logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 13-26 თებერვალი

unnamed.jpg
10 მარტი, 2023
 0

წითელი განგაში

როგორც GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფის წინა გამოცემაში აღინიშნა, დეპუტატების ჯგუფმა, რომელმაც ოფიციალურად დატოვა მმართველი „ქართული ოცნება“ „საზოგადოებისთვის სიმართლის სათქმელად“ (რეალურად კი საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ უტიფარი პროპაგანდის გასავრცელებლად) თუმცა „ხალხის ძალის“ სახელით კვლავ რჩება საპარლამენტო უმრავლესობაში, პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს რომლებიც წლიური შემოსავლის 20% უცხოური წყაროებიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტი“. დეზინფორმაციის ბრიფის უკანასკნელი გამოცემის შემდეგ, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს კანონპროექტს პირველ მოსმენაზე, რომლის შემდეგაც კანონპროექტს გადააგზავნის „ვენეციის კომისიაში“ ტექნიკური ცვლილებების შესატანად, თუმცა მაინც მიიღებს კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენაზე. ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიასაშუალების პროტესტის, პოლიტიკური პარტიების მკვეთრი წინააღმდეგობის, ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების, პარლამენტში და პარლამენტის წინ საჯარო დემონსტრაციების და საკომიტეტო მოსმენის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, როდესაც რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი ძალის გამოყენებით გაიყვანეს დარბაზიდან, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მხარი დაუჭირა კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე განაცხადა, რომ დაძლევდა პრეზიდენტის ვეტოს, ხოლო კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, თავად პრეზიდენტიც უცხოეთის აგენტს წარმოადგენს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საქართველოს ევროპასთან აშორებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. აღნიშნულის გარდა, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ღიად დაუპირისპირდნენ კანონპროექტს და მმართველ პარტიას მისი მხარდაჭერისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს:

  • აშშ-მა საჯაროდ განაცხადა, რომ კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს;
  • ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ კანონი შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან და ევროპულ ფასეულობებთან;
  • ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება უარყოფით გავლენას იქონიებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე;
  • USAID-ის დირექტორმა სამანტა პაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ქართველებს ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებების დაკმაყოფილებაში.
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა საგანგებო წერილით მიმართ პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს და სთხოვა არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ანალოგიური რუსული კანონის მიმართ და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს უნგრულ კანონთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ ქართულ კანონსაც ექნება შესაბამისი პრობლემები, ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და შესაძლოა გამოიწვიოს ისეთივე შედეგები როგორც რუსეთში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უდიდესი წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ და იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ საქმიანობა. ქართული კანონპროექტის თანახმად, მისი მიღება უზრუნველყოფს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, თუმცა აღნიშნული უკვე უზრუნველყოფილია, რადგან ყველა წამყვანი, დამოუკიდებელი ორგანიზაცია წინმსწრებად და გამჭვირვალედ აქვეყნებს ინფორმაციას შემოსავლების და დონორების შესახებ და ფინანსური მონაცემების წარდგენა ხდება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში. შესაბამისად, კანონპროექტი რეალურად მიმართულია საქართველოში დასავლური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ.


პროპაგანდა ევროკავშირის წინააღმდეგ:

  • ევროპარლამენტის რეზოლუცია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოჩენილი იქნა საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად, რასაც ხელი უნდა შეეწყო საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის გეოპოლიტიკური მიზნების რეალიზებაში, რაშიც იგულისხმება [დიახ, სწორად მიხვდით] საქართველოს ომში ჩათრევა;
  • ევროპა გამოყვანილი იყო სუსტ მოთამაშედ, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ ინტერესებში მოქმედება და აღნიშნულის ნაცვლად მას აშშ რუსეთის წინააღმდეგ იყენებს;
  • პროპაგანდისტები კვლავ ტირაჟირებდნენ გზავნილს, რომ ევროკავშირი მალე დაიშლება, რადგან ევროკავშირის პოლიტიკური სისტემა ჩამოშლის ზღვარზე და კორუფციას ყვავის;
  • საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დისკრედიტაციის მიზნით, ევროკავშირი შედარებული იყო საბჭოთა კავშირთან და ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირმა საბჭოთა კავშირს გადაასწრო საქართველოს შეურაცხყოფის, დაცინვის, ზეწოლის და ჭკუის სწავლების საკითხში. პროპაგანდისტების თანახმად, ევროპული ფასეულობები რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის უკვე აღარ არსებობს და იმპერიამ ისინი გააქრო. ამავე კონტექსტში ასევე ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთში ნეოფაშიზმი გაბატონდა, რომელიც სახელმწიფოებს საკუთარი ნების წინააღმდეგ აიძულებს სხვადასხვა კავშირებში შესვლას, რასაც ამჟამად ადგილი აქვს საქართველოში. ანტიდასავლურ გზავნილებში ასევე ხაზგასმული იყო, რომ ევროკავშირი არ ასახავს ევროპელი ხალხის პოზიციას.
  • პროპაგანდის სამიზნეს ასევე წარმოადგენდა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია, რომელთან დაკავშირებით ჟღერდებოდა ისეთი აბსურდული მტკიცებები, როგორიცაა 1) სავიზო ლიბერალიზაცია უსარგებლოა, რადგან განიჭებს მხოლოდ მოგზაურობის და არა მუშაობის უფლებას 2) ევროკავშირს ჭირდება სავიზო ლიბერალიზაცია, რომ ქართველები სავსე ჯიბით მიიტყუოს ევროპაში და ეს ფული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დაახარჯვინოს.
  • პრორუსული წამყვანი ამტკიცებდა, რომ გაყალბებულია ყველა ის საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ასახულია ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მოსახლეობის ურყევი მხარდაჭერა (უკანასკნელი გამოკითხვებით 80%-ზე მეტი) და მტრული დამოკიდებულება რუსეთთან დაკავშირებით;
  • პრორუსული პროპაგანდის თანახმად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანდ არ წარმოადგენს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდა, საქართველოსთვის ევროპული ბაზრების გაღება ან საქართველოში ევროკავშირის ინვესტიციების გაზრდა. გზავნილის მიხედვით, შეთანხმების გაფორმების შემდეგ ევროკავშირმა გაზარდა ექსპორტი საქართველოში და პარალელურად უკიდურესად რთული ბარიერები შეუქმნა ქართულ პროდუქციას. შესაბამისად, პრორუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება იმიტომ გააფორმა, რომ სარგებელი მიიღოს საქართველოში ექსპორტისგან და არ დაუშვას ქართული პროდუქციის მოხვედრა ევროპულ ბაზარზე.

პროპაგანდა აშშ-ის წინააღმდეგ:

  • პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-მა ხელი შეუწყო უკრაინაში ე.წ. „პროქსი“ ომის დაწყებას და იგივე გააკეთა 2008 წელს საქართველოში შემდეგი მიზნების მისაღწევად: 1) რუსეთსა და ევროკავშირის შორის სავაჭრო კავშირების დასაზიანებლად და რუსეთსა და ევროპას შორის ნაპრალის გასაჩენად 2) რუსეთის დემონიზებისთვის და 3) რუსეთის დასუსტებლად და საბოლოო ჯამში დასაშლელად;
  • პრორუსული პროპაგანდა ხაზს უსვამდა გზავნილს, რომ აშშ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და დაბალ თანამდებობაზე მყოფი ოფიციალური პირებით ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე, განსაკუთრებით წინა ხელისუფლებაზე ზეწოლას და დირექტივების მიცემას.

პროპაგანდა უკრაინასთან დაკავშირებით:

  • პრორუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ უკრაინაში მიმდინარეობს აშშ-რუსეთის ომი და 50-მდე ქვეყანა ცდილობს დააჩოქოს და გაანადგუროს რუსეთი. პროპაგანდის თანახმად, რუსეთის მარცხი საქართველოსთვის კატასტროფა იქნება, რადგან რუსეთის გარეშე საქართველოს ისტორიული მტრები (შესაძლო მითითებით ირანზე და სტრატეგიული პარტნიორები, როგორებიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი) საქართველოს მსოფლიო რუკიდან წაშლიან;
  • პრორუსული პროპაგანდის მტკიცებით, 24 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერად გამართული აქცია მიზნად ისახავდა არა სოლიდარობის დემონსტრირებას, არამედ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას;
  • დასავლეთი დადანაშაულებული იყო ომის უკრაინის საზღვრებს გარეთ, სულ მცირე მოლდოვასა და საქართველოში გადატანის მცდელობაში;
  • ადგილობრივი პრორუსული ძალები იმეორებდნენ კრემლის ნარატივებს, რომ 2014 წლამდე უკრაინის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრებოდა, თუმცა დასავლეთმა დაიწყო ოპერაცია უკრაინის ანტირუსულ ბასტიონად გადაქცევის და რუსული სახელმწიფოებრიობის და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით. ამავე მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ;
  • პრორუსული სატელევიზიო არხი ყურადღებას ამახვილებდა ომიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, მათ შორის ფრონტის ხაზზებზე შექმნილ შეიარაღების და საბრძოლო მასალის დეფიციტზე და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ვითარება შენარჩუნდება, რადგან კიევს საბრძოლო მასალას არ აწვდიან არსებული რეზერვებიდან და უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო პროდუქცია მხოლოდ ახლა იწარმოება. ამასთან, აღნიშნულიდან მხოლოდ ნაწილი აღწევს უკრაინამდე, რადგან დანარჩენს აშშ იმარაგებს ცენტრალურ აზიაში მდებარე ბაზებზე სადაც აგრძელებს ტაივანის კონფლიქტისთვის მზადებას;
  • ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე დასავლეთს ადანაშაულებდნენ უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში. თუმცა, პროპაგანდის თანახმად, ომი ნებისმიერ შემთხვევაში დასრულდება უკრაინის მხრიდან რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობით და ომის გახანგრძლივება - შესაბამისად უკრაინის იძულება იომოს ბოლო უკრაინელამდე, დასავლეთისთვის ნიშნავს მხოლოდ გაზრდილი დაღუპულების რაოდენობას და სისხლიანი ფულის გამომუშავებას.

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის რუსული პროპაგანდის მიზნებში გამოყენება:

13-19 თებერვლის კვირაში, „ფაქტმეტრმა“ თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შესახებ (მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით ადამიანი, ხოლო მილიონობით ადამიანი დარჩა საცხოვრებლის გარეშე) რამდენიმე დეზინფორმაცია გააბათილა. დამანგრეველი მიწისძვრებიდან მოკლე ხანში, ინტერნეტ სივრცეში აქტიურად გავრცელდა შეთქმულების თეორიები. ერთ-ერთი ასეთი შეთქმულების თეორიის თანახმად, 7.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელიც ანატოლიის, არაბეთის და აფრიკის ტექტონიკური ფილების სამმხრივ კვეთაზე დაფიქსირდა, ხელოვნურად იყო გამოწვეული აშშ-ის მიერ. ვირუსულად გავრცელებული ფეისბუქ პოსტების ყალბი მტკიცების თანახმად, აშშ-მა მიწისძვრა გამოიწვია HAARP “ტექტონიკური იარაღის“ გამოყენებით (იხ. ფაქტმეტრის სტატია დამატებითი ინფორმაციისთვის). აშშ-ის მიერ მიწისძვრის გამოწვევის შეთქმულების თეორიამ საკმაოდ ვრცელი გამოხმაურება ჰპოვა და სოციალური მედიის ზოგიერთი პუბლიკაციის თანახმად, წამყვან თურქულ ტელეარხებზე დაუფარავად ვრცელდებოდა ინფორმაცია აშშ-ის მიერ HAARP „ტექტონიკური იარაღის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის შემჩნევა შესაძლებელი იყო მიწისძვრის დროს ცაზე ელვის დაკვირვებით (აღნიშნული მტკიცება ყალბია).

ფეისბუქზე გამოქვეყნებული ცალკეული პოსტების თანახმად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ ღიად გააკრიტიკა აშშ თურქეთის წინააღმდეგ არაჰუმანური ქმედების ჩადენისთვის, თუმცა რეალურად აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. „ფაქტმეტრმა“ ასევე გამოაქვეყნა ვრცელი განმარტებითი სტატია, რომელშიც გაბათილებულია პრორუსი ვლოგერის დმიტრი ვასილეცის გავრცელებული დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-მა რუსეთს მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიების 20% შესთავაზა, თუმცა რეალურად აღნიშნული მოსაზრების გასამყარებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.