logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევის ხელშეწყობის საშუალებების ანალიზი

01 იანვარი, 2014
 0

2014 წელს G-PAC-მა და საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) განახორციელეს პროექტი „საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევის ხელშეწყობის საშუალებების ანალიზი“.

საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები კვლავ იმყოფებოდნენ გარდამავალ პერიოდში, რასაც ახასიათებდა სოციალურ მეცნიერებების სფეროში კვლევის არასათანადო განვითარება, აკადემიური ჟურნალებისა და სამეცნიერო ნაშრომების მცირე რაოდენობა. შესაბამისად, აუცილებელი იყო ხარისხიანი სოციალური კვლევის ხელშეწყობა გაზრდილ აკადემიურ მოთხოვნებთან შესაბამისად. მეორე მხრივ, კვლევის შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენება შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სეგმენტში ეფექტური გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის.


კვლევის მთავარი მიზანი იყო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში კვლევის სიმცირის გამომწვევი მიზეზების დადგენა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებისთვის, კვლევითი ინსტიტუტებისთვის, დონორი ორგანიზაციებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტისთვის სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება კვლევის განვითარების ხელშეწყობის ალტერნატიული გზების შესახებ.


პროექტის ფარგლებში 7 მკვლევარმა შეისწავლა სოციალურ მეცნიერებებში კვლევის არსებულ მდგომარეობა, შეაფასა ბოლო 4 წლის განმავლობში მიღწეული პროგრესი, მთავარი პრობლემები და გამოწვევები; ამის შედეგად კი შესაბამისი უწყებებისათვის შეიმუშავა რეკომენდაციები.


პროექტის ფარგლებში გამოკვლეულ იქნა სოციალური მეცნიერებების შემდეგი მიმართულებები: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა/ მასობრივი კომუნიკაციები, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები. თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით (კითხვარები, ფოკუს ჯგუფები, სიღრმისეული ინტერვიუები) მკვლევარებმა შეისწავლეს საქართველოს 5 ქალაქში არსებული 15 უნივერსიტეტი, უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან აფილირებული კვლევითი ცენტრები და სხვა კვლევითი ინსტიტუტები, 7 დონორი ორგანიზაცია, კვლევის განვითარების სტრატეგიები სახელმწიფო უწყებებში. გარდა ამისა, სპეციალისტებმა გამოიკვლიეს კვლევის მეთოდების სასწავლო სილაბუსები. ასევე, გაკეთდა შედარებითი ანალიზი 2009 წელს კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის (ASCN) მიერ ჩატარებულ კვლევასთან "საქართველოში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევის შესაძლებლობების შეფასება". პროექტის ფარგლებში შემუშავდა ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც ასახავდა სოციალურ მეცნიერების სფეროში კვლევის ახლანდელ მდგომარეობას და დაინტერესებული მხარეებისთვის გამოსცა კვლევის ხელშეწყობისთვის საჭირო რეკომენდაციები. კვლევის შედეგების გაცნობა მოხდა პროექტის სამიზნე ჯგუფებთან.