logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ფაქტებზე დამყარებული დებატების ადვოკატირება ვებ-გვერდის (www.factcheck.ge) შექმნის და გავრცელების საშუალებით

01 ოქტომბერი, 2013
 0

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციებია გერმანიის მარშალის ფონდი, დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

www.factcheck.ge არის მიუკერძოებელი გვერდი, რომელიც საზოგადოებას საჯარო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას შესაბამისი კვლევის სახით ქართულ და ინგლისურ ენებზე აწვდის.

საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში, ხშირია გამომსვლელთა მხრიდან შეგნებულად, თუ შეუგნებლად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამ მხრივ, საქართველოს პოლიტიკური სივრცე საჭიროებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მზარდ მონიტორინგს.

პროექტის იდეა ეკუთვნის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ დირექტორს სერგი კაპანაძეს და მას უშუალოდ ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ვიცე-დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი. FactCheck წარმოადგენს მოტივირებულ თანამოაზრეთა გუნდს, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს ეკონომიკის, ჟურნალისტიკის, იურისპრუდენციის, საჯარო პოლიტიკის და სხვა სფეროებიდან.

FactCheck-ის გუნდი ახორციელებს საპარლამენტო სხდომების მონიტორინგს და დეპუტატების განცხადებებში გამოვლენილ ფაქტობრივ სიზუსტეს, თუ უზუსტობებს ასახავს შესაბამის სტატიაში და ათავსებს ვებ-გვერდზე ფაქტ-მეტრის შესაბამისი გრადაციების მიხედვით.

ამ პროექტის ფარგლებში საჯარო პოლიტიკის და აუდიტორიისათვის საინტერესო ამა თუ იმ საკითხზე გაკეთებულ განცხადებებში მხოლოდ ფაქტობრივი სიზუსტე მოწმდება. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატების/პოლიტიკოსების მოსაზრებები/ვარაუდები და პირადი შეხედულებები/შეფასებებიარ მოწმდება. ასევე, ჩვენ არ ვამოწმებთ დაპირებების რეალურობის თუ განხორციელების შესაძლებლობას.

შესაბამისად FactCheck-ის მთავარი მიზნებია:

  • ქართულ პოლიტიკაში საზოგადოებისათვის სიმართლის დადგენაში დახმარება;
  • საზოგადოებისთვის სწორი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების ხელშეწყობა;
  • პოლიტიკოსთა საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა;
  • ფაქტებზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკის განვითარების ხელშეწყობა.

FactCheck მოიცავს საქართველოს საჯარო სივრცისთვის აქტუალურ საკითხებს, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით:

  • ეკონომიკა
  • პოლიტიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი
  • სამართალი
  • განათლება
  • ჯანდაცვა
  • სოფლის მეურნეობა
  • კულტურა
  • სპორტი
  • რეგიონები და ა.შ.

საპარლამენტო სესიების დროს დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსების განცხადებებში მოყვანილი ფაქტების სიზუსტის, თუ უზუსტობის შემოწმება ხდება ყველა არსებული საშუალებით:

  • სახელმწიფო დაწესებულებების/პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია;
  • FactCheck-ის მიერ ოფიციალური წერილით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია;
  • საინფორმაციო სააგენტოების, მედია ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებული სტატიები, სიუჟეტები და ნებისმიერი სახის მედია-ტექსტი;
  • პოლიტიკოსების, პარლამენტარების, მათი აპარატის თანამშრომლების, პრეს – სპიკერების, ასევე, სფეროს ექსპერტების ინტერვიუები და ა.შ.

FactCheck-ის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია:

  • სიმართლე – განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია;
  • მეტწილად სიმართლე – განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას;
  • ნახევრად სიმართლე – განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა;
  • მეტწილად მცდარი – განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა;
  • მცდარი – განცხადება არაზუსტია;
  • ტყუილი – განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია.

ყოველი სტატია მთავრდება შესაბამისი გადაწყვეტილებით გრადაციის მინიჭების შესახებ. ვიდრე კონკრეტული სტატია ვებ-გვერდზე დაიდება, სტატიის ავტორი FactCheck-ის ბორდს აძლევს რეკომენდაციას, ფაქტის სიზუსტის შეფასების რომელი გრადაცია უნდა იქნას გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში. შესაბამისად, რედაქტირებულ სტატიას და კონკრეტულ რეკომენდაციას იხილავს FactCheck-ის ბორდის მინიმუმ ორი წარმომადგენელი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სიმართლის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით.