logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ერთდროულად გმობენ როგორც ძალადობას, ისე „ლგბტ პროპაგანდას“

c9154e5c-7867-4bf0-997c-9f3390ee6615_w1080_h608_s.png
01 აგვისტო, 2023
 0

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ერთდროულად გმობენ როგორც ძალადობას, ისე „ლგბტ პროპაგანდას“

ჰომოფობიური ჯგუფების მიერ დახურულ კერძო სივრცეში დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლის შემდეგ, მომდევნო დღეს „ქართულმა ოცნებამ“ და მასთან აფილირებულმა, მმართველი ძალის ყოფილი დეპუტატებით დაკომპლექტებულმა „ხალხის ძალამ“, რომელიც კვლავ რჩება საპარლამენტო უმრავლესობაში და გამოყოფის მიზეზად „სიმართლის ლაპარაკის“ სურვილს (რეალურად კი ანტიდასავლური პროპაგანდის ღიად გავრცელებას) ასახელებს, აქტიურად დაიწყეს ხაზგასმა იმაზე, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და პოლიციელებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, ამის ფონზე კი საერთოდ არ ახსენებდნენ იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს ლგბტ თემის შეკრების უფლების უზრუნველყოფა და ორგანიზატორები იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ დაგეგმილი ღონისძიება. ძალადობის დაგმობასთან ერთად, „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წევრებმა ასევე დაგმეს „ლგბტ პროპაგანდა“ და ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ლგბტ თემმა მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვამდე მოსახლეობის უმრავლესობის აზრი უნდა გაითვალისწინოს.

  • 13 ივლისს, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მისი აზრით „თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს [მოძალადეთა ჯგუფება] დააკავებენ და დასჯიან.“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებით, „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე არავინ დაზიანებულა.
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ელჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებას არ უნდა აძლევდეს, თუ ვინ უნდა დაიჭირონ. პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „თბილისი პრაიდთან“ ჰქონდა შეთანხმებული გეგმა, კონტრაქციაში მონაწილე ადამიანების რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწია ადამიანების ჯანმრთელობის შეკრების თავისუფლებაზე წინ დაყენება.
  • „ქართული ოცნების“ ერთე-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა ასევე უპასუხა ელჩი დეგნანის განცხადებას და აღნიშნა, რომ ის და მისი პარტია ძალადობის წინააღმდეგია და კონკრეტული მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ყველა უნდა დაისაჯოს. თუმცა, კახა კალაძის განცხადებით, ძალადობის წახალისება მოხდა 7-8 მარტს „უცხოეთის აგენტის კანონპროექტის“ წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებით, „როდესაც პოლიციის მისამართით ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, დაწვის მცდელობა, ძალიან მძიმე იყო ფაქტები, როდესაც ვხედავდით ქალაქის განადგურებას, ავტომობილების დაწვას და ა.შ.“
  • პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამტკიცებდა, რომ საქართველო მოწყვლადია და შესაბამისად, ძალადობა დიდ ზარალს მიაყენებს ქვეყანას და კიდევ უფრო გაამწვავებს საგარეო და საშინაო საფრთხეებს. მისი მოსაზრებით, ახალი იდეის დამკვიდრება უნდა მოხდეს განათლების და არა ძალადობის გზით. კიდევ ერთ განცხადებაში, გიორგი ვოლსკიმ ახსენა ინტერნეტში განთავსებული ქართულად გახმოვანებული ანიმაციური ფილმი, რომელში გეი წყვილია ასახული და განაცხადა, რომ ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაა. იგი ასევე ეჭვობდა, რომ ასეთი ვითარების შექმნაში ოპოზიციაა გარეული, რადგან ასეთი ტიპის ფილმები სოციალური დაპირისპირების გაზრდას უწყობენ ხელს.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ასევე დაგმო ანიმაციური ფილმი და განაცხადა, რომ „ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი ისე ვერ გადაიქცევა, როგორც შეიძლება ეს მავანს უნდოდეს, რომ აქ სოდომ-გომორის ცოდვით იყვნენ ადამიანები დაკავებული“. მისი თქმით, ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ყველას მოუწოდებს, რომ მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ ამ ამორალობასთან დაკავშირებით. ღუდუშაურმა ასევე გაიხსენა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც მან „ლგბტ პროპაგანდის“ საფრთხეების შესახებ ისაუბრა.
  • „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ხელისუფლებას იცავდა მათგან, ვინც მმართველ პარტიას აკრიტიკებდნენ ლგბტ თემისთვის ღონისძიებების ორგანიზებაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. ქართველიშვილის შეფასებით, ლგბტ თემის პროპაგანდა არის „ლუციფერის იდეოლოგიის მხარდაჭერა და დანაშაული კაცობრიობის წინაშე“, მაგრამ ხალხს უნდა ახსოვდეს, თუ უკანასკნელ წლებში როგორ შემცირდა ლგბტ თემის მხრიდან ღონისძიებების ორგანიზების და გამართვის მცდელობები. ამას დავით ქართველიშვილი მმართველი პარტიის დამსახურებად მიიჩნევდა.
  • „ხალხის ძალის“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ამტკიცებდა, რომ ლგბტ პროპაგანდის მიზანს წარმოადგენს, რომ ადამიანი ნეიტრალური გახდეს აღნიშნული საკითხის მიმართ და დაიჯეროს, რომ ეს სუსტების დაცვას ემსახურება. თუმცა, მისი შეფასებით, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ამასთან, საზოგადოებაში ლგბტ ადამიანების არსებობის აღიარების ფონზე, ყაველაშვილი აცხადებდა, რომ პროპაგანდა საზიანოა და აღნიშნულის მაგალითად მოჰყავდა აშშ-სა და საფრანგეთში არსებული ვითარება.
  • „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ძალადობის დაგმობის მიუხედავად, აცხადებდა, რომ საჯარო ღონისძიების ორგანიზებამდე საჭიროა უმრავლესობის ნების გათვალისწინება. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება ყველასთვისაა და ძალადობა უნდა დაიგმოს, თუმცა „ასეთი პროპაგანდა მიუღებელია საქართველოში!“

სოციალურ მედიაში მასობრივად ვრცელდება ორგანიზებული ანტი-ლგბტ პროპაგანდა

უკანასკნელი კვირების განმავლობაში განსაკუთრებულად გააქტიურდა ანტი-ლგბტ პროპაგანდა და დეზინფორმაცია. „პრაიდ ფესტივალის“ წინა დღეებში სოციალურ მედიაში მკვეთრად გაიზარდა ძალადობრივი, ჰომოფობიური და ანტიდასავლური პოსტების რაოდენობა (რაც აღნიშნულია „გრასის“ დეზინფორმაციის ბრიფის წინა ნომერში), რაც მოიცავდა ზოგადად ანტი-ლგბტ შინაარსის მასალებს, ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებებს, „პრაიდ ფესტივალის“ დასარბევად მობილიზებისთვის მოწოდებებს, ხოლო უკვე 8 ივლისის შემდეგ, ღონისძიების ძალადობრივი გზით ჩაშლის აღსანიშნავ პოსტებს.

  • მოწოდებები ანტი-ლგბტ დემონსტრაციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით განსაკუთრებით გახშირდა დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ მოახლოვებასთან ერთად და საბოლოოდ აღნიშნული დემონსტრაციის მონაწილეებმა შეძლეს „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლა. ერთ-ერთ პროპაგანდისტი გამოქვეყნებული პოსტით მოუწოდებდა ადამიანებს დემონსტრაციაზე დასწრებისა და ერთხელ და სამუდამოდ ლგბტ პროპაგანდის თავიდან მოშორების მიზნით. კიდევ ერთი ცნობილი პროპაგანდასტი აკრიტიკებდა მათ, ვინც არ გეგმავდა დემონსტრაციაზე დასწრებას, ხოლო ეკლესიის მღვდელი ამტკიცებდა, რომ დასავლური, სოდომური, ლიბერალური სამყარო ქვეყნის დაპყრობას ცდილობს. ცნობილმა პროპაგანდისტმა ვრცელი ტირადა მიუძღვნა საკითხს, თუ როგორ გეგმავენ ჰომოსექსუალები ბავშვების წართმევას, მათთვის ტვინის გამორეცხვას და ქვეყნის გარყვნას. იგი აგრესიულად მოუწოდებდა ადამიანებს, რომ 8 ივლისს მონაწილეობა მიეღოთ ანტი-ლგბტ დემონსტრაციაში და აკრიტიკებდა მათ, ვინც ამას არ აპირებდა. აღნიშნული პიროვნება ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღებისკენ.
  • „პრაიდ ფესტივალზე“ თავდასხმის და ღონისძიების გაუქმების შემდეგ, პროპაგანდისტული წყაროები აზიარებდნენ პოსტებს სადაც ხოტბას ასხამდნენ 8 ივლისს ჩადენილ ძალადობას, ლგბტ თემს უწოდებდნენ სოდომიტ მტრებს და აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო მათი ქვეყნიდან გაძევება. აღნიშნული პოსტები გაჯერებული იყო უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ხოლო განვითარებული მოვლენები შეფასებული იყო როგორც სატანაზე გამარჯვების დღედ, რომელიც საქართველოს ისტორიას დარჩება, რადგან მოხერხდა გარყვნილების პროპაგანდის აღკვეთა. საგულისხმოა, რომ მოწოდებები ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით გააქტიურდა 8 ივლისის მოვლენების შემდეგ. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებში, სადაც გამოხატული იყო აღფრთოვანება „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებით, ასევე ნახსენები იყო, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები ლგბტ თემის თავიდან მოსაშორებლად.
  • საზეიმო პოსტებში ასევე უხვად იყო ანტიდასავლური რიტორიკა. პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლა, იყო არა მხოლოდ ქართული იდენტობის, კონსერვატიზმის და მართლმადიდებლობის გამარჯვება, არამედ გამარჯვება აშშ-ის და ევროკავშირის წინააღმდეგ. მღვდელის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ 8 ივლისს დამარცხდნენ აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები და გაჟღერებულია მიმართვა ხელისუფლებისადმი ლგბტ თემის შეკრების თავისუფლების ამკრძალავი კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
  • ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პროპაგანდისტმა, “ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ გამოაქვეყნა ვრცელი პუბლიკაცია, სადაც აქებდა როგორც აქციაში მონაწილე ადამიანებს, ისე აქციის მიზნებისთვის ფულის შემომწირველებს.
  • პრორუსული სოციალური მედიის ანგარიში ლგბტ თემს და მის მოკავშირეებს სხვადასხვა შეურაცხყოფის მიყენებასთან ერთად უწოდებდა ვულგარულსა და ამორალურს და ადანაშაულებდა საზოგადოებაში ოჯახისა და მორალის ცნების წაშლის მცდელობაში, ასევე ბავშვებისთვის გარყვნილებისა სწავლებასა და და პედოფილიის, ზოოფილიის და ინცესტის პროპაგანდაში.
  • პროპაგანდისტი აკრიტიკებდა და კიცხავდა ცნობილ ქართველ მსახიობებს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის და ამბობდა, რომ მათ არ გააჩნიათ გონიერება, რწმენა, და ერის სიყვარული.
  • სოციალური მედიის მომხმარებელმა გამოაქვეყნა ამერიკელი მართლმადიდებელი დეკანოზის, ჯოშია ტრენემის ციტატა, რომლითაც ის თითქოს ქართველებს აფრთხილებს „ლგბტ რევოლუციის“ და მისი შედეგების შესახებ. იგივე მომხმარებელი, ენერგიულად ამტკიცებდა, რომ ძალადობა არა დასაგმობი, არამედ აუცილებელია, ვინაიდან ქართველ ერს არ ჰყავს ლგბტ თემზე დიდი მტერი. მან ასევე გამოაქვეყნა იოსებ სტალინის ფოტო წარწერით „დახვრეტა ლგბტ ადამიანებს და მათ მხარდამჭერებს“.
  • კიდევ ერთი ანტიდასავლური წყარო ამტკიცებდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულ იქნა ტრადიციული ერების დასუსტების მიზნით და ხაზს უსვამდა, რომ უზნეობა და ცოდვა კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს. იგი ასევე ამბობდა, რომ ლგბტ ადამიანებმა უნდა იცოდნენ თავისი ადგილი და შეიგნონ, რომ პრაიდის ღონისძიება საქართველოში არ გაიმართება.
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტული პროფილი მტკიცედ აცხადებდა, რომ საქართველოში არასოდეს დაკანონდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება.
  • მორიგი პროპაგანდისტული წყარო აკრიტიკებდა „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიის დასაცავად მობილიზებულ პოლიციას, რომელიც მისი თქმით წინააღმდეგობას უწევდა იმ ხალხს რომლებიც „ყველაზე დამანგრეველი ცოდვის“ პროპაგანდას აპროტესტებენ. მისივე მოსაზრებით, პოლიცია ჯოჯოხეთური გარყვნილების სიმბოლოებს ხელფასის გამო იცავდა.
  • პრორუსულ „ალტ-ინფოსთან“ და სხვა ძალადობრივ ჯგუფებთან მჭიდროდ ასოცირებული პროპაგანდისტი ლგბტ თემის მოკავშირეებს, პროდასავლურად განწყობილ ხალხს და ყველას, ვინც გმობდა ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს პროვოკაციულად მოუწოდებდა წასულიყვნენ ლისის ტბაზე 8 ივლისს და ეცადათ ევროპული ღირებულებების დაცვა. პოსტში მინიშნებული იყო, რომ მათ ასევე ძალადობრივად გააძევებდნენ „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან.
  • რამდენიმე სხვადასხვა პროპაგანდისტული წყარო, განსაკუთრებით „ალტ-ინფო“ ავრცელებდა პროპაგანდას, რომ ლგბტ პროპაგანდისგან ბავშვების დაცვაზე საუბარიც კი საკმარისია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესისთვის პრობლემის შესაქმნელად. ასეთი უხეში რიტორიკით, მიმდინარეობდა დასავლეთის დისკრედიტაცია „საქართველოში გარყვნილების პროპაგანდის“ გავრცელების გამო. პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთის საელჩოების განცხადებით, მხოლოდ გარყვნილების დაკანონება აქცევს საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად და რომ საქართველო ნატოში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს შესვლას, თუ ის ლგბტ პროპაგანდას დაუშვებს.
  • კიდევ ერთი ცნობილი პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა საქართველოს მთავრობას უთხრა, დაუშვან ქართული სიწმინდეებისა და რწმენის შეურაცხყოფა.
  • სოციალური მედიის კიდევ ერთი მომხმარებელი მოითხოვდა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას. მისი თქმით, რადგანაც დღეს არსებული კანონი უმცირესობებს იცავს, ღონისძიებების მხოლოდ ჩაშლა უსარგებლოა და მუდმივად გაგრძელდება.
  • მორიგი პროპაგანდისტული პროფილი აზიარებდა მთავარეპისკოპოს სპირიდონის ნათქვამს, რომელიც მოუწოდებდა „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალავი კანონის მიღებისკენ, რომელიც მისი მოსაზრებით აუცილებელია საქართველოს დამღუპველი ცოდვისგან ხსნისთვის.
  • პროპაგანდისტული წყაროები ცდილობდნენ დასავლეთის დისკრედიტაციას იმაზე მითითებით, რომ ევროკავშირი და აშშ ლგბტ თემს მათ ღონისძიებებში ბავშვების ჩართვაში ეხმარებიან. ერთ-ერთმა ცნობილმა პროპაგანდისტმა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული „ალტ-ინფოსთან“ და სხვა ძალადობრივ ჯგუფებთან, ხაზი გაუსვა უცხოელების ყოფნას „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ცხადყოფს, თუ როგორ არის დასავლეთი საქართველოში ბავშვების გარყვნის მთავარი ლობისტი.
  • რამდენიმე წყარო ღიად მოუწოდებდა ლგბტ თემის მიმართ ძალადობისკენ. ძალადობრივ ჯგუფებთან მჭიდროდ დაკავშირებული პროპაგანდისტული პროფილი ყველა ქართველს მოუწოდებდა, გაეძევებინათ ლგბტ თემი საქართველოდან, რადგან ისინი „გეგმავენ ჩვენი შვილების განადგურებას“. კიდევ ერთი პროფილი დამცინავად მოიხსენიებდა ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობას. მართლმადიდებელი მღვდლის განცხადებით, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ლგბტ თემის შემთხვევაში ეს გმირობაა, რადგან საქართველოს მასზე უარესი მტერი არ ჰყავს და და თავის დაცვა სჭირდება.
  • კიდევ ერთი ცნობილი პროპაგანდისტული წყარო ევროპას და აშშ-ს „გარყვნილს და პირსისხლიანს“ უწოდებდა და დასძენდა, რომ საქართველოში გეი ადამიანებს ყოველთვის კლავდნენ და ასე გაგრძელდება მომავალში, სადაც მათ დამცველებსაც იგივე ბედი ეწევათ.
  • პროპაგანდისტულმა პროფილმა ვრცელი ტირადა მიუძღვნა ლგბტ თემს, სადაც მათ საჯაროდ უსურვა სიკვდილი.
  • მორიგი წყარო, რომელიც ძალადობის გამართლებას ცდილობდა, ლგბტ თემს უმრავლესობის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა. საგულისხმოა, რომ ქართულ საზოგადოებას ასეთი მტკიცებები მხოლოდ მარგინალური ჯგუფებისგან არ ესმის, რადგან 4 მაისს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისინი „არ დაუშვებენ ძალადობას უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ“ და ისინი ასევე „არ დაუშვებენ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობის წინააღმდეგ.“