logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

პაატა გაფრინდაშვილი - რუსული პასუხი არის უფრო საფრთხის შემცველი, ცინიკური, მაგრამ არამც და არამც პოზიტიური გამოხმაურება საქართველოს პრემიერის კონსტრუქციულ შეთავაზებაზე

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/02/paata-gaprindashvili.jpg
13 მარტი, 2018
 0
რუსეთის ხელისუფლების მიმართ პრემიერის მიმართვასა და ამ მიმართვაზე რუსულ პასუხზე "ინტერპრესნიუსი“ " საქართველოს რეფორმების ა სოციაციის" დირექტორს, პაატა გაფრინდაშვილს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, გასულ კვირას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. მიმართვის ტექსტმა აზრთა სხვადასხვაობა იმთავითვე გამოიწვია და მასზე მსჯელობა არ ცხრება. მართალია, რუსულმა პასუხმა ცოტა დააყოვნა, მაგრამ იგი უკვე მიღებულია.
ვიდრე რუსულ პასუხზე გადავიდოდეთ, თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი?

- პრემიერის მიმართვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, გასაგებია რატომაც. შეფასებებში კრიტიკა ჭარბობდა, ვიდრე პოზიტიური გამოხმაურება. სამწუხაროდ, მეც ვიზიარებ მიმართვისადმი კრიტიკულ განწყობას.
არ ვიცი ეს ნახევრად ხუმრობით ვთქვა თუ სერიოზულად, მაგრამ ჩემთვის სამწუხარო ის გახლდათ, რომ შესაძლოა მთლად ისე არ უნდოდა განცხადების ავტორს, როგორც საბოლოოდ გამოვიდა. შესაძლოა, დაწერილი ტექსტი გავრცელებამდე არც კი იქნა შემდეგ წაკითხული.
აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის საწინააღმდეგო პირადად მე არაფერი მაქვს, უფრო მეტიც, მე ცალსახად ვუჭერ მხარს საქართველოს მთავრობის და ქართული საზოგადოების ხედვას და განწყობას, რომ აუცილებელია აფხაზებთან და ოსებთან სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით ამ ეტაპზე ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგი. მათ შორის იმ საკითხებზე დიალოგი, რამაც უნდა მიგვიყვანოს კონფლიტის ზონებში გადაადგილების თავისუფლებამდე.
დიალოგი კარგია, მაგრამ ხაზგასმა, რომ პირდაპირი დიალოგი უნდა გაიმართოს ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ეს განცხადება რბილად რომ ვთქვათ ბუნდოვანია, აჩენს კითხვის ნიშნებს და არ არის ბოლომდე ადეკვატური.
დიალოგი კარგია, მაგრამ ხაზგასმა, რომ პირდაპირი დიალოგი უნდა გაიმართოს ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ეს განცხადება რბილად რომ ვთქვათ ბუნდოვანია, აჩენს კითხვის ნიშნებს და არ არის ბოლომდე ადეკვატური

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობს სამი სახელმწიფო, აშშ, რუსეთი და საქართველო, ასევე გაერო, ევროკავშირი და ეუთო. მართალია, ამ დისკუსიებში მონაწილეობას იღებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები, მაგრამ ისინი მხოლოდ რუსეთის მიერაა აღიარებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროცესში ასევე მონაწილეობენ საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები.
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჟენევის ფორმატის კონტექსტში პირდაპირ დიალოგზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანი და შესაძლოა, ქართული ინტერესების დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს ჟენევის მომავალ შეხვედრებში.
- პრემიერის მიმართვაზე მთავრობის წევრების მხრიდან რამდენიმე დამაზუსტებელი კომენტარები გაკეთდა...
- დამაზუსტებელ კომენტარებს რაც შეეხება, თუ სახელმწიფო მინისტრის ქეთი ციხელაშვილის დამაზუსტებელ კომენტარს გულისხმობთ, პირადად მე ამ დამაზუსტებელ კომენტარს კი დავუჭერდი მხარს. როცა პრემიერი მიმართვას აკეთებს, დაზუსტებების გაკეთება არ უნდა იყოს აუცილებელი.
ქეთი ციხელაშვილმა გააკეთა კომენტარი - არ უნდა გაგვიკვირდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებთან პირდაპირი დიალოგი, ვინაიდან ეს პროცესი 2010 წლიდან მიმდინარეობსო. ამ კომენტარს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ პრემიერის მიმართვაში ამ თემაზე განცხადება არ არის კარგად ჩამოყალიბებული. აჩენს ბუნდოვანებას, გააჩინა კითხვის ნიშნები. რამაც, სხვათა შორის, რუსულ პასუხში ჰპოვა ასახვა.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრემიერის მიმართვა დაიწერა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოუცემლობის გამო. მიზანი იყო რუსეთის ფედერაციას ამ საკითხში თანადგომა გამოეხატა ჩვენთვის. ამ საკითხზე სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარი, მათ შორის ჟენევის ფორმატზე, პირდაპირ დიალოგებზე, ასევე რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე, ამ შემთხვევაში იყო არაადეკვატური.
- როგორ შეაფასებდით პრემიერის მიმართვაზე რუსულ პასუხს?
იქნებ ჯერ იმაზე გაამახვილოთ ყურადღება, რომ პრემიერის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი რუსეთის მხრიდან მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა.

- რუსეთი რომ ასე ხშირად იქცევა და შესაძლოა, ჩვენს შემთხვევაშიც გამოეჩინა თავისი სახე, ჩვენ ვალდებულები ვიყავით გვცოდნოდა. როგორც ჩანს, თავის დროზე ქართულ მხარეს ეს თავიდანვე არ გაუთვალისწინებია. შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს პრემიერს სამი დღის შემდეგ საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტმა უპასუხა.
- რაც შეეხება პასუხის შინაარსობრივ მხარეებს.
- გარდა იმისა, რომ ეს არის პრემიერის მიმართვაზე ცინიკური პასუხი, იგი თავისი შინაარსით საფრთხის შემცველია და არა პოზიტიური გამოხმაურება შეთავაზებულ თანამშრომლობაზე. ხაზს ვუსვამ, იგი არის უფრო საფრთხის შემცველი, რა თქმა უნდა ცინიკური, მაგრამ არამც და არამც პოზიტიური გამოხმაურება საქართველოს პრემიერის კონსტრუქციულ შეთავაზებაზე.
არ ვიცი რას ეფუძნებოდა, მაგრამ ცხადია, სავარაუდოდ პრემიერს ჰქონდა მოლოდინი, რომ მის მიმართვას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვებოდა. ფაქტია, რომ სრულიად საწინაღმდეგო რამ მივიღეთ.
- რუსულ პასუხში ორი დეტალია, რომელზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. პასუხში ნათქვამია, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც საქართველოს აწუხებს, რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიღმაა.
პრაქტიკულად გვეუბნებიან, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მოსკოვის პოზიცია უცვლელია ანუ კრემლი ამ რეგიონების დამოუკიდებლობის უკან გაწვევას არ აპირებს.

- რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ამბობს შემდეგს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში რუსეთი არაფერ შუაშია. საქართველოსთან ურთიერთობები დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქმეა და ეს რუსეთს არ ეხება. განცხადებაში სწორედ ამას უსვამენ ხაზს, ამაში სიახლე არაა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მისი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - მის მიერ არალეგიტიმურად აღიარებულ სუბიექტებს სტატუსი აუმაღლოს და ამ საქმეში თავის მონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე ხელი ყოველმხრივ დაიბანოს. ანუ, ოკუპაციაზე საერთოდ არაა საუბარი. იგი ასე იქცეოდა და ასე იქცევა ახლაც.
რუსეთი ცდილობს პრემიერის განცხადებაში არასწორად გამოთქმული გზავნილები გამოიყენოს. ჩვენ იმის საშუალება არ უნდა მივცეთ რუსებს, რომ მან ჩვენთან დიალოგში პირდაპირ თუ ირიბად თავისი პოზიციები გაიძლიეროს

ამ განცხადებით რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტმა თვალნათვლივ გვაჩვენა. რომ რუსეთი ცდილობს პრემიერის განცხადებაში არასწორად გამოთქმული გზავნილები გამოიყენოს. ჩვენ იმის საშუალება არ უნდა მივცეთ რუსებს, რომ მან ჩვენთან დიალოგში პირდაპირ თუ ირიბად თავისი პოზიციები გაიძლიეროს.
სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამგვარ პოზიციებსა და მიდგომებს გამოიყენებს ჟენევის შემდგომ დისკუსიებზე, რომელიც მარტის ბოლოსაა დაგეგმილი. მაგალითად, წლებია მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ ხელი უნდა მოეწეროს ძალის არგამოყენების შეთანხმებას. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ ამგვარ შეთანხმებას ხელი რუსეთთან მოაწეროს. რუსეთი კი ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნებას იმაში, რომ თბილისმა ძალის არგამოყენების შეთანხმებას ხელი სოხუმთან და ცხინვალთან უნდა მოაწეროს.
ძალის არგამოყენებასთან ვინმეს საწინააღმდეგო არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ თბილისი რუსეთის მოთხოვნას გაითვალისწინებს ჩვენ, ნებსით თუ უნებლიეთ, პირდაპირ თუ ირიბად ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მათ საბოლოდ აღიარებამდე მართლაც ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი. რუსული პასუხი საფრთხეებს შეიცავს. ჩვენ რუსული საფრთხეების განეიტრალებას უნდა ვცდილობდეთ და არა გაღვივებას.
რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტი ჩვენს მიმართვაში ბუნდოვანებას ჩაეჭიდა და ახლა მის გამოყენებას ცდილობს. ჩვენ უაზრო რიტორიკით არ უნდა ვაძლევდეთ ოპონენტს ამის საშუალებას. ჩვენ ჟენევაში აშშ-სთან გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან ერთად უნდა ვცდილობდეთ იმ პოზიციების არა მარტო დაცვას, არამედ გაძლიერებას, რომელიც უკვე არსებობს. სწორედ რუსეთია ოკუპანტი, სწორედ რუსეთია აგრესორი.
ჩვენ რუსული საფრთხეების განეიტრალებას უნდა ვცდილობდეთ და არა გაღვივებას

ეს ჩემი მორალური შეფასება კი არ გახლავთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსია გახლავთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ფორმატი, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთის ამ პასუხში მხოლოდ გაკვრითაა საუბარი ტატუნაშვილის თემაზე, დიდია იმის ალბათობა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია, რუსული მხარე კი მომხდარს „რაღაც სამწუხარო ინციდენტად“ მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთს საერთოდ არაფერი არ ესაქმება. ამაზე მეტი ცინიზმი რაღა უნდა იყოს, არ ვიცი.
- თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსულ პასუხში გამოთქმული შემდეგი მოსაზრება - “რუსეთი დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების იმდენად გაჯანსაღებაში წავიდეს შორს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი“?
- ჩემი აზრით, დიდ კონსპირაციებში წასვლა არაა საჭირო. ალბათ მორიგ ჯერზე რუსეთი იტყვის თუ გნებავთ ურთიერთობების სხვა ეტაპზე გადასვლა, დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობებიო. დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია, თქვენ გაწყვიტეთ, წინა ხელისუფლებამ გაწყვიტა, აღადგინეთ იგი და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. თუ თქვენ ამ ნაბიჯზე წახვალთ, მაშინ ჩვენ თქვენთან უვიზო მიმოსვლაზე გადავალთ. ანუ, რუსეთი კიდევ ბევრ საკენკს დაგვიყრის, მაგრამ რასაც იგი დაგვიყრის, ჩვენ ყველაფერი კი არ უნდა ავკენკოთ.
რუსეთი კიდევ ბევრ საკენკს დაგვიყრის, მაგრამ რასაც იგი დაგვიყრის, ჩვენ ყველაფერი კი არ უნდა ავკენკოთ

რუსულ გეგმებზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მოდით, ჩვენ არ მივცეთ მას იმის ფუფუნება, რომ რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის განცხადებაში სტრიქონებს შორის არსებულ აზრებზე ღრმა დისკუსიები გავმართოთ.
რუსული პასუხის ერთ-ერთი გზავნილია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ეს კი იქნება ოფიციალური თბილისის მხრიდან ოკუპირებული და არალეგიტიმურად აღიარებული საქართველოს რეგიონების აღიარება.
- რუსეთის ხელისუფლებისთვის პრემიერის მიმართვაზე გამართული მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ განცხადებიდან საქართველოს რაიმე სასიკეთოს მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.
- სამწუხაროდ, ასეა. რადგან რუსეთზე ვსაუბრობთ, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ჩერნომირდინის ცნობილ სხარტ გამონათქვამს გავიხსენებ - “გვინდოდა უკეთ ყოფილიყო და გამოვიდა, როგორც ყოველთვის, უარესი”.
მინდა მჯეროდეს, რომ პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით მინიმუმ გაუგებრობას აქვს ადგილი და მომავალში მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე პრემიერის სახელით განცხადება თუ მიმართვა გავრცელდება

ეჭვიც არ მეპარება, პრემიერს რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვით უნდოდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოუცემლობის გამო შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა. მას ამოძრავებდა კეთილშობილური მიზანი, მაგრამ ამ ფონზე სხვა ველზე გადავიდა, სხვა საკითხებში შეიჭრა. შესაძლოა, მისი განცხადება მას შემდეგ რაც დაიწერა, წაკითხულიც კი არ იყო. არადა ამ დროს უფრო მეტი ყურადღება და დაფიქრებაა საჭირო.
ჩემი აზრით, ეს განცხადება მინიმუმ ოთხ-ხუთ სხვადასხვა თვალს მაინც უნდა ენახა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე პრემიერის აპარატში, ვინც პრემიერის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებითაა დაკავებული. ბოროტი განზრახვებისა და კონსპირაციებისაგან შორს ვარ, მინდა მჯეროდეს რომ პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით მინიმუმ გაუგებრობას აქვს ადგილი და მომავალში მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე პრემიერის სახელით განცხადება თუ მიმართვა გავრცელდება.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”