logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

არასამთავრობოების ნაწილი საქართველოში ევროკავშირის ელჩისგან პასუხს ელოდება

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/07/helen.jpg
08 ივლისი, 2015
 0

ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ შეკითხვაზე, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩს მივმართეთ, პასუხს მივიღებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოჰ ჰერმანს წერილით მიმართავენ, დღეს საელჩოს პირველმა მდივანმა რადოსლავ დარსკიმ მიიღო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კეპულაძემ აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენელს საკუთარი შეშფოთება გააცნეს კანონპროექტის შინაარსა და მისი შემუშავების პროცესთან დაკავშირებით.
"ევროკავშირის ელჩი ამჟამად თბილისში არ იმყოფება, თუმცა ჩვენ შევხვდით საელჩოს პირველ მდივანს, რომელმაც გვითხრა, რომ მივიღებთ კითხვაზე პასუხს, რომელიც ჩვენ ბატონ იანოჰ ჰერმანს დავუსვით იმის შესახებ, არიან თუ არა ჩართულნი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებულ პროცესში ევროკავშირის და ევროპის ცენტრალური ბანკის ექსპერტები, რასაც ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს. ჩვენ არ გვსურს ასოცირების შეთანხმება მისი გაფორმებიდან პირველივე წელს დაირღვეს და შეიქმნას პრობლემები ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით. საელჩოს პირველ მდივანს გადავეცით ჩვენი შეშფოთება იმასთან დაკავშირებითაც, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტზე.
როგორც საელჩოში გვითხრეს, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. ჩვენ დაველოდებით მათ პასუხს", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს წერილით მიმართავს.
წერილი, რომელსაც 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჩააბარეს.

ერთობლივ წერილში არასამთავრობო სექტორი პარლამენტის მიერ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შეასუსტებს და გააუარესებს საქართველოში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობას და ხარისხს.

წერილის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აღშფოთებთ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, რადგან შიშობენ, რომ ის არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მათი თქმით, ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, კანონმდებლობა, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება, შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტებთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ.
აღნიშნულ კონტექსტში წერილის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს სთხოვენ, მიაწოდოს ინფორმაცია, მონაწილეობდნენ თუ არა კონსულტაციებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ექსპერტები და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადასცეს ევროკავშირის ექსპერტების კონკრეტული სია.

"კანონპროექტის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ სატელევიზიო დებატების დროს აღნიშნა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ექსპერტები. მოგმართავთ თხოვნით, ოფიციალურად დაადასტუროთ ეს ფაქტი და მოგვაწოდოთ ევროკავშირის ექსპერტების სია, რომლებიც მონაწილეობდნენ კონსულტაციებში და ასევე, მსგავსი სამუშაო

შეხვედრების კონკრეტული თარიღები", - ნათქვამია ევროკავშირის ელჩისადმი გაგზავნილ წერილში.
ევროკავშირის ელჩისადმი გაგზავნილ წერილს ხელს აწერს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია - ასოციაცია "მწვანე ტალღა", "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი", "მედის განვითარების ფონდი", "მომავლის ინიციატივა", "საზოგადოება და ბანკები", საინფორმაციო პორტალი – "ევროპა საქართველოსთვის", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", სტუდია "მონიტორი", "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი", "ხმა საქართველოდან", Georgianreview.ge, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლების დეკანი გიგა ბედინეიშვილი.

წყარო : http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/338043-arasamthavroboebis-natsili-saqarthveloshi-evrokavshiris-elchisgan-pasukhs-elodeba.html