე და უკრაინის მძიმე ვითარებაში ყოფნაზე. ამასთან, „ალტ-ინფო“ ასკვნიდა, რომ უკრაინაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ნიშნავს, რომ უკრაინის განცხადებები რუსეთის დანაკარგების შესახებ ყალბია, რუსეთი ფლობს უპირატესობას, არ გააჩნია მნიშვნელოვანი პრობლემები და საბოლოოდ მოიპოვებს კიდეც ამ ომში გამარჯვებას.

დასავლეთის დემონიზება და რუსეთის განდიდება:

  • პრორუსული წყაროები სიხარულით ავრცელებდნენ პუტინის განცხადებას და ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთის პოლიტიკა ბინძური და სისხლიანია და წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნების სუვერენიტეტთან. პროპაგანდის თანახმად, აშშ-ის და ზოგადად დასავლეთის პოლიტიკა სატანისტურია და გვაიძულებს, რომ ისევე ცივსისხლიანად დავუპირისპირდეთ მათ, როგორც ისინი გვიპირისპირდებიან ჩვენ.
  • ასევე დადებითი შეფასება მიეცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პროპუტინისტურად განწყობილი ლიდერის, რამზან კადიროვის ნათქვამს, რომ დასავლეთს სურს იხილოს მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. პროპაგანდის მტკიცებით, ისტორიულად რუსეთი დაუმარცხებელი ქვეყანაა და ეჭვგარეშეა, რომ არც ამჟამად დამარცხდება.
  • ქართულ და რუსულ მედიაში ცნობადი სახე, ცნობილი პროპაგანდისტი და პრორუსულად განწყობილი ექსპერტი მხარს უჭერდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე პოლიტიკური დიალოგის და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იდეას.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, 6-12 თებერვალი

6-12 თებერვლის კვირაში, „ფაქტმეტრმა“სოციალური მედიის პლატფორმებზე ომთან დაკავშირებით გავრცელებული რამდენიმე დეზინფორმაცია გააბათილა. თავდაპირველად, ამერიკულ მედიასაშუალება „ნიუსვიქის“ სტატიაზე დაყრდნობით (უკრაინაში ტიტანის ფართო რეზერვებთან დაკავშირებით), რუსული წყაროები ავრცელებდნენ ყალბ მტკიცებას, თითქოს „ნიუსვიქი“ განმარტავდა, თუ რეალურად რატომ უჭერს მხარს აშშ კიევს - რომ საბოლოოდ დაეპატრონოს უკრაინის ტიტანის მარაგებს. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში „აშშ-ს და მის მოკავშირეებს უკიდურესად ხელსაყრელი პირობები ექნებათ ტიტანის ახალი არხის გასაჭრელად“, არსად არის ნახსენები, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაშინგტონი უკრაინას ათობით მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას უწევს. გარდა ამისა, რუსული სოციალური მედიის ანგარიშები და მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის „მოსადის“ მონაცემებზე დაყრდნობით, ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ გაანადგურა 157,000 უკრაინელი სამხედრო, ხოლო მისი დანაკარგები შეადგენს მხოლოდ 18,000 ჯარისკაცს. რეალურად, დეზინფორმაციის გამავრცელებლები ეყრდნობიან თურქულენოვან ვებგვერდზე, რომელიც თავის მხრივ არ ამჟღავნებს საკუთარ წყაროს. ეს კონკრეტული დეზინფორმაცია იმდენად ვირუსულად გავრცელდა „ტვიტერზე“, რომ თვითონ ილონ მასკიც კი შეცდომაში შეიყვანა, რომელმაც მოგვიანებით „ტვიტერის“ შესაბამის სამსახურს სთხოვა პუბლიკაციაზე სწორი რიცხვების დამატება (დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. „ფაქტმეტრის“ სტატიაში). მორიგი ყალბი ახალი ამბის თანახმად, „პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს უკრაინისთვის განკუთვნილი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების ეკიპაჟის წევრებად ამზადებს“, თუმცა აღნიშნული მტკიცების დამადასტურებელი ფოტო ნაყალბევია. დასასრულს, „სიენენზე“ დაყრდნობით, რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-ს არ შეუძლია დაეხმაროს უკრაინას ენერგოსისტემის აღდგენაში. სინამდვილეში, „სიენენის“ სტატიაში აბსოლუტურად საპირისპირო რამ არის ნათქვამი, რომ შესაბამისი ტექნიკის უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის წინაშე მდგარი გარკვეული ლოგისტიკური სირთულეების მიუხედავად, ვაშინგტონი „დაუღალავად მუშაობს დიდ შვიდეულში შემავალ და სხვა პარტნიორებთან ერთად, რომ აღადგინოს, შეცვალოს და დაიცვას უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა“.