logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სოფელ ბერშუეთში ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2017/07/tsentralur-magistralamdedarcha-1.png
06 ივლისი, 2017
 0

2017 წლის 4 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერი აღმართეს. მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დანერგვა. ამასთან, სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება.

აღნიშნული ვითარება წარმოადგენს უაღრესად სერიოზულ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველო-რუსეთის შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. რუსეთი აგრძელებს ძირითადი საერთაშორისო ნორმების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, პოზიციის მობილიზაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უაღრესად სერიოზული გამოწვევები, რაც გამოიხატება ე.წ. ბორდერიზაციის, მცოცავ ოკუპაციასა და მოსალოდნელ ანექსიაში.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ანტი-ანექსიური სტრატეგიის შემუშავება და მისგან გამომდინარე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვა, რაც მსგავს კრიზისების დროს მათზე რეაგირების ქმედითი გეგმისა და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას გულისხმობს.

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

მწვანე ალტერნატივა

საზოგადოება და ბანკები

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)