logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 27 მარტი - 2 აპრილი

804e866f-819c-152e-7db6-8389030ed367.jpg
10 აპრილი, 2023
 0

რუსი მაღალჩინოსნები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდისტულ კამპანიაში არიან ჩაბმული

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა, რომ დასავლეთი ცდილობს ყველა მიმართულებით გაიმყაროს ჰეგემონია და პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის - სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ინტერესებს. სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში 3+3 ფორმატის დაბლოკვის მიზნით და სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოებს თავს ახვევს დახმარებას ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე კვლავ ფიქრობს ფორმატში მონაწილეობაზე და სანამ პლატფორმის წევრები მეორე შეხვედრის გამართვის საკითხზე მსჯელობენ, თბილისისთვის კარი ღიაა. სერგეი ლავროვმა ასევე გაიმეორა საქართველოს მმართველი პარტიის პროპაგანდა და ამტკიცებდა, რომ გეოპოლიტიკურ გეგმებთან ერთად, დასავლეთი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან ახალი „ფერადი რევოლუციის“ მზადებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში და ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია, რადგან ისინი საჯაროდ გამოდიან, იცავენ დასავლეთის ინტერესებს და ცდილობენ რუსეთის და ირანის მსგავსი სახელმწიფოების ქმედებების დისკრედიტაციას.
  • სერგეი ლავროვის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განავრცო მისი ხელმძღვანელის პროპაგანდისტული ნარატივები და ამტკიცებდა, რომ რუსული მხარე „დარწმუნებულია, რომ ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზება საქართველოს და რუსეთს შორის, რომელთაც საერთო ისტორია და კულტურა აერთიანებთ და მილიონობით ადამიანის ბედს განსაზღვრავს, სრულად შეესაბამება ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესესს“. მისი თქმით, გარედან მზარდი ზეწოლის და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვითარდება და ამას პირველ რიგში ადგილი აქვს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში. მიხაილ გალუზინის მტკიცებით, მოსკოვის და თბილისის ერთობლივი მუშაობა, რომ „უზრუნველყონ ორ ქვეყნის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მაგისტრალის უწყვეტი ფუნქციონირება“ არის „წარმატებული რუსულ-ქართული თანამშრომლობის“ მაგალითი. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით, რუსი დიპლომატის შეფასებით, „ორ ქვეყანას შორის საერთო ყურადღების ცენტრში რჩება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომლებიც განიხილება მრავალმხრივ ფორმატში აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით. მიმდინარეობს ამიერკავკასიის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში“. მიხაილ გალუზინი ასევე გამოეხმაურა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში გამართულ გამოსვლებს რუსულ კანონად მიჩნეულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მარტის საპროტესტო აქციების მიღმა ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს, შეარყიოს ვითარება რესპუბლიკაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას, გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან“.

„ქართული ოცნება“ და მეორე ფრონტის შეთქმულების თეორია კვლავაც განუყრელი წყვილია

  • მმართველი „ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს მართავს, სადაც პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად მოკლედ განიხილება ე.წ. რუსული კანონი (უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი). მისი მტკიცებით, აღნიშნული კანონის რუსულად მონათვლა ემყარება მედიისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მათი მფარველების (მათ შორის „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების) მიერ წარმოებულ სიცრუის კამპანიებს;
  • მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული კამპანია გააკრიტიკა, მათ შორის „შეთქმულების თეორია“ უწოდა „მეორე ფრონტის“ ნარატივს, უარყო მითები, რომ ევროკავშირს სურს ომის საქართველოში და განაცხადა, რომ „ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ „მეორე ფრონტის“ საკითხთან დაკავშირებით“, მასაც ბრალად დასდეს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის სურვილი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის გამოსვლის პასუხად განაცხადა, რომ „მეორე ფრონტის“ საფრთხე შეთქმულების თეორია არ არის და „გლობალური ომის პარტია“ არსებობს, რომელიც დაინტერესებულია უკრაინაში პირველი ფრონტის გახანგრძლივებით, ისევე როგორც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით. კობახიძის თქმით, საქართველომ თავი უნდა დაიცვას ამ საფრთხეებისგან და ქართული საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, რომ არ დაუშვას საქართველოს „უკრაინიზაცია“. ირაკლი კობახიძის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად არის ინფორმირებული, თუმცა კვლავ აგრძელებს საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები და პროპაგანდისტული წყაროები თავს ესხმიან ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს

საქართველოში ყოფნის პერიოდში, ვიოლა ფონ კრამონი დაესწრო აქციას ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, რომელსაც ბრალად ედება 7-8 მარტის აქციებზე მოლოტოვის კოქტეილის სროლა და პოლიციის მანქანის დაწვა. აღნიშნულმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეშფოთება გამოიწვია და ბიძგი მისცა ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ კომენტარების და პროპაგანდის მორიგი ტალღის დაწყებას:

  • პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა: „ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები (იგულისხმება საქართველოს მიმართ კრიტიკული ერთ-ერთი რეზოლუცია), ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“.
  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბოლო ხანებში ეს პიროვნება [ვიოლა ფონ კრამონი] ძალიან გამოირჩა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით.
  • პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქალბატონი ვიოლა მუშაობს სწორედ იქ, „სადაც კანონი სჯის მოქალაქეებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას, გადასახადების გადამხდელების ფულით ნაყიდი ქონების დაწვას, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩამოსულია სრულიად საპირისპირო მიზნით“.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დამამცირებელი ფორმით განაცხადა, რომ ფონ კრამონი მიტინგებზე დარბის და ამ ტონალობაში საუბარი შეეშალა, რასაც „იმედია რომ გაიგებს და ბოდიშს მოიხდის“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, დისკრედიტაციის კამპანიაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულების პროპაგანდისტული წყაროები:

  • ვიოლა ფონ კრამონი ჩართულია რევოლუციურ სცენარში საქართველოში, რომ უკრაინის ევრომაიდნის მსგავსად დაამხოს ხელისუფლება და მისი ჩამოსვლის მიზანი სწორედ ეს არის. პროპაგანდის თანახმად, სწორედ ამისთვის ამზადებდნენ საქართველოს ბოლო 30 წლის მანძილზე - რომ საჭირო მომენტში გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ და ეს მომენტი ახლა დადგა. შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც ხორციელდება ზეწოლა რუსეთის წინააღდეგ ომში ჩასართავად.
  • ვიოლა ფონ კრამონს შეურაცხმყოფელი ტონით ადანაშაულებდნენ ფარისევლობაში, რომ მას აშშ-ში არ გაუპროტესტების კაპიტოლიუმთან მიმდინარე მიტინგების დროს პოლიციის მხრიდან ქალისთვის სროლის ფაქტი, ისევე როგორც ამჟამად არ მონაწილეობს საპროტესტო გამოსავლებში პარიზსა და ვაშინგტონში გამართულ დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად;
  • ვიოლა ფონ კრამონს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან ერთად ადანაშაულებდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში.
  • პრორუსული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“-ს ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო აცხადებდა, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აქციაზე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით მივიდა, რომელიც სპეცრაზმზე მოლოტოვის კოქტეილის სროლის გამო დააკავეს. მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების მიმართ უკიდურესად აგდებული დამოკიდებულება და შეურაცხყოფაა ის რომ გლობალისტური იმპერიის ოფიციალური პირები პირდაპირ და უყოყმანოდ გვეუბნებიან, რომ მათ აგენტების მიერ ჩადენილი საშინელებების მიუხედავად და მაშინაც კი თუ მათ ბრალად ედებათ ადამიანების ცოცხლად დაწვა და პარლამენტში შეჭრა, ქართული კანონმდებლობა მათზე არ უნდა გავრცელდეს და სახელმწიფომ არ უნდა გაბედოს ასეთ ქმედებებზე რეაგირება.
  • ქალბატონ ფონ კრამონს ასევე ადანაშაულებდნენ ტერორიზმის მხარდაჭერაში რადგან იგი მხარს უჭერს „ოფიციალურად გეი ადამიანს“, რომელიც ადამიანებს მოლოტოვის კოქტეილებით წვავს.
  • აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე ხაზი გაესვა, რომ სახალხო დამცველი არ იცავს ქართველებს, მაგალითად მათ ვინც 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის დროს დააკავეს და იცავს მხოლოდ ლგბტ-ს და ყველას ინტერესებს ტრადიციების მომხრე ქართველების გარდა.

საქართველოში გავრცელებულ რუსულ პროპაგანდაში უკრაინის შესახებ კიევ-პეჩერის ლავრის საკითხი დომინირებს:

  • უკრაინაში მდებარე კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) დაქვემდებარებიდან უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დეზინფორმაცია ესხმოდა თავს პრეზიდენტ ზელენსკის და მისი მთავრობას, როგორც ქრისტიანობის წინააღდეგ მებრძოლებს. საქართველოში მოქმედი პრორუსული წყაროები შეეცადნენ, რომ კიევ-პეჩერის ლავრის კრიზისი უკრაინის ხელისუფლების „ანტიქრისტიანულობაში“ დასადანაშაულებლად გამოყენებინათ.
  • გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ცდილობს გაიმყაროს ქრისტიანული რწმენის დამცველის იმიჯი საქართველოში, სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლურ ქრისტიანად მიიჩნევს, ეს გზავნილი განსაკუთრებით სახიფათა. კერძოდ, პრორუსული წყაროები ცდილობდნენ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის ქრისტიანობასთან მებრძოლებად გამოყვანას, რომ შეემცირებინათ უკრაინის მიმართ საქართველოში არსებული სახალხო მხარდაჭერა.
  • რადგან რუსეთი დიდი ხნის მანძილზე ცდილობს ქრისტიანობის დამცველად თავის წარმოჩენას და საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას, რომ სწორედ რუსეთი უნდა იყოს საქართველოს მოკავშირე ერთმორწმუნეობის გამო, ეს შეიძლება დეზინფორმაციის სტანდარტულ მიმართულებად მივიჩნიოთ. აღნიშნული ასევე მიზნად ისახავს რუსეთის უკანონო შეჭრის გამართლებას უკრაინაში და ილუზიის შექმნას, რომ რუსეთი უკრაინაში ქრისტიანობას იცავს (აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად განაცხადა პარტნიორობამ ღია ინფორმაციისთვის და უკრაინის ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციის სამუშაო ჯგუფმა, რომლის წევრიც არის „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“. მაგალითად, პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ უკრაინის ხელისუფლება მღვდლებს მასიურად აძევებდა ეკლესიებიდან. თუ გსურთ მიიღოთ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული პროპაგანდის ყოველკვირეული მონიტორინგის ანგარიში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 12 სახელმწიფოდან, გთხოვთ მიმართეთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ კომუნიკაციების მენეჯერს (საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია ბრიფის ბოლოში).
  • პრორუსული პროპაგანდისტები მიმართავდნენ „რუსოფობებს“ და ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის დამარცხება იქნება საქართველოს დამარცხების ტოლფასი. მათი თქმით, საქართველომ უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკა, რადგან აშშ, ნატო და ევროკავშირი არ არიან მხსნელები და რეალურად საქართველოს დაღუპვის გზაა. დასავლეთი ასევე დახასიათებელი იყო როგორც გარყვნილების წყარო. მათი მტკიცებით, ქართული მხარე ვერ აცნობიერებს, რომ დასავლეთმა ის მიატოვა და მასში ინტერესი დაკარგა და კვლავ ცდილობს ამის ხელოვნურად შენარჩუნებას. პროპაგანდისტები ხოტბას ასხამდნენ პუტინს, რომელმაც სულ რაღაც ორ ათწლეულში, რუსეთი დაჩოქილი ქვეყნიდან ზესახელმწიფოდ აქცია და რომელიც არ აძლევს აშშ-ს მსოფლიოს დაპყრობის საშუალებას. ასევე ასკვნიდნენ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ხალხებს, მათ შორის ქართველებს აძლევს აშშ-ის უღლიდან თავის დახსნის საშუალებას.
  • პრორუსული პროპაგანდის თანახმად, რუსული ტანკები მალე შევლენ ბერლინში და გერმანელი ნეოფაშისტები, ასევე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები, პირველ რიგში კი აშშ, საშინელ დღეში აღმოჩნდებიან.
  • პრორუსული პროპაგანდა ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთთან ერთად, აშშ და ევროპა დგანან სანქციებით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური დანაკარგების წინაშე და დასავლეთმა ვერ შეძლო მხოლოდ რუსეთისთვის ზიანის მიყენება.
  • პროპაგანდის თანახმად, ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბახმუტს გააჩნია მხოლოდ პოლიტიკური და არა ტაქტიკური მნიშვნელობა, რადგან ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, დასავლური დახმარება უკრაინის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდება და შესაბამისად უკრაინის მოსახლეობაში საომარი სულისკვეთება გაუარესდება, ხოლო ზელენსკი იძულებული იქნება რუსეთთან დათმობაზე წავიდეს, რასაც ელოდება კიდეც პუტინი. შესაბამისად, პროპაგანდის მტკიცებით, ბახმუტის დაცემის შემთხვევაში ზელენსკი დაადანაშაულებს დასავლეთს და უკრაინულ საზოგადოებას და იძულებული იქნება ხელი მოაწეროს გარკვეულ დათმობას. პროპაგანდა დამატებით ავითარებდა მოსაზრებას, რომ უკრაინის დანაკარგები უკვე აღემატება 400,000.
  • პრორუსულ „ალტ-ინფოზე“ აღინიშნა, რომ ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა წითელი ხაზები გადაკვეთეს და ცდილობენ მთავრობის დამხობას იმ პირობითაც კი, თუ ეს გამოიწვევს საქართველოს გაწირვას ომისთვის და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა

  • რუსეთის მხრიდან უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული რეგულარული დარტყმებიდან ყურადღების გადასატანად, ჩამოთვალა აშშ-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნების დაბომბვის 34 შემთხვევა;
  • აშშ-ის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებოდა ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები;
  • პრორუსი პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ის არმია ამაყობს პირველი გეი მებრძოლების დანაყოფით;
  • გამოქვეყნდა შეურაცხმყოფელი პუბლიკაცია კელი დეგნანთან დაკავშირებით, სადაც ეჭვი იყო გამოთქმული მის გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე

  • 27 მარტი - 2 აპრილის კვირაში, რუსული პროპაგანდის წყაროები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე აქტიურად ავრცელებდნენ ფართოდ ცნობილ ნარატივებს - ერთ-ერთ სამიზნე იყო უკრაინის ურყევი მხარდამჭერი პოლონეთი, რომელთან დაკავშირებით პრორუსული ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ პოლონური სახელმწიფო ტელევიზია „უკვე ყოფს უკრაინას“. კერძოდ, ვირუსულად გავრცელებულ პუბლიკაციებში აღნიშნული იყო, რომ „რუკაზე ნაჩვენებია, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი სრულად შევა რუსეთის შემადგენლობაში. დასავლეთი ნაწილი შეუერთდება პოლონეთს. მცირე ზომის ტერიტორიები გადაეცემა რუმინეთსა და უნგრეთს“. ეს ყველაფერი წარმოადგენდა მანიპულაციას, თუმცა პროპაგანდისტების მიერ გავრცელებული ვიდეო რეალურია და უკრაინის დანაწევრებული ტერიტორიების ამსახველი რუკა ნამდვილად უჩვენეს პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის არხზე TVP1, თუმცა შინაარს არაფერი აქვს საერთო პოლონეთს მხრიდან მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების მიტაცების სურვილთან. TVP1-მა დაყოფილი უკრაინის რუკა აჩვენა 2014 წელს რათა მაყურებლებისთვის განემარტა თუ რას გულისხმობდა რფ-ის სახელმწიფო დუმის მაშინდელი ვიცე-სპიკერის ვლადიმირ ჟირინოვსკის შეთავაზება, რომელმაც ოფიციალურად მოუწოდა პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს უკრაინის ტერიტორიის დაყოფისკენ.
  • ევროპის და აშშ-ის ათეისტების და ჭეშმარიტი რწმენის მტრებად წარმოსაჩენად, რომელსაც იცავს მესამე რომი ანუ რუსეთი, სოციალური მედიის ანგარიშებზე გამოიგონეს ამბავი, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან შეხვედრის დროს, ლიეტუვას სეიმის სპიკერმა ვიქტორია შმილიტე-ნილსენმა მას უთხრა, რომ მიუღებელია, რომ ღმერთი იფარავს „კრემლის იმპერალიზმს“. აღნიშნული განცხადება რუსული წყაროების გარდა არსად არ იძებნება.
  • ასევე, კრემლისტურმა პროპაგანდამ კვლავ გააქტიურა ზელენსკის ნარკოდამოკიდებულების შესახებ მათი საყვარელი ნარატივი, რომლის გამყარებას ამჟამად შეეცადა მორიგი ვიდეოს დახმარებით, რომელიც მათ შორის „ტვიტერზე“ გააზიარა დმიტრი პოლიანსკიმ, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ. ვიდეოში თითქოს ნაჩვენებია, ზელენსკის მხარდამჭერი ევროპარლამენტარის მიერ კოკაინის მოხმარება. სინამდვილეში, ვიდეოში ჩანს არა ევროპარლამენტარი, არამედ ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი იენს მეიერი, რომელიც იყო ულტრამემარჯვენა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტული ფრთის Der Flügel-ის წევრი და რომელიც მაღალი ალბათობით ვიდეოში ყნოსავს თამბაქოს.