logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/10/470_0720-georgia-borders_58982b8f613921.jpg
29 მაისი, 2013
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ 300 მეტრით გადმოწევასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკისა, დაარეგულიროს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან,მოსკოვი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკას არამეგობრული და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რომ საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა უმაღლეს დონეზე დააყენონ მოსკოვთან მსგავსი ნაბიჯების ქმედებების მიუღებლობა და მოითხოვონ როგორც საჯაროდ, ისე ორმხრივ რეჟიმში ადმინისტრაციული საზღვრის უკან გადაწევა. ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საქართველოს მიერ ამოქმედებულ იქნას საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობას სრულად ინფორმირების და ამ ნაბიჯის საერთაშორისო შეფასების მიზნით.
ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ როგორც 31 მაისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ისე ივნისში დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე სრული სიმწვავით დაისვას ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის მიუღებლობა და ამ არასამართლებრივი ქმედების აღმოფხვრის აუცილებლობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ნაბიჯების უშედეგობის შემთხვევაში, ფაქტიურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს და რუსეთს შორის ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სხვა არაპოლიტიკურ საკითხებზე მიმდინარე დიალოგის მიზანშეწონილობა.
ამასთან, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ, ჩვენი აზრით, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ეხება, გადადგან ყველა შესაძლო საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მოვუწოდებთ ორივე პოლიტიკურ ძალას,რომ არ მოახდინონ ამ საკითხის პოლიტიზაცია და გააერთიანონ ძალისხმევები რუსეთის ფედერაციის ამ არამეგობრული ნაბიჯისთვის სწორი საერთაშორისო შეფასების მისაცემად.