აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების საქმეზე გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, თუმცა, ამ დრომდე საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობასა და ზოგადად, აზერბაიჯანელი დისიდენტების საქმეებში საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკური ლოიალობის თაობაზე. მეტიც, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში იდენტიფიცირებული სერიოზული ხარვეზები საზოგადოების ნდობას და მოლოდინს გამოძიების ეფექტიანობის მიმართ მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაბამისად, საქმის მაღალი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება აფგან მუხთარლის საქმეზე. ამასთან, საქართველოს მთავარ პროკურორს გამოძიების პროცესში საერთაშორისო გამომძიებლების/ექსპერტების მონაწილეობასა და მაქსიმალური ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის მიდგომების დაცვას ვთხოვთ.
აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მოლოდინის მიუხედავად, პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ ის მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ასუსტებს.
საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და გადაუდებელი მტკიცებულებების, მათ შორის,ვიდეო ჩანაწერების მოპოვება, სწორედ შსს-მ მნიშვნელოვანი ხარვეზებით განახორციელა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიების მიერ არ ყოფილა ამოღებული გამტაცებლების გადაადგილების მარშუტზე თბილისიდან ლაგოდეხამდე არსებული კერძო ობიექტების ვიდეო ჩანაწერები, ხოლო ამავე პერიმეტრზე არსებული შს სამინისტროს ვიდეო კამერები, მოწმის ჩვენების მიხედვით გათიშული იყო. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, არ ფუნქციონირებდა სასაზღვრო-საემიგრაციო პუნქტ „ცოდნაზე“ (ლაგოდეხი) გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩამწერი მოწყობილობა. შსს-ს მიერ საქმისთვის ყველაზე არსებითი და პირდაპირი მტკიცებულებებისარასათანადოდ მოპოვება, მთლიანობაში გამოძიების არაობიექტურობისა და არაეფექტიანობის შესახებ ეჭვებს აძლიერებს.
მეტიც, ორგანიზებულიდანაშაულისადაკორუფციისმაუწყებელიპროექტისა (OCCRP) დატელე-არხი „რუსთავი 2“-ისჟურნალისტებთან ჩაწერილი ახსნა-განმარტებები, რომლებიც აფგან მუხთარლისგატაცებასდამოუკიდებლადიძიებდნენ, მიუთითებს ეჭვზე, რომ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლებმა წაშალესკერძო კამერებითჩაწერილი მასალა. [1]
აფგან მუხთარლის გატაცემის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ ვარაუდს კიდევ უფრო ხელშესახებს ხდიდა, რომელიც თითქმის უაპელაციოდ იმეორებდა საქმეზე აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას, და უგულვებელყოფდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან მუხთარლის პოლიტიკური დევნისა და მისი დაკავების ინტერესის გარემოებას.
მთლიანობაში, გამოძიების საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა და გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტის დარღვევამ, არსებითად შეამცირა საქმეზე სიმართლის დადგენისა და რეალური გამოძიების შესაძლებლობა.
ამ ეჭვებს აძლიერებს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის - ელმან ნასიროვის მიერ ,,რადიო თავისუფლებისათვის“ 2017 წლის 9 ივნისს მიცემული ინტერვიუც, რომელშიც მან განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის დაპატიმრება აზერბაიჯანის და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი ძალისხმევის და ნაბიჯების შედეგად მოხდა (მომავალში მან ეს განცხადება უარყო).
საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თვითკრიტიკული განცხადება და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება - საზღვრის დაცვის და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსების გათავისუფლების თაობაზე, ცხადია, არ შეიძლება განხილული იქნას საკმარის რეაგირებად.
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები აფგან მუხთარლის საქმეზე მკვეთრად კრიტიკული იყო და ისინი საქართველოს მთავრობას დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ. მათ შორის, 2017 წლის 3 ივნისს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა შეშფოთება მომხდარზე და მოუწოდა საქართველოს უზრუნველეყო სრული, გამჭვირვალე და დროული გამოძიება . გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობა ხაზგასმულია ევროპარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის რეზოლუციაშიც. 2018 წლის 12 იანვარს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს სავარაუდო გატაცების საქმეზე საქართველოში წარმოებულ გამოძიებას და ხედავს საფუძვლიანი, გამჭვირვალე და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, იმის მაჩვენებელია, რომ დაუშვებელია საქმეზე არსებული კითხვები და ეჭვები პასუხგაუცემელი დარჩეს. გამოძიების გაჭიანურება სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს.
ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე მიმდინარე გამოძიების პროცესი ხარვეზიანი და ნაკლებად ეფექტიანია. შესაბამისად, საქმის განსაკუთრებული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის, ასევე გამოძიების პროცესში ამ დრომდე გამოკვეთილი არსებითი ხარვეზებისა გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით[3] შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე და მათ შორის, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და უწყების სხვა რელევანტური პირების დაბარება, ასევე მთავარი პროკურორის მოსმენა საქმეზე.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს:
- თანამშრომლობისთვისშესაბამის ფორმატში, უზრუნველყოს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების) ექსპერტებისა და გამომძიებლების ჩართვა გამოძიების პროცესში, რისი გამოცდილებაც სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე უწყებას უკვე გააჩნია;
ხელმომწერი ორგანიზაციები:
[1] კვლევა: რეპრესია საზღვრებს მიღმა: აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR), თავისუფლება ახლა, 2017, გვ. 23-24, ხელმისაწვდომია:
https://emc.org.ge/2017/11/21/emcraport/
[2] კვლევა: რეპრესია საზღვრებს მიღმა:აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR), თავისუფლება ახლა, 2017, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/2017/11/21/emcraport/
[3] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 54-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოს და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს, ასევე ინფორმაცია, რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.