logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ფაქტ-მეტრი თავდაცვის ხარჯების მოცულობასა და მიზნობრიობაზე

Capture.JPG
19 ივნისი, 2019
 0

ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" საუბრობს თავდაცვის ხარჯების მოცულობასა და მის მიზნობრიობაზე

ფაქტ-მეტრის რუბრიკის დღევანდელი თემა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სააგიტაციო ბუკლეტის ის ნაწილია, რომელიც თავდაცვაზე გაწეული ხარჯების მოცულობასა და მიზნობრიობას შეეხება. მიმართვის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვაზე მიმდინარე წელს მილიარდი, მომავალ წელს კი 1.4 მლრდ ლარი დაიხარჯება. ალიანსის მტკიცებით, 400 მლნ 2019 წელს, ხოლო 800 მლნ 2020 წელს, ნატო-ს მოხმარდება.

მოცემულ შემთხვევაში შეცდომაში შემყვანია როგორც რიცხვები, ასევე მსჯელობის შინაარსობრივი ნაწილი. კერძოდ, თავდაცვაზე გაწეული ხარჯები ბოლო წლებში სტაბილურად მშპ-ს 2%-ის ფარგლებშია და 2022 წლის ჩათვლით ამავე ნიშნულზეა დაგეგმილი. ორგანიზაციულად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 875 მლნ ლარია, რაც 2020 წლის პროგნოზით, 953 მლნ-მდე გაიზრდება. შესაბამისად, თავდაცვაზე არც მიმდინარე წელს იხარჯება მილიარდი ლარი და არც 2020 წელს არის 1.4 მლრდ-მდე მისი ზრდა პროგნოზირებული.

ქვეყნის სტატუსის მიუხედავად, თავდაცვაზე და შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე ფინანსების გამოყოფა ობიექტური აუცილებლობაა. თავდაცვაზე დახარჯული სახსრების ოდენობა შესაძლოა იყოს მსჯელობის საგანი, თუმცა მისი შეიარაღების მომწოდებელზე დახარჯულად მიჩნევა აბსურდული მტკიცებაა.

მეორე მხრივ, არც თავდაცვის ძალების შეიარაღებაზე იხარჯება ამ მოცულობის სახსრები. სფეროს სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შეიარაღებაზე დახარჯული სახსრების ზუსტად დადგენა რთულია. თუმცა, შეიარაღებაზე დასახარჯ სახსრებზე მსჯელობა შესაძლებელია „თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნება -განვითარებისა“ და „შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერების“ მუხლებში ასახულ თანხებზე დაყრდნობით, რაც 2019 წელს, 196 მლნ ლარს შეადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სახსრები არც სრულად შეიარაღების შეძენაზე იხარჯება, არც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან იარაღის იმპორტზე. შესაბამისად, შეძენილი იარაღის ღირებულების „ნატო-ზე დახარჯულად“ მიჩნევის აბსურდულობასთან ერთად, შეიარაღებაზე დასახარჯად დასახელებული 400 მლნ ლარიც არსებითად გადაჭარბებულია.

შინაარსობრივად, „ნატო-ზე დახარჯულ“ სახსრებში შესაძლებელია ჩაითვალოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის ხარჯები. 2019-2020 წლებში ბიუჯეტში ამ მიმართულებით 43 და 44 მლნ ლარია გათვალისწინებული. ეს რიცხვები ერთი მხრივ, არსებითად ჩამოუვარდება დასახელებულ მაჩვენებლებს. მეორე მხრივ, ეს რესურსი არა მხოლოდ ნატო-ს ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებებს არამედ, სხვა აქტივობებს, მათ შორის ევროკავშირის მისიებში მონაწილეობისათვის გასაწევ ხარჯს მოიცავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადება ტყუილია და საზოგადოება მიზანმიმართულად შეყავს შეცდომაში.