logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ განცხადება ა.წ. 26 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვასთან დაკავშირებით

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2013/08/cms-image-000018127.jpg
27 აგვისტო, 2013
 0

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელდა მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟი. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია რეგიონში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების უკმაყოფილება და სპეცრაზმის მიერ ადგილობრივი მუსლიმების დაკავება და ფიზიკური შეურაცხყოფა.

მთავრობის მხრიდან მსგავსი ქმედებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში. აქედან გამომდინარე, მთავრობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და სიფრთხილით უნდა მოეკიდოს არსებული ვითარების განმუხტვას. ამ ფონზე შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც არ უწყობს ხელს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და სიტუაციის განმუხტვას.

უმცირესობების უფლებები, ისევე როგორც რელიგიური თავისუფლება, წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული უფლებების ეფექტური დაცვა, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელიც მიისწრაფის ევროატლანტიკურ სივრცეში წევრობისაკენ.

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)“ მოუწოდებს მთავრობას გადადგას ქმედითი და მყისიერი ნაბიჯები ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად და პასუხისმგებლობით მოეკიდოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ ვალდებულებას, ეფექტურად დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობების უფლებები და თავისუფლებები.