ავტორები: გიორგი გოგუაძე; სერგი კაპანაძე
ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო (ISIL), იგივე ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო (ISIS), ან „ისლამური სახელმწიფო“ (ამიერიდან, დაეში), 2014 წლის ივნისიდან ოფიციალურად წარმოადგენს თანამედროვე სამყაროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპლექსურ საფრთხეს. დაეში ახლო აღმოსავლეთში, სირიისა და ერაყის სახელმწიფოთა ტერიტორიების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. ორგანიზაცია მკაცრად იერარქიული მმართველობით ხასიათდება აბუ ბაქრ ალბაღდადის მეთაურობით.
ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“ 30,000-ზე მეტ “ჯარისკაცს” აერთიანებს, ხოლო ოფიცერთა და საველე მეთაურთა ძირითადი კორპუსი სადამ ჰუსეინის არმიის ვეტერანებისა და სამხედროებისაგან შედგება. წინამდებარე კვლევის მთავარი საკვლევი კითხვა ორი მიმართულებით ვითარდება. ძირითადი ამოცანა არის იმის დადგენა, თუ რამდენად სერიოზულ და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს დაეში საქართველოსთვის.