„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS) ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერალურ კანცელარიასა და საგარეო ოფისის წარმომადგენლებთან. შეხვედრებისას განხილული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, GRASS-ის უახლესი კვლევის დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს, თუ რა პოტენციური სარგებელი შეიძლება მიიღოს აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში. ადვოკატირების ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებს ბერლინში არსებულ არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან, მათ შორის: Democracy Reporting International, Berlin Center for Caspian and Eurasian Studies, The Centre for East European and International Studies (ZOiS). ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოსთან (ECFR Berlin) თანაორგანიზებით, სადაც GRASS-ის კვლევის პრეზენტაცია და გერმანული კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად კვლევის გარშემო დისკუსია გაიმართა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია „ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტს“ (Institut für Europäische Politik) და „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ბერლინის ბიუროს“ (ECFR Berlin) ვიზიტის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ვიზიტი განხორციელდა პროექტის „ევროპეიზაცია პროცესის მიღმა“ ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება ევროპული ინიციატივა“ (OSIFE).