logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის“ წევრი ორგანიზაციების განცხადება

Untitled-1.png
23 სექტემბერი, 2024
 0

„სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის“ წევრი ორგანიზაციები და ექსპერტები, კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის სხვა ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს 2008 წელს აგვისტოს ომი „სააკაშვილის რეჟიმმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააჩაღა“.

2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის ფაქტი და საქართველოს რეგიონების შემდგომი უკანონო ოკუპაცია მკაფიოდ არის აღიარებული რიგ საერთაშორისო დოკუმენტებში. ევროკავშირის დაკვეთით შექმნილმა დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ (ე.წ. „ტალიავინის კომისიამ“) დაადასტურა, რომ რუსეთის რეგულარული არმიის საჯარისო ნაწილები, მოხალისეები და დაქირავებულები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ აგვისტოს დასაწყისიდანვე, რაც, მისივე განცხადებით, ფართომასშტაბიან აგრესიასთან ერთად საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. კომისიის დასკვნითვე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წელს დაადგინა საქართველოს რეგიონებზე რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ფაქტი და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ასევე, 2022 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები ომის პერიოდში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში. ამ და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილებების ფონზე, ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის გამუდმებული მტკიცება, თითქოს „2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს“, ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ამასთან შეურაცხყოფს ტრაგიკული ომის მსხვერპლთა ხსოვნას და ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ საქართველოზე თავდასხმის გეგმა გენერალური შტაბის მიერ ჯერ კიდევ 2006 წელს შემუშავდა. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით კი 2008 წლის ომის მიზანს ნატოს გაფართოების შეკავება წარმოადგენდა.

ამასთან, გვსურს, შევახსენოთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ქმედება, განურჩევლად იმისა, ახორციელებს თუ არა ის საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო თუ სხვა ფუნქციებს, ამ სახელმწიფოს ქმედებად განიხილება („სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა საერთაშორისოდ არაკანონიერ ქმედებებზე“, 2001, ნაწილი II, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). შესაბამისად, აღნიშნული უსაფუძვლო და დაუფიქრებელი ბრალდებები მიემართება არა კონკრეტულ პირს ან პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და არაღიარების პოლიტიკას, რომელიც სწორედ რომ 2008 წლის მოვლენების სამართლიან ფაქტობრივ ინტერპრეტაციას ეყრდნობა. შესაბამისად, საქართველო შესაძლოა უმძიმესი საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგების წინაშე დადგეს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინასაარჩევნო პოლიტიკური მიზნებისთვის ამ სენსიტიური და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უაღრესად სერიოზული საკითხით მანიპულირება. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგებასა და ნდობის აღდგენას, ხოლო მსგავსი უპასუხისმგებლო რიტორიკა, საგნობრივი დისკუსიების ნაცვლად, პროცესის სხვა განზომილებაში გადატანას ემსახურება.


საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC)

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICNN)

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი

დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი

ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

სტუდია „რე“

ქალთა ფონდი "სოხუმი"

„მომავლის ცხინვალი“

ლევან მიქელაძის ფონდი

კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“

ააიპ „დავიწყოთ ახლა“

„მოძრაობა აფხაზეთისთვის“

მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“

მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი

მეწარმეთა ქალთა ფონდი

პაატა ზაქარეიშვილი (ექსპერტი)

რუსიკო მარშანია (ექსპერტი)

მარინე ზუხბაია (ექსპერტი)

მედეა ტურაშვილი (ექსპერტი)