logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 3-16 აპრილი

usa-legal-1.png
27 აპრილი, 2023
 0

“ქართული ოცნება“ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მეორე ფრონტის“ შესახებ შეთქმულების თეორიას ავრცელებენ:

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ უკრაინიზაციის გეგმა - ანუ გეგმა, რომლითაც მტრები გეგმავდნენ საქართველოს მეორე პოლიგონად გადაქცევას, კიდევ ერთხელ ჩავარდა;
  • მმართველი პარტიის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა: „რომ შეგვესრულებინა ვიღაცების მოთხოვნა, რასაც გვთხოვდნენ და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო, სუბიექტურად, ეს შეიძლება ყოფილიყო მომხიბვლელი ვიღაც პოლიტიკოსისთვის, წითელი ხალიჩები, გმირად გამოცხადება მსოფლიო მასშტაბით, "სიენენი", "ბიბისი", ყველა შენ გიძღვნის სტატიებს, ფოტოსესიები "ფეშენ" ჟურნალებში და ა.შ". მისი თქმით, „საქართველოს პრემიერი ივლიდა წითელ ხალიჩაზე, ჩვენც ვიქნებოდით ამ გმირთა კომფორტის შემადგენელი ნაწილი, მსოფლიო მასშტაბით გვექნებოდა ცნობადობა, გამოცხადებული ვიქნებოდით გმირებად, ვიღაცას ნობელის პრემია გადაეცემოდა, ასეთი რაღაც მოხდებოდა, რასაც ვხედავთ უკრაინის მაგალითზე.“ მან ასევე ირიბად დაადანაშაულა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ომში ჩართვისკენ მოწოდებაში, რადგან კობახიძის თქმით, ომის პირველ დღეებში მან თქვა, რომ აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით ასე [იგულისხმება არაფრის კეთება].
  • ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კონფრონტაციის ლოგიკის გადმოტანას უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ.
  • უზბეკეთში ვიზიტისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე ამტკიცებდა, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოსა და მოლდოვაში მეორე ფრონტის გახსნას და რუსეთი ამ მცდელობებს საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური და დიპლომატიური გეგმების ჭრილში განიხილავს. ლავროვის თქმით, რუსეთი ხედავს მეორე ფრონტის გასახსნელად საქართველოს ხელისუფლების ჩათრევის მცდელობებს, თუმცა ხელისუფლებამ პასუხისმგებლიანი მიდგომა გამოიჩინა და უარი თქვა ასეთ ქმედებებზე.

აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებამ პროპაგანდის ტალღა გამოიწვია:

აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს (3 მოქმედს და 1 ყოფილს) კორუფციასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა პროპაგანდისტული ტალთა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს ადანაშაულებდნენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში:

  • მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ არ არსებობს სანქცირებული მოსამართლეების კორუფციაში ჩაბმულობის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება. მისი მტკიცებით, „არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ დამოუკიდებელ სასამართლოში მოხდეს ჩარევა“. ირაკლი კობახიძე ასევე დაიმუქრა სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებით, რომელიც ნათელს მოჰფენდა, თუ რას ითხოვდნენ მათგან, იმ შემთხვევაში თუ ყველა არ დაიცავდა წესებს. კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კორუფციასთან დაკავშირებით საპირისპიროზე მეტყველებს - რომ სახელმწიფო დეპარტამენტში არის კორუფციას და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც გაისვარა მათ მიერ, ვინც მას ასეთი ინფორმაცია მიაწოდა და ასეთი განცხადება გაავრცელებინა. ირაკლი კობახიძე ასევე ამტკიცებდა, რომ „უცხოელი აგენტები“ ცდილობენ სასამართლოს „სტიგმატიზებას“. მისივე მტკიცებით, მთელი ამ პროცესის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა.
  • მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ყველა მოსამართლეს სრული მხარდაჭერა“ გამოუცხადა და განაცხადა, რომ მოისმინა უამრავი ინფორმაცია და მათ შორის „შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის და ჩარევის შესახებ“ და განცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა სუვერენული ქვეყნის, სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე“.
  • სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ ღია წერილში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უწოდებდა „აბსოლუტურად გაუგებარს და მიუღებელს“, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მაღალი პოზიციების გათვალისწინებით. ილია დარჩიაშვილი ასევე იმედს გამოთქვამდა, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“;
  • თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია და მტკიცებულებების გარეშე, აღნიშნული აღქმული იქნება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა;
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე „გადაწყვეტილებას მოსამართლეების ამერიკაში არშეშვებასთან დაკავშირებით“ უწოდებდა „არა მხოლოდ უსამართლობას და ცინიზმს, არამედ საქართველოს უმძიმეს შეურაცხყოფას“. მისი თქმით, „აქ ომი არ იქნება“ და „ვერავინ შეძლებს ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას“.
  • გურამ მაჭარაშვილი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულია ანტიდასავლური საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ დეპუტატი, აცხადებდა, რომ მოსამართლეთა საქნცირება უსაფუძვლოა და აშშ-ის ელჩმა გულწრფელად უნდა განაცხადოს, რომ მათი სურვილი საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარებაა.
  • „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებდა, რომ არსებობს მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობა (დაახლოებით 20), რომლებიც არიან ე.წ. აგენტები და რომელთა მეშვეობით აშშ ცდილობს ვითარების შეცვლას და ამ მიზნით უტარებს მათ ტრენინგებზე. მიხეილ ყაველაშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ „პარტნიორი სახელმწიფო აშშ და მისი წარმომადგენელი აქ რადიკალურ და რევოლუციურ ქმედებებს გეგმავენ.“ ის ასევე ამბბოდა, რომ კოორდინირებული ძალისხმევა „უცხოელი აგენტების კანონპროექტის“ რუსულ კანონად წარმოჩენის მიზნით და ახლა უკვე სანქციების დაწესება ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ ერთ მიზანს ემსახურებოდა - რაიმე გზით შეეცვალონ მთავრობა და ხელისუფლებაში მოიყვანონ გლობალური ომის პარტიის ძალები.
  • ერთ-ერთი სანქცირებული ყოფილი მოსამართლე ვალერი ცერცვაძე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას.
  • კიდევ ერთი სანქცირებული მოსამართლის ლევან მურუსიძის თქმით, კორუფციის შესახებ ბრალდებები მხოლოდ შირმაა და რეალურ მიზეზს წარმოადგენს სასამართლოს ხელში ჩაგდება. მისი განცხადებით, პროცესი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს - „დასაწყისში ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, შემდეგ ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს... მაგრამ შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული და ვერ იქნა სასამართლოს მიტაცება და ხელში ჩაგდება“. აღნიშნულზე, ლევან მურუსიძემ ასევე განაცხადა: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“. მისი თქმით, აშშ-ს საელჩოს უნდა ხელში ჩაიგდოს სასამართლო და ეს გადაწყვეტილება იყო გზავნილი სხვა მოსამართლეების მიმართ, რომ თუ მოსამართლეები არ მიიღებენ საელჩოსთვის სასურველს გადაწყვეტილებას, მათზე განხორციელდება ზეწოლა. ლევან მურუსიძის მტკიცებით, აშშ-ის საელჩო სასამართლოზე კონტროლის დამყარებას წლების განმავლობაში ცდილობს და აცხადებდა, რომ აშშ ამაზე არ შეჩერდება და შესაძლოა მის მოკვლაზეც კი წავიდეს. ლევან მურუსიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი არ არის ლევან მურუსიძის სანქცირება, თუმცა მნიშვნელოვანია რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ ხელში არ ჩაიგდოს სასამართლო სისტემა, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება და საკითხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ ეს ქვეყნები.
  • ლევან მურუსიძე ასევე ამტკიცებდა, რომ მას აქვს აშშ-ის მხრიდან ჩარევის კონკრეტული მტკიცებულებები და საზოგადოება ამას იხილავს, როდესაც ეს საჭირო გახდება. მაგალითად, მისი თქმით, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რამდენიმე შემთხვევაში განაცხადა, რომ სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებები იყო უკანონო, თუმცა მას არ გააჩნდა ასეთ გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლებამოსილება. ლევან მურუსიძის შეფასებით, სანქციების დაწესება იყო სიგნალი სხვა მოსამართლეების მიმართ, რომ თუ ისინი არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციების კონკრეტულ საქმესთა დაკავშირებით და თუ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იქნება ელჩისთვის მისაღები, მათ მოექცევიან ისე, როგორც სანქცირებულებს.
  • ლევან მურუსიძის მტკიცებით, სანქციებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. კერძოდ, მისი შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები გახარებულები ყვიროდნენ, რომ სასამართლოში დაპირისპირება დაიწყებოდა, თუმცა იმდენად ბევრმა მოსამართლემ გამოუცხადა მას მხარდაჭერა, რომ ეჭვი ეპარება შესაძლებელი იქნება თუ არა სანქციების მიზნის (ქაოსის გამოწვევა და სასამართლოს საელჩოს კონტროლს დაქვემდებარება) მიღწევა.
  • ლევან მურუსიძე აშშ-ს საელჩოს ასევე ადანაშაულებდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ყალბი სატელევიზიო რეპორტაჟების მომზადებაში და აცხადებდა, რომ ამ ფაქტის გამო, მას სჯერა, რომ აშშ ხელს უშლის სასამართლოს სისტემის ფუნქციონირებას.
  • კიდევ ერთი სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია აცხადებდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მისი და მისი კოლეგების სანქცირების შესახებ არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და გადატანითი მნიშვნელობით ამტკიცებდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა კელი დეგნანმა პრაქტიკულად აღადგინეს ლინჩის წესი და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები. შენგელიას თქმით, სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, ,,რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისაგან სისტემის წმენდა, სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში. შენგელია ასევე ცდილობდა აშშ-ს დისკრედიტაციას და აცხადებდა რომ აქვს ტრადიციული ოჯახი, ჰყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ ,,ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი ესაქმება, ვინაიდან მსგავსი ,,ღირებულებები“ მის ოჯახს არ სჭირდება. მისი შეფასებით, იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, გამრუდებული და დაკნინებულია და პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ.
  • კიდევ ერთი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი მწვავედ აკრიტიკებდა გადაწყვეტილებას და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული კამპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სასამართლოს აშშ-სთვის დამორჩილება. იგი ასევე მოუწოდებდა პრემიერ-მინისტრს მოსამართლეებთან შეხვედრის ორგანიზებისკენ, სადაც აპირებდა წარმოედგინა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობის მტკიცებულებები. მისი თქმით, „არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობის განადგურების საფრთხე“ და „საქართველოს ხელისუფლებას აკისრია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის პასუხისმგებლობა“. დიმიტრი გვრიტიშვილმა დაასახელა ორი ქვეყანა, უკრაინა და ალბანეთი (სავარაუდოდ, ამ ქვეყნებს გულისხმობდა ლევან მურუსიძე), სადაც აშშ-მა წარმატებით განახორციელა სასამართლოში ჩარევა. მოსამართლე გვრიტიშვილის შეფასებით, „უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინის სუვერენიტეტზე სასამართლო ხელისუფლების ნაწილში უარი თქვა და მოსამართლეების დანიშვნა გადააბარა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ, რაღაც გაურკვეველ კომისიას“. იგი ასკვნიდა, რომ „ერთი დიდი კანონზომიერი პროცესის ერთ-ერთი სეგმენტია ის, რაც საქართველოში ხდება. მანამდე ეს უკრაინაში და ალბანეთში განხორციელდა. იგივე ორკესტრირებული კამპანიით და შემდგომ რეფორმებით მოხდა მათთვის არასასურველი მოსამართლეებისგან სისტემის წმენდა. ამან საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მაგალითად ალბანეთში, საკონსტიტუციო სასამართლოში დატოვებული იყო 1 მოსამართლე და უზენაეს სასამართლოშიც იგივე სიტუაცია იყო და ფაქტობრივად, ეს ორი ინსტიტუცია გაჩერდა დიდი ხნის განმავლობაში“.
  • კიდევ ერთი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი, სანქციებს ადარებდა სტალინის და ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო „მოქნილი მექანიზმით“ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წყვეტდნენ.

დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინის ხელისუფლება ქრისტიანობას და მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვის უკვე მესამე კვირაა გრძელდება

ქართული საზოგადოება უკიდურესად სოლიდარულია უკრაინის და მისი გმირული წინააღმდეგობის მიმართ, რადგან ქართველების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის უკანონო და სასტიკი აგრესია. აღნიშნული განწყობების შექმნის და რუსეთის სამხედრო უძლეველობის მითის შესანარჩუნებლად, პრორუსული დეზინფორმაცია მუდმივად ავრცელებს სხვადასხვა გზავნილებს, რომ უკრაინა ომში მარცხდება და საბოლოოდ რუსეთი გაიმარჯვებს. ასევე, უკრაინის და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციის და ქართველების აღქმების შეცვლის მიზნით, პრორუსული აქტორები ცდილობენ ისარგებლონ ქართულ საზოგადოების მგრძნობიარობით რელიგიური საკითხების მიმართ და ამ მიზნით გამოიყენონ კიევ-პეჩერის ლავრის გარშემო მიმდინარე დავა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, რუსული დეზინფორმაციის ქვენარატივს წარმოადგენს აპელირება, რომ უკრაინა ომში მარცხდება. უკრაინის გარდაუვალი დამარცხების შესახებ გზავნილები ეფუძნებოდა პრორუსულად განწყობილი ამერიკელი პირების განცხადებებს, კრემლთან დაკავშირებული წყაროებიდან წამოსულ გზავნილებს, დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირების კონტექსტიდან ამოგლეჯილ ნათქვამებს და ა.შ.:

  • პრორუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებდნენ ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის, ამჟამად პროპაგანდისტი ექსპერტის და სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული სკოტ რიტერის (რომელსაც ხშირად ციტირებენ რუსული და ქართული პროპაგანდისტული წყაროები) მტკიცებას, რომლის თანახმადაც აშშ-ს ეჭვი არ ეპარება, თუ ვინ გაიმარჯვებს ომში და ეს იქნება რუსეთი. სკოტ რიტერის თანახმად, აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტის უფროსი მარკ მილიმ კონგრესის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, „როდესაც რუსეთი გაიმარჯვებს“ და არა „თუ რუსეთი გაიმარჯვებს“ – „როდესაც რუსეთი გაიმარჯვებს, მოგვიწევს თავდაცვის ხარჯების გაორმაგება იმისთვის, რომ დავფაროთ ის, რაც რუსეთზე დაიხარჯა“ - რაშიც იგულისხმება, რომ აშშ უკვე დარწმუნებულია ომში რუსეთის გამარჯვებაში.
  • პრორუსული მედიასაშუალება ტვ. ობიექტივი ავრცელებდა ყალბ მტკიცებას, რომ გაჟონილ ამერიკულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ომში დაიღუპა მხოლოდ 16-17.5 ათასი რუსი სამხედრო, მაშინ როდესაც უკრაინამ დაკარგა 715,000.
  • პროპაგანდისტი ბლოგერი დასცინოდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. საკუთარი მტკიცების გასამყარებლად, იგივე ბლოგერი მანიპულაციურად ციტირებდა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარეს მარკ მილის და ამბობდა, რომ უკრაინის მხრიდან ტერიტორიის უკან დაბრუნება რთული ამოცანაა და ნაკლებად სავარაუდოა ახლო მომავალში მოხდეს, ხოლო ყირიმის დაბრუნების ალბათობა ახლო მომავალში უკიდურესად დაბალია. შესაბამისად, ბლოგერი ავითარებდა მოსაზრებას, რომ მილის სიტყვები შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც მინიშნება, რომ აშშ ახორციელებს ზელენსკიზე ზეწოლას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე მოსალაპარაკებლად.
  • პრორუსული ფეისბუქ გვერდი ამტკიცებდა, რომ უკრაინის ვითარება იმდენად მძიმეა, რომ მათ ომში ბავშვების გაწვევა დაიწყეს;
  • პრორუსული ფეისბუქ გვერდი აცხადებდა, რომ უკრაინა ომში მარცხდება და განწირულია. ამავე გვერდის მტკიცებით, უკრაინის კონტრშეტევა ყოვნდება, რადგან უკრაინა დასუსტებულია და არ ფლობს სათანადო შესაძლებლობებს. გვერდის თანახმად, უკრაინა მოითხოვს სრულ მხარდაჭერას აშშ-სგან, თუმცა ეს რუსეთისთვის არასოდეს ყოფილა ომი, არამედ უბრალოდ სამხედრო ოპერაცია უკრაინის ნაცისტებისგან გასაწმენდად, რაშიც იგულისხმება, რომ რუსეთი სრული ძალით არ იბრძვის;
  • პროპაგანდისტი ბლოგერი აცხადებდა, რომ ზელენსკიმ აღიარა, რომ მოვლენები შესაძლოა განვითარდეს იმ სცენარით, რომ უკრაინა გაიყოს (ან სხვა შემთხვევაში, გაერთიანდეს);
  • პროპაგანდისტი ბლოგერი, ამერიკელ პროპაგანდისტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ სერგეი სუროვიკინმა წარმატებით შეიტყუა უკრაინა მახეში ბახმუტთან, ნაწილობრივ შემოარტყა ალყა ბახმუტს, რომ ზელენსკის შეძლებოდა დამატებითი ძალების გაგზავნა და შემდეგ განეხორციელებანა მათი სისტემატური განადგურება და უკრაინელი სამხედროების სასაკლაოს მოწყობა;
  • პრორუსული ალტ-ინფო ამტკიცებდა, რომ მთელი ნატო უგზავნის შეიარაღებას უკრაინას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და მათ რესურსები ელევათ;
  • „ალტ-ინფოს“ იგივე წამყვანი აცხადებდა, რომ უკრაინა არ გადის ბახმუტიდან რადგან ზელენსკის არ ადარდებს ადაიანებს სიცოცხლე და მას მხოლოდ პოლიტიკური პიარი ჭირდება, რადგან შემდეგ ვიღაც იტყვის, რომ რუსეთმა დიდი ხნის მანძილზე ვერ აიღო ბახმუტი.
  • პრორუსული ფეისბუქ გვერდი, უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით (რომლებსაც ქართული საზოგადოება გმირებად მიიჩნევს) აცხადებდა, რომ უკრაინაში მორიგი მოღალატე დაიღუპა.

ზედიზედ მესამე კვირის მანძილზე გაგრძელდა უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც აქცენტი კეთდება ქრისტიანობის და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კამპანიის ფორმა და შინაარსი უცვლელია და მოიცავს გზავნილებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ქრისტიანობას დევნის, ძალას იყენებს მართლმადიდებელი სასულიერო პირების წინააღმდეგ და უკრაინის მთავრობა და პოლიცია არაფერს აკეთებს აღნიშნულის აღსაკვეთად. ამავე მტკიცებით, პირიქით, ისინი ხელს უწყობენ ძალადობას მართლმადიდებელი მრევლის მიმართ. აღნიშნული დეზინფორმაცია საფუძველს იღებს კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებული კრიზისისგან და საზრდოობს უკრაინაში რელიგიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე შექმნილი არასწორი წარმოდგენებისგან, განსაკუთრებით მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ქვეყანაში რუსულ გავლენის შენარჩუნების მიზნით გაწეულ ძალისხმევასთან დაკავშირებით:

  • პრორუსულად განწყობილი ექსპერტი ვაჟა ოთარაშვილი „ალტ-ინფოსთან“ ინტერვიუში ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ საქართველოში კვლავ არის ზელენსკის დროშები, რომელმაც აკრძალა ლოცვა და აღდგომა კიევ-პეჩერის ლავრაში და რომელმაც მართლმადიდებლური ტაძრები დაარბია.
  • პროპაგანდისტმა ბლოგერმა გაავრცელა ვიდეო, რომლის თანახმადაც ზელენსკი დევნის ქრისტიან მღვდლებს. უკრაინაში ქრისტიანობის შევიწროვების თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად, მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებს, რომ ზოგიერთი უკრაინელი მოითხოვს მართლმადიდებელი მრევლის დახოცვას. მის მიერ განთავსებული ვიდეოს თანახმად, კიევ-პეჩერას ლავრის ტერიტორიაზე ღამის საათებში შეიკრიბა 20-მდე პროვოკატორი და პოლიციამ ისინი შეუშვა ლავრის ტერიტორიაზე, სადაც მათ შეურაცხყოფა მიაყენეს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს.
  • პრორუსული ტელეგრამ არხი ავრცელებდა ვიდეოს წარწერით - „მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელსაც რადიკალური ბრბო გარს ერტყმის და შეურაცხყოფას აყენებს, ლოცვას აგრძელებს“. არხი აღნიშნულს წარმოაჩენდა მტკიცებულებად, რომ „მართლმადიდებლი ქრისტიანები წინააღმდეგობას უწევენ უკრაინაში მათი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას“.
  • პრორუსული ტელეგრამ არხი ავრცელებდა ვიდეოს და აცხადებდა, რომ უკრაინული მედიის ჟურნალისტი შემთხვევით შეხვდა „არასწორ“ უკრაინელს, რომ ინტერვიუ აეღო ეკლესიებზე თავდასხმას/ძარცვასთან დაკავშირებით და რესპონდენტმა უპასუხა, რომ „ეს არის ომი ღმერთთან. ეს დასრულდება უკრაინის განადგურებით და იქნება კიევის რუსეთი“.

უკრაინის შესახებ გავრცელებული სხვა პროპაგანდისტული გზავნილები:

  • „ალტ-ინფოს“ წამყვანი ამტკიცებდა, რომ ზეთი არ ღირს 5 ლარი (დაახლოებით 2 დოლარი ან 1.82 ევრო) და ლარი გამყარდა, რადგან საქართველომ არ შეასრულა დასავლეთის დირექტივები და არ გამოიწვია რუსეთთან დაძაბულობა (რაც შემდგომ გამოიწვევდა ომს), ანუ არ შეუქმნა საფრთხე რუსეთს;
  • „ალტ-ინფოს“ სხვა წამყვანი ამტკიცებდა, რომ საქართველოში ოპოზიციის მძიმე ვითარებაში ყოფნის მიუხედავად, კვლავ საჭიროა ფხიზლად ყოფნა, რადგან ადგილობრივ უცხოელ აგენტებს დავალებული აქვთ დასავლეთის მითითების შესრულება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა;
  • პროპაგანდისტი ბლოგერი საქართველოში ჩინეთის ელჩზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ უკრაინის შემთხვევაში აშშ ცეცხლზე ნავთს ასხამს და მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის გამწვავებას, რასაც თან ახლავს „ცივი ომის“ დროინდელი ჰეგემონური ქმედებები;
  • პროპაგანდისტული ტელეგრამ არხი ამტკიცებდა, რომ ომი უკრაინაში უკვე დაგეგმილი იყო 2016 წელს აშშ-ს მხრიდან და უნდა დაწყებულიყო 2017 წელს. თუმცა დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევამ აღნიშნული გეგმები ჩაშალა.
  • პრორუსული მედიაჯგუფის „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ უკრაინამ სამხედრო კორესპონდენტი მაქსიმ ფომინის ლიკვიდაციის მიზნით ტერაქტი განახორციელა, რასაც წინ უძღოდა ასევე ტერაქტი დარია დუგინას წინააღმდეგ. მისი დასკვნით, ომი სულ უფრო მეტად სცილდება დონბასის საზღვრებს;
  • პრორუსულმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა უკრაინელების მიერ ბომბების დამზადების ვიდეო და ამტკიცებდა, რომ უკრაინა უნდა გამოცხადდეს ტერორისტ სახელმწიფოდ, რადგან უკრაინელები არ იბრძვიან ვაჟკაცურად ფრონტის ხაზზე და ომში გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტებით ცდილობენ. გვერდი აცხადებდა, რომ უკრაინელ ხალხს არ გააჩნია ჰუმანურობა და აშშ-ს დაზვერვა ხელს უწყობს ტერაქტების ორგანიზებას;
  • პროპაგანდისტი ბლოგერი ოლექსეი ორესტოვიჩზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ უკრაინას პრეზიდენტებში, მათ შორის ზელენსკის ჩათვლით, არ გაუმართლა და ჭირდება ვინმე ვინც პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში დაამარცხებს კორუფციას, არ მოიპარავს და არც სხვებს მისცემს მოპარვის საშაულებას. აღნიშნული პუბლიკაციით იგულისხმება, რომ უკრაინა, მისი პრეზიდენტის ჩათვლით, კორუმპირებულია.
  • პროპაგანდისტი ბლოგერი ამტკიცებდა, რომ ზელენსკის მოწოდებების მიუხედავად, იაპონია აგრძელებს რუსული ნავთობის შესყიდვას, რადგან იაპონიის პრემიერ-მინისტრი არ აპირებს უკრაინის გამო საკუთარი ქვეყნის გაწირვას, როგორც მაკრონმა და შოლცმა გაწირეს ევროპა.

პრორუსული წყაროები თავს ესხმიან დასავლეთს და ძირითად ყურადღებას უთმობენ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებას:

  • ქვენარატივი, რომლის თანახმადაც დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, ავითარებდა მოსაზრებას, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების კორუფციის საფუძველზე სანქცირება ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და აშშ/ევროკავშირი ცდილობენ საქართველოში რევოლუციის ორგანიზებას, ხოლო ევროკავშირი მილიონებს ხარჯავს ახალგაზრდების გადასაბირებლად, რომ მოგვიანებით ისინი საკუთარ მიზნებში და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენონ.
  • „ალტ-ინფოს“ თანახმად, სანქცირებული მოსამართლეები ან მთელი სასამართლო სისტემაც კი რომ ყოფილიყო კორუფციაში გარეული, აშშ-ს და სხვა სახელმწიფოებს არ აქვთ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება, რადგან საქართველო სუვერენული სახელმწიფოა;
  • „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ დასავლეთმა საკუთარი კადრები საქართველოს ხელისუფლებაში 1990-იანი წლებიდან დასვა და საქართველოს საკუთარ ინტერესებში იყენებს. მათ შორის, საქართველოს ეკრძალება საკუთარი ინტერესებით მოქმედება, რადგან შეზღუდულია როგორც დასავლეთის ხელში მყოფი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლოა საჭიროების შემთხვევაში რუსეთთან ომშიც კი ჩაებას. „ალტ-ინფოს“ წამყვანის შეფასებით, დასავლეთი აკონტროლებს არა მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, არამედ ცდილობს ჩაერიოს მის შიდა საქმეებში, მათ შორის მოსამართლეების სანქცირების გზით.
  • ალტ-ინფოს“ თანახმად, ევროკავშირი აშშ-ის მითითების შესაბამისად, ცდილობს საქართველოს თავს მოახვიოს მისი დღის წესრიგი და ამოცანები და ამერიკელები ცრუობენ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერაზე აუბრობენ, რადგან ჩვენი სუვერენიტეტი პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ს ინტერესებს
  • ანტიდასავლურად განწყობილი აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველოს არ უნდა რომ ჰქონდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, ხოლო ევროკავშირი ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში აფინანსებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად და არა იმიტომ, რომ ქართველებმა უკეთეს გზებზე იარონ, რადგან მათ საქართველოში ფართო გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ და საქართველო განსაკუთრებული გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ შეიძენს. მათი თქმით, დასავლეთი უზარმაზარ ფინანსურ ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში, მაგრამ არა ჩვენი არამედ მათივე ინტერესებში. შესაბამისად, ისინი არ დაგვტოვებენ კანდიდატის სტატუსის გარეშე და შესაძლოა თხოვნის შემთხვევაში სრული წევრობაც კი მოგვანიჭონ, იმ თანხების რაოდენობიდან გამომდინარე რაც საქართველოში დახარჯეს. ამავე მტკიცებით, რუსეთის განცხადების თანახმად, რუსეთის მუქარა იყო არა საქართველოს, არამედ აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული და წარმოადგენდა გაფრთხილებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და ქაოსის შემთხვევში, რუსეთი შემოვა საქართველოში და დაამყარებს აქ წესრიგს, რომ არ დატოვოს ქვეყანა აშშ-ს გავლენის ქვეშ.
  • პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი (იგულისხმება აშშ), საქართველოს განიხილავს კიდევ უფრო ნაკლებად ვიდრე კოლონიას და უფრთხის საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების ჩადებას, რადგან მდიდარი ქართველები არ შედიან მის ინტერესებში და პირიქით - მას სურს ქართველებმა დატოვონ საქართველო და შემდეგ დაეუფლოს ძვირფას ტერიტორიას.
  • „ალტ-ინფო“ ასევე ავითარებდა მოსაზრებას, რომ საქართველოს დასავლეთისკენ 20 წლიანი მისწრაფების და ამ პოლიტიკის კონსტიტუციაში ჩაწერის მიუხედავად, დასავლეთი არ დაეხმარა საქართველოს მნიშვნელოვანი ქარხნების გასახსნელად, სადაც ხალხი დასაქმდებოდა და გაიზრდებოდა სარგებელი პროდუქციის აშშ-ში ექსპორტისგან. „ალტ-ინფოს“ წამყვანის მტკიცებით, სტრატეგიული პარტნიორი აშშ ვიზებს არ გასცემს, მაშინ როდესაც რუსეთში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, თავისუფლად (სავიზო პრობლემების გარეშე) დავდივართ და აშშ მოუწოდებს საქართველოს შეწყვიტოს ვაჭრობა რუსეთთან, რაც ძალიან მომგებიანია საქართველოსთვის.
  • „ალტ-ინფოს“ მტკიცებით, აშშ-ის ელჩმა დაიბარა პოლიციის მაღალჩინოსანი ოფიცრები და ტრენინგი ჩაუტარა, თუ როგორ დაშალონ ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან დედაქალაქის შუაგულში გარყვნილების პროპაგანდის მარშის ჩატარებას (სავარაუდოდ იგულისხმება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები, როდესაც „ალტ-ინფოს“ მიერ შეკრებილი მოძალადეთა ჯგუფი შეეცადა ღირსების მარშის ჩაშლას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიყენა 50-ზე მეტ ჟურნალისტს). „ალტ-ინფოს“ მტკიცებით, აშშ-მა განაცხადა, რომ მათ ქართულ პოლიციაში ფართო ინვესტიცია განახორციელეს და ახლა დროა, რომ მათ გააკეთონ ის, რასაც აშშ მოითხოვს.
  • პრორუსული გაზეთი ამტკიცებდა, რომ აშშ იბრძვის სამყაროს წინააღმდეგ რევოლუციების ორგანიზებით, მაგალითად საქართველოში, უკრაინელი ფაშისტების შეიარაღებით და სხვა საშუალებებით, მაგრამ თვითონ მარცხდება;
  • Russia Today-ზე დაყრდნობით, ქართულენოვანი პრორუსული ვებგვერდი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში ახალგაზრდობის კოორდინირების და მხარდაჭერის მიზნით 2.5 მლნ ევროს ფონდი შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ახალგაზრდების შერჩევას, რომელთაც მოგვიანებით საკუთარ ინტერესებში გამოიყენებენ.