logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - 19-24 სექტემბერი

af7ed0e0-d527-18ff-fb7f-bb5bce4edba6.png
02 ოქტომბერი, 2023
 0

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილება, ხოლო „ქართული ოცნება“ ფარცხალაძეზე სანქციების დაწესებას ოპოზიციისადმი გადაგდებულ ლუკმას უწოდებს;
  • რუსული პროპაგანდის მტკიცებით, სომხეთმა მთიანი ყარაბაღი ფაშინიანის პროდასავლური პოზიციების გამო დაკარგა;
  • პროკრემლისტური ჯგუფები ავრცელებენ შეთქმულების თეორიას დასავლეთის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების შესახებ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის 12 პრიორიტეტი თბილისს ლგბტ პროპაგანდის წახალისების მოთხოვნას უყენებს;
  • რუსული პროპაგანდა ცდილობს საქართველოში მოსკოვის, როგორც „მხსნელის“ იმიჯის გამყარებას და ავრცელებს მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების გზა კრემლთან პარტნიორული ურთიერთობების შექმნაზე დამოკიდებული;
  • აშშ-ს კვლავ ადანაშაულებენ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილება, ხოლო „ქართული ოცნება“ ფარცხალაძეზე სანქციების დაწესებას ოპოზიციისადმი გაკეთებულ საჩუქარს უწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 14 სექტემბერს საქართველოს ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდებოდა. 18 სექტემბერს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მკაცრად გააკრიტიკა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და მას კონსტიტუციის უხეში დარღვევა უწოდა, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. მომდევნო დღეს, ეროვნულმა ბანკმა შეცვალა მიღებული გადაწყვეტილება და ასეთი მკვეთრი შემობრუნება კობახიძის მსგავსად საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე მითითებით ახსნა, ასევე განმარტა, რომ საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება ამოქმედდეს საქართველოს მოქალაქის მიმართ, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ არსებულ შესაბამის საქმეზე არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგნენ ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მრჩეველი, მაშინ როდესაც კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებდნენ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. ამავე დღეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შესაძლო გავლენას იქონიებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაზე საქართველოსთვის, რომელიც 289 მლნ აშშ დოლარის მოცულობის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს. ამას გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა გაფრთხილება, რომ პირებს, ვინც ოთარ ფარცხალაძესთან განახორციელებენ ტრანზაქციებს, შესაძლოა ასევე დაუწესდეთ სანქციები.

საქართველოს ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის გადადგომაზე პასუხად, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში დანიშნა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გასულ პერიოდში წარდგენილი ახალი წევრები - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი. მოგვიანებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან გამოიწვია მათი დანიშვნის წარდგინება. პრეზიდენტის პოზიციის შეცვლის მიუხედავად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ზემოხსენებული კანდიდატების დანიშვნას (წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული გამოიწვევდა საქართველოს ეროვნული ბანკის პარალიზებას მომდევნო თვეებში), რომელთა პროფესიული კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობა ბევრისთვის პრობლემური და საეჭვოა.

ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს თუ როგორ შეინარჩუნა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა, რადგან ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შედეგად, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში ცნობილია, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო 2021 წელს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძისგან ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნასთან დაკავშირებით ადმინისტრაციაში არავითარი დოკუმენტი არ შესულა. პრეზიდენტის მიერ იუსტიციის მინისტრისადმი გაკეთებული თავდაპირველი მოწოდების მიუხედავად, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესის დაწყების თაობაზე, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ პრეზიდენტმა აღნიშნულზე უარი განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: „თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“.

  • ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიზნით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უთითებდა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაზე და ამტკიცებდა, რომ სისხლის სამართლებრივი სასჯელი პიროვნების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, როგორც ეს მოხდა ფარცხალაძეხე დაწესებული სანქციების შემთხვევაში, პირდაპირ ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას. ირაკლი კობახიძე ასევე გმობდა ოთარ ფარცხალაძის აგენტად მოხსენიებას შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენამდე და საქართველოს სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე.
  • კიდევ ერთ განცხადებაში, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უწოდებდა საქართველოში ოპოზიციისთვის გადაგდებულ ლუკმას, ჭიქაში ქარიშხლის ასატეხად. ამავე კონტექსტში, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ვინც სახელმწიფო დეპარტამენტში დადო ეს ფურცელი ფარცხალაძის შესახებ, მიზნად ოპოზიციის დახმარებას ისახავდა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ანალოგიურად ამტკიცებდა, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესება იყო „ძალიან გავლენიანი ჯგუფის“ დაკვეთა, რომ ოპოზიციისთვის შეექმნათ ნიადაგი ქაოსის გამოსაწვევად. მამუკა მდინარაძე ასევე დასძენდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უნებლიედ გამოიყენეს ამ სქემაში და განმარტავდა, რომ ფარცხალაძის სანქცირების უკან მდგომი „ჯგუფი“ იმდენად ძლიერია, რომ აშშ-ს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეცდომაში შეყვანაც კი მოახერხეს.
  • საქართველოს ეროვნულ ბანკში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატის დანიშვნაზე განმარტების მიზნით, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის და ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ დაგეგმილი საბოტაჟის თავიდან აცილების მიზნით გადადგმული ნაბიჯი.
  • „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აკრიტიკებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთვის გადადგომის მოწოდებასთან დაკავშირებით და აღნიშნულს საკონსტიტუციო ორგანოზე პირდაპირ ზეწოლას უწოდებდა. კახა კალაძის განცხადებით, „პრეზიდენტი,პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას უნდა იცავდეს და ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციას“. კიდევ ერთ განცხადებაში, კახა კალაძე პარალელს ავლებდა ქართველი მოსამართლეების ანალოგიური ფორმით სანქცირებასთან დაკავშირებით და კვლავაც ამბობდა, რომ ქართული საზოგადოება სტრატეგიულ პარტნიორისგან აღნიშნული გადაწყვეტილებების თაობაზე იმსახურებს დამატებითი ფაქტების და მტკიცებულებების წარმოდგენას.
  • „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებდა, რომ ამჟამად პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები ევროკავშირში ინტეგრაცია და სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური თემებია, ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები მხოლოდ ფარცხალაძის საქმის შესახებ საუბრობენ, რაც მეტყველებს რომ ქართული ოპოზიცია გაკოტრებულია.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებდა, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ აშშ-ის კონკრეტული უწყების გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მაღლა დგას რანგით, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია. მისი თქმით, მათ მოითხოვეს აშშ-ს გადაწყვეტილების საფუძვლად კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა. გივი მიქანაძის მტკიცებით, საქართველოს სამართალდამცავმა უწყებებმა ასევე დაიწყეს გამოძიება. თუმცა, იგი ამტკიცებდა, რომ რაიმე კანონდარღვევის შემთხვევაში, ქართულ მხარეს მიღებული ექნებოდა შესაბამისი აღსრულების ზომები.
  • „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებდა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ათი წელია აღარ იმყოფება საჯარო თანამდებობაზე, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის „დასჯის“ ინსტრუმენტს, რადგან მათ არ გახსნეს „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ და შესაბამისად აღნიშნული ემსახურება ხელისუფლების უკანონო შეცვლის მცდელობას.
  • პროკრემლისტური „ალტ-ინფოს“ / „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი შოთა მარტინენკო აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას უწოდებდა დასავლეთის მიერ სუვერენული ქვეყნებისთვის ძირის გამოსათხრელად აპრობირებულ ერთ-ერთ ნაბიჯს.
  • პროკრემლისტური „ალტ-ინფოს“ გადაცემაში დაგმეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებაზე და ამტკიცებდნენ, რომ აშშ უცხო სახელმწიფოა და ქართული ინსტიტუტები არ უნდა მოქმედებდნენ ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამავე კონტექსტში, „ალტ-ინფოს“ წამყვანი აცხადებდა, რომ თუ საქართველო ეწინააღმდეგებოდა 70 წლიან საბჭოთა მმართველობას მოსკოვიდან, მაშინ ანალოგიურად უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ვაშინგტონიდან მიღებული დირექტივების შესრულებას.
  • პროკრემლისტური „ალტ-ინფოს“ სტუმარი აცხადებდა, რომ კომერციული ბანკების გადაწყვეტილება საერთაშორისო სანქციების დაცვასა და საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანების უგულებელყოფასთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ უძლურია და დასავლეთმა საკუთარი აგენტები საქართველოში ყველგან ჩანერგა. „ალტ-ინფოს“ წამყვანი, თავის მხრივ, აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ეროვნულ ბანკში ისეთი კადრების შერჩევისთვის, რომლებმაც არასტაბილურობის პირველი ნიშნებზე დაუყოვნებლივ დატოვეს თანამდებობები.
  • „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი პროპაგანდისტი ყურადღებას ამახვილებდა ფაქტზე, რომ უკვე ათი წელია, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საჯარო თანამდებობას და მას არ შეეძლო გავლენა ჰქონოდა ქართულ პოლიტიკაზე. იგი ასევე ასკვნიდა, რომ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უსაფუძვლოა და ქართველი ხალხის დაცინვას წარმოადგენს.
  • პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე, მხარს უჭერდა ოთარ ფარცხალაძეს და აჟღერებდა არგუმენტს, რომ საქართველოს მოქალაქეების დაცვა უმთავრესი მოვალეობაა. ამავე კონტექსტში, იგი გმობდა აშშ-ს გადაწყვეტილებას, რაც მისი აზრით არის დაუსაბუთებელი, რადგან ამერიკულ მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან ფაქტი, რაც დაადასტურებდა ოთარ ფარცხალაძის ბრალეულობას.
  • პროკრემლისტური სოციალური მედიის აქტორები ასევე გმობდნენ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების გადაწყვეტილებას აშშ-ს დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით და ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ხაზს უსვამს, რომ საბანკო სექტორზე აშშ-ის იურისდიქცის ქვეშ მოქმედებენ და არა საქართველოს სუვერენიტეტის.

რუსული პროპაგანდის მტკიცებით, სომხეთმა მთიანი ყარაბაღი ფაშინიანის პროდასავლური პოზიციების გამო დაკარგა

2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო. მომდევნო დღეს, ოთხშაბათს საღამოს, მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაქომ რეგიონზე კონტროლი აღადგინა. ამ მოვლენამ სომხეთში პოლიტიკური არეულობა გამოიწვია, რადგან ხალხი ერევანში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. პარალელურად, მომიტინგეთა სხვა ჯგუფი, რომელთა აზრითაც, მოსკოვმა ვერ შეძლო აზერბაიჯანის ქმედებების შეჩერება, ერევანში რუსეთის საელჩოს წინ გამართა აქცია და ანტირუსული გზავნილები გააჟღერა.

საქართველოს მოქმედი პროკრემლისტურ ძალებისთვის აღნიშნული მოვლენები შეუმჩნევლად არ დარჩენილა და შექმნილი ვითარების ფონზე კრემლის მიერ ნაკარნახევი ნარატავის გავრცელებას შეეცადნენ, რომლის თანახმადაც სომხეთისადმი კრემლის მხარდაჭერის შემცირების და შესაბამისად მთიანი ყარაბაღის დაკარგვის მიზეზს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ სომხეთის პროდასავლური ვექტორის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ წამყვანი ამტკიცებდა, რომ რუსეთი ერთადერთი აქტორია, რომელსაც სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია, ხოლო უსაფრთხოება გარანტირებული იყო იქამდე, სანამ სომხეთი რუსეთთან მჭიდრო პარტნიორობას ინარჩუნებდა. შესაბამისად, თუ სომხეთს უნდოდა პროდასავლურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, მაშინ უნდა სცოდნოდა, რომ ყარაბაღის შენარჩუნება ვეღარ იქნებოდა გარანტირებული, რადგან რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთს არ შეუძლია საკუთარი მოკავშირეების ან სხვა ნებისმიერის უსაფრთხოების დაცვა. „ალტ-ინფო“ ასკვნიდა, რომ სახელმწიფოები [სამხრეთ კავკასიაში], რომლებიც მკვეთრად ანტირუსულ პოლიტიკას ატარებენ, განწირულები არიან „ეკონომიკური დაღმასვლისთვის, ტერიტორიების დაკარგვისთვის“ და მათი უსაფრთხოება როგორც ასეთი „ჰაერშია გამოკიდებული“. „ალტ-ინფო“ ასევე მოუწოდებდა ქართლ საზოგადოებას სომხეთის გამოცდილებიდან სწორი დასკვნების გამოტანისკენ და ხაზს უსვამდა რუსეთთან უფრო ხელსაყრელი ურთიერთობების დამყარების საჭიროებას, რომლის მეშვეობითაც საქართველო შეძლებდა რეგიონში საკვანძო მოთამაშის როლის შესრულებას.
  • ზემოხსენებულის მსგავსად, პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებდა, რომ როდესაც კუხო-ს წევრი ქვეყნა სომხეთი აშშ-სთან, როგორც რუსეთის მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ერთად ატარებს სამხედრო წვრთნებს, აღნიშნული აჩენს ეჭვებს, რომ „სოროსისტი“ ფაშინიანის ქმედებებმა შესაძლოა არა მხოლოდ ყარაბაღს მიაყენოს ზიანი, არამედ მთლიანად სომხეთს. ნიკოლოზ მჟავანაძის გაფრთხილებით, კოლექტიურ „სოროსისტებს“ საქართველოსთან დაკავშირებით იგივე გეგმა აქვთ, რაც ითვალისწინებს რუსეთსა და საქართველოს შორის ანტაგონიზმის ზრდას და არასტაბილურობის გაჩენას.
  • ამავე კონტექსტში, ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე ხაზს უსვამდა, რომ ტერიტორიების შენარჩუნების ან დაბრუნების საქმეში საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება და აფრთხილებდა მსმენელს, რომ ნატო-სთან დაახლოვებაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ შესაძლოა ტერიტორიების დაკარგვამდე მიგვიყვანოს. ნიკოლოზ მჟავანაძე ასევე სპეკულირებდა, რომ თუ საქართველო გააგრძელებს დეკლარირებულ პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას, მოსკოვმა შესაძლოა განიხილოს ჯავახეთის (საქართველოს სამხრეთ რეგიონი, სადაც ცხოვრობს ეთნიკურად სომხური მოსახლეობა) სომხეთისთვის გადაცემა, რაც იქნება სტრატეგიული სვლა ერევნის კვლავაც მოსკოვის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად.
  • ‘ნიუსფრონტის“ სკანდალურად ცნობილი პროპაგანდისტი, ნ. ფაშინიანს და მმართველ ძალას ადანაშაულებდა ჯორჯ სოროსის გავლენის ქვეშ ყოფნაში და ამტკიცებდა, რომ ისინი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ დასავლეთში მყოფ, ანტირუსული განწყობების მატარებელ სომხებთან, განსაკუთრებით აშშ-ში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ დიასპორაში. სტატიაში ფაშინიანი წარმოჩენილია, როგორც ლიდერი, რომელიც ემსახურება დასავლეთის ინტერესებს და რომლის მთავარ მიზანსაც სომხეთში რუსული გავლენის შემცირება წარმოადგენს. კრემლის პროპაგანდის თანახმად, აღნიშნული მოიცავს გიუმრში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას და რუსი სამშვიდობოების გასვლას მთიანი ყარაბაღიდან. რუსული პროპაგანდის ვარაუდით, ამ მიზნების მისაღწევად შემუშავებული იყო მრავალსაფეხურიანი გეგმა, კერძოდ, ახალი კონფლიქტის დაწყება ყარაბაღში, რაც მოხდა 2020 წელს. პროპაგანდის მტკიცებით, აზერბაიჯანის მიერ რეგიონზე კონტროლის აღდგენა გამოიწვევს რუსი სამშვიდობოების გაყვანას. გიუმრიდან რუსების გაძევებასთან დაკავშირებით, პროპაგანდა ავითარებდა მოსაზრებას, რომ ფაშინიანი დასავლეთის დირექტივებით გააუმჯობესებს ურთიერთობას თურქეთთან და მოსკოვს აღარ დაუტოვებს სომხეთში სამხედრო ბაზის შენარჩუნების საფუძველს.
  • სოციალური მედიის ანგარიშები ფეისბუქზე ასევე შეურთდნენ პროკრემლისტურ ტელევიზიებს და ანალოგიურ მტკიცებებს ავრცელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ანგარიშის თანახმად, „ამერიკა ამჟამად „სომხეთის გაბედნიერებას“ შეუდგა, რაც ამ უკანასკნელს არა თუ ყარაბაღის, თვით სომხეთის ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება.“ პრორუსული შეხედულებებით ცნობილი კიდევ ერთი ანგარიში ირონიულად კითხულობდა, კვლავ სომხეთში იმყოფებოდა თუ არა სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სწავლებაში მონაწილე ამერიკული კონტიგენტი, მაშინ როდესაც სომხეთის დამოუკიდებლობის დღეზე, ყარაბაღის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს.


პროკრემლისტური ჯგუფები ავრცელებენ შეთქმულების თეორიას დასავლეთის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების შესახებ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის 12 პრიორიტეტი თბილისს ლგბტ პროპაგანდის წახალისების მოთხოვნას უყენებს

  • პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებდა, რომ 12 პრიორიტეტის ფარგლებში, 2021 წლის 5 ივლისის შემდგომ უკვე დაპატიმრებულების გარდა, ევროკავშირი მოითხოვს ყველა იმ ადამიანის დაკავებას, ვინც „იბრძვის სოდომ-გომორის წინააღმდეგ“. მისი მტკიცებით, აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა, საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუტის მინიჭებას. ორგანიზაცია „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი ასევე იზიარებდა აღნიშნულ შეხედულებას და ხაზს უსვამდა, რომ 12 პრიორიტეტი ითვალისწინებს ლგბტ თემის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
  • პრორუსული ვებსაიტის Isari.ge-რედაქტორის თქმით, უკრაინა არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა რადგან კიევი ევროკავშირის მტრის, რუსეთის წინააღმდეგ ომშია ჩაბმული, ბრიუსელი მზად იყო სტატუტის მისაცემად და შესაძლოა ახლო მომავალში სრულ წევრადაც კი მიიღოს. აღნიშნულის მიუხედავად, ჰამლეტ ჭიპაშვილი ამტკიცებდა, რომ უკრაინას მაინც მოუწევს 12 პრიორიტეტის და ბრიუსელის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება, მათ შორის: „ლგბტ-ს აღიარება, გეი-პარადების სისტემატური გამართვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის გადაკეთება, პორნოგრაფიული ფილმების დაშვება, პროსტიტუციის ლეგალიზება, მარიხუანის მოყვანა-მოხმარება; ინგლისური ენის, როგორც სახელმწიფო ენად აღიარება და სახელმწიფო მოხელეებისთვის, სამხედრო სამსახურში მყოფთათვის ინგლისური ენის აუცილებელი ცოდნა“.
  • „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტის თანახმად, დასავლეთი აფინანსებს სხვადასხვა ჯგუფებს და გეგმავს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი ასევე სპეკულირებდა, რომ აღნიშნული მცდელობები გარკვეულწილად დაკავშირებულია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუტის მინიჭებასთან, რაც მისი თქმით უსარგებლოა.
  • „ალტ-ინფოს“ ეთერში კიდევ ერთი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ „ევროკავშირის და ზოგადად კოლექტიური დასავლეთის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემული ყველა რეკომენდაცია და დავალება, გამოყენებულ იქნება სავაჭრო ინსტრუმენტებად, საქართველოში მათ სასარგებლოდ გარკვეული მოვლენების წარმართვის ან განეიტრალებისთვის“.


რუსული პროპაგანდა ცდილობს საქართველოში მოსკოვის, როგორც „მხსნელის“ იმიჯის გამყარებას და ავრცელებს მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების გზა კრემლთან პარტნიორული ურთიერთობების შექმნაზე დამოკიდებული;

  • პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი და ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც გასულ პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში რუსეთის ისტორიულ როლზე საუბრობდა. მისი მტკიცებით, საქართველოს გადარჩენა რუსეთს უკავშირდება და ხაზს უსვამდა რუსეთის დახმარებას წარსულში აჭარის, გურიის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების დაბრუნების პროცესში. აღნიშნულის საპირისპიროდ, ნიკოლო მჟავანაძე თავს ესხმოდა დასავლეთს, ადანაშაულებდა მას „ქვეყნის [საქართველოს] წარმატებით დესტაბილიზაციაში, თაობების განადგურებაში და ახალგაზრდობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენასა და მოწამვლაში“. აღნიშნულის გარდა, იგი უკრაინაში შექმნილ ვითარებას წარმოაჩენდა როგორც მტკიცებულებას, რომ დასავლეთთან პარტნიორობამ უკრაინის ნანგრევებად გადაქცევა მოიტანა. ალტერნატივის სახით, პროკრემლისტური პროპაგანდისტი ხაზს უსვამდა რუსეთთან პარტნიორობის სარგებელს, რამაც მისი თქმით, ბელარუსის აყვავება გამოიწვია, რადგან ქვეყანას აქვს ავტობუსების წარმოების საშუალება და გააჩნია მნიშვნელოვანი ინდუსტრიული სიმძლავრეები.
  • ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ტელეკომპანია „სეზონის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ რუსეთი არის საქართველოს პრობლემების „წამალი“ და როგორც თევზისთვის წყალი და ადამიანისთვის ჰაერი წარმოადგენს სასიცოცხლო აუცილებლობას, ამდენადვე მნიშვნელოვანია ამჟამინდელი ქართული სახელმწიფოსთვის რუსეთთან კარგი ურთიერთობები.
  • ამავე კონტექსტში, ორგანიზაცია „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი მისი იმედის ერთადერთი წყაროა და ტერიტორიების დაბრუნების გასაღები რუსეთთან დიალოგსა და მოლაპარაკებებში დევს.
  • „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული და სკანდალურად ცნობილი ქართველი მღვდელი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც ცნობილი გახდა 2021 წლის 5 ივლისის პრაიდ მარშზე ღმერთის სახელით ძალადობის მოწოდებების გავრცელებით, „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდა, რომ „ძლიერი, ქრისტიანული საქართველო მხოლოდ ერთი ქვეყნის - რუსეთის ინტერესებთან არის თანხვედრაში. თურქეთს და ირანს არ უნდათ ქრისტიანული საქართველო, ხოლო აშშ-ს სხვანაირი საქართველო წარმოუდგენია - რომელიც სავსეა სოდომ-გომორული ცოდვებით.“
  • პრორუსული ვებგვერდის „საქინფორმის“ რედაქტორი ამტკიცებდა, რომ საქართველო მაშინ შეძლებს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას, როდესაც ქართველები ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებენ, რაც რუსეთთან ალიანს გულისხმობს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს სხვა არჩევანი არც გააჩნია.
  • ზემოხსენებულ ქართველ აქტორებს მხარი დაუჭირა კრემლისგან დაფინანსებულმა „სპუტნიკ-საქართველომ“, რომელიც რუსეთის სიძლიერის უფრო მეტად წარმოსაჩენად, ხაზს უსვამდა რუსეთის მოწინავეობას „ჭკვიანი“ დრონების შემუშავების, მასობრივი წარმოების და ბრძოლაში გამოყენებასთან დაკავშირებით. სტატიის მტკიცებით, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთმა ნატო-ს გადაასწრო, რაც დასავლური სახელმწიფოებისთვის შემაშფოთებელი ტენდენციაა. თუმცა, სტატიის ავტორი დასავლეთს აფრთხილებდა და მოუწოდებდა უფრო მეტად შეშფოთებისკენ, რადგან „რუსეთის მოიერიშე დრონების შესაძლებლობები და საბრძოლო ეფექტიანობა მუდმივად გაიზრდება“.

აშშ-ს კვლავ ადანაშაულებენ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო სამზადისს ეხებოდა, პრორუსულმა პროპაგანდისტებმა დაიწყეს მტკიცება, რომ აშშ წარმოადგენს ბრალდებების მთავარი ადრესატს.

გასულ კვირას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყნის გარეთ და შიგნით მოქმედი კონკრეტული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციას და კრიზისის გამოწვევას მთავრობის დასამხობად. ოქტომბერ-დეკემბერი ემთხვევა პერიოდს, როდესაც ევროპულმა კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შეთქმულების მონაწილეები, რომლებიც ემზადებიან ხელისუფლების დასამხობად, მოელიან, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც შექმნის ხელსაყრელ ნიადაგს არეულობისთვის, რასაც გადატრიალების ორგანიზატორები გამოიყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გეგმის სავარაუდო მთავარი ავტორებიც დაასახელა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

  • პროკრემლისტური მედიასაშუალების პოზიციით, გადატრიალების მთავარ მამომძრავებელ ძალად განხილულ უნდა იქნას აშშ და არა გიორგი ლორთქიფანიძე, ან მიხეილ ბატურინი. ზემოხსენებული მოსაზრების ავტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებდა გაებედა იმის თქმა, რომ თბილისში მაიდანის ორგანიზების სურვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან და საქართველოში აშშ-ს საელჩოდან მოდის. აღნიშნულ ნარატივს გამოეხმაურა სოციალური მედიის პრორუსული ანგარიში, რომელიც ცნობილია უკრაინაში რუსეთის ომის უპირობო მხარდაჭერით. აღნიშნული პროპაგანდისტის თანახმად, აშშ შესაძლო შეეცადოს საქართველოში მესამე სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას, რადგან რუსეთის საზღვრებთან შექმნილი ფეთქებადი ვითარება რუსეთის დასუსტებას ნიშნავს.
  • კიდევ ერთი პრორუსულად განწყობილი ჟურნალისტი შენიშნავდა, რომ დასავლეთის მიერ ინსპირირებული გადატრიალება და სამოქალაქო არეულობა საქართველოსთვის ახალ საფრთხეს წარმოადგენს. მისი მტკიცებით, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე დაზარალდნენ დესტაბილიზაციის ძალისხმევით და შესაბამისად არსებობს საფრთხე, თუ რამდენად გაიზიარებს საქართველო იგივე ბედს და როგორ გაუძლებს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ზეწოლას.
  • ვარაუდობდა, რომ ხელისუფლებამ ადრეც იცოდა საქართველოში სახელმწიფო არეულობის მზადების შესახებ. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადაწყვიტა გადატრიალების მზადების შესახებ განცხადება არა წარსულში, არამედ ამ კონკრეტულ მომენტში გაევრცელებინა, უფრო მეტად იმიტომ, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ დაიჯერა, რომ დასავლეთი, აშშ-ს ჩათვლით, არ შეცვლის საქართველოსთვის წაყენებულ მოთხოვნას რუსეთთან დაპირისპირების შესახებ და არ შეწყვეტს საქართველოში „მაიდანის სტილის“ მოძრაობის მხარდაჭერას. პროპაგანდისტის თანახმად, აშშ საქართველოს დიდწილად განიხილავს როგორც ინსტრუმენტს ან ფრონტისპირა სახელმწიფოს რუსეთთან ურთიერთობაში და საქართველოში აშშ-ს ყველაზე ძალისხმევა და ქმედება ამ სტრატეგიული მიზნისკენაა მიმართული.
  • ღიად პრორუსული მედისაშუალება „საქინფორმის“ რედაქტორი საქართველოს ადარებდა მითოლოგიურ პერსონაჟს - კავკასიის მთებზე მიჯაჭვულ ამირანს, რომელსაც აშშ-ს სახით თეთრთავიანი არწივი აწამებს. პროპაგანდისტის თანახმად, „ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველოს ბორკილების მსხვრევას, თუმცა კონსტიტუციაზე დასავლეთის ზეგავლენიდან გამომდინარე და დასავლეთის მცდელობა შეაფერხონ ეკონომიკური თანამშრომლობა ისეთ ზესახელმწიფოებთან, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი, ხელს უშლის „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის სრულად გათავისუფლებაში.
  • სოციალური მედიის კიდევ ერთი პროკრემლისტური ანგარიში უკრაინის ომთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ომი ფაქტობრივად რუსეთს და აშშ-ს შორის მიმდინარეობს. აღნიშნული ანგარიში ამერიკელებს ადანაშაულებდა უკრაინის ტერიტორიის ბრძოლის ველად არჩევასა და უკრაინის მოსახლეობის საზარბაზნე ხორცად გამოყენებაში.