logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი - 11-18 სექტემბერი

unnamed.png
28 სექტემბერი, 2023
 0
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა, რადგან ის არის „ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელსაც „ფსბ“ იყენებს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზეგავლენის მოსახდენად“.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორია რეალურია, თუმცა უწყებას შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია
  • აშშ-ის მხრიდან საქართველოში სამხედრო ბაზის განთავსების შეთავაზებაზე ინფორმაციამ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებისა და ნატო-ს შესახებ ფართო საზოგადოებრივი განხილვა გამოიწვია
  • პროპაგანდა დასავლურ ინტეგრაციას საქართველოსთვის დამღუპველ გზად წარმოადგენს
  • პროპაგანდა კვლავ აგრძელებს ძალისხმევას რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით და ცდილობს მოსკოვს სრულებით მოუხსნას ბრალეულობა
  • პროპაგანდა აშშ-ს და კოლექტიურ დასავლეთს უკრაინასა და კავკასიაში კონფლიქტების გაჩაღებაში ადანაშაულებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა, რადგან ის არის „ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელსაც „ფსბ“ იყენებს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზეგავლენის მოსახდენად“.

14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის პასუხად დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-მა „რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერი და ერთი ქართველი-რუსი ოლიგარქი“ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ზემოხსენებული ქართველი-რუსი ოლიგარქი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აღმოჩნდა, ხოლო რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის „ფსბ“-ს ოფიცერი ონიშჩენკო ოთარ ფარცხალაძეს დაეხმარა რუსული პასპორტის და სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში, ხოლო ოთარ ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში. ონიშჩენკო და „ფსბ“-ს სხვა ოფიცრები ოთარ ფარცხალაძეს იყენებენ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად. აშშ-მა სანქციები ასევე დაუწესა ორ რუსულ საკონსულტაციო კომპანიას შპს Moscow Business Brokerage-ს და შპს International Business Corporation-ს, რომლებშიც ოთარ ფარცხალაძე 50%-იან წილს ფლობს.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ქართველი მოსამართლეების მსგავსად, არ ყოფილა წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები ოთარ ფარცხალაძის რუსეთის „ფსბ“-სთან კავშირებსა და ქართულ საზოგადოებაზე მის პრორუსულ გავლენებთან დაკავშირებით, შესაბამისად მმართველი პარტიისთვის რთულია სათანადოდ რეაგირება. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესაბამასად, ოთარ ფარცხალაძეს შეეზღუდა წვდომა საბანკო ანგარიშებსა და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაზე. ირაკლი კობახიძის პოზიციით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კერძოდ, მისი თქმით, აღნიშნული არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მომდევნო დღეს, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ შეცვალა რეგულაცია, რომლის შედეგადაც ოთარ ფარცხალაძე აღმოჩნდა სანქციებისგან დაცული და აღუდგა წვდომა საბანკო ანგარიშებზე (დეტალურად იხილეთ მომდევნო გამოცემაში).
  • პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო ინსტიტუტებში უკვე ათი წელია აღარ მუშაობს და მას სანქციები დაუწესეს როგორც კერძო პირს. აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოხდა საქართველოს მოქალაქის სანქცირება უკრაინაში რფ-ს აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის რუსეთზე დაწესებული სანქციების ერთგული და შესაბამისი ინსტიტუტები სიღრმისეულად შეისწავლიან საკითხს.
  • „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერი კახა კალაძე აღნიშნავდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე შეერთებისგან საქართველოს თავშეკავების მიუხედავად, ქვეყანა უზრუნველყოფს, რომ არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. კახა კალაძე ასევე შენიშნავდა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ წარსულში ბევრი ადამიანი იყო დაკავშირებული, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეც, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტებში თანამდებობები ეკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, ოთარ ფარცხალაძე ამჟამად კერძო მოქალაქეა და არ გააჩნია კავშირი ხელისუფლების რომელიმე ორგანოსთან. რამდენიმე დღის შემდეგ, კახა კალაძემ შეცვალა მიდგომა ოთარ ფარცხალაძის სანქციებთან დაკავშირებით და ხაზს უსვამდა რუსეთის „ფსბ“-სთან კავშირებზე უფრო კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის მნიშვნელობას. მან ასეევე გაიმეორა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თანახმადაც აშშ-მა ქართველი მოსამართლეებს ასევე მკაფიო მტკიცებულებების წარმოადგენის გარეშე დაუწესა სანქციები. თბილისის მერის თქმით, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მოქალაქეს სანქციებს უწესებს, უკიდურესად მნიშვნელოვანია ქართველო ხალხისთვის დასაბუთებული მტკიცებულების წარდგენა.
  • პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამტკიცებდა, რომ თუ აშშ-ს სტრუქტურას ასეთ მტკიცებულება გააჩნია, ეს საქართველოში შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეისწავლოს. თუმცა, გია ვოლსკი უნდობლობას გამოხატავდა ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით და ხაზს უსვამდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულობას. მისი თქმით, ერთადერთი მაგალითი, რომელიც მას ახსენდება რუსეთის სასარგებლოდ ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით არის 2008 წელი, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არ გაითვალისწინა აშშ-ს პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოწოდება და განახორციელა ქმედებები, რამაც საბოლოოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია.
  • პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში აშშ-მა ბევრ ადამიანს დაუწესა სანქცია, თუმცა იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც სანქციები მოიხსნა. მისი შეფასებით, არსებობს ინფორმაციის უამრავი წყარო და არ უნდა გამოირიცხოს აშშ-ის მხრიდან არასათანადო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. არჩილ თალაკვაძემ ასევე დააფიქსირა პირადი მოსაზრება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით და ამტკიცებდა, რომ ოთარ ფარცხალაძე არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იმუშავებდა და საქართველოს ძირს გამოუთხრიდა.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საჭიროა უფრო კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც შესაბამის ქართულ სამსახურებს მისცემს საკითხის შესწავლის საშუალებას. ირაკლი ქადაგიშვილმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ დაუწესა აშშ-მა სანქციები ქართველ მოსამართლეებს დამატებითი ინფორმაციის წარდგენის გარეშე, რაც მისი აზრით გასაკვირია. კიდევ ერთ განცხადებაში, ირაკლი ქადაგიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შიდა და გარე ძალები საქართველოს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ. ამასთან, დეპუტატმა დააფიქსირა, რომ ოთარ ფარცხალაძე ათი წელიწადია აღარ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტებში და ითვალისწინებს ყოფილი გენპროკურორის განცხადებას, რომლის თანახმადაც სანქციები მის წინააღმდეგ პერსონალური შურისძიებაა. კონკრეტული მტკიცებულებების ნაკლებობიდან გამომდინარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეჭვს გამოთქვამდა, რომ რადიკალური „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელშეშლას და ქვეყანაში პოლარიზაციის გაზრდას, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ვითარების არევას.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ასევე ხაზს უსვამდა, რომ აშშ-მა არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები მას შემდეგ რაც სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს და აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ირაკლი ზარქუას მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო რადიკალების და მათი პატრონების მხრიდან საქართოველოსთან პროკურატურასა და ქართულ სასამართლოზე გალაშქრების მცდელობა. მისი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომას უშვებს და მათი განცხადება მოცემულ ჭეშმარიტებად არ უნდა მივიღოთ, რადგან მათ წარსულშიც დაუშვეს შეცდომა ქართველი მოსამართლეების საქმეზე.
  • მოძრაობამ „ხალხის ძალა“ (დაარსდა „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ჯგუფის მიერ, რომლებიც რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში და 2023წ. თებერვალში მათ შეიტანეს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი პარლამენტში) გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც შეიცავს რამდენიმე მტკიცებას. განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით „არასერიოზულია“, რაც მიუთითებს გადაწყვეტილების პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათზე. ასევე ხაზგასმულია, რომ ოთარ ფარცხალაძე აღარ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და არ არის საჯარო პირი. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ შეეძლო მას ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა. განცხადების თანახმად, აშშ-ს რეალურად რომ აღელვებდეს საქართველო, გამოაქვეყნებდა ინფორმაციას ოთარ ფარცხალაძის შესახებ და სანქციების დაწესების ნაცვლად, ქართველ ხალხს მისცემდა შემდგომ ქმედებაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. განცხადების მიხედვით, ამერიკელები ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის ჩანაცვლებას და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ჰიბრიდული ომის ნაწილია. ანალოგიური ნაბიჯებით, „გლობალური ომის პარტიის“ კარნახით მოქმედი ამერიკის ოფიციალური სტრუქტურები ადასტურებენ, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და უპატივცემულო დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ქართული საზოგადოების მიმართ. აშშ მხოლოდ მაშინ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციას, თუ „გლობალური ომის პარტიის“ აგენტები და „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოახერხებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. განცხადებაში მოყვანილი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს არ პატიობს მეორე ფრონტის გაუხსნელობას და ცდილობს მთავრობის დამხობის მიზნით ქვეყანაში ვითარების არევას. „გლობალური ომის პარტია“ და მისი ადგილობრივი ფილიალი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ოქტომბერ-ნოემბრისთვის ემზადებიან. მათ გათვლით, ოქტომბრის ბოლოს ევროპული კომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით უარყოფით დასკვნას გამოაქვეყნებს, რასაც ისინი რევოლუციის მოწყობის მორიგ მცდელობად გამოიყენებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორია რეალურია, თუმცა უწყებას შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია

18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყნის გარეთ და შიგნით მოქმედი კონკრეტული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციას და კრიზისის გამოწვევას მთავრობის დასამხობად. ოქტომბერ-დეკემბერი ემთხვევა პერიოდს, როდესაც ევროპულმა კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შეთქმულების მონაწილეები, რომლებიც ემზადებიან ხელისუფლების დასამხობად, მოელიან, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს არეულობისთვის, რასაც გადატრიალების ორგანიზატორები გამოიყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გეგმის სავარაუდო მთავარი ავტორებიც დაასახელა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. განცხადების თანახმად, ზემოხსენებული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხოური ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით. გეგმა ითვალისწინებს უკრაინაში მებრძოლი ქართველების ფართო ჯგუფის და შეთქმულების ორგანიზატორების გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილის ჩართვას. კერძოდ, მითითებულია, რომ ქართველები ახალგაზრდები მომზადებას გადიან პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბარიკადების მოწყობას და სხვა პროვოკაციულ ქმედებებს. ასევე ხაზგასმულია, რომ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია „ევრომაიდნის მსგავსი სცენარის“ განხორციელების შესახებ. ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზატორები გეგმავენ ბომბის აფეთქებას საპროტესტო გამოსვლების დროს და სამართალდამცავებს და მომიტინგეებს შორის უმისამართო სროლის დაწყებას, რაც შექმნის ნოყიერ ნიადაგს სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელია და საჭიროა ყველა ზომის მიღება ვითარების არევის მცდელობის თავიდან არიდების მიზნით.
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ რადიკალური ოპოზიციის მუდმივი მცდელობიდან გამომდინარე, რომ არეულობის შედეგად მოვიდეს ხელისუფლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ისედაც აშკარა იყო ქართული საზოგადოებისთვის. შალვა პაპუაშვილის თქმით, გია ლორთქიფანიძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით გადატრიალების საქმის მთავარი ფიგურანტია, შესაძლოა ეროვნებით ქართველი იყოს, მაგრამ ქართული გული და სული არ გააჩნია. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, გია ლორთქიფანიძე ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფარულად შემოსვლის საქმეში და შესაბამისად ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც იგი მონაწილეობას იღებს შეთქმულებაში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. შალვა პაპუაშვილის თვალსაზრისით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების გარეშეც, აშკარა იყო, რომ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი ჩაბმულია უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში.
  • პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებდა და მიუთითებდა, რომ ამავე წლის გასულ პერიოდებში, ოპოზიციამ გადადგა მიზანმიმართული ნაბიჯები, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, რადგან ამის მიზანს წარმოდგენს ქვეყანაში ქაოსის დათესვა და უკანონო საშუალებებით ხელისუფლებაში მოსვლა. არჩილ თალაკვაძე ასევე ხაზს უსვამდა წარსულ შემთხვევებს, როდესაც ოპოზიცია თავს ესხმოდა საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაგალითად პარლამენტს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რასაც თან ახლდა ქვეყნის დესტაბილიზების უამრავი მცდელობა. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, არჩილ თალაკვაძე ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება თანხვედრაშია წარსულში დაფიქსირებულ მოვლენებთან და არ არსებობს ინფორმაციის ვალიდურობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამტკიცებდა, რომ რაც უფრო სუსტდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო იზრდება მათი მხრიდან უკანონო ქმედებებზე გადასვლის რისკი. მისი თქმით, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიაზრებს, რომ მათ არ შეუძლიათ ლეგიტიმური არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლა, შეეცდებიან დესტრუქციული მეთოდების გამოყენებას. მამუკა მდინარაძის თანახმად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლიანი წარსული აქვს და გასაკვირი არ არის, რომ სამომავლო გეგმებიც ასევე სისხლიანია.
  • ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი იმეორებდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ცდილობს უკანონო მეთოდებით გამოუთხაროს ძირი ხელისუფლებას და სააკაშვილის შემოსვლა ქვეყანაში ასევე მიზნად ისახავდა საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ადამიანების იდეოლოგიური დამუშავება, აქტიურად გამოიყენება პროპაგანდა და კლიშეები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომელსაც უწოდებენ „რუსულ ხელისუფლებას“. ირაკლი ქაფაგიშვილის თანახმად, ეს არის სისხლიანი რევოლუციური სცენარების წინ წამოწევის მცდელობები.
  • მოძრაობა „ხალხის ძალამ“ გამოაქვეყნა მორიგი განცხადება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა არ დააკონკრეტა, კერძოდ ვინ დგას ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმის უკან. განცხადების თანახმად, მთავარი მტრები უცხოელები და „გლობალური ომის პარტიის“ წევრები არიან. „ხალხის ძალის“ მტკიცებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს „გლობალური ომის პარტია“ დასუსტდა და აშშ არ იყო ჩაბმული ომებსა და რევოლუციებში. თუმცა, 2020 წელს დონალდ ტრამპის დამარცხების შემდეგ, „გლობალური ომის პარტია“ კვლავ გააქტიურდა და მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ვითარება აურია. „ხალხის ძალის“ მტკიცებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობის გეგმა აშშ-ში შემუშავდა. ამავე განცხადებით, აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ცდილობდნენ „ქართული ოცნებისთვის“ ძირის გამოთხრას და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევას. აღნიშნულის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ხელისუფლების დამხობა და რუსეთის წინააღმდეგ ორი ფრონტის გახსნა - ერთი საქართველოში და ერთი უკრაინაში. განცხადებაში ასევე გაკრიტიკებულია აშშ-ს ახალდანიშნული ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და მითითებულია, რომ ის პირადად იყო ჩართული 2014 წელს უკრაინაში „მაიდანის“ რევოლუციის ორგანიზებაში. „ხალხის ძალა“ ასევე ამტკიცებდა, რომ პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან მიმდინარეობს 500 ქართველი აქტივისტის მომზადება და გეგმა ასევე ითვალისწინებს ამჟამად უკრაინაში მებრძოლი 400 ქართველი სამხედროს ჩართვას.
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, მნიშვნელოვნად ისარგებლეს პრორუსულმა ჯგუფებმა, მათ შორის „ალტ-ინფომ“, რომლებიც აქტიურად ავრცელებდნენ ნარატივს, რომ დასავლეთი ქვეყნის დესტაბილიზაციას, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩასათრევად ცდილობდა. „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ცნობილმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მისი პროგნოზები გამართლდა. პროპაგანდისტი ასევე პროგნოზირებდა, რომ ქვეყნის ბედი ქუჩაში გადაწყდება და კონსერვატიულად მოაზროვნე ხალხი ამისთვის მზად უნდა იყოს. „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი შოთა მარტინენკო ამტკიცებდა, რომ დასავლეთისთვის ადვილი იქნებოდა მაიდანის მსგავსი სცენარის დადგმა, რადგან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა ან მისი მოსყიდვა ადვილად შეიძლება.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების გავრცელებამდე, პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი და ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებდა, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოში მაიდანის მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. პროპაგანდისტის მტკიცებით, ევროკავშირმა მაიდანის გამოსვლები მოაწყო კიევში და იგივეს აპირებს საქართველოშიც.
  • ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული წყარო ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ „ალტ-ინფო“ უკვე დიდი ხანია ახორციელებს „ანტი-მაიდანურ“ ძალისხმევას, თუმცა ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა გააცნობიერა რეალური საფრთხე. პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ატყუებს ხალხს და კულისებში ინახავს სიმართლეს დასავლეთის განზრახვების შესახებ.
  • პრორუსული ვებგვერდის „საქინფორმის“ რედაქტორი ახმოვანებდა იმავე დასკვნებს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წევრები და აცხადებდა, რომ თავდაპირველი გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვა და ხელისუფლების დამხობა, რაც ჩაიშალა. მისი თქმით, ახალი გეგმა მოიცავს ქართულ-უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც სააკაშვილს ციხიდან გაათავისუფლებენ და დასავლეთის ხელდასმით დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, რის შემდეგაც ქართველ-უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფები თავს დაესხმებიან რუსეთის ბაზებს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ფაქტობრივად იქნება მეორე ფრონტის გახსნა. პროპაგანდისტის თქმით, გეგმის ასამოქმებლად, ევროკავშირმა უარი უნდა უთხრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რის გამოც რადიკალური ოპოზიცია და პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს მოხდეს.


აშშ-ის მხრიდან საქართველოში სამხედრო ბაზის განთავსების შეთავაზებაზე ინფორმაციამ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებისა და ნატო-ს შესახებ ფართო საზოგადოებრივი განხილვა გამოიწვია

12 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ ქართულ მხარესთან გამართული „შეხვედრების რამდენიმე რაუნდის“ შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აირჩია. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აშშ-ს საელჩომ საქართველოში და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიცალურად უარყვეს რეპორტაჟში გასული ცნობები. აღნიშნულის მიუხედავად, ამ ეპიზოდმა საქართველოში აშშ-ის ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით აქტიური დებატები გამოიწვია.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასევე უარყოფდა მტკიცებას აშშ-ის მიერ ქართული მხარისთვის სამხედრო ბაზების განთავსების შეთავაზებასთან დაკავშირებით და აცხადებდა, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატოს წევრობაა, ხოლო ცალკე აღებული სამხედრო ბაზა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას. რამდენიმე დღის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად, ირაკლი კობახიძემ მინიშნება გააკეთა ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ღია კარში და ორპირ ქარში დგომა ძალიან საშიშია და შესაძლოა ცუდი შედეგები გამოიწვიოს. შესაბამისად, ამ კონტექსტში იგი იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველოს დიდხანს არ მოუწევს გაღებულ კარში დგომა. ირაკლი კობახიძის თქმით, ზემოხსენებული ინფორმაცია „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ გაავრცელა, მაგრამ აშშ-ს საელჩომ ისინი მალევე გამოიჭირა საკუთარ ტყუილებში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხაზს უსვამდა, რომ აშშ-ს ელჩად კელი დეგნანის ყოფნის პერიოდში აშშ-ს საელჩო არ ავრცელებდა ობიექტურ ინფორმაციას და მისი წასვლის შემდეგ ვითარება გაუმჯობესდა.
  • „ქართული ოცნების“ წევრმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ასევე გააკეთა მსგავსი განცხადებები და ხაზი გაუსვა, რომ ნატო ერთადერთია, რომელსაც საქართველოს დაცვა შეუძლია. მან ასევე უკმეხად აღნიშნა, რომ ღია კარის პოლიტიკა საკმარისი არ არის და თუ ნატოს აქვს „რაიმეს თავი და ერთი ადგილი“, მაშინ საქართველო წევრად უნდა მიიღონ.
  • „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებდა რომ საქართველო აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, მაგრამ არც ახლა და არც უახლოეს მომავალში არ იქნება საქართველოსთვის წევრობისთვის საჭირო პოლიტიკური ნება. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანა მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია, მაშინ როდესაც აკმაყოფილებს სტანდარტებს, ეს ყველაფერი ბუნებრივად იწვევს გადაღლას და ხელს უწყებს საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაძლიერებას. დეპუტატის პოზიციით, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში არავის ოცნება არ უნდა იყოს და ნატოს უსაფრთხოების ქოლგა სრულიად განსხვავებული საკითხია.

პროპაგანდა დასავლურ ინტეგრაციას საქართველოსთვის დამღუპველ გზად წარმოადგენს

  • ტელეკომპანია „სეზონის“ ეთერში პროპაგანდისტი მოუწოდებდა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციები არ უნდა შესრულდეს, რადგან ევროკავშირმა ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ზიანი მიაყენა საქართველოს და ევროკავშირის საქმიანობას შემდეგი ფორმით ახასიათებდა: „აგენტები, რომლებიც ერევიან ჩვენი ქვეყნის საქმეებში, რაც საქართველოს უფსკრულის პირზე მიიყვანს“.
  • სოციალური მედიის პრორუსული ანგარიშები ავრცელებდნენ „ალტ-ინფოს“ მიერ გადაღებულ ანიმაციას, სადაც ფიგურირებს პერსონა, რომელიც განასახიერებს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზაზე. გზა სავსეა დასავლეთისა და უკრაინის მადისკრედიტებელი გამოსახულებებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ უნდა უარყოს ტრადიციული ღირებულებები და ქრისტიანობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გზა საბოლოოდ მთავრდება იმით, რომ საქართველო ომის შუაგულში აღმოჩნდება.
  • პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი, რომელიც ხშირად ჩნდება „ალტ-ინფოს“ ეთერში და ინტერნეტში დეზინფორმაციას ავრცელებს, აღნიშნავდა, რომ საქართველოს არ სჭირდება კანდიდატის სტატუსი და „გეი ევროპა“. მისი თქმით, რეალური ევროპა არსებობდა 21-ე საუკუნემდე, მაგრამ მას შემდეგ დაკარგა ძალა და ღირსება.
  • მორიგი პროპაგანდისტი, „ალტ-ინფოს“ ეთერში ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური ბლოკია, ამიტომ საქართველოსთან მხოლოდ ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აკავშირებს, ამას შედეგად არ მოჰყოლია ინვესტიციები ან ეკონომიკური განვითარება, არამედ მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და ლგბტ აღლუმების მხარდაჭერა. პროპაგანდისტის თქმით, ევროკავშირი ძალით ცდილობს საქართველოში საკუთარი ღირებულებების დამკვიდრებას, რაც როგორც ჩანს, მხოლოდ ლგბტ აღლუმებს მოიცავს, მაგრამ ქართველები ყოველთვის უარს იტყვიან ამ ღირებულებებზე.
  • სოციალური მედიის პროფილი, რომელიც ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ამტკიცებდა, რომ დასავლეთიდან კარგი არაფერი მოდის, რადგან მთელი ისტორიის მანძილზე ისინი სხვა ქვეყნებიდან იპარავდნენ ქონებას და სიმდიდრეს. პოსტის ავტორმა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ დასავლეთი ცდილობს უკრაინის და საქართველოს დასაკუთრებას, რაც ამართლებს რუსეთის აგრესიას და ამრიგად ცდილობდა ბრალეულობის დასავლეთზე გადატანას.
  • კრემლის მიერ დაფინანსებულმა „სპუტნიკ-საქართველომ“ გამოაქვეყნა რუსი ანალიტიკოსის მიერ დაწერილი სტატია ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის შესახებ, რომლის თანახმადაც „ბრიქსში“ შემავალი სახელმწიფოები სწრაფი ტემპით ვითარდებიან, ხოლო დასავლეთი დაღმასვლის ფაზაშია. სტატიაში ხაზგასმულია, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ვაშინგტონის ინტერესებს და არის რუსეთის გამარჯვება, რაც წარმოაჩენს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალის ჭეშმარიტ ბალანსს მსოფლიოში.

პროპაგანდა კვლავ აგრძელებს ძალისხმევას რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით და ცდილობს მოსკოვს სრულებით მოუხსნას ბრალეულობა

  • ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი და პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ვიზიტად იმყოფებოდა მოსკოვში და გამოაქვეყნა წითელ მოედანზე ჩაწერილი ვიდეოა, სადაც აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არა ვაშინგტონში, არამედ მოსკოვში გადაწყდება. საბჭოთა კავშირისა და რუსეთისთვის ხოტბის შესხმის კონტექსტში, პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ ქართველი და რუსი ხალხის ერთობა მარადიული იქნება, მიუხედავად დასავლეთის აგენტების ძალისხმევისა, რომლებიც ამისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში, პროპაგანდისტი ასევე ამტკიცებდა, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არის ქართველებისადმი მიძღვნილი ამდენი ძეგლი და ქართველების პატივსაცემად დარქმეული ქუჩის სახელები, როგორც რუსეთში.
  • 13 სექტემბერს, პრორუსული „ევრაზიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, რუსმა პროპაგანდისტებმა წერილით მიმართეს ვლადიმირ პუტინს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის ქებასთან ერთად, შეიცავდა თხოვნას საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პროპაგანდისტული წყაროს თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილს უპასუხა 14 სექტემბერს, სადაც აღნიშნულია, რომ „მადლიერებას გამოხატავენ სახელმწიფოს მეთაურის საქმიანობის მაღალ შეფასებასთან დაკავშირებით“.
  • პროპაგანდისტი იხსენებდა სააკაშვილის ვიზიტს პუტინთან 2004 წელს. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სააკაშვილმა პირველი საგარეო ვიზიტი პუტინთან გამართა. პროპაგანდისტის თქმით, პუტინმა დააფასა ეს ჟესტი და სააკაშვილს დაჰპირდა დახმარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. თუმცა, მან საქართველოს მთავრობას სანაცვლოდ „მცირე თხოვნა“ გააცნო. კერძოდ, თბილისს არ უნდა დაეყენებინათ რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხი. პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი დაპირდა, რომ დააკმაყოფილებდა რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ საბოლოოდ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა, რამაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. ამ ნარატივის თანახმად სააკაშვილმა, ფაშინიანმა და ზელენსკიმ იგივე შეცდომა დაუშვეს - რომ არ დაეკარგათ ვლადიმირ პუტინის კეთილგანწყობა, მათი ქვეყნები აყვავდებოდნენ. ამის ნაცვლად, მათ არჩიეს გამხდარიყვნენ აგენტები და დასავლეთის მარიონეტები.
  • პროპაგანდისტმა გამოაქვეყნა პოსტი, რომ აფრიკაში ადგილი აქვს დომინოს ეფექტს და ამტკიცებდა, რომ კონგოს რესპუბლიკაში კიდევ ერთი გადატრიალება მოხდა, რაც მოგვიანებით უარყვეს. პროპაგანდისტის მტკიცებით, დასავლური კოლონიალიზმი რუსეთთან დაპირისპირების გამო მთავრდება და ადრე თუ გვიან ის საქართველოშიც დასრულდება, როდესაც ქვეყანა დასავლეთის აგენტებისგან გათავისუფლდება.
  • პრორუსულ ვებსაიტზე „საქართველო და მსოფლიო“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და მისი ქმედებები აფრიკაში არის ბრძოლა დასავლეთის ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ. რუსეთი, ისევე როგორც სსრკ მე-20 საუკუნეში, ლიდერია მსოფლიოს დასავლური ნეოკოლონიური სისტემისგან გათავისუფლების საქმეში. ამიტომ, ჰუმანიტარული სამეცნიერო საზოგადოებისა და მედიის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტირება და ამ ცოდნის მთელ მსოფლიოში გავრცელება.

პროპაგანდა აშშ-ს და კოლექტიურ დასავლეთს უკრაინასა და კავკასიაში კონფლიქტების გაჩაღებაში ადანაშაულებს.

  • სოციალური მედიის ანგარიშმა, რომელიც ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ და პრორუსულ დეზინფორმაციას, გამოაქვეყნა ამერიკელი სენატორის მიტ რომნის ციტატა, თუ რატომ უნდა გააგრძელოს აშშ-მა უკრაინის მხარდაჭერა: „ჩვენ ამის დაახლოებით 5% ვიყენებთ უკრაინას დასახმარებლად. ღმერთო ჩემო, რა არის ეს თავისუფლების დასაცავად და რუსული სამხედრო ძალის მოსასპობად - ქვეყნისა, რომელიც ჩვენზე დამიზნებულ 1,500 ბირთვულ ქობინს ფლობს. მიმაჩნია, რომ ეს უაღრესად ჭკვიანური ინვესტიციაა და არანაირად არ არის ისეთი ხარჯი, რასაც ვერ გავწვდებით“. პროპაგანდისტის მტკიცებით, აღნიშნული წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ აშშ უკრაინას საზარბაზნე ხორცად იყენებს და საქართველოსთან მიმართებაშიც იგივე გეგმები გააჩნია.
  • სოციალური მედიის კიდევ ერთი ანგარიში ამტკიცებდა, რომ აშშ-ს აქვს სომხეთში კონფლიქტის გაჩაღების გეგმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის აგენტია. პროპაგანდისტის მტკიცებით, რუსეთის გარეშე დღეს სომხეთი ვერ იარსებებდა. მისი შეფასებით, სომხური სახელმწიფოს გადასარჩენად, სომხეთის მოსახლეობამ უნდა დაამხოს ფაშინიანის მთავრობა, რომელიც სააკაშვილის მსგავსად დამნაშავეა ყარაბაღის მეორე ომში, ტერიტორიების დაკარგვასა და ათასობით ჯარისკაცის სიკვდილში. პოსტის მტკიცებით, სომხეთის დაცემის შემთხვევაში შემდეგი იქნება საქართველო და კავკასია თურქული მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება.
  • პრორუსული პროპაგანდისტული ანგარიშის თანახმად, აშშ-ის გეგმა რუსეთის დასუსტებასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია და ამიტომ გაღვივდა კვლავ აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი. აშშ არ არის კმაყოფილი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით და ცდილობს რუსეთის სამეზობლოში სხვაგანაც შექმნას კონფლიქტის კერები.
  • სოციალური მედიის სხვა ანგარიში, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით დეზინფორმაციას ავრცელებდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ იტალიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით. დეზინფორმაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა, რომელიც ჯორჯ სოროსის აგენტია, თქვა, რომ „რუსებმა მიატოვეს სომხები ახალციხეში და სომეხი მოსახლეობა შოვინისტი ქართველების პირისპირ სრულიად დაუცველი აღმოჩნდა“. ციტატა, რა თქმა უნდა, ყალბი აღმოჩნდა. გარდა ამისა, იგივე ანგარიში ამტკიცებდა, რომ ნატოს მაღალჩინოსანმა მოუწოდა სომხეთის ნატო-ში მიღებისკენ და ცდილობდა ისე წარმოეჩინა ვითარება, თითქოს დასავლეთის „ჩარევა“ არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის მიზეზი.
  • პროპაგანდისტულ წყაროს მოჰყავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადება ხელისუფლების დამხობისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის სავარაუდო გეგმების შესახებ და აღნიშნულზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ რომ ყველა დესტაბილიზაცია, რაც მსოფლიოში ხდება, აშშ-ში იგეგმება.