logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სომხეთში ვიზიტის დროს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით

18 იანვარი, 2013
 0

GRASS-ის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სომხეთში ვიზიტის დროს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით

GRASS გამოხატავს შეშფოთებას პრემიერ-მინისტრის მიერ “რადიო თავისუფლების” სომხეთის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში დაფიქსირებულ პოზიციებთან დაკავშირებით.

კერძოდ, უცნაურად გვეჩვენა პრემიერ-მინისტრის განცხადება საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მომავალში ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. მოვითხოვთ განმარტებას, რა დროის მონაკვეთს გულისხმობს პრემიერ-მინისტრი, როდესაც საუბრობს, რომ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები “ახლო მომავალში” არ შეიცვლება და რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს მათი ცვლილება უფრო შორეულ მომავალში.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ დამატებით განმარტებებს საჭიროებს პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ნატო-ში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც საქართველოსთვის სამაგალითო უნდა გახდეს. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის მიზანს ნატო-ში გაწევრიანება არ წარმოადგენს, განსხვავებით საქართველოსგან, რომლის ამოცანა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაა, განსხვავებით სომხეთის რესპუბლიკისგან, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციასთან მხოლოდ კარგი ურთიერთობის გაღრმავებაა. აღარაფერს ვამბობთ სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და დსთ-ს წევრობაზე. იმედია, არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ ორგანიზაციების წევრობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის მხოლოდ დამღუპველი შეიძლება იყოს. აღნიშნულმა გამონათქვამებმა, სამწუხაროდ, გააბათილა ამავე ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმული პოზიცია საქართველოს ნატო-ში მისწრაფების შესახებ.

აღნიშნული განცხადებები კარდინალურად განსხვავდება პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისაგან. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ განმარტებას, თუ რამ განაპირობა მსგავსი არათანმიმდევრული პოზიციების დაფიქსირება, რათა არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოებისათვის ბუნდოვანი არ იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ამ კურსისადმი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების დამოკიდებულება.