logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი - 25 სექტემბერი - 2 ოქტომბერი

Screenshot 2023-10-05 165135.png
06 ოქტომბერი, 2023
 0

  • „ქართული ოცნება“ კვლავ ტირაჟირებს ნარატივს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენერები სახელმწიფო გადატრიალების გეგმაში არიან ჩართულები.
  • „ქართული ოცნება“ ამძაფრებს კრიტიკას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულ ვიზიტებთან დაკავშირებით; კვლავ აქტუალურია ოთარ ფარცხალაძის საქმე.
  • „ქართული ოცნება“ უკმაყოფილებას გამოხატავს გასულ წელს საქართველოს უსამართლო მოპყრობასთან და კანდიდატი სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით და აგრძელებს ზეწოლას, რომ ევროკავშირმა „არ გაიმეოროს წარსული შეცდომა“.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ფრენების აღდგენა შეთანხებული იყო ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან.
  • სუს-ის განცხადების ფონზე, პრორუსული „ალტ-ინფო“ აყალიბებს „ანტი-მაიდანის“ მოძრაობას და პირობას სდებს, რომ „დასავლეთის მიერ დაფინანსებული შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების“ შემთხვევაში, უზრუნველყოფს აღნიშნულის წინააღმდეგ ხალხის მობილიზებას.
  • პროკრემლისტური ჯგუფები ევროკავშირს საქართველოში დესტაბილიზაციის ხელშემწყობ ძალად წარმოაჩენენ.
  • პროპაგანდა აშშ-ს ადანაშაულებს მთავრობის გადატრიალების და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში, ასევე ამტკიცებს, რომ ახალდანიშნული ელჩი დანიგანი ქვეყანაში ამ მისიის შესასრულებად მოდის.
  • პრორუსული პროპაგანდა კვლავაც ამტკიცებს, რომ რუსეთთან ახლო კავშირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

„ქართული ოცნება“ კვლავ ტირაჟირებს ნარატივს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენერები სახელმწიფო გადატრიალების გეგმაში არიან ჩართულები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომელშიც უწყება მოსახლეობას აფრთხილებდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჯგუფის მიერ საქართველოს დესტაბილიზაციის და მოქმედი ხელისუფლების დამხობის გეგმების შესახებ, 2 ოქტომბერს სუსმა გამოაქვეყნა ახალი განცხადება. ამ უკანასკნელში აღნიშნულია, რომ 25 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა სამი სერბი აქტივისტი - სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან საქართველოს 2003 წლის „ვარდების რევოლუციასთან. სუსის თანახმად, ზემოხსენებული პირები საქართველოში შემოვიდნენ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მოწვევით, რომელსაც აფინანსებს USAID.

სუსის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია „კანვასთან“ და ყოფილ სერბულ ორგანიზაცია „ოტპორთან“ დაკავშირებულ აღნიშნულ პირებს, გააჩნიათ რევოლუციებში მონაწილეობის და ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზების საკითხებში სწავლების უშუალო გამოცდილება. ამავე განცხადებით, ვიზიტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ახალგაზრდების მომზადება. კერძოდ, 2023 წლის 26-29 სექტემბრის პერიოდში ჩატარებული ტრენინგების ფარგლებში მომზადდა ჯგუფი, რომელმაც საკვანძო როლი უნდა ითამაშოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობაში. აღნიშნულის მტკიცებულად, სუსმა წარმოადგენდა ტრენინგების სესიების მიმდინარეობისას ფარული კამერით განხორციელებული ვიდეოჩანაწერი. სუსის ინფორმაციით, 2023 წლის 29 სექტემბერს მოხდა სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის გამოკითხვა, რომლის დროსაც მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი. ასევე მითითებულია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს. 2023 წლის 30 სექტემბერს, აღნიშნულმა პირებმა დატოვეს საქართველო და დაბრუნდნენ ბელგრადში.

ამის შემდეგ, აშშ-ს საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერის მიზნებს. ასევე ხაზგასმულია, რომ დაუსაბუთებელი თავდასხმების მიუხედავად, აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს, მათი დემოკრატიული უფლებების და მომავლის დასაცავად.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა აღნიშნულ მოვლენას და ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებამ გამოავლინა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციულ, მტრულ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალების ჩანაფიქრები, რომლებსაც აქვთ დახმარება ქვეყნით საზღვრებს გარეთ და ხშირად უცხო ქვეყნებიდან აქტიური ჩართულობით. პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოზე ტერიტორიაზე რევოლუციის მოსაწყობად ტრენინგების ჩატარების და ხელისუფლების დასამხობად ძალადობის გამოყენების სწავლების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლის შემაშფოთებელ ფაქტს. მისი განმარტებით, სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი რადიკალური ელემენტების მიერ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. ამას გარდა, პრემიერ-მინისტრი იმედგაცრუებას გამოხატავდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ვიზიტი USAD-ის დაფინანსებით და მოწვევით განხორციელდა. ირაკლი ღარიბიშვილის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ USAID გააკეთებს შესაბამის განმარტებებს.
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შექმნილ ვითარებას აფასებდა, როგორც „შავ დღეს საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში“. მისი მტკიცებით, ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული მიმართულია რევოლუციური პროცესების ორგანიზებისკენ, ასევე ადამიანების მიზანმიმართული მოზადებისკენ სამოქალაქო დაპირისპირების და ძალადობის გამოწვევის მიზნით. შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამდა USAID-ის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთების საჭიროებას და აღნიშნავდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაცია ასეთ სკანდალში ეხვევა. ამასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილი იხსენებდა, რომ USAID-მა იცოდა, მათ მიერ დაფინანსებული „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2020 წლის არჩევნებზე ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია მათ საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას დაუმალეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები ქვეყანაში არეულობის ინსპირირების მიზნით იქნა გამოყენებული.
  • პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ განცხადებაში ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ-სგან განსხვავებით, საქართველოს არ გააჩნია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალე სისტემა, რაც საზოგადოებას ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს და ასეთი ინფორმაცია მხოლოდ სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად საჯაროვდება. მისი შეფასებით, 2023 წლის მარტში პარლამენტში შეტანილი „უცხოელი აგენტის კანონის“ მღების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა საზოგადოების ცნობიერება ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით და ცნობილი გახდებოდა უცხოური დაფინანსების მასშტაბები. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შენიშნავდა, რომ 7-8 მარტს გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა ქართველს ხალხს მოუსპო ასეთი ტიპის ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა.
  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ სუსის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ტრენინგის მიზანს საქართველოში რევოლუციის ორგანიზება წარმოადგენს, შემაშფოთებელია. იგი ხაზს უსვამდა, რომ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის გარემობა, რომ ტრენინგი ფინანსდებოდა USAID-ის მიერ და ამერიკელ პარტნიორებს მოუწოდებდა მკაფიო განმარტებისკენ. ირაკლი კობახიძის თანახმად, მსგავსი აქტივობების და რადიკალური ჯგუფების იდენტიფიცირება ადრეც განხორციელდა და მათ შორის იყოს არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი პიტერ აკერმანი, რომელიც მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რევოლუციის დაგეგმვას ასწავლიდა. ირაკლი კობახიძე სუსის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უკავშირებდა „მეორე ფრონტის“ შესახებ არსებულ შეთქმულების თეორიას და ამბობდა, რომ 2022 წლის შემდეგ, რადიკალური ჯგუფები ცდილობენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და როგორც ჩანს, გეგმა კვლავ ძალაშია.
  • „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა და თბილის მერმა გააკეთა ანალოგიური განცხადებები, სადაც გამოხატავდა უკმაყოფილებას და ხაზს უსვამდა, რომ სუსმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ საქართველოს შიდა და გარე მტრებს მზაკვრული გეგმები გააჩნიათ. კახა კალაძემ ასევე გაიმეორა გზავნილები, რომლის თანახმადაც USAID-ის ჩარევა შემაშფოთებელია და მოითხოვა განმარტებები. პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, კახა კალაძემ ასევე გაიხსენა USAID-ის მიერ „სამართლიანი არჩევნების“ დაფინანსების საკითხი და ამ უკანასკნელის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული შეცდომა. იგი ხაზს უსვამდა, რომ USAID-ის ჩართულობით მსგავსი შემაშფოთებელი და სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც მტრობას პირდაპირ ასახავს.

„ქართული ოცნება“ ამძაფრებს კრიტიკას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულ ვიზიტებთან დაკავშირებით; კვლავ აქტუალურია ოთარ ფარცხალაძის საქმე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ რიტორიკა გაამძაფრა.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გაიხსენა მისი განცხადებები, თუ როგორ არ ასრულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროპული კომისიის მიერ შემუშავებულ 12 რეკომენდაციას და თუ როგორი ბუნდოვანი გახდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა უკანასკნელ წლებში. პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტის ქმედებები და განცხადებები არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსების საბოტაჟი და შესაბამისად, იგი უარს აცხადებს იყოს პრეზიდენტის თანამონაწილე და მისცეს მთავრობის ნებართვა უცხოეთში ვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით. მთავრობის გადაწყვეტილების დამატებითი დასაბუთების მიზნით, პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დარწმუნებაც კი და აცხადებდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ერთადერთი, რომელმაც საქართველოს ევროპის გეოგრაფიული კუთვნილების ჭრილში დასვა შეკითხვა. „ქართული ოცნების“ მიერ სექტემბერში დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამდა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის ფორმალური ხასიათის მიუხედავად, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია საკმარისი მანდატები პროცესის ბოლომდე მისაყვანად, მმართველი პარტია ვალდებული იყო ემოქმედა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე პასუხად.
  • პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა პრეზიდენტის უცხოური ვიზიტები კონტრპროდუქტიულად და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა სწორად მოიქცა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს არ მისცა ვიზიტების განხორციელების ნებართვა. შალვა პაპუაშვილი შენიშნავდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უპირობო მხარდაჭერის ნაცვლად, ლატვიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. შალვა პაპუაშვილის თანახმად, საქართველოს მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან შეერთება უსაფრთხოების და ეკონომიკური გარანტიების გარეშე კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას და შესაბამისად, ბოლო პერიოდში ამაზე დასავლელ პარტნიორებთან საუბარი აღარ ყოფილა. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ლატვიის პრეზიდენტის მიერ ამ საკითხის გამეორების ფაქტი წარმოაჩენს იმ ზიანს, რაც სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების შედეგად საქართველოს მიადგა.
  • ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისი მერი კახა კალაძე ადასტურებდა, რომ კონსტუტუციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით საჭიროა მთავრობის ნებართვა და შესაბამისად, რადგან პრეზიდენტს არ გააჩნდა ასეთი ნებართვა, მან დაარღვია კონსტიტუცია. კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტი წარსულში ყოველთვის ითხოვდა ნებართვას, მაგრამ ეს შეიცვალა და ახლა სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება.
  • პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ასევე შეაფასა ლატვიის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოს მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე შეერთების საჭიროების შესახებ. გიორგი ვოლსკის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს უნდა ეცნობებინა ლატვიის პრეზიდენტისთვის, რომ საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ყველა ზომას იღებს, რომ ქვეყანა არ იქნეს გამოყენებული რუსეთის მხრიდან სანქციების თავის ასარიდებლად. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს ასევე უნდა აეხსნა ლატვიის პრეზიდენტისთვის იმ პოტენციური ეკონომიკური შედეგების შესახებ, რაც საქართველოს მხრიდან რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე შეერთებას მოჰყვებას, მაშინ როდესაც რუსეთზე ამას ან საერთოდ არ ექნება გავლენა, ან მხოლოდ მინიმალური. გიორგი ვოლსკი ხაზს უსვამდა, რომ თუ პრეზიდენტმა არ ჩააყენა ლატვიის პრეზიდენტი საქმის კურსში აღნიშნულთან დაკავშირებით, მაშინ გამოდის, რომ ის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
  • ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკითხი მოგვარებულია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა - იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა და საგამოძიებო უწყებებმა იმოქმედეს კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად. მისი თქმით, საწყის ეტაპზე არსებული სპეკულაციების მიუხედავად, რომ გამოძიება შესაძლოა არც დაწყებულიყო ან ხელისუფლება და მმართველი პარტია ხელს შეუშლიდა ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტას, გამოძიება დაიწყო და იუსტიციის სამინისტრომ უმოკლეს ვადებში გაუგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია პრეზიდენტს. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან პოზიციის მკვეთრი შეცვლა და გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძეს დაუყოვნებლივ არ შეუწყვიტოს მოქალაქეობა, შესაძლოა განპირობებული იყოს აღნიშნული საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგში შენარჩუნების მცდელობით, რადგან მმართველი პარტიის ოპონენტებს სხვა სასაუბრო არ გააჩნიათ.

„ქართული ოცნება“ უკმაყოფილებას გამოხატავს გასულ წელს საქართველოს უსამართლო მოპყრობასთან და კანდიდატი სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით და აგრძელებს ზეწოლას, რომ ევროკავშირმა „არ გაიმეოროს წარსული შეცდომა“.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამდა, რომ ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებში მუდმივად მკაფიოდ აფიქსირებს, რომ გატარებული რეფორმების მნიშვნელობის, მიღწეული პროგრესის და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა და ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უსამართლო მოპყრობა. მისი თქმით, ქართველი ხალხს არ უყვარს უსამართლო მოპყრობა და და არ შეეგუება საქართველოს უკანა რიგებში გადასმის მცდელობას, მაშინ როდესაც ქვეყანა ასოცირებული ტრიოს რიგებში მოწინავეა. პრემიერ-მინისტრი ასევე ხაზს უსვამდა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველო ეჭვმიუტანლად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუტსს და ნებისმიერი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და ღრმად შეურაცხმყოფელი საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ.
  • პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მონაწილეობა მიიღო პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაში. აღნიშნული ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამდა პოლიტიკური გზავნილი გაჟღერების და იმის ახსნის მნიშვნელობას, რომ ევროკავშირმა აღარ უნდა გაიმეოროს გასულ წევლს დაშვებული შეცდომა. შალვა პაპუაშვილი მკაფიოდ აფიქსირებდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ატარებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს ქართველი ხალხისთვის და ასახავს ევროკავშირის პოზიციას, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ კანდიდატის სტატუსი არის მცირე ნაბიჯი ევროკავშირისთვის, მაგრამ დიდი ნაბიჯი საქართველოსთვის. შესაბამისად, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა სრულად გააცნობიერონ ეს პასუხისმგებლობა. ამას გარდა, შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამდა, რომ გასულ წელს მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვია, რაც კარგად გამოჩნდა პოლიტიკური განწყობების კვლევებში. კერძოდ, იმის ფონზე, რომ საქართველოში ერთ-ერთი მაღალი მხარდაჭერაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც აღემატება 85 პროცენტს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ევროკავშირზე პოზიტიური წარმოდგენა აქვთ, 11 პროცენტით შემცირდა.
  • „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ასევე შენიშნავდა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს უკრაინას და მოლდოვას, რომელთაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველო დაიჩაგრა. აღნიშნული უსამართლო მოპყრობის მიუხედავად, კახა კალაძის მტკიცებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე და იმედოვნებოდა, რომ ევროპული კომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებდა, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დროს შემუშავდა გეგმა, რომელის მიხედვითც უნდა გატარდეს სამუშაოები 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ შეასრულოს. ბექა დავითულიანის თქმით, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ეს სტატუსი არ გაიცეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ფრენების აღდგენა შეთანხებული იყო ღარიბაშვილის მთავრობასთან.

28 სექტემბერს, ახალი ამბების რუსულ სახელმწიფო სააგენტოსთან „ტასს“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს და რუსეთს შორის მიხეილ სააკაშვილმა გაწყვიტა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერით თავს დაესხა ოსებს და რუს სამშვიდობოებებს. სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მოსკოვმა დააფიქსირა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, რუსეთი ჩაერთო განხილვებში ირაკლი ღარიბაშვილთან და შეთანხმდნენ ფრენების განახლებასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება და ფრენების განახლება „ჩვენს ურთიერთობებს უფრო მოსახერხებელს და კომფორტულს ხდის“.

  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სერგეი ლავროვის განცხადებაზე პასუხად აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება იყო მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რაც მან განაცხადა კიდეც. პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, რუსულ მხარესთან ფორმალური მოლაპარაკებები არ ყოფილა და შესაბამისი ქართული უწყებები, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო გასცემს ნებართვებს საქართველოში ფრენების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც ისედაც ღიად იყო ცნობილი და ამაში არაფერი სკანდალური არ არის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმა რუსეთთან ფრენების განახლებას, რაც ხელს აძლევს საქართველოს და შესაბამისად, საავიაციო სააგენტომ გააფორმა შეთანხმება, რომ არასანქცირებული კომპანიები შეძლებენ საქართველოში ფრენების განხორციელებას.
  • პარლამენტოს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უარყოფდა სერგეი ლავროვის ბრალდებებს. მისი მტკიცებით, ლავროვის განცხადება მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებშია, რომ მათ გააკრიტიკონ მმართველი პარტია.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობდა, რომ მას არ აინტერესებს, თუ რას აცხადებს სერგეი ლავროვი. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის პოზიცია უკვე მკაფიოა და დამატებით ინტერესს არ საჭიროებს.
  • პრორუსული სოციალური მედიის ანგარიშები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მმართველი პარტიის წევრების მიმართ, მათ მიერ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებების ფაქტის უარყოფასთან დაკავშირებით.


სუს-ის განცხადების ფონზე, პრორუსული „ალტ-ინფო“ აყალიბებს „ანტი-მაიდანის“ მოძრაობას და პირობას სდებს, რომ „დასავლეთს მიერ დაფინანსებული შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების“ შემთხვევაში უზრუნველყოფს აღნიშნულის წინააღმდეგ ხალხის მობილიზებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომელშიც უწყება მოსახლეობას აფრთხილებდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჯგუფის მიერ საქართველოს დესტაბილიზაციის და მოქმედი ხელისუფლების დამხობის გეგმების შესახებ, პრორუსულმა „ალტ-ინფომ“ განაცხადა „ანტი-მაიდანის“ მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „დასავლეთის მიერ დაფინანსებულ შესაძლოა გადატრიალებასთან“ დაპირისპირებას. „ალტ-ინფოს“ განცხადების თანახმად, მათ აქვთ ეჭვი, რომ ევროპული კომისია გამოიტანს ნეგატიურ გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და შეგნებულად გამოიწვევს საპროტესტო გამოსვლებს ქვეყანაში მთავრობის დამხობის მიზნით, რაც მოქმედებაში მოიყვანს 2014 წელს უკრაინის მოვლენების მსგავს სცენარს. „ანტი-მაიდანის“ მოძრაობა გეგმავს საქართველოს მასშტაბით ადამიანების და დაფინანსების მობილიზებას, რომლებიც მზადყოფნაში იქნებიან, ასეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში. „ალტ-ინფომ“ ასევე შექმნა 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოხალისეებს შეეძლებათ მოძრაობაში ჩაწერა.

  • „ალტ-ინფოს“ წევრი და პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი შოთა მარტინენკო აცხადებდა, რომ მათ დიდი ხანია აქვთ მაიდანის მსგავსი რევოლუციის მოლოდინი საქართველოში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათი ეჭვები დაადასტურდა. პროპაგანდისტის თანახმად, ხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი რესურსების დასავლეთის და მისი აგენტების მიერ შექმნილ საფრთხესთან გასამკლავებლად და საქართველოს სუვერენიტეტის დასაავად. თუ გადატრიალება წარმატებით დასრულდება, საქართველო უკრაინის მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან გადატრიალების დაგეგმვის მთელი არსი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაში მდგომარეობს, რასაც საქართველოს განადგურება მოჰყვება. დასავლეთთან შედარებით რესურსების სიმწირის გამო, საქართველო მოწყვლადია და შესაბამისად საჭიროა ამ საფრთხის წინააღმდეგ ხალხის მობილიზება და ორგანიზება. მოძრაობა უზრუნველყოფს ჯგუფების მობილიზებას რეგიონებში და ტელეფონის მეშვეობით მათ ჩაწერას. ამ გზით, ჩაწერილების გამოძახების შემთხვევაში, „ალტ-ინფოს“ ექნება მნიშვნელოვანი საპასუხო ძალის მობილიზების შესაძლებლობა. შოთა მარტინენკო პირობას იძლეოდა, რომ მათ ეყოლებათ ფართო ორგანიზაციული ერთეული, რომელსაც შეეძლება წინააღმდეგობის ჩახშობა ნებისმიერი საშუალებით.
  • „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი ლიდერი აცხადებდა, რომ „დასავლეთისგან დაფინანსებული“ ორგანიზაციები და მედიასაშუალებები შეეცდებიან მოძრაობის დისკრედიტაციას დეზინფორმაციის გავრცელების მეშვეობით, თუმცა მათ არ უნდა ვენდოთ, რადგან „მაიდანის“ შეთქმულების ნაწილს წარმოადგენენ.
  • მოძრაობის სხვა წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ევროპული კომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, რითაც გამოიწვევს საპროტესტო გამოსვლებს ქვეყანაში რაც შემდეგ გარდაიქმნება „მაიდნის მსგავს“ რევოლუციად. მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია და ადგილობრივი ძალები მუდმივ კოორდინაციაში იმყოფებიან დასავლელ პარტნიორებთან, რადგან ამ ყველაფერს მხარს უჭერენ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები. კიდევ ერთ შემთხვევაში, „ალტ-ინფოს“ გადაცემაში, იგივე პროპაგანდისტი ამბობდა, რომ როგორც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იქნა გამოყენებული 2014 წელს უკრაინის ხელისუფლების დასამხობად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ანალოგიურად იქნება გამოყენებული საქართველოში, რაც უკრაინის შემთხვევის მსგავსად, გამოიწვევს პირდაპირ დაპირისპირებას რუსეთთან.
  • პრორუსულად განწყობილი სასულიერო პირი, რომელიც ხშირად ჩნდება „ალტ-ინფოს“ გადაცემებში, ავრცელებდა მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ზედმეტად ლმობიერად ეპყრობა ოპოზიციას და აღნიშნული მიდგომა ქვეყანას საბოლოოდ განადგურებისკენ წაიყვანს. იგი მიუთითებდა, რომ 7-8 მარტის დემონსტრაციების დროსაც კი, მხოლოდ 1 პირი დააპატიმრეს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლების დაშინება მარტივად არის შესაძლებელი. ამავე სასულიერო პირის თანახმად, „ანტი-მაიდანის“ მოძრაობას ჭეშმარიტი პატრიოტები უძღვებიან, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზებას „ომის და გარყვნილების“ წინააღმდეგ.
  • პრორუსული პროპაგანდისტი და ტელეკომპანია „სეზონის“ გადაცემის წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე მხარდაჭერას უცხადებდა მოძრაობას და აცხადებდა, რომ მაიდნის მოვლენები ტერიტორიების დაკარგვით, ომით და უკრაინაში დასავლეთის აგენტურული ქსელის შექმნით დასულდა. პროპაგანდისტის თანახმად, იგივე იგეგმება საქართველოსთვის. ნიკოლოზ მჟავანაძე აპელირებდა სუსის განცხადებაზე და იმეორებდა, რომ უკრაინის მთავრობა გეგმავს გადატრიალებას საქართველოში, რის გამოც მოითხოვდა, რომ საქართველოს მხრიდან კავშირების გაწყვეტას უკრაინის „ფაშისტურ რეჟიმთან“.
  • უკანასკნელ პერიოდში, „თიბისი“ ბანკმა დაბლოკა თანხების შესაგროვებლად განკუთვნილი ერთ-ერთი სპეციალური ანგარიში. „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტის თანახმად, აღნიშნული ინციდენტი შესაძლოა მიუთითებდეს დასავლეთის ჩარევის დამატებით მტკიცებულებაზე, რომელიც ცდილობს საქართველოში მაიდანის მსგავსი რევოლუციის გამოწვევას და შესაბამისად სპეკულირებდა, რომ ცალკეული ბანკები მხარს უჭერენ ამ დღის წესრიგს.
  • სოციალური მედიის პრორუსული პროფილები აქტიურად ავრცელებდნენ მასალებს სოციალურ მედიაში „ანტი-მაიდანის“ მოძრაობასთან დაკავშირებით და ადამიანებს მოუწოდებდნენ მასში გაწევრიანებისკენ.


პროკრემლისტური ჯგუფები ევროკავშირს საქართველოში დესტაბილიზაციის ხელშემწყობ ძალად წარმოაჩენენ.

  • პრორუსული პროპაგანდისტი „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდა, რომ საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ნიშნავს რაღაცების შეწირვას და ამ შემთხვევაში შეწირვა მოიცავს მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ. პროპაგანდისტების თანახმად, ადგილი აქვს ადამიანების მანიპულირებას, რომ დააჯერონ, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები გამდიდრდებიან, რაც სიცრუეა. ევროკავშირი არ გაუნაწილებს სიმდიდრეს საქართველოს, რადგან ის ფულს ხარჯავს მხოლოდ ქვეყანაში პროდასავლური ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, რომ შემდეგ საჭირო მომენტში გამოიყენოს.
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტული წყაროს თანახმად, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე „ევრო-ისტერიამ“ გააფართოვა ქართველებს და აფხაზებს შორის დაშორება, რადგან აფხაზები ხედავენ, რომ დასავლური ინტეგრაციის ამბიციებს, საქართველოსთვის სარგებელი არ მოუტანია. შესაბამისად, რაც უფრო უახლოვდება საქართველო მორალისგან დაცლილ ევროპასთან ინტეგრაციას, სულ უფრო მეტად მიუღებელი ხდება აფხაზებისთვის.
  • მორიგი პროპაგანდისტული წყაროს თანახმად, დასავლეთში საქართველო მხოლოდ პოლიგონად და რუსეთის დასასუსტებლად პოტენციური მეორე ფრონტის რანგში განიხილება. დასავლური სახელმწიფოები პარაზიტებივით არიან, არ რთავენ ბრძოლაში საკუთარ სამხედროებს და ცდილობენ სხვა მოწყვლადი ქვეყნების გამოყენებას რუსეთთან საომრად, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
  • პროპაგანდის მტკიცებით, დასავლეთი უკრაინას ეხმარება შეიარაღების მიწოდებით, რადგან სურს ომის გახანგრძლივება რუსეთის დასასუსტებლად. 50 მილიონი უკრაინელი ამჟამად ომის პირობებში ცხოვრობს, რადგან მათ რწმენას მართავენ ყველა სახის ამორალური პრინციპებზე დაფუძნებული ძალები, სადაც იგულისხმება დასავლეთი. ამას გარდა, აღნიშნული ნარატივის თანახმად, უკრაინელების მიერ თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის ცნება შეცდომაში შემყვანია. შესაბამისად, პირიქით ამტკიცებდა, რომ სწორედ დასავლეთის ქმედებები იყო გადამწყვეტი კონფლიქტის გამოსაწვევად და იგივე შესაძლოა განმეორდეს საქართველოში.
  • პროპაგანდის მტკიცებით, 1991-1992 წლებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება დასავლეთში დაიგეგმა და მისი მაშინდელი ვასალის, რუსეთის ხელით განხორციელდა. ამავე მტკიცებით, დასავლეთი 2023 წელსაც ცდილობს იგივეს განმეორებას.
  • „ალტ-ინფოს“ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ხაზს უსვამდა დასავლეთთან ინტეგრაციაზე უარის თქმის მნიშვნელობას, რადგან ამას საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. მისი მტკიცებით, აღნიშნულის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა პრიორიტეტად უნდა დაისახოს დასავლეთთან ინტეგრაციისგან დისტანცირების გზების ძიება, რაც მოსპობს ქვეყნის წინაშე არსებულ მრავალ პრობლემას და გამოწვევას. თითოეულმა ადამიანმა, საკუთარი გონებიდან უნდა ამოიგდოს ევროპული ინტეგრაციის იდეა, რადგან საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება ევროპული.
  • „ალტ-ინფოს“ პროპაგანდის მტკიცებით, პირები რომლებიც მხარს უჭერენ დასავლეთთან ინტეგრაციას, სპეკულირებენ, რომ თუ საქართველო ვერ მოიპოვებს კანდიდატის სტატუსს, დაკარგავს ევროპულ მომავალს. თუმცა, პროპაგანდა ასევე ამტკიცებს, რომ ევროპულ მომავალში არაფერი კარგი არ არის, რადგან ევროპა დაკნინების ფაზაში მყოფი ძალაა, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით ეს ეხება გარყვნილი ცხოვრების წესის პოპულარიზებას და იმიგრაციის აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ ქართველ ხალხს ზღაპრებს უყვებიან ევროკავშირის და ნატოს წევრობის სარგებლის შესახებ, მაშინ როდესაც რეალურად დასავლეთს უამრავი საკუთარი პრობლემა გააჩნია და არ აქვს საქართველოს დახმარების შესაძლებლობა. დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება არ არის ქართველი ხალხის სასიკეთოდ განკუთვნილი, არამედ მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების და პროდასავლური აგენტების დასაფინანსებლად, რომლებსაც დასავლეთის ამოცანების შესრულების დირექტივას აძლევენ.


პროპაგანდა აშშ-ს ადანაშაულებს მთავრობის გადატრიალების და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში, ასევე ამტკიცებს, რომ ახალდანიშნული ელჩი დანიგანი ქვეყანაში ამ მისიის შესასრულებად მოდის.

  • ფეისბუქ გვერდმა „აგენტები“, რომელიც მაღალი ალბათობით დასავლეთის, ოპოზიციის და საქართველოში განსხვავებული ხმების დისკრედიტაციის მიზნით შეიქმნა, გაავრცელა ვიდეო საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნული ელჩის რობინ დანიგანის და მისი მოადგილის, ალან პარსელის შესახებ. ვიდეოში განხილულია მათი კარიერული გზა და ყურადღება გამახვილებულია, მათ წინა თანამდებობებზე, რაც ითვალისწინებდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, პოლონეთის და უკრაინის კურატორობას. ამავე ვიდეოში, მინიშნებულია კავშირები მათ წარსულ სამსახურებრივ მოვალეობებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, კერძოდ მათ ჩართულობაზე მასთან და პოსტსაბჭოთა სივრცის რევოლუციურ პროცესებთან. ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მათ მიერ დაკავებული მაღალი თანამდებობიდან გამომდინარე, მათი დანიშვნა საქართველოში მიანიშნებს, რომ საქართველოსთვის განსაზღვრულია სპეციალური მისია, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ მინიშნებას, რომ ამერიკელი დიპლომატები ჩართულები იქნებიან სუსის მიერ გამოცხადებული მაიდანის ტიპის რევოლუციაში.
  • ტელეკომპანია სეზონის წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე აშშ-ს ადანაშაულებდა 2007 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საპროტესტო აქციის დარბევაში. მისი მტკიცებით, აშშ დგას საქართველოს ეკლესიას და პატრიარქ ილია მეორეზე განხორციელებული თავდასხმების, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების უკან. ამავე პროპაგანდისტის თანახმად, აშშ-ის ქმედებებმა საბოლოოდ გამოიწვია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მისივე პოზიციით, 8 ივლისს აშშ-მა ოფიციალურად დაგმო ქრისტიანობის დაცვა და ქართული იდენტობა. პროპაგანდისტი ასკვნიდა, რომ საქართველოს არასდროს ჰყოლია აშშ-ზე დიდი მტერი.
  • „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ქარდავა ბაიდენის ადმინისტრაციასა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე პირებს ადანაშაულებდა უკრაინაში მაიდანის ინსპირირებაში. გიორგი ქარდავას თანახმად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ღრმა ცოდნას ფლობენ პოსტსაბჭოთა რეგიონთან დაკავშირებით და საკუთარ კომპეტენციას გამოიყენებენ საქართველოში მაიდნის რევოლუციის მოსაწყობადაც. მისი თქმით, შეხედულება, რომ აშშ-ს საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის დამყარება სურს ზღაპარია და ადამიანები ნელა აცნობიერებენ ამას.
  • პრორუსი პროპაგანდისტი „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდა, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველო იყო ლიბერალური დიქტატურის მსხვერპლი, რაც ნიშნავს, რომ საქართველო არის ვასალი, რომელსაც აშშ-ს გეოპოლიტიკური საჭიროებების შესრულება ავალია და საქართველოს მხრიდან დაუმორჩილებლობის ნებისმიერი ნიშანი კოლონიზატორების მიერ აღქმული იქნება დასასჯელ ქმედებად. მისი მოსაზრებით, ამ შემთხვევაში დასჯა გულისხმობს ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით დამხობას.
  • საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელიც 1990-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ წარუმატებელ ტერაქტთან დაკავშირებით ბრალის წაყენების შემდეგ რუსეთში ცხოვრობს, რუსული ახალი ამბების სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებამდე, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პირდაპირ შესთავაზა დახმარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის ძალის გამოყენებით დაბრუნების შემთხვევაში. იგორ გიორგაძის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა იკითხა შესაძლო მსხვერპლის შესახებ, რაზეც აშშ-ის ელჩმა თითქოს უპასუხა, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლას თავისი ფასი აქვს. საბოლოო ჯამში, იგორ გიორგაძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილმა არ მიიღო აღნიშნული შემოთავაზება და განაცხადა, რომ საქართველომ უკვე ბევრი სისხლი დაღვარა.
  • „ალტ-ინფოს“ ეთერში პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ აშშ-მა ღიად აღიარა მაიდანის მოვლენებისთვის 5 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფა, რაც მიზნად ისახავდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობას.
  • პროპაგანდა აშშ-ს ადანაშაულებდა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში და ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონში შემუშავდა კონკრეტული გეგმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის გამოსაწვევად. პროპაგანდისტების თანახმად, აშშ მიზანმიმართულად აუარესებს ურთიერთობებს საქართველოს და რუსეთს, ისევე როგორც ქართველებს და აფხაზებს და ქართველებს და ოსებს შორის.
  • პროპაგანდის მტკიცებით, აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება მიმართულია ახალი თაობის გასარყვნელად. ამერიკული საბავშვო ბაღები და სკოლები არ უწყობს ხელს ბავშვებს გახდნენ წარმატებული ექიმები, იურისტები და ინჟინრები და სანაცვლოდ მათ ასწავლის მავნებლურ ქცევას, საბოტაჟს, გარყვნილებას და უნერგავს ანტიქართულ გრძნობებს. საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები არ გამოიყენება ქართველი ხალხისთვის სარგებლის მოსატანად, არამედ მიმართულია ახალი თაობის ტვინის გამოსარეცხად და მათ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბების საქმეში დასახმარებლად. პროპაგანდისტების ნარატივით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნას დასავლური ინტერესების ინსტრუმენტად.

პრორუსული პროპაგანდა კვლავაც ამტკიცებს, რომ რუსეთთან ახლო კავშირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

  • ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ამტკიცებდა, რომ რუსეთს მტკიცე პოზიცია გააჩნია საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ქართული მხარე უარს აცხადებს.
  • „ალტ-ინფოს“ ეთერში პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ რწმენა, თითქოს დასავლური ინტეგრაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, ილუზიია. ამავე თვალთახედვით, დასავლეთს არ შეუძლია რუსეთისგან საქართველოს დაცვა, რადგან ეშინია მოსკოვთან პირდაპირი კონფლიქტის. აღიშნული სახელდება დასავლეთის ყოყმანის მიზეზად, რომ მიიღოს საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრად.
  • პროპაგანდისტული გზავნილის თანახმად, დროა ქართველებმა გააცნობიერონ საგარეო პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, გზავნილი შეიცავს გაფრთხილებას, რომ თუ საქართველო გააგრძელებს პროსასავლურ საგარეო პოლიტიკას, რუსეთმა შესაძლოა მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია, რაც გამოიწვევს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სამუდამოდ დაკარგვას.
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტი აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ 1990-იან წლებში საქართველო არ ცდილობდა ნატოში წევრობას, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა შეამჩნიეს ქვეყანაში არსებული ანტირუსული განწყობები. მათი ეჭვები მოგვიანებით დადასტურდა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როდესაც მან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველო შეეცდებოდა ნატოში გაწევრებას.
  • „ალტ-ინფოს“ ეთერში სტუმრად მყოფი პროპაგანდისტის თანახმად, საქართველოს ვერასდროს აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და რუს თანამდებობის პირებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე. საქართველოს მხრიდან ტერიტორიების დაკარგვა იყო დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით არასწორი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შედეგი და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლის აღდგენის გასაღები მოსკოვშია.
  • პროპაგანდისტული წყარო ხაზს უსვამდა, რომ 30 წელი საკმარისი დროა იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველო მხოლოდ დაზარალდა ანტირუსული პოლიტიკით და ვერ შეძლო ვერც ერთი მიმართულებით წინსვლა, იქნება ეს ეკონომიკა, დემოგრაფია, თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.