logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის განცხადება ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

20 დეკემბერი, 2012
 0

GRASS-ის განცხადება ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

გამოვხატავთ შეშფოთებას დღეს ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც საკრებულოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს და უმცირესობის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამწუხაროა, რომ სამართალდამცავების უმოქმედობის პარალელურად კეთდება უმრავლესობის ლიდერების საჯარო განცხადებები უმცირესობაში მყოფი პარტიის მიუღებლობის შესახებ. ამ ყველაფრის შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივობის ინტენსივობა პროპორციულია მათ წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი ზომებისა.

მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ ხანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით, ადგილობრივ თვითმმართველობებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების “დაჭერები”, უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატური დარღვევა დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უმრავლესობამ პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად მოახერხოს თანამშრომლობა არჩეულ პრეზიდენტთან და მის გუნდთან, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე პარლამენტის ფარგლებში. კოჰაბიტაცია, პირველ რიგში, გულისხმობს ერთმანეთის არსებობის პატივისცემას, პოლიტიკური განადგურების იდეაზე უარის თქმას და, ამასთან, ისეთ სფეროებში საერთო ენის გამონახვას, სადაც კონსტიტუციის მიხედვით დამოუკიდებლად ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას.

მივესალმებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას “ქუთაისის ინციდენტთან” დაკავშირებით და მოვითხოვთ აღნიშნული ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებას.აგრეთვე მოვითხოვთ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი და დაცული ნებისმიერი, მათ შორის პოლიტიკური უმცირესობების უფლებები.

_________________________________
საქართველოს რეფორმების ასოციაცია