logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს თბილისი, 12 ნოემბერი 2021 წელი

248309767_0_0_1024_577_1920x0_80_0_0_d0866a6971d4aec2d54c8d713cf1b662.jpg
12 ნოემბერი, 2021
 0

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი მანდატით განსაზღვრული შესაძლებლობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ად ჰოკ ვიზიტისა და პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

უკანასკნელ ხანებში, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციები ყოველდღიურად ვხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თვითმხილველები. აღნიშნული, პირველ რიგში, გამოიხატება მისი, როგორც მოშიმშილე პატიმრის და პაციენტის უფლებების უხეშ დარღვევაში, რაც შესაძლოა შეფასდეს, როგორც პატიმრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

2021 წლის 01 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს და გადაიყვანეს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების განთავსების სპეციალურ დაწესებულებას. მ.სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად, დაკავების დღიდან შიმშილობს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოიწვია ექიმთა კონსილიუმი, რომლის დასკვნის მნიშვნელოვანი მომენტები მედია საშუალებებით გახდა ცნობილი. “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია".

ზემოაღნიშნულ რეკომენდაციას მოყვა მაღალი თანამდებობის პირების მათ შორის, პრემიერ მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მას მხოლოდ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ პატიმრის სხვა, მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი არ წარმოადგენს საქართველოს პრემიერ მინისტრის კომპეტენციის სფეროს.

საქართველოს სახალხო დამცველმა ორჯერ - 2021 წლის 24 ოქტომბერს და 4 ნოემბერს შეამოწმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი და დაასკვნა, რომ “დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.” 9 ნოემბერს აღნიშნული საჯაროდ დაადასტურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “რა თქმა უნდა, [N18 სამკურნალო დაწესებულება] არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ.“

გარდა სამედიცინო თვალსაზრისით მიზანშეუწონლობისა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება მესამე პრეზიდენტის ფიზიკური უსაფრთხოებისა და მისი ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის თვალსაზრისითაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს - N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელში გათავსებული პატიმრების დიდი ნაწილი კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარია, ხოლო მ. სააკაშვილის მმართველობა ასოცირდება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლასთან, რაც თავისთავად მაქსიმალურად ზრდის მასზე ფიზიკური ზემოქმედების რისკს სხვა პატიმრების მხრიდან.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, 2021 წლის 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით, მოშიმშილე პატიმრის მიმართ მოპყრობისა და პაციენტის ინფორმირებული თანხმობის პრინციპების სრული იგნორირებით იქნა გადაყვანილი N18 დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ მ. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა კატეგორიული უარი ამ დაწესებულებაში მკურნალობაზე.

მ. სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანის მეორე დღესვე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, - რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.”

პრეზიდენტ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას მკაცრი განცხადებით გამოეხმაურნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც - Amnesty International-მა მომხდარი ღირსების შელახვად, პირადი ცხოვრების ხელყოფად და სათანადო სამედიცინო დახმარების გაუწევლობად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ შერჩევით მართმსაჯულებას არამედ პოლიტიკურ შურისძიებას ჰგავს და IRCT-იმ კი დაგმო პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა და საქართველოს ხელისუფლებას მ.სააკაშვილის საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

გარდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენებისა, მ. სააკაშვილი, N18 დაწესებულებაში შესახლებისას ასევე გახდა სხვა პატიმრების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტიც, რისი ამსახველი კადრებიც ასევე გასაჯაროვდა. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ პატიმრების მხრიდან სიტყვიერ აგრესიას განგრძობადი და პერმანენტული ხასიათი აქვს და იგი მიმართულია არა მხოლოდ პატიმარ სააკაშვილის, არამედ ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც მის მოსანახულებლად შედის დაწესებულებაში, მათ შორის, სახალხო დამცველის მიმართაც. ის გარემოება, რომ პენიტენციური სამსახურს არც კი უცდია პატიმრების მხრიდან აგრესიის აღკვეთა, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ეს მოვლენები მართული ხასიათის იყოს.

2021 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ძალმომრეობით შეყვანის კადრების ნაწილი, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო “იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოუწოდა შესაბამის უწყებებს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც, რომლის შეფასებით, “იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.”

2021 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა ძალადობისა და წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფის განცხადება საქართველოს მე–3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ “მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო მე – 18 – ე დაწესებულებაში გადაყვანისას დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას, რამაც პაციენტს უარი ათქმევინა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებელ ზომებს, პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით. ამავდროულად, ზეწოლის ფაქტების ინტენსიობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც შიმშილობის ხანგრძლივობასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში აისახება, და მიზნად ისახავს პოლიტიკურ შურისძიებას, მიხეილ სააკაშვილის დისკრიმინაციასა და საზოგადოების დეზინფორმირებას, მივიჩნევთ, რომ კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება.”

პატიმარ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნაწილია მაღალი თანამდებობის პირების და საჯარო უწყებების არაერთი განცხადება, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი პროვოცირებისკენ, უარი ეთქვა სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული, სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებების მიღებაზე და სრულ შიმშილობაზე გადასულიყო. ასეთი განცხადებების მაგალითია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება პატიმრის თვითმკვლელობის უფლებაზე, მისივე განცხადება იმის თაობაზე, რომ “როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს”, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ “ეს კაცი ჭამს და სვამს, 3 ლიტრი ლიმონათი უნდა და სვამს”. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 06 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა მ. სააკაშვილის მიერ, N12 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით, სპეციალური საკვები დანამატების მიღების კადრები, რომლებიც მოშიმშილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის მტკიცებულებად წარმოადგინა.

ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ მსგავსი მოპყრობა, მაშინ, როდესაც საზოგადოების სრული ყურადღება მიპყრობილია მისი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ, სერიოზულ კითხვებს აჩენს სხვა პატიმრების მიმართ მოპყრობასა და მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც. ვფიქრობთ, საერთაშორისო ავტორიტეტული მონიტორინგის ორგანოს მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობის შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი IDSD

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” GDI

ცენტრი “ემპათია”

“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” RIVG

საზოგადოება და ბანკები

ციხის საერთაშორისო რეფორმა PRI

კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო TI

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

“უფლებები საქართველო” Rights Georgia

საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი GMC

მედიის განვითარების ფონდი MDF

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED

ღია საზოგადოების ფონდი OSGF

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC

ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC

საფარი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ჭავჭავაძის ცენტრი