logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი 1-14 მაისი

pms.png
19 მაისი, 2023
 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შექება დაიმსახურა; „ქართული ოცნების“ და ევროპელი სოციალისტების გზები გაიყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიური კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC). კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მათ შორის განაცხადა, რომ კონსერვატიული ფასეულობებით ისინი „დაუპირისპირდებიან ბოროტებას, რომელიც მოდის ცრუ თავისუფლების და ცრუ ჭეშმარიტების სახელით“, „არ დაუშვებენ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე“, ისევე როგორც არ დაუშვებენ ძალადობას უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ და დაიცავენ უმრავლესობის უფლებას, რომელსაც სწამს, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა, რომ დედა არის ქალი, ხოლო მამა არის კაცი. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისგან მადლობა დაიმსახურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „მათ შეუძლიათ ბევრი რამ ისწავლონ ღარიბაშვილისგან“, მათ შორის ის „თუ როგორ შეიძლება იცხოვროს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილის ქვეშ ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ფასეულობები“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელის მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში, მაშინ როდესაც მმართველ პარტია „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობდა, ევროპაში უარყოფითად იქნა აღქმული. „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ ზემოხსენებულზე პასუხად განაცხადა, რომ „ღარიბაშვილის მონაწილეობა კონსერვატიული პარტიის სამოქმედო კონფერენციაზე ეწინააღმდეგება ევროპულ და პროგრესულ ღირებულებებს“. „ევროპელი სოციალისტების პარტის“ ვიცე-პრეზიდენტის კატი პირის თქმით, „პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საქციელი მიუღებელია და სრულიად აშორებს მას ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ფასეულობებს“ ხოლო „ევროპელი სოციალისტების პარტიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ხელმძღვანელთა მომდევნო შეხვედრაზე შესაბამისი შეფასება მისცეს „ქართული ოცნების“ სტატუსს პარტიის შიგნით“. „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებამ „ქართული ოცნების“ ლიდერების მკვეთრი რეაქცია დაიმსახურა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ეროვნული ფასეულობები ანტი-ევროპული და პრორუსულია, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადახედოს ურთიერთობას ასეთ ხალხთან. აღნიშნული მიდგომის დასასაბუთებლად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ისინი „უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას“, რომელიც „უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სულ უფრო მეტად დაშორდა კლასიკურ სოციალურ-დემოკრატიული იდეოლოგიას და გადაინაცვლა ფსევდო-ლიბერალური პლატფორმისკენ“ და „ევროპელი სოციალისტების პარტიის ასეთ იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია როგორც ჩვენი პარტიის, ისე ქართული საზოგადოების ღირებულებებთან და ხედვასთან“.

„ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალამ“, რომელიც ცნობილია როგორც „უცხოეთის აგენტების“ რუსული კანონპროექტის ოფიციალური ავტორი, განაცხადა: „არსებული ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ევროპაში არა ტრადიციებით, არამედ მხოლოდ ტრადიციებისა და ტრადიციული ღირებულებების დაგმობით შეიძლება მიგვიღონ. ამასთან, ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა ასკვნიდა, რომ „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიც ზედმიწევნით სრულდება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ. შესაბამისად, საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობების დაცვას ვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თუ ამ პირობებს არ დავაყენებთ, ვერც სუვერენიტეტს დავიცავთ, ვერც ტრადიციულ ფასეულობებს და ვერც მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში“.


კვლავ გრძელდება შიშის დათესვა „მეორე ფრონტზე“ აპელირებით:

  • თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო აღნიშნულს უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიზეზებიც საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. კალაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მათთვის პრობლემაა [სავარაუდოდ იგულისხმება ევროკავშირი], რადგან არ უერთდება სანქციებს, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს საქართველოში. თბილისის მერის შეფასებით, საქართველო ყველაფერს შეასრულებს (12 პუნქტს), თუმცა გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. კახა კალაძის განცხადებით, „თუ მოგვცემენ სტატუსს გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს იქნება პრობლემა“.
  • „ქართული ოცნების“ პარლამენტარი რატი იონათამიშვილი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირიდან, განსაკუთრებით კი „ევროპელი სოციალისტების პარტიიდან“ პირდაპირ მოდის გზავნილები, რომ კონსერვატიულ პარტიას ევროპასთან არაფერი ესაქმება, მაგრამ „ასე მკაფიოდ რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა, აქამდე არავის უთქვამს“.
  • „ქართული ოცნების“ ლიდერები უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერს დავით არახამიას (მას შემდეგ რაც მან განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება) ასევე ადანაშაულებდნენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და ძალადობრივი რევოლუციური სცენარის მხარდაჭერაში, რომელიც მიზანსაც წარმოადგენს ხელისუფლებაში ნეოფაშიტური ძალების მოყვანა.


„ქართული ოცნების“ და ევროპარლამენტარების დაპირისპირება გრძელდება

გაგრძელდა თავდასხმები ევროპარლამენტარებზე, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ვიოლა ფონ კრამონზე [ევროპარლამენტარი „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის“ რიგებიდან]. ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა მთავრობის და მმართველი პარტიის მხრიდან ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტის შესრულების გამო, არამედ იმიტომ რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და ამასვე მოითხოვს გეოპოლიტიკური ლოგიკა“. აღნიშნულმა „ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტარების აღშფოთება გამოიწვია და ბიძგი მისცა ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ პროპაგანდის და შეურაცხმყოფელი განცხადებების ტალღას:

  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიოლა არის [ენმ-ის] დაქირავებული ლობისტი და მავნებელი. მისი თქმით, ვიოლა ფონ კრამონი ამ საქმეში მარტო არ არის და „მანდ არის [ანნა] ფოტიგა [„ევროპის კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი“], [ანდრიუს] კუბილიუსი [„ევროპის სახალხო პარტია“] და კიდევ უამრავი, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიის „დაქირავებული ლობისტები“ და არა ქართველი ხალხის ან ზოგადად საქართველოს მეგობრები.“
  • კახა კალაძის ირონიული განცხადებით, იგი არ გამორიცხავს, რომ ვიოლა ფონ კრამონი მოლოტოვის კოქტეილით ხელში იხილოს თბილისის ქუჩებში ან ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი 2024 წლის არჩევნებში ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელოს.
  • პარალელურად, ანტიდასავლური აქტივისტი და პრორუსული „ალტ-ინფოს“ წამყვანი ალექსანდრე ფალავანდიშვილი ამტკიცებდა, რომ ვიოლა ფონ კრამონის ქმედებები [აქციები და აქციებზე დაკავებული პირის მხარდაჭერა] ნიშნავს, რომ დასავლეთი პირდაპირ უჭერს მხარს ძალადობას [საქართველოში]: „პირდაპირ მხარს უჭერენ პარლამენტში შეჭრას, პოლიციელების დაწვას, ასევე რადიკალიზმის და ექსტრემიზმის უკიდურეს ფორმებს“.


რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა: გამოხმაურება პრორუსულ საინფორმაციო ეკოსისტემაში

პრორუსულმა აქტორებმა ერთხმად პოზიტიურად შეაფასეს აღნიშნული გადაწყვეტილება და შეეცადნენ რუსეთის წარმოჩენას უკიდურესად დადებით ჭრილში. ზოგადი საზეიმო რიტორიკის გარდა, პროპაგანდისტული გზავნილები მიმართული იყო ქართულ საზოგადოებაში რუსეთის გადაწყვეტილების მიმართ სკეპტიკური ან საწინააღმდეგო განწყობების გასანეიტრალებლად:

  • „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება იყო პროქართული და ეს საქართველოს აძლევდა რუსეთთან ურთიერთობების მშვიდობიანად აღდგენის და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების შესაძლებლობას, რაც მოგვიანებით ასევე აისახებოდა ეკონომიკურ სიძლიერეშიც. „ალტ-ინფოს“ ეთერში მოწვეული სამღვდელოება ამტკიცებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება გამოიწვევს ეკონომიკურ გაძლიერებას, საქართველოსთვის ძლიერი ბაზრის გახსნას და დემოგრაფიულ სიძლიერეს, ასევე მომავალი თაობების ქრისტიანული შეგნებით აღზრდას, განსხვავებით სკოლებსა და უნივერსიტეტებში დღეს არსებული ვითარებისგან. სხვა პრორუსული აქტორები ასევე ხაზს უსვამდნენ რუსეთთან ახლო ურთიერთობებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში.
  • „ალტ-ინფოს“ სტუმარი სასულიერო პირი ამტკიცებდა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით არ შედის ლიბერალური დასავლეთის ინტერესებში, რადგან თუ საქართველო შეძლებს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას, დასავლეთი ვეღარ გამოიყენებს ქართველ ბიჭებს რუსეთთან ომში დასაღუპად.
  • პრორუსული მედიასაშუალება „სეზონი ტვ“-ს თანახმად, რუსეთის გადაწყვეტილებების მიმართ პროვოკაციები და ისტერია დაიწყეს ენმ-ს ბანდიტებმა, ლიბერასტულმა (ქართველი პროპაგანდისტების საყვარელი სიტყვა, რომლითაც აღწერენ ლიბერალ პრო-დასავლურ ჯგუფებს. სიტყვა გადმოღებულია რუსეთიდან და წარმოადგენს სიტყვების „ლიბერალის“ და „პედერასტის“ კომბინაციას) მედიამ და დასავლეთის აგენტებმა, იმისთვს, რომ ცეცხლზე ნავთი დაესხათ, გამოეწვიათ ახალი მასობრივი აქციები და შური ეძიათ საქართველოში მყოფ რუს ტურისტებზე, რომლებსაც საქართველოში აშშ-ის ელჩის კი დივერსანტებს უწოდებს - შესაბამისად, მთელი ამ ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა ეთნიკური ძალადობის გაჩაღება“.
  • რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, პრორუსული წყაროების დამატებითი მოთხოვნა იყო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც გაწყვეტილია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
  • პრორუსულად განწყობილი წამყვანი აჟღერებდა შეთქმულების თეორიას, რომ 1992 წელს აშშ-მა რუსეთის ხელით დაბომბა თბილისი, რადგან მაშინ აშშ რუსეთს ბორის ელცინის მეშვეობით აკონტროლებდა და აღნიშნულის საფუძველზე ასკვნიდა, რომ რუსეთი არის საქართველოში მშვიდობის და ქვეყნი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი ჭეშმარიტი გარანტი.
  • პრორუსული საგარეო პოლიტიკის უპირატესობას ხაზი ესმებოდა უკრაინაში რუსეთის გარდაუვალ გამარჯვებაზე აპელირებით, რადგან პროპაგანდის შეფასებით მოსკოვს გააჩნია უფრო ძლიერი ბირთვული არსენალი და ნატო უარს ეუბნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე
  • რუსეთი და პუტინი ასევე წარმოჩენილები იყვნენ საქართველოს მხსნელებად 2008 წელს, როდესაც [საქართველოზე თავდასხმის და მისი ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ], მოსკოვმა არ მისცა ერდოღანს საქართველოს აჭარის და გურიის რეგიონების ანექსიის საშუალება.

9 მაისის გამარჯვების დღის ზეიმი - რუსეთის ისტორიული რევიზიონისტული პროპაგანდის სიმბოლო

  • ამ დღის აღსანიშნავად, პრორუსულმა ჯგუფებმა სხვადასხვა ღონისძიება გამართეს - ჩაატარეს შეკრება და გამოფენა, კონფერენციები, მიუძღვნეს სტატიები, სატელევიზიო გადაცემები და ა.შ. ამავე ჯგუფების წარმომადგენლები ხოტბას ასხამდნენ საბჭოთა კავშირს და სტალინს, ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ პრორუსული საგარეო პოლიტიკის გატარებას, გმობდნენ ნეოლიბერალ ფაშისტებს და გამოთქვამდნენ იმედს, რომ 2024 წელს რუსეთი და საქართველოს 9 მაისის გამარჯცების დღეს ერთად იზეიმებენ.
  • „ტვ სეზონის“ პრორუსულად განწყობილი წამყვანი აცხადებდა, რომ საქართველოში ევროკავშირის გეი ელჩმა 9 მაისი ევროპის დღედ გამოაცხადა, რაც მისთვის მიუღებელია და აღნიშნულიდან გამომდინარე, ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი მტკიცებით, 9 მაისი არის ფაშიზმზე გამარჯვების და არა ევროპის დღე და ხალხმა, რომელიც ყველაფერის წინააღმდეგ იბრძვის, ევროპის დღე ფაშიზმზე გამარჯვების დღეს იმიტომ დაუკავშირა, რომ თვითონვე არიან ფაშისზმის იდეოლოგები, ხოლო თანამედროვე ევროპის ლიდერები თავად არიან ფაშისტები.
  • „ალტ-ინფო“ აცხადებდა, რომ ისინი, ვინც მოუწოდებენ, რომ გამარჯვების დღეს 8 მაისს აღინიშნოს, ის ხალხია ვინც ბევრ ისტორიულ ჭეშმარიტებას სიცრუეს უწოდებს და ვინც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს. „ალტ-ინფოს“ ექსპერტი ასევე აკრიტიკკებდა ევროპის დღეზე ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებულ გზავნილებს და ამტკიცებდა, რომ 1) ელჩი საუბრობდა მშვიდობაზე, თუმცა ისინი მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ 2) ელჩი გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, თუმცა არაფერს აკეთებს, რომ დაეხმაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ამავდროულად მოსპო საქართველოს სუვერენიტეტი, რადგან ყოველ ჯერზე ცდილობს საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას, როდესაც თბილისი ცდილობს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას. პროპაგანდისტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან ომში ჩართვას ითხოვს.
  • პრორუსული მედიის თანახმად, დასავლეთის აგენტები და აშშ-ის მონები საქართველოში შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ წინაპირებს საფლავში. პროპაგანდა აცხადებდა, რომ გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღნიშვნის მომხრეები, არიან აშშ-ის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორის ალენ დალესის გამხმოვანებლები, რომლებიც მიზნად ისახავენ სტალინის მემკვიდრეობის დაკნინებას, რადგან მან ჩაშალა და გადაავადა მათი გეგმები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა გარყვნილების და სოდომური ცოდვების გავრცელება.
  • „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, რომლებიც მოუწოდებენ გამარჯვების დღის თარიღის 9 მაისიდან 8 მაისს გადატანისკენ, ემსახურებიან ისტორიის გადაწერის მცდელობას და ცდილობენ საქართველოს მომავალი თაობების შეგნების შეცვლას, მათთვის ტრადიციების დავიწყებას, საქართველოს უკრაინის მსგავსად ანტირუსულ გეოპოლიტიკურ პოლიგონად გარდაქმნას, რომელიც იქნება ადვილად სამართავი და დასავლეთი მარტივად შეძლებს მის გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას და საქართველოს ომში ჩათრევას.
  • „ალტ-ინფო“ აცხადებდა, რომ მეორე მსოფლიო ომი იყო ქართველების, კერძოდ სტალინის და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის ბერიას გამარჯვება, რომლებმაც მსოფლიო და კაცობრიობა იხსნეს უდიდესი ბოროტებისგან. შესაბამისად, ქართველებს მისით უნდა ეამაყათ.
  • შეთქმულების თეორიის მტკიცებით, ბრიტანულმა ან ამერიკულმა დაზვერვამ გადაიბირა ხრუშჩოვი და ყველა მომავალი ლიდერი და აიძულა მათ დაენგრიათ საბჭოთა კავშირი.
  • ინგლისი წარმოჩენილი იყო, როგორც მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული მხარე, რადგან სტალინმა მოახერხა მათთვის მთელი აღმოსავლეთ ევროპის წართმევა.

აშშ-ის ელჩი კიდევ ერთხელ გახდა დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე:

  • აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო მიწისქვეშა საპარკინგე სივრცის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას. „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერ „იმედის“ ტელევიზიაზე, აღნიშნული გაშუქდა როგორც სენსაცია. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ ელჩის დასწრება ასეთ შეხვედრაზე „სერიოზულ უხერხულობას ქმნის“, „ნამდვილად გასაკვირია“ და „ძალიან უცნაურია“. „იმედმა“ ასევე გაავრცელა უფრო ხისტი და სარკასტული შეფასებები პროსახელისუფლები ექსპერტების (ანუ პროპაგანდისტების) მხრიდან, რომლებიც ამბოდნენ, რომ აშშ ერევა საქართველოს აბსოლუტურად ყველა შიდა საქმეში, ისეთ მცირე შემთხვევაშიც კი როგორც მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაა, ხოლო ერთი მათგანი კელი დეგნანს ცალკეული ბიზნესმენების პირადი ბიზნეს ინტერესების ლობირებაში სდებდა ბრალს. ამავდროულად, „იმედმა“ ასევე გამოაქვეყნა ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ („ქართული ოცნების“ მოკავშირე საპარლამენტო ჯგუფი) კომენტარი, რომელიც კელი დეგნანს „უნტეროფიცერს“ უწოდებდა (მინიშნებით ნაცისტურ გერმანიაში არსებულ წოდებაზე) და აცხადებდა, რომ მას საქართველოში აქვს „პოლიტიკური პლანტაცია“, რომელიც სავსეა „უნიჭო და უნიათო მონებით“ (ნაგულისხმევია პოლიტიკოსები ოპოზიციიდან).
  • ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი, დეგნანს ასევე ადანაშაულებდა, რომ იგი არის საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი და განრისხებული იქნებოდა საკუთარი „შეგირდების“ უნიათობით. იგი ასევე ბრალს სდებდა აშშ-ს მარტის საპროტესტო გამოსვლების დროს საქართველოში რევოლუციის მხარდაჭერაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოლექტიური ძალისხმევის გამოყენებით, მათ შორის აშშ-ის ვასალების, ანუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების ჩართვით და ა.შ. თუმცა ეს ვერ გამოუვიდა და აშშ-ის ასეთი გეგმის რეალიზება არც ამჯერად გამოუვა.

პროპაგანდა უწყვეტ რეჟიმში ადანაშაულებს აშშ-ის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაში:

  • „ალტ-ინფო“ აჟღერებდა „ხალხის ძალის“ მიერ გასულ პერიოდში კულტივირებულ პროპაგანდისტულ გზავნილს, რომლის თანახმადაც ვადის პრაქტიკულად ამოწურვის მიუხედავად კელი დეგნანი არ დაბრუნდა აშშ-ში, რადგან საქართველოში მას დარჩა გასაკეთებელი საქმე, კერძოდ თბილისში გეი აღლუმის ჩაბარება, რადგან თვითონ ლგბტ აქტივისტია და ევროპაში ასეთ აღლუმებში მონაწილეობა აქვს მიღებული.
  • „ალტ-ინფოს“ მტკიცებით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას აშშ აკონტროლებს, რითაც აიხსნება სასამართლოს გადაწყვეტილება 2021 წლის 5 ივლისის საქმეზე (როდესაც „ალტ-ინფოს“ და სხვების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მოძალადე ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 50-ზე მეტ ჟურნალისტს). პრორუსული ჯგუფი ამტკიცებდა, რომ საქმის ფარგლებში დაკავებულებს არაფერი უკანონო არ ჩაუდენიათ (პირიქით, დაიცვეს საქართველოს ღირსება), მაგრამ ციხეში არიან უცხოეთიდან დაფინანსებული ლიბერალური უმცირესობის გამო, რომელთა შორის არიან არა მხოლოდ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ აშშ-ის საელჩო და თვითონ აშშ-ის ელჩიც, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გავრცელების ძალისხმევაში (საქართველოს ეროვნული სულის მოსპობის მიზნით). „ალტ-ინფოს“ განცხადებით, ისინი გააგრძელებენ აქციებს პროპაგანდის და გარყვნილების აღლუმების ჩატარების სამომავლო მცდელობების აღსაკვეთად და გამოიყენებენ ბრძოლის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის ფიზიკურს.
  • „ალტ-ინფო“ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, „ალტ-ინფო“ მედიის დახურვის მოწოდების გამო ადანაშაულებდა ორმაგ სტანდარტებში, რადგან „ალტ-ინფოს“ თანახმად, იგი მოუწოდებს მედიის თავისუფლების დაცვისკენ და ამავდროულად ითხოვს იმ მედიასაშუალების დახურვას, რომელიც მას არ მოსწონს.
  • სასულიერო პირი „ალტ-ინფოს“ ეთერში ამტკიცებდა, რომ აშშ ცდილობს რუსეთის და ჩინეთის დასუსტებას, ხოლო ამისთვის საუკეთესო გზას წარმოადგენს მეზობლებთან დაპირისპირების გამოწვევა. მისი თქმით, აშშ-ის უკრაინაში მოუწია ორი რევოლუციის ორგანიზება, რომ საბოლოოდ ჩაერთო უკრაინის მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ ომში და მის ინტერესებში შედის ასეთი ომის დაწყება საქართველოშიც.
  • პრორუსულად განწყობილი ყოფილი სამხედრო ოფიცერი ამტკიცებდა, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ვითარების გასამწვავებლად და ფართმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადასაყვანად, რითაც რუსეთს უბიძგებს სამხედრო მოქმედებების გამოცხადებისკენ, თუმცა რუსეთის ხელისუფლება აბალანსებს ვითარებას, რომ არ გამოაცხადოს უფრო მასშტაბური საომარი ვითარება, რომელიც შესაძლოს მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. მისი თქმით, აშშ მოძველებულ და დაკონსერვებულ სამხედრო ტექნიკას აგზავნის უკრაინაში და ასეთი შეიარაღების წყაროები უკვე ამოწურვის პირასაა, მაშინ როდესაც რუსეთს შეიარაღებაზე გააჩნია ათჯერ უკეთესი ტანკები (სავარაუდოდ იგულისხმება ტ-14 ტიპის ტანკები), მაგრამ ჯერ კიდევ არ იყენებს მათ, რადგან რუსეთი საჭიროდ არ მიიჩნევს სამხედრო ტექნიკის ასეთი მასშტაბით გამოყენებას. ამავე განცხადებით, აშშ-ის კონგრესში და სამხედრო ელიტაში არიან ჯგუფები, რომლებიც თავს იკავებენ უკრაინისთვის აშშ-ის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებისგან, რადგან რუსეთმა შესაძლოა ხელში ჩაიგდოს ეს ნიმუშები, რაც გამოიწვევს აშშ-ს საიდუმლოებების გამჟღავნებას. სხვები ასევე ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო დახმარება უგზოუკვლოდ იკარგება, რითაც მიანიშნებდნენ უკრაინაში არსებულ კორუფციასა და დახმარების არასათანადოდ გამოყენებაზე.
  • პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ კრემლზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა იყო აშშ-ის მიერ დაგეგმილი სცენარი, რომელიც მიზნად ისახავდა სამი ამოცანის შესრულებას 1) პუტინის წითელი ხაზების დადგენას 2) ზელენსკიმ უკვე ამოწურა საკუთარი როლი და აშშ-ს სურს მისი მოკვლა რუსეთის ხელით და 3) აშშ-ს ეკონომიკა არ გამოდგა ისეთი ძლიერი როგორც გამოიყურებოდა და ვერ გაუძლებს უკრაინის ომს უფრო დიდი ხნით. შესაბამისად, ვაშინგტონს სურს ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.
  • ცნობილი პრორუსულად განწყობილი წამყვანი აცხადებდა, რომ აშშ იმდენად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რომ მათ წარსულში [თინათინ] ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, ხოლო სხვა მინისტრებიც ასევე არ იყვნენ „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეულები. სხვები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები საქართველოს მთავრობას 1990-იანი წლებიდან აკონტროლებენ და ძალისხმევა მიმართეს ახალგაზრდობის ტვინის გამორეცხვაზე ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რამაც იმუშავა და დღესდღეობით, აშშ-ის ათწლეულების მანძილზე გაწეული საქმიანობის შედეგს სწორედ რუსთაველის გამზირზე [პარლამენტის მიმდებარე ქუჩა] რუსეთის წინააღმდეგ შეკრებილი ახალგაზრდები არიან.
  • პროპაგანდის თანახმად, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, აშშ-მა შექმნა სისტემა საკუთარი წესებით, სადაც თუ არ დაემორჩილები აშშ-ს ბრძანებებს, შენ თავისთავად აღმოჩნდები ისტორიის არასწორ მხარეზე, შორდები ცივილიზაციას და დასჯას იმსახურებ.
  • პრორუსული მედიის თანახმად, რუსეთმა საქართველოს დაუბრუნა ტერიტორიები (გურიის, აჭარის და სამცხე-ჯავახეთს რეგიონები) და რამდენჯერმე გაზარდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც საქართველოში მცხოვრებთა რაოდენობამ 5.6 მილიონს მიაღწია, ხოლო აშშ-ის მიერ საქართველოს ოკუპაციამ შედეგად მოიტანა მხოლოდ ნგრევა, შიმშილი და ყველაფერი ცუდი საქართველოსთვის.
  • პრორუსული მედია აცხადებდა, რომ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სავსეა ხალხით, რომლებიც არიან ლიბერალურ-ფაშისტური ლგბტ პროპაგანდის და ცხოვრების წესის მიმდევრები და შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში ავრცელებს გარყვნილების პროპაგანდას დასავლეთისგან და აშშ-სგან მიღებული დირექტივების შესაბამისად.
  • ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდის კონტექსტში, დეზინფორმატორები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოსთვის ქარხნების მუშაობის ასაკრძალად და ეკონომოკის სტრატეგიული დარგების განვითარების შესაფერხებლად, დასავლეთმა მრავალი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ შადმან-ვალავიმ (სავარაუდოდ იგულისხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც მუშაობდა საქართველოზე) კახეთი (საქართველოს აღოსავლეთ რეგიონი, რომელიც ცნობილია მეღვინეობის ტრადიციებით) შემოიარა ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნით და ქართველ ფერმერებს 2,000 აშშ დოლარს უხდიდა ვენახების გაჩეხვის და მათ ადგილზე არატრადიციული კულტურების დარგვისთვის. პროპაგანდისტების მიერ მოყვანილი კიდევ ერთი მაგალითი იყო აშშ-ს დადანაშაულება 2019 წლის 20 ივნისის აქციების ორგანიზებაში რუსი დეპუტატის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. აღნიშნული აქციის შემდეგ, პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა.

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციაში წამყვან ადგილს იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები იკავებს.

  • 2021 წლის 5 ივლისის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეს, სოციალურ მედიაში პროფილის სურათზე გაკეთებული ჩარჩოს საფუძველზე, „ალტ-ინფო“ ბრალს სდებდა პროუკრაინულობასა და პროევროპულობაში (ქართველი პროპაგანდისტების სალანძღავი ტერმინი), რომელიც როგორც ლგბტ აქტივისტიმ მზადაა საქართველოს ომში ჩასათრევად, ენმ-ს ხელისუფლებაში მოსაყვანად და ყველაფრის გასაკეთებლად, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი.
  • „ალტ-ინფოს“ რესპონდენტის თანახმად, დამოუკიდებელი სასამართლო არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს, რადგან გარკვეულწილად ყოველთვის მიკერძოებულია, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს ქვეყნებში. მისი მტკიცებით, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის ყველა რეფორმა საქართველოში გარედან იყო თავსმოხვეული და შესაბამისად ასეთ ვითარებაში შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება.
  • ორი პრორუსული მედიასაშუალება ავრცელებდა გზავნილებს, რომ დასავლეთი ზეწოლას ახორციელებდა საქართველოზე ანტიდისკრიმინაციული კანონის მისაღებად. ერთ-ერთი, აღნიშნულ კონტექსტში დამატებით ამტკიცებდა, რომ საქართველო შეუერთდა სტამბოლის კონვენციას, რამაც საქართველოში გენდერული თანასწორობის დიქტატურა ჩამოაყალიბა - ბანდიტური ფემინისტური ფაშისტური ჯგუფები კაცების უფლებებს ქალების უფლებების დაცვის სახელით ზღუდავენ. აღნიშულის შედეგად, დაკავებულ მამაკაცთან 80% ბრალად წაყენებული აქვს ქალზე ძალადობა.
  • ამავე კონტექსტში, „ალტ-ინფო“ მკაცრად აკრიტიკებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ ისინი არ აპირებენ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავის კანონის განხილვას. „ალტ-ინფოს“ და მასთან აფილირებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო ამტკიცებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანები მოატყუა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ასეთი კანონის შესაძლო მიღებაზე დაიწყეს საუბარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ხალხის მოტყუებას და შემდეგ დასავლეთთან სავაჭროდ გამოყენებას ემსახურებოდა. შოთა მარტინენკო „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდა ამ დანაპირების შესრულებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა, რომ მმართველი პარტია გამოცდიდა ხალხის მრისხანებას დასავლეთის აგენტებთან ერთად, რომლის შედეგადაც უფრო მკაფიოდ გამოჩნდებოდა, რომ „ქართული ოცნება“ მატყუარაა და ეროვნული ინტერესებით ვაჭრობს. კიდევ ერთი ცნობილი პროპაგანდისტი ასევე ცდილობდა ხაზი გაესვა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღების საჭიროებისთვის. „ალტ-ინფოს“ სხვა წამყვანები ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირი ლგბტ პროპაგანდის ვალდებულებას აწესებს და შესაბამისად, ქართულმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს უნდათ თუ არა ევროკავშირთან ინტეგრაცია, რომელიც გულისხმობს ლგბტ პროპაგანდას და საქართველოს მხრიდან დათმობის შემთხვევაშიც, შედეგად მივიღებთ არა წევრობას არამედ კანდიდატობას. „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი რესპონდენტი აცხადებდა, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა პირდაპირ გვავალდებულებს თბილისში გეი აღლუმის გამართვას.
  • ანტიდასავლურად განწყობილი „ექსპერტი“ ამტკიცებდა, რომ უკანასკნელ პერიოდში დასავლელი ლიდერების საქართველოში გახშირებული ვიზიტების მიზანი მკაფიოა და ეს არის საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევა. თუმცა, მათ ამ მხრივ წარმატებას ვერ მიაღწიეს, დიდწილად საქართველოს მთავრობის დამსახურებით.
  • „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი რესპონდენტი ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოს რელიგიას, რწმენას, ტრადიციებს, იდენტობას და ოჯახურ ფასეულობებს ადამიანის უფლებების და უმცირესობათა უფლებების დარღვევად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ, დასავლელი პარტნიორებიდან გვესმის მხოლოდ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რაც ნიშნავს რომ ევროპა და აშშ საქართველოს ტრადიციებს და რელიგიას ებრძვიან. მისი თქმით, დასავლურ ინსტიტუტებში საქართველო არარეალური ინტეგრაციისკენ სწრაფვა საქართველოს ომში ჩათრევას გამოიწვევს.
  • სხვა სპიკერები ასევე ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი (ევროპა და აშშ) ცდილობს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ამ მიზნით უკიდურესად მძლავრად იყენებენ მუდმივ ზეწოლას. ცალკეული პირების მტკიცებით, ევროკავშირმა/დასავლეთმა შესაძლოა საქართველო ომთან არშეერთების გამო დასაჯაოს ქვეყანაში არეულობის შექმნით, კანდიდატის სტატუსზე უარის თქმით, უვიზო რეჟიმის და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების გაუქმებით. ამავე მტკიცებით, ეს ყოველივე რეალური სცენარია, რომლის მიმართაც საქართველოს მთავრობას რაიმე ალტერნატივაზე არ უმუშავია. აღნიშნულ კონტექსტში ასევე გაჟღერდა მტკიცება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი დასავლეთის ინტერესებში შედიოდა.
  • აღნიშნულის გარდა, ერთ-ერთი პროპაგანდისტი დასავლეთის მხრიდან რუსეთის სანქცირების მოთხოვნას უთანაბრებდა ომში ჩართვას რადგან საქართველოზე ორივეს ერთნაირად გამანადგურებელი ეფექტი ექნება.
  • „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ საქართველოს არ ჭირდება ევროკავშირთან ინტეგრაცია, თუ ამის საფასური ეროვნული იდენტობის და ფასეულობების დაკარგვაა. წამყვანი ასევე ამბობდა, რომ ჩვენ არ ვიცით, თუ რა არის 12 რეკომენდაციის კონკრეტული პუნქტები/მუხლები და ნიშნავს თუ არა ეს ყველაფრის დათმობის მხოლოდ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ. კიდევ ერთი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ მაშინ როდესაც ევროინტეგრაციის მიზანს სარგებლის მიღება უნდა წარმოადგენდეს, აღნიშნულის სანაცვლოდ ჩვენ მხოლოდ პრობლემები და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხეები გვემატება.
  • პროპაგანდის სამიზნე ასევე იყო საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის თანახმადაც „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, პროპაგანდისტული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული მუხლი აწესებს ქართულ იდენტობაზე უარის თქმის და ევროპული გარყვნილების კანონების მიღების ვალდებულებას, რადგან ევროპა აღარ არის ქრისტიანული, სავსეა სოდომური ცოდვებით და ებრძვის ქართულ ეკლესიას და ფასეულობებს
  • „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი წამყვანის თანახმად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის მიზეზი იყო ორმაგი სტანდარტები და ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურდა რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა და ომში ჩართვა.

პროპაგანდის მტკიცებით, ნატო-ს საქართველო და უკრაინა საზარბაზნე ხორცად სჭირდება

  • პრორუსული „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ნატო-ს ორმაგი სტანდარტების გამო ქვეყანას არასდროს მიიღებენ ალიანსის რიგებში. ასევე ნათქვამი იყო, რომ საქართველოს არ უნდა მიეღო მონაწილეობა ნატო-ს მისიაში ავღანეთში, რადგან საქართველო მხოლოდ ამერიკის ბრძანებას ასრულებდა.
  • „ალტ-ინფო“ ნატო-ს ახასიათებდა, როგორც ევროკავშირზე გავლენის მოსაპოვებლად ანგლო-საქსების მიერ ევროპისთვის დაგებულ მახეს.
  • „ალტ-ინფოს“ თანახმად, ნატო-ს საქართველოს და უკრაინის მსგავსი ქვეყნები საზარბაზნე ხორცად და უბრალო ინსტრუმენტად სჭირდება - ნატო მათ მოამარაგებს ფულით და იარაღით და აიძულებს იომონ, თუმცა არ ჩაერევა მათ დასაცავად, როგორც ამას იზამდნენ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, რადგან ნატო არ განგვიხილავს ეგზისტენციალური მნიშვნელობის მქონე ადგილად.
  • „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული პოლიტიკოსი ამტკიცებდა, რომ უკრაინაში ომი იმიტომ დაიწყო, რომ ნატო-მ დაარღვია შეთანხმება და გააყალბა დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს დაარსების დროს მიიღეს (აღნიშნული მტკიცება სავარაუდოდ გამომდინარეობს იმ ქვენარატივიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს ჰქონდა შეთანხმება არ გაფართოვებულიყო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე, თუმცა ასევე შეიცავს შეთქმულების თეორიის დამატებით ბუნდოვან ასპექტებს).