logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 17 – 30 აპრილი

CC9aAYIVIAE71kZ.png
05 მაისი, 2023
 0

წამყვან პოლიტიკურ დისკურსში კვლავ შენარჩუნებული იყო „მეორე ფრონტის“ შესახებ შეთქმულების თეორია და ანტიამერიკული პროპაგანდა:

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა ჯგუფებმა თბილისში აქცია გამართეს, რომლის მთავარ გზავნილს წარმოადგენდა მადლობის გადახდა მთავრობისთვის, ზეწოლის მიუხედავად, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. აქციის ლიდერები ასევე ამტკიცებდნენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვებს უნდათ რევოლუციის ორგანიზება. თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მოიწონა აქციის სულისკვეთება, რაც მისი აზრით მშვიდობის მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. ანალოგიურად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დადებითი შეფასება მისცა აქციას და განაცხადა, რომ შეკრებილი ხალხი გამსჭვალული იყო ქართული იდეით და სიფრთხილით ეკიდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. აქციის მონაწილეებმა დაასახელეს შემდეგი მოთხოვნები: მიეცეს „ნაციონალური მოძრაობის“ „დიქტატორულ რეჟიმს“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება და აღსრულდეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით, ხელისუფლებამ გაატაროს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკა რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა, შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობა, სკოლებში ფუნდამენტური განათლების დანერგვა; ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავების შეწყვეტა სასწავლო დაწესებულებებში, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, ნარკოტიკებთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხების დახვეწა და ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა;

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ „სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა“. მისი თქმით, საკვანძო გადაწყვეტილებებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყო საქართველოს გარდაუვალი და სრული განადგურებისგან გადარჩენა.
  • მამუკა მდინარაძე ასევე აცხადებდა, რომ ოპოზიციის გეგმა შემდეგია: „საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი არ დამთავრდება (ოპოზიციის გათვლით), ომში ჩაერთონ და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის“. მისი თქმით, „ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ხალხის ინტერესი დავიცვათ - ქვეყანა ომში არ შევიდეს, ქაოსი არ იყოს და ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოთამაშე, პატარა პაიკი არ გახდეს, რომელსაც ადვილად გაწირავენ.
  • „ალტ-ინფოს“ გადაცემაში ამტკიცებდნენ, რომ მოვა დრო, როდესაც დასავლეთი სანქციებს დაუწესებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს და ბიძინა ივანიშვილს, რადგან დასავლური ძალების სასიცოცხლო ინტერესია, რომ საქართველო ჩაერთოს რუსეთთან ომში და არ წააგონ მესამე მსოფლიო ომი, რომელიც უკვე დაიწყეს ჩინეთის წინააღმდეგ.

ყურადღების ცენტრში რჩება აშშ-ის გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესახებ:

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ქართული მხარე აშშ-სგან კვლავ ითხოვს მტკიცებულებების წარმოდგენას, ოთხი ქართველი მოსამართლის საქმესთან დაკავშირებით [რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა], მაგრამ აშშ-ს ელჩი საქართველოში ქართველ ხალხს „ღირსად არ თვლის“ რომ მტკიცებულებები წარადგინოს, რაც ბუნებრივია კატეგორიულად მიუღებელია და „არის არასწორი დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების მიმართ“.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამერიკის ელჩი მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს და ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. განცხადების მიხედვით, ელჩის ქმედებების და აშშ-ის სანქციების მიზანია, რომ საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა „აგენტურას“ ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს. ამას გარდა, კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს იტყვის. „ხალხის ძალისთვის“ აღნიშნული განცხადება ნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, „რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა.

ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფები საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლისკენ მოუწოდებენ:

  • ზემოხსენებული აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ვატო შაქარაშვილის მტკიცებით, „ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რა არის ამ ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების გარანტია, მშვიდობის შენარჩუნების გარანტია, რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა, რომელიც შესაძლოა, დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში, უსაფრთხოების განმტკიცებაში და ქვეყნის გაერთიანებაში არა ომით და ტანკებით, როგორც ამას ქვეყნის გარედან მოგვიწოდებენ, არამედ მშვიდობით, განვითარებით, წინსვლით და სიყვარულით იმ ძმების და დების, რომელთა მიმართებითაც ჩვენ წარსულში შეცდომები დაშვებული გვაქვს“ (პარლამენტის თავმჯდომარე არ დაეთანხმა აღნიშნულ მოსაზრებას და აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიისწრაფვის ნატოსკენ, თუმცა დასძინა, რომ ვატო შაქარაშვილის განცხადება ასევე არ ყოფილა ანტიდასავლური. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მოლდოვას ოფიციალურად აქვს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არავინ უწოდებს ანტიდასავლურს).
  • პრორუსული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები კვლავ ავრცელებდნენ პროპაგანდას მანტრად ქცეულ მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო დანაწილების მიმდინარე პროცესების და დედოლარიზაციის გამო სამყარო ხდება მულტიპოლარული. შესაბამისად, მოსწონს ეს საქართველოს თუ არა, ქვეყანა აღმოჩნდება ძალაუფლების ერთ-ერთ პოლუსზე და სავარაუდოდ საქართველო სწორედ რუსეთის გავლენის სფეროში მოხვდება.

„ქართული ოცნების მხარდამჭერები და კრემლისტური ძალები ავრცელებდნენ ევროკავშირის და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას და ხაზს უსვამდნენ საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას:

  • აქციაზე გაკეთებული განცხადებების ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა: „ის ქვეყნები [აშშ და ევროპული სახელმწიფოები], რომლებიც ჩვენ ვითომდა მეგობრებად გვევლინებოდნენ, დღეს ვხედავთ, რომ შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩაერივნენ. ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღირსების შელახვას“, „ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია, ეს იქნება ბრიუსელი, ვაშინგტონი, მოსკოვი თუ სხვა რომელიმე დედაქალაქი“, „საქართველოს ბედი ვერ გადაწყდება ვერც მოსკოვში, ვერც ბრიუსელში და ვერც კიევში“, „ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ „არა“ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებს, ქვეყნის არევას და დაპირისპირებას, ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს, დამცირებას და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევას და სიმშვიდის დასამარებას“.
  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ წამყვანი ამტკიცებდა, რომ ვიოლა ფონ კრამონს, ანდრიუს კუბილიუსს და სხვა ევროპარლამენტარებს საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით ფინანსური ინტერესები გააჩნიათ, რადგან სხვა შემთხვევაში ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებდა კომენტარს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველაზე საკითხზე, მათ შორის არ გააკრიტიკებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის წევრ უნგრეთში ვიზიტისთვის. კიდევ ერთი წამყვანი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ადანაშაულებდა საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში.
  • პრორუსულად განწყობილი პროფესორი, რომელიც ერთხელ საკუთარმა სტუდენტებმა აუდიტორიიდან გააძევეს პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებების გამო, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ეთერში ამტკიცებდა, რომ საქართველოში არსებული აღქმების საპირისპიროდ, ევროპული ინტეგრაცია შედეგად საქართველოში მერსედეს ბენცის წარმოება ან სუპერტექნოლოგიების იმპორტი არ დაიწყება, თუმცა დაიწყება პროპაგანდის, გარყვნილების და ლგბტ კულტურის შემოტანას, რაც ანგრევს თითოეული ერის შეგნებას.
  • პრორუსული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ამტკიცებდნენ, რომ არც უკრაინას და არც მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შანსი არ გააჩნიათ. ერთ-ერთი მათგანი ავითარებდა შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმადაც, დიდი რაოდენობით ფული ევროპიდან იხარჯებოდა და კვლავ იხარჯება უკრაინზე, უკრაინისვე გასანადგურებლად. მისი თქმით, უკრაინის აღდგენა ძალიან ძვირი დაჯდება და ამისთვის ხარჯებს არავინ გაიღებს, ისევე როგორც არავინ მიიღებს განადგურებულ უკრაინას ევროკავშირში, რადგან ასეთ შემთხვევაში ამის დაფინანსება ევროპას და ევროპელ გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ.
  • ალტ-ინფო“ ასევე იცავდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და ამბობდა, რომ ევროკავშირის მიერ უნგრეთის სანქცირება და დახმარების გაყინვა წარმოადგენს უპატივცემულობას არა მხოლოდ ორბანის, არამედ უნგრელი ხალხის არჩევანის მიმართ, რადგან მათ ორბანი მისი ანტილიბერალური პოლიტიკის გამო აირჩიეს.
  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ ექსპერტი აცხადებდა, რომ იმ კანონის უქონლობა, რომლითაც ხალხს საშუალება ექნება მოითხოვოს და ჩაატაროს რეფერენდუმი/პლებისციტი გადაწყვეტილებების მისაღებად, შეუძლებელს ხდის, რომ საქართველოს ჰყავდეს ნეიტრალური და ობიექტური მედია, აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. პროპაგანდის თანახმად, კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის ასეთ პროცესს, მიღებულ იქნა ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევის შედეგად, ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობის დროს და მიზნად ისახავს ქართველ ხალხს აუკრძალოს საკუთარი ხედვების პრაქტიკაში განხორციელება, ისევე როგორც ქართველი ხალხის დადუმებას და მათი შეხედულებების მარგინალიზებას.
  • „ალტ-ინფოს“ წამყვანები აცხადებდნენ, რომ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და ამ კუთხით განსაკუთრებით გამოყოფდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომით საკითხებში აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს. ერთ-ერთი წამყვანის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არ უნდა მუშაობდეს დასავლეთიდან წამოსულ, მათ შორის დევიდ კრამერის მიერ გახმოვანებულ მოთხოვნებზე, რადგან ასეთი ვითარება სრულად უთხრის ძირს საქართველოს სუვერენიტეტს. წამყვანი ასევე აფასებდა „ქართული ოცნების“ პოზიციას და ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წუწუნი მედიაში თუ რა ცუდია დასავლეთი და თუ როგორ ერევა ის საქართველოს შიდა საქმეებში უადგილოა, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ, ისინი კვლავ აგზავნიან დელეგაციებს ბრიუსელში.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი - დეზინფორმატორების კვირის მთავარი სამიზნე

  • პრორუსული „ალტ-ინფო“, რომლის ორგანიზებით წარსულში ძალადობრივი ანტი-ლგბტ აქციები გაიმართა, სპეკულირებდა, რომ მაისის მოახლოვებასთან ერთად, გაჩნდა ხმები, რომ აშშ არ აპირებს ელჩი კელი დეგნანის გაწვევას, რომლის ვადა პრაქტიკულად ამოიწურა, რადგან კელი დეგნანი აპირებს ჩაიბაროს გეი აღლუმი თბილისში (სავარაუდოდ იგულისხმება ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც 17 მაისს აღინიშნება.
  • „ალტ-ინფო“ აგრძელებდა დისკრედიტაციის კამპანია აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ ის განაგრძობს ჩვეულ საქმიანობას - საქართველოს სამართლადამცავი სისტემის და მთავრობის გაკიცხვას, ასევე ისეთი დირექტივების გაცემას და კრიტიკას, რომელიც აღემატება ელჩის უფლებამოსილებას. „ალტ-ინფოს“ თანახმად, ასეთ ვითარებაზე დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება, რადგან ხელისუფლებას რომ სწორად ემოქმედა, აშშ-ის ელჩი ვერ გაბედავდა მსგავსი ტიპის კომენტარების გაკეთებას, თუმცა ამის საპირისპიროდ ის ახლა უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ადრე.
  • პროსახელისუფლებო პოლიტიკური ექსპერტი გია აბაშიძე ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ არ ავნოს ორმხრივ ურთიერთობებს, რადგან აბაშიძის შეფასებით, ელჩი ცდილობს დაიცვას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც მცირე ხნის წინ „ბიბისიმ“ ბრალი დასდო მილიარდი დოლარის მოცულობის თაღლითური სქემის ორგანიზებასა და ძირითადად ევროპელი პენსიონერის თაღლითურად ძარცვაში.
  • პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ აცხადებდა, რომ ერთადერთი სახელმწიფო რომელიც ხელს უშლის დასავლეთის გეგმებს მცირე ერების ჩაგვრასთან დაკავშირებით, არის რუსეთი და სწორედ ამიტომ ცდილობენ აშშ და ევროკავშირი რუსეთის განადგურებას. დასავლეთი ცდილობს, რომ თვითონ ნაკლებად დაზიანდეს და ამიტომ, ნახევარი ან მესამედი უკრაინა უკვე შეაკლა რუსეთს და დანარჩენსაც იგივე ბედი ელის უახლოეს თვეებში.

ყურადღების ცენტრშია საზოგადოებრივი აზრის კვლევები და არჩევნები:

  • პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ამტკიცებდა, რომ 2024 წელს სრულად პროპორციული სისტემით გასამართი საპარლამენტო არჩევნები მარტივად გასაყალბებელია, რადგან გამოყენებული იქნება ხმის მიცემის ელექტრონული მოწყობილობები;
  • რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას საქართველოში სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით.