logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაციის განცხადება ენერგოპოლიტიკასა და ჰესების მშენებლობის საკითხის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე

192785640_1438452296506843_4169484882156616004_n.png
03 ივნისი, 2021
 0

ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის ენერგოუსაფრთხოებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის მესამედი იმპორტირებულია ან იმპორტირებული ენერგომატარებლების გადამუშავებით არის მიღებული, ენერგიის ადგილობრივი გამომუშავების საჭიროება კიდევ უფრო იზრდება.

დღეისთვის, ენერგეტიკის სექტორში ათეულობით მიმდინარე პროექტი შეჩერებულია ან არსებითი წინააღმდეგობით და შეფერხებით მიმდინარეობს. ამ ფონზე, იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება და, გარდა ენერგოუსაფრთხოებისა, საქართველოს ეკონომიკაც ზარალდება. პროექტების შეფერხების შედეგად, ასეულობით მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია გაყინულია და ათასობით სამუშაო ადგილი ვერ იქმნება. აღნიშნული კი საქართველოში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო განწყობები ქვეყანაში დიდი ხანია, კონკრეტული პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე კონსტრუქციული მსჯელობისა და დარგის სპეციალისტთა შორის განხილვის ფარგლებს გასცდა. ენერგოობიექტების მშენებლობის პროცესი დემონიზებულია და ლეგიტიმური კითხვების პარალელურად, ხშირად ირაციონალურ შიშებზე, ინფორმაციის ნაკლებობასა თუ მიზანმიმართულ მანიპულაციებზე დაფუძნებული არგუმენტები გამოითქმება. შესამჩნევია, ფსევდოპატრიოტული მოტივებით - პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფების აქტიურობაც. შექმნილი არასახარბიელო სიტუაციის მიუხედავად, პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორი ნაბიჯების გადადგმა ვერ ხერხდება, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეზე მიუთითებს. ინსტიტუტებს უჭირთ, როგორც გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღება, ასევე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტური აღსრულება. ანალოგიური ვითარებაა ნამახვანჰესის შემთხვევაშიც. ობიექტური კითხვები და ირაციონალური საკითხები ერთმანეთშია არეული.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ირაციონალური შიშებისთვის ნოყიერი ნიდაგის შექმნა, ხშირად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდანვე ხდებოდა. უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვის აკრძალვის იდეას „ქართული ოცნება“ აქტიურად ლობირებდა და როგორც ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველ საკითხს, ისე წარმოაჩენდა. 2013 წელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა უცხოელებზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით აიკრძალა. 2017 წელს შესაბამისი აკრძალვა უკვე საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ პროცესის ინიცირება ულტრანაციონალისტური ჯგუფების დღის წესრიგით იყო ნასაზრდოები და მას თან სდევდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებიც, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, უცხოელზე გაყიდულ მიწას ოკუპირებულ ტერიტორიებთანაც კი ათანაბრებდნენ. ჰესის მოწინააღმდეგეთა ნაწილს სწორედ ის ულტრანაციონალისტური ჯგუფები წარმოადგენენ, ვის მიერ შექმნილ დღის წესრიგსაც, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის დასასაბუთებლად, „ქართული ოცნება“ საზოგადოების დაკვეთად წარმოაჩენდა. შესაბამისად, მათ მიერ დღეს გაჟღერებული „არგუმენტები“ და „შიშები“, თავად „ქართული ოცნების“ იმ ყოფილი ან მოქმედი წევრების რიტორიკასთან არის თავსებადი, ვინც ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების დასაბუთებას ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ „დიდი ჰესების“ წინააღმდეგ მიმართული აქტივობებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა, რაც შესაბამისი ჩანაწერით, 2012 წლის საარჩევნო პროგრამაშიც აისახა. კერძოდ, პროგრამა ერთ-ერთ დაპირებად შემდეგი შინაარსის ჩანაწერს შეიცავს: „სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა“. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებასთან არასათანადო კომუნიკაციამ, მთავრობის სტრატკომის უმოქმედობამ და პროცესების გამჭვირვალობისა და ღიაობის არარსებობამ, მათ შორის, ძალისმიერმა მეთოდებმა, აღნიშნული პრობლემები გაამძაფრა. ლეგიტიმური ძალის გამოყენება უკიდურესი აუცილებლობის ზომას წარმოადგენს და კომუნიკაციის სხვა საშუალებების ამოწურვამდე, მისი გამოყენება, დაუშვებელია.

მაშინ, როცა საზოგადოების წუხილების უმეტესობის ადრესატი სახელმწიფოა, დღეისათვის, საზოგადოებასთან აქტიურად მხოლოდ კერძო სექტორი საუბრობს. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირებისაგან საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე რეაგირება სუსტია, რომ არაფერი ვთქვათ პროაქტიულ კომუნიკაციაზე. პერიოდულად, დიალოგზე მზაობის ფორმალური დადასტურება, საკმარის კომუნიკაციად ვერ ჩაითვლება. მოცემულ საკითხზე გრძელდება ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული მიუღებელი პრაქტიკა, როდესაც მთავრობის წევრები კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ეთერში არ ჩნდებიან. მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები ნამახვანჰესის საკითხზე არც პრო-სახელისუფლებო არხებზე აქტიურობით გამოირჩევიან. ფართომასშტაბიანი პროტესტისა და წინააღმდეგობის პირობებში კი, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად სახელმწიფო ინტერესები ზიანდება და ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობას საფრთხე ექმნება. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი საშიში პრეცედენტი და ჯაჭვური რეაქციით, სხვა პროექტებსაც შეეხება.

ამასთანავე, უკვე გაფორმებული ხელშეკრულების ვერ შესრულების/ჩაშლის შემთხვევაში, ერთი მხრივ - საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის შეჩერების შემდეგ, მორიგი დიდი ზიანი მიადგება, ხოლო, მეორე მხრივ - ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დაზარალებული კომპანიის წინაშე საკმაოდ მასშტაბური ფინანსური ვალდებულებები წარმოეშობა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • ფართო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით ხელშეკრულების დაუბალანსებლობისა და პროექტის უსაფრთხოების, ასევე პროექტის სარგებლიანობის ნაწილში არსებულ კითხვებს საჯაროდ გასცეს დასაბუთებული პასუხები და პროექტის შეუფერხებელი განხორციელება უზრუნველყოს.
  • მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდები არ გამოიყენოს.
  • გამოიკვლიოს ენერგოუსაფრთხოების საწინააღმდეგო განწყობების წამახალისებელი პრორუსული ჯგუფების შესაძლო არაჯანსაღი ინტერესის არსებობა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, კანონის შესაბამისად იმოქმედოს.
  • შეიმუშავოს ენერგოუსაფრთხოების მდგრადი განვითარების გეგმა, რათა ენერგოპოლიტიკა და ენერგორესურსებზე წვდომის საჭიროება - საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, განჭვრეტადი იყოს. მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცალკეული პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპი, საჯაროობის პრინციპის დაცვითა და ფართო საზოგადოებასთან ჯეროვანი კომუნიკაციით, წარიმართოს.