საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„ფეისბუქის“ დიდი წმენდა - რა წაიშალა და რატომ?

„ფეისბუქის“ დიდი წმენდა - რა წაიშალა და რატომ?
24 დეკემბერი, 2019

20 დეკემბერს სოციალურ ქსელმა Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) წაშალა. ამის მიზეზი წაშლილი ანგარიშების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა გახდა. ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის თანახმად, რომელიც Facebook-თან თანამშრომლობს და მას დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ ინფორმაციას აწვდის, აღნიშნულ გვერდებზე მკვეთრად ანტი-ამერიკული შინაარსის შემცველი პოსტებიც ვრცელდებოდა. Facebook-ის განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა დაეფარათ, მათი გამოძიებით, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს.