logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაცია ეხმაურება 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ შეტევას

პრეზ.png
21 თებერვალი, 2020
 0

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა, რომლის ერთ-ერთი ობიექტი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა. აღნიშნული კომპანიის სერვერებზეა განთავსებული სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. კიბერთავდასხმის შედეგად, გაითიშა 15 ათასამდე ვებგვერდი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, სასამართლოების, საკრებულოებისა და სხვადასხვა არასამთავრობო თუ მედიასაშუალების საიტი. შეტევის დროს შეიცვალა ვებგვერდების მთავარი გვერდები და ე.წ. “დიფეისის” (Deface) დროს გამოიყენეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელიც დაზიანებულ ვებგვერდებზე ჩნდებოდა წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები). იმთავითვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა წვრილმან ჰაკერულ ოპერაციას და ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

28 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების და/ან კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს. 29 ოქტომბერს კი სამინისტრომ დამატებითი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კიბერშეტევა შესაძლოა განხორციელებულიყო როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

30 ოქტომბერს ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, განაცხადა, რომ „კიბერდანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება და ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა“. ასევე, მისი თქმით, დანაშაულის გამოძიების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის გარდა, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიც იყვნენ ჩართული. კიბერშეტევის მასშტაბური ხასიათის მიუხედავად, განცხადებები მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

2020 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოს დააკისრა პასუხისმგებლობა. სამინისტრომ კიბერშეტევა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფად შეაფასა და რუსეთი საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვაში დაადანაშაულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებების განცხადებები მოჰყვა. გამოძიებაში მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრი (NCSC), რომელმაც საქართველოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-მ (რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა) მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები განახორციელა. ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული შეტევა 2015, 2016, 2017 წლებში ძირითადად უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების შემდეგ, ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ განხორციელდა.

გაერთიანებული სამეფოს განცხადებით, ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. გაერთიანებული სამეფომ ხაზი გაუსვა, რომ “გრუ”-ს მიერ ორგანიზებული ეს კიბერშეტევები წარმოადგენს მცდელობას, შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის გარდა, საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევის გამო ამ დროისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრეს ნიდერლანდებმა, დანიამ, პოლონეთმა და ლიეტუვამ.

საქართველოში აღნიშნულ ფაქტზე განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმაც, რომლებმაც გაიზიარეს გამოძიების შედეგები და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს. გამონაკლისი აღმოჩნდა „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი გამოძიების შედეგების მიუხედავად, უარყო რუსეთის ფედერაციის როლი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაში.

რუსეთის მიერ ორგანიზებული მორიგი ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა მეტყველებს, რომ საქართველო კვლავ რჩება რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ. მსგავსი მტრული ქმედებები, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გამწვავდება საქართველოს 2020 წლის არჩევნების კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ ახლახანს, 17 თებერვალს ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020“, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდოდ ჩაერევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს რუსული ჰიბრიდული საფრთხეების, როგორც კიბერ, ასევე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეების, სრული სიმწვავე და ამ გამოწვევების პრევენციისა და საქართველოს მედეგებობის ზრდის უზრუნველსაყოფად ეფექტური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა შეიმუშავოს და განახორციელოს. ეს ბუნებრივია რუსეთიდან მომდინარე რეალური საფრთხეების წინააღმდეგ სახელმწიფო რესურსების მობილიზებას გულისხმობს და არა ვიწრო პარტიული მიზნით, პოლიტიკურ ოპონენტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მავნე პროპაგანდისტული ხერხებით ბრძოლას. ამ კონტექსტში, საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტმა უახლოეს მომავალში დაამტკიცოს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხების შესახებ მოკვლევის ჯგუფის საბოლოო ანგარიში და დაიწყოს მასში გაწერილი რეკომენდაციების აღსრულება, რაც ასევე მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეფექტური და კოორდინირებული სისტემის დანერგვის მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.