logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ერთობლივი განცხადება ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებით წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვის შესახებ

ნიკა-მელია.jpg
20 თებერვალი, 2021
 0

2021 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.

18 თებერვალს დილით განვითარებულმა მოვლენებმა და პოლიციის ქმედებებმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას საპოლიციო ძალის გამოყენებით აპირებს. ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში. კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება და მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის უპირველესი ვალდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული.

ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებით გამოწვეული დაძაბული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაა, რაც განმუხტავს არსებულ ვითარებას და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის უკიდურეს ზომამდე გამწვავებას თავიდან ააცილებს. ვფიქრობთ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ამ დაძაბულ ვითარებაშიც შესაძლებელია გამოსავლის პოვნა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არსებით სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერ, 48 საათში, გასაჩივრების უფლებას მხარეებს არ ანიჭებს. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად საჩივრდება. შესაბამისად, ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას.

მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. კერძოდ, დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდება ნებისმიერი ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს იქნება არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვის ინსტიტუციური და ლეგიტიმური გზა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

ღია საზოგადოების ფონდი - OSGF

საზოგადოება და ბანკები

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

ცენტრი “ემპათია”

საფარი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

მწვანე ალტერნატივა

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს გაეროს ასოციაცია

მედიის განვითარების ფონდი