logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) განცხადება

43.jpg
15 მაისი, 2020
 0

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მენეჯმენტი განაგრძობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას!

ამჯერად დირექტორმა გოგა კოხრეიძემ გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი გაუშვა სამსახურიდან. რეხვიაშვილი ამავდროულად აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა.

მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელს არაერთმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა, შეეწყვიტა თანამშრომლების დევნა, მენეჯმენტმა დაწყებული პროცესი არ შეაჩერა.

21 აპრილს მაუწყებლის დირექტორმა ეთერიდან ჟურნალისტი თეონა თურმანიძე მოხსნა. ჟურნალისტის გათავისუფლების მიზეზი მის მიერ 11 აპრილს Facebook-ზე გამოქვეყნებული „სტატუსი“ გახდა, რომლითაც თეონა თურმანიძემ, მენეჯმენტის აზრით, ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი დაარღვია („არ ჩაიდინოს სამსახურში ან მის გარეთ, მათ შორის, სოციალურ ქსელში, სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიმართულია დამსაქმებლის თანამშრომლის ან დამსაქმებლის დისკრედიტაციისკენ“). ჟურნალისტის მიერ საკუთარი აზრის გამოხატვა დირექტორმა ორგანიზაციის დისკრედიტაციად მიიჩნია.

იმავე დღეს, 21 აპრილს, მალხაზ რეხვიაშვილმა თეონა თურმანიძის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და მაუწყებლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მაუწყებლის დირექტორმა ჟურნალისტს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფა მოთხოვა. წერილში გიორგი კოხრეიძე მალხაზ რეხვიაშვილს აფრთხილებს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ჟურნალისტი მაუწყებლის შესახებ ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებს და ამის გამო მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ჟურნალისტმა დირექტორის ეს მოთხოვნა არ შეასრულა. 11 მაისს მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან გაუშვეს. ამ ეტაპზე უცნობია, დააბრუნებს, თუ - არა მენეჯმენტი ეთერში გადაცემა „ჰეშთეგს“, რომელიც საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ შეაჩერა. გადაცემის გუნდის რამდენიმე წევრი ფიქრობს, რომ ახლო მომავალში მაუწყებლის დირექტორი მათ სამსახურიდან გაათავისუფლებს.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ქმედებები ამის ნათელი დასტურია. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაკნინება და თავისუფალი, დაბალანსებული მაუწყებლის ნგრევა არ დაუშვას. ასევე, მოუწოდებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, უარი თქვას პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების დევნაზე, მათთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე.

მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას და მისი იდეის ხელყოფა დანაშაულია!

ჩვენ, მაუწყებლის ყველა თანამშრომელს სამართლიანობისთვის ბრძოლაში, ყოველთვის მხარს დავუჭერთ!