logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი: აგვისტოს გამოცემა

batumi-e1690786567428.jpeg.png
31 აგვისტო, 2023
 0

გამოცემაში შესული საკითხები:

  • ქართული ოცნების“ და რუსი ოფიციალური პირების თანახმად, ბათუმში შემოსული რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული;
  • საჯარო სივრცეში განახლდა დებატები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ კვლავაც აგრძელებს სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დადანაშაულებას იმაში, რომ მათ ვერ მოახერხეს ომის თავიდან აცილება და ტერიტორიების დაკარგვა;
  • შოვში მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, დეზინფორმაცია კვლავაც აქტიურად ვრცელდება;
  • აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის გამოსამშვიდობებელმა ინტერვიუმ „ქართული ოცნების“ კრიტიკა გამოიწვია და პრორუსული წყაროების თავდასხმის სამიზნედ იქცა;
  • „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას „სამართლიანი არჩევნების“ და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ არგუმენტად იყენებს;
  • პრორუსული პროპაგანდა რუსეთს საქართველოს მხსნელად წარმოაჩენს და მოსკოვთან უფრო ახლო კავშირის საჭიროებაზე აქცენტირებს;
  • პროპაგანდის მტკიცებით, შოვში მომხდარ ტრაგედიასა და ბათუმში გამართულ აქციებზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება;
  • პროპაგანდა აშშ-ს ადანაშაულებს საქართველოს წარუმატებლობებსა და მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ ძირის გამოთხრაში. ასევე გრძელდება თავდასხმები აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე;
  • 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით პროპაგანდა დასავლეთს, ასევე საქართველოს და უკრაინის მთავრობებს რუსეთის აგრესიის პროვოცირებაში ადანაშაულებს. დასავლეთთან ინტეგრაცია წარმოჩინდება, როგორც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო;
  • უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული პროპაგანდა რუსეთს მსხვერპლად წარმოაჩენს და რუსეთის აგრესიის გამართლებს ცდილობს. ასევე გრძელდება ძალისხმევა უკრაინის მხრიდან ტერიტორიების გათავისუფლების ძალისხმევის დისკრედიტაციის მიზნით;
  • ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სუსტდებიან და ამ გზით ცდილობს ევროკავშირში საქართველოს წევრობის მისწრაფების დისკრედიტაციას.


ქართული ოცნების“ და რუსი ოფიციალური პირების თანახმად, ბათუმში შემოსული რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული

  • აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებს და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ არავინ უნდა ელოდოს გულთბილ მისალმებას იმ ქვეყნიდან წამოსული ხალხისა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის ელჩის საქმე და საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას აქციებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გააჩნია. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ელჩი დეგნანი ითხოვდა 8 ივლისს „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლაში მონაწილე ძალადობრივი ჯგუფის წევრების დაკავებას, მაშინ როდესაც მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია მარტში უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებულ და ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის თანახმად, ბათუმში გამართული აქციაც გარკვეულწილად ძალადობრივი იყო და დასძინა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 150 წევრის მიერ გამართული აქცია არ შეიძლება ჩაითვალოს ქართველი ხალხის პროტესტად.
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ასევე გააკეთა ანალოგიური განცხადება აშშ-ის ელჩის კომენტართან დაკავშირებით და ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ელჩის განცხადებას მანიპულაციური ხასიათი გააჩნდა, რადგან ბათუმში გამართული აქციები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის პოზიციას და იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული დემონსტრაციას. შალვა პაპუაშვილის თანახმად, ქართველი ხალხის სახელით ელჩებმა არ უნდა ისაუბრონ. ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამდა, რომ ელჩის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება ხელს უწყობს ძალადობას, მათ შორის ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ.
  • „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილის თქმით, ბათუმის აქციის მონაწილეები „პრიგოჟინის პარტიის“ აქტიური წევრები და მხარდამჭერები არიან და აცხადებდა, რომ მილიონობით რუსი ტურისტი იმყოფება ვიზიტად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.
  • რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა გამოეხმაურა ბათუმში გამართულ აქციებს და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს რფ-ის წინააღმდეგ გაცემული ბრძანების საფუძველზე მოწყობილ პროვოკაციას, რომელსაც რადიკალური ქართული ოპოზიცია, დასავლელი სპონსორების მითითების საფუძველზე აწყობს.
  • რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადება გააკეთა ბათუმში შესულ საკრუიზო გემთან დაკავშირებით. მისი თქმით, დემონსტრანტები იყვნენ „სააკაშვილის პარტიის აქტივისტები“, ხოლო სააკაშვილის მიერ რუსეთისა და რუსების მიმართ დათესილი სიძულვილის უჯრედი კარგ მდგომარეობაშის. გრიგორი კარასინის მინიშნებით, სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა აქციებით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს და ნათელია, თუ ვინ ეწინააღმდეგება მშვიდობიან ურთიერთობებს რფ-ს დაა საქართველოს შორის.


საჯარო სივრცეში განახლდა დებატები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ კვლავაც აგრძელებს სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დადანაშაულებას იმაში, რომ მათ ვერ მოახერხეს ომის თავიდან აცილება და ტერიტორიების დაკარგვა

  • ომის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუმცა სააკაშვილის უპასუხისმგებლობის გამო, ომმა საქართველო ძალიან დააზარალა. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქართველმა სამხედროებმა ფრონტის ხაზზე გმირობა და თავგანწირვა აჩვენეს, თვითმფრინავის ხმით დამფრთხალი სააკაშვილი შეშინებული გაიქცა და მიწაზე იყო გართხმული მთელი მსოფლიოს დასანახად. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლებას არ აინტერესებდა დაღუპული გმირები ან დაკარგული ტერიტორიები, ზრუნავდა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე და ღალატი ჩაიდინა. მან ასევე დასძინა, რომ ყველამ იცის, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, თუმცა მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და მმართველი პარტიის ამოცანას წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების პრაგმატული და გონივრული პოლიტიკით დაბრუნება. პრემიერ-მინისტრმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდა „ომის და ღალატის პარტია“ და განაცხადა, რომ მან საზოგადოებაზე მეტი იცის ომის შესახებ, მაგრამ საქართველოს ინტერესების დასაცავად თავს იკავებს გასაჯაროვებისგან.
  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მსგავსი განცხადება გააკეთა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინა მთავრობას მოღალატე უწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ღალატმა ომამდე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა. მმართველი პარტიის ლიდერი ასევე ხაზს უსვამდა, რომ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანის საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს.
  • პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მმართველი პარტიას უამრავ აბსურდულ ბრალდებას უყენებენ, სინამდვილეში თვითონ მათ ვერ მოახერხეს ომის თავიდან აცილება. ამას გარდა, მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ქართველ ხალხს არწმუნებდა, რომ რუსეთის ფედერაცია დაპირისპირებაში პირდაპირ მონაწილეობას არ მიიღებდა, რის გამოც ათეულობით ადამიანი დაიღუპა. სააკაშვილმა მებრძოლები ბრძოლის ველზე მიატოვა და რუსთაველის გამზირზე პერფორმანსი გამართა.
  • პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპელი სოციალისტები“ კიდევ ერთხელ მოუწოდა 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ. პარტიის ლიდერის, ფრიდონ ინჯიას თანახმად, სააკაშვილი ამერიკის აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და ვაშინგტონის ყველა დავალებას ასრულებდა, რომელთა შორის იყო ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, ციხეების გადავსება, პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება და სხვა. ფრიდონ ინჯია ხაზს უსვამდა, რომ სააკაშვილმა 2008 წლის ომის პროვოცირება მოახდინა აშშ-დან მიღებული ბრძანების საფუძველზე, რომელმაც რუსეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა და რუსეთსა და ევროპას შორის სერიოზული ბარიერი შექმნა. “ევროპელი სოციალისტების“ მტკიცებით, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ძალისხმევის კოორდინაციაში მონაწილეობენ ამერიკის ხელისუფლება, ევროპარლამენტარები, უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებები, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ სააკაშვილი ამერიკის აგენტია.


შოვში მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, დეზინფორმაცია კვლავაც აქტიურად ვრცელდება

3 აგვისტოს მზიან დღეს, ტურისტებით სავსე პატარა საკურორტო სოფელ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 31 აგვისტოს მდგომარეობით ორი პირი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ექსპერტების ნაწილი ხაზს უსვამდა დაგვიანებულ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან და ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობას. სამაშველო ოპერაციის შეფერხება ასევე განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ვერტმფრენს არ შეეძლო მსგავსი ტიპის სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა, რამაც კვლავ აქტუალური გახადა გასულ წელს მომხდარი ტრაგედია, როდესაც სამაშველო ვერტმფრენი ოპერაციის დროს ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის შვიდივე წევრი დაიღუპა. შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა გლოვის ფონზე, დეზინფორმაციული ნაკადები კვლავაც აქტიურობით გამოირჩეოდა:

  • სოციალური მედიის ერთ-ერთმა პროფილმა წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ავრცელებდა მმართველი პარტიის წევრების ყალბ გამონათქვამებს. ერთ-ერთ პოსტში, წყარო ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გვამები რამდენიმე დღის განმავლობაში არ იხრწნება, შესაბამისად არ იყო ვერტმფრენების დაუყოვნებლივ გაგზავნის საჭიროება“. ამავე პოსტში, სოციალური მედიის იგივე პროფილი ავრცელებდა ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ ყალბ ნათქვამს - „კიდევ კარგი უფრო მეტი გვამი არ მივიღეთ. ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ და ადამიანები გადავარჩინეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. კიდევ ერთ პოსტში მითითებულია, რომ ირაკლი კობახიძე ტრაგედიის ამბის შეტყობისას ჯაკუზიში იწვა და ფიქრობდა, რომ სულ 2 ან 3 ადამიანი დაიღუპა, რაც ყალბი ნათქვამის გამავრცელებული წყაროს მტკიცებით, მას არც ისე ბევრად მიაჩნდა. ამას გარდა, ირაკლი კობახიძის შესახებ გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი ნათქვამის თანახმად, დაღუპულებზე საუბრის დროს მან განაცხადა, რომ ეს იყო „ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვა“.
  • სოციალური მედიის იგივე ანგარიში ავრცელებდა თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის ყალბ განცხადებებსაც. ტრაგედიის დღეს, კახა კალაძის ოჯახი ასევე შოვში ისვენებდა, თუმცა საბედნიეროდ მათ ადრე დატოვეს ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისი მერს წინასწარ შეატყობინეს მეწყერის შესახებ და მან შეძლო ოჯახის ვერტმფრენით გამოყვანა. ყალბი ნათქვამის მიხედვით, კახა კალაძემ განაცხადა: „მე სტიქიის ზონიდან ჩემი ოჯახი გამოვიყვანე და სხვისი ბედი არ ვიცი. მე თბილისის მერი ვარ, არ ვერკვევი სამაშველო ოპერაციებში და ჩემი საქმე მაქვს“. კახა კალაძის კიდევ ერთი ყალბი ნათქვამი შემდეგნაირად ჟღერს: „რომ გამოვიქეცით, ვნახე 18 წლის გოგო რომელიც მიწაში იყო ჩატანილი, მაგრამ მივრბოდი და ვერ მივედი“. ასევე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ კახა კალაძემ დააანონსა მეწყერის ზონაში ახალი კოტეჯების და სასტუმროების მშენებლობა 2024 წლისთვის. კიდევ ერთი ყალბი ნათქვამის თანახმად, კახა კალაძე ამბობდა, რომ „ერთი მხრივ სიამოვნება კი მივიღე, მიყვარს ექსტრემალური სიტუაციები, მიწა მოგდევს და მირბიხარ, მაგარი სიამოვნება მივიღე“.
  • სოციალური მედიის იგივე პროფილმა გამოაქვეყნა ძველი ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ მღერიან „ქართული ოცნების“ წევრები სუფრასთან, რაც მიზნად ისახავდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ტრაგედიის მიმართ უდარდელობის და ინდიფერენტული დამოკიდებულების დემონსტრირებას. იგივე ავტორი ავრცელებდა დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დატოვა პრემიერ-მინისტრმა კატასტროფის ადგილი ადგილობრივებთან და დაზარალებულებთან შეხვედრის გარეშე. ამავე პროფილმა ასევე გაავრცელა პრემიერ-მინისტრის ყალბი გამონათქვამი, რომ „კატასტროფების დროს ადამიანები იხოცებიან, ღმერთმა გაანათლოს ისინი“.


აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის გამოსამშვიდობებელმა ინტერვიუმ „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაიმსახურა და პრორუსული წყაროების თავდასხმის სამიზნედ იქცა

21 აგვისტოს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინტერვიუ აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან, რომელსაც ელჩობის ვადა დაუმთავრდა. ელჩმა ინტერვიუში ბევრი საკითხი განიხილა, მათ შორის ისაუბრა საარჩევნო პროცესებზე საქართველოში. კელი დეგნანის თქმით, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაინერგება, არ არის სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთადერთი გარანტია. მისი თქმით, მანიპულირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ რჩება, თუ ამომრჩეველს ვერ გაიგებს, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა. შესაბამისად, საჭიროა ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. ამას გარდა, ელჩმა განაცხადა, რომ მომავალი არჩევნებისთვის აუცილებელი იქნება გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები, რადგანაც ძალიან ბევრ დარღვევას, როგორიცაა ამომრჩევლის იძულება და მოსყიდვა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არჩევნების დღემდე რამდენიმე თვით ადრე. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ აშშ უკვე ოცდაათი წელია იმყოფება საქართველოში და სანამ ქართველი ხალხი აგრძელებს სწრაფვას დემოკრატიული მომავლისკენ, აშშ ქვეყნიდან გასვლას არ დააპირებს.

  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩს პირდაპირი განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ ელჩმა ვერ გაითავისა თავისი მისია და აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის ნაცვლად, ადგილობრივი პარტიის წარმომადგენლივით იქცეოდა. ირაკლი ზარქუამ აშშ-ს ელჩს ასევე უწოდა მავნებელი და ხაზი გაუსვა, რომ მან საკუთარი ქმედებებით და განცხადებებით ხელი შეუწყო ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის გაზრდას და ასევე ალბათ იყო რევოლუციური ტალღების ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაახშო, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესებში არასდროს შედიოდა არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა. „ქართული ოცნების“ წევრმა მიმართვის დასასრულს აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი მცდელობისა ბოლომდე ლამაზი სიტყვებით გაეცილებიან ელჩი, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და ბოლოს სარკასტულად დასძინა, „ნახვამდის, ძვირფასო“.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ასევე გააკრიტიკა ელჩის განცხადებები და აღნიშნა, რომ სპეკულაციებისთვის სივრცე არ არის და ყველამ, ვინც არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია სულ მცირე ერთი ფაქტი მაინც მოიყვანოს. რატი იონათამიშვილმა ასევე დასძინა, რომ მას თავიდან ძალიან დადებითი განწყობა ჰქონდა ელჩი დეგნანის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გააგრძელებს.
  • „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელჩის სიტყვები უფრო მეტად ჰგავდა პოლიტიკური პარტიის, ვიდრე ელჩის განცხადებას. „ქართული ოცნების“ წევრმა, ელჩის ნათქვამი შეაფასა, როგორც ბიძგი და მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით წარიმართოს. ირაკლი ქადაგიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს უამრავი სპეკულაცია, მაგრამ ფაქტები ვერ მოჰყავთ. საარჩევნო დამკვირვებლები მხარს უჭერენ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას, თუმცა ამჟამად მზადდება ორკესტრირებული შეტევა საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ არჩევნები გაყალბდება და წაგებული არჩევნების რევოლუციური სცენარში გადასაზრდელად.
  • „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, ელჩმა ღიად აღიარა, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბებულად გამოცხადდება, რადგან ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ გააჩნიათ და უკვე ამზადებენ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ალტერნატიულ გეგმას. მისივე თქმით, დაწყებულია მიზანმიმართული კამპანია ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემის წინააღმდეგ. დავით ქართველიშვილის მტკიცებით, გრძელვადიანი საარჩევნო მისია დაკომპლექტდება ადამიანებით, რომლებსაც აქვთ „ფერადი რევოლუციების და მაიდანის მსგავსი სცენარების“ განხორციელების გამოცდილება და რომელთაც კოორდინაციას აშშ-ის მომდევნო ელჩი და მისი მოადგილე გაუწევენ. დავით ქართველიშვილმა პრაქტიკულად დაადანაშაულა აშშ და სადამკვირვებლო მისიები ხელისუფლების დამხობის დაგეგმვაში, რაც მისი შეფასებით სისხლისღვრით დასრულდება.
  • სოციალური მედიის პროსახელისუფლებო ანგარიში წერდა, რომ თუ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა სათანადოდ კარგი არ არის, ეს ნიშნავს, რომ აშშ-შიც შესაძლებელია არჩევნების გაყალბება და ხაზს უსვამდა, რომ აშშ-ის მოდელთან შედარებით საქართველოში ელექტრონული სისტემა გაცილებით უსაფრთხო იქნება, რადგან საქართველოში ხმის მიცემის აპარატებს არ ექნებათ ინტერნეტთან კავშირი რაც მოსპობს გარე ჩარევის შესაძლებლობას. პოსტის თანხმად, ელჩის აღელვებას ის იწვევს, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა აზრს უკარგავს ეგზიტ-პოლებს და ხმების პარალელურ დათვლას, რასაც წარსულში შეგნებულად იყენებდნენ რევოლუციური ტალღის შესაქმნელად.
  • სოციალური მედიის პრორუსული პროფილი აშშ-ს ელჩს უზნეოს და ამპარტავანს უწოდებდა, რადგან ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს საქართველოს მიტოვებას. პოსტის თანახმად, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ საქართველო აშშ-ს კოლონიად განიხილება. პრორუსულმა წყაროებმა ფართოდ გაავრცელეს სოციალური მედიის კიდევ ერთი პუბლიკაცია, რომლის თანახმადაც ელჩი დეგნანი ცდილობდა ქართულ ეკლესიასთან ბრძოლას და ქართული კულტურის დისკრედიტაციას.

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას „სამართლიანი არჩევნების“ და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ არგუმენტად იყენებს

  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2020 წელს რადიკალური ოპოზიცია მასობრივად ავრცელებდა სპეკულაციებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამ მტკიცებას მხარს უჭერდნენ უცხოელი პარტნიორებიც. პარლამენტის სპიკერის თქმით, „სამართლიანი არჩევნები“, რომელის მთავარი დონორი არის „USAID” იყო მთავარი ბიძგის მიმცემი იმ კამპანიის, რომლის მკაფიო მიზანსაც წარმოადგენდა საზოგადოებაში შუღლის დათესვა, უნდობლობის შექმნა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობისთვის ძირის გამოთხრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ანალოგიური ვითარება შეიქმნა აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რისთვისაც დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს. 2020 წელს საქართველოში გამართული არჩევნების შემდეგ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგებსა და ოფიციალურ შედეგებს შორის არსებობდა სხვაობა, ხოლო 40 დღის შემდეგ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ხმების პარალელური დათვლის დროს დაშვებული იქნა შეცდომა და შედეგად „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა შალვა პაპუაშვილი კვლავ გამოხატავდა უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ დონორები აგრძელებენ „სამართლიანი არჩევნების“ დაფინანსებას და აცხადებდა, რომ „USAID”-მა სამი კვირით ადრე იცოდა ხარვეზის შესახებ, როდესაც მიმდინარეობდა აქციები არჩევნების სავარაუდო გაყალბების წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარების არევას ცდილობდნენ. მისი შეფასებით, მაშინ როდესაც ანალოგიური მიზეზით აშშ-ში დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს, მსგავსი საქციელისთვის საქართველოში არავინ დასჯილა და აშშ აგრძელებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ დაფინანსებას. ირაკლი ზარქუას თანახმად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ შეგნებულად აჩვენა შეუსაბამობა ხმების პარალელური დათვლის და ოფიციალურ შედეგებს შორის ქვეყანაში ვითარების გასამწვავებლად.
  • თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის კახა კალაძის განცხადებით, სანამ „ქართული ოცნების“ ლიდერები სამართლიანი არჩევნების „ხმების პარალელური დათვლის გაყალბებულ შედეგებს“ გამოააშკარავებდნენ ადგილი ჰქონდა ამის დამალვას და გამოაშკარავების შემდეგაც სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა, ხოლო დონორები აგრძელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. კახა კალაძის შეფასებით, არსებობს უამრავი შეკითხვა „სამართლიანი არჩევნების“ დაფინანსებასთან და პარალელური ხმების დათვლის უკან მდგომ პირებთან დაკავშირებით, რადგან ამ ყველაფრის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში არეულობის გამოწვევა. კახა კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებული შედეგები და სააკაშვილის ფარული შემოსვლა ქვეყანაში დაგეგმილი იყო ხელისუფლების დასამხობად, სამოქალაქო დაპირისპირების გასაღვივებლად და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასამძიმებლად.
  • მოძრაობამ „ხალხის ძალა“ ტრამპისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება და ამტკიცებდა, რომ ამერიკული სტანდარტების მიხედვით, „საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი NGO-ების ყველა თავმჯდომარე“. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება არ შეიცავს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის და ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის დაკავების პირდაპირ მოწოდებას, მათ ბრალს სდებენ ქართველი ხალხის მოტყუებასა და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის ყალბი ბრალდებების გავრცელებაში. განცხადებაში ტრამპისთვის წაყენებული ბრალდება შეფასებულია აბსურდად, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა მხოლოდ კითხვის ქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები, რაც არ წარმოადგენს ადამიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს. საქართველოსთან დაკავშირებით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წინააღმდეგ საბოტაჟისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებების გამო, არსებობს „რადიკალების“ დაკავების საფუძველი.


პრორუსული პროპაგანდა რუსეთს საქართველოს მხსნელად წარმოაჩენს და მოსკოვთან უფრო ახლო კავშირებს ლობირებს

  • პრორუსული ტელეკომპანია “სეზონის“ წამყვანი ამტკიცებდა, რომ რუსეთს უნდა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, რადგან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას სურს იხილოს ერთ ქვეყანაში მცხოვრები ქართველები, აფხაზები და ოსები. პროპაგანდისტის თქმით, ქართველების ქმედება აიძულებს მოსკოვს გააჩეროს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. იგი ასევე სურვილს გამოთქვამდა, რომ დასრულებულიყო საქართველოს ამერიკული ოკუპაცია, როგორც ეს დასრულდა ბურკინა-ფასოში და ნიგერში, სადაც გადატრიალების დროს რუსულ დროშებს აფრიალებდნენ. ამავე პროპაგანდისტმა აშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელში, როდესაც განაცხადა, რომ თუ საქართველოს სურს აჭარის რეგიონის შენარჩუნება, საკრუიზო გემის ნაცვლად ბათუმში უნდა შევიდეს რუსული სამხედრო ხომალდი, ხოლო რუსების გარეშე აჭარა არასოდეს იქნებოდა საქართველოს შემადგენლობაში და მათ გარეშე მომავალში დაიკარგება.
  • ტელეკომპანია „სეზონის“ ხშირი სტუმარი და პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი ხაზს უსვამდა რუსეთთან ძლიერი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას, რადგან სხვა შემთხვევაში საქართველოს არ ექნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის შანსი. მისი მტკიცებით, რუსეთთან ურთიერთობების სამხედრო კონფლიქტში გადაზრდის შემთხვევაში, საქართველო განადგურდება, რაც ნიშნავს რომ ერთადერთი გზა, რომელიც სამომავლოდ უნდა ავირჩიოთ, მოსკოვთან ახლო ურთიერთობებია. მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები „გეი შარლატანები“ არიან, რომლებსაც დემოკრატია ენგრევათ და საქართველოსთვის რაიმეს გაკეთების არც ნება და არც სურვილი არ გააჩნიათ. სხვა გადაცემაში, იგივე პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ ხალხს რუსეთის დასუსტების შესახებ ატყუებენ. ამასთან, იგი ამბობდა, რომ დასუსტებით უკრაინელები სუსტდებიან და ადამიანები არ უნდა წამოეგონ „სააკაშვილის გენერლების“ ტყუილებს.
  • პრორუსულ სატელევიზიო არხზე, ერთ-ერთი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ თუ რუსეთი კავკასიის რეგიონს დათმობს, საქართველო ერთ საათში გაქრება. კიდევ ერთი პროპაგანდისტი დასძენდა, რომ რუსეთის გარეშე საქართველო როგორც სახელმწიფო ვერ გადარჩება და საჭიროა კარგი ურთიერთობების აღდგენა. მისივე თქმით, უკრაინაში ომი საქართველოს უქმნის ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობას, ხოლო საქართველოს მთავრობამ უნდა დააფიქსიროს, რომ უარს ამბობს ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე. მორიგ გადაცემაში, სხვა პროპაგანდისტი ხაზს უსვამდა რუსეთის სიძლიერეს და ამტკიცებდა, რომ მოსკოვი შეძლებს წარმატების შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ მას გამოწვევას უქმნის ათეულობით სხვა ძლიერი სახელმწიფო.
  • პრორუსული ონლაინ ვებგვერდის „საქინფორმის“ რედაქტორი წერდა, რომ თუ საქართველოს საბჭოთა კავშირის პერიოდის მსგავსად მოსკოვთან ახლო ურთიერთობები ექნება, რუსეთი საქართველოს მიაწვდის მეტეოროლოგიურ, სეისმურ და სხვა ტიპის მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა შოვში მომხდარი მეწყერის პროგნოზირებას. გამომდინარე იქიდან, რომ რუსული აპარატურა ხელმიუწვდომელია, საქართველოს იძულებულია ის დასავლური ქვეყნებიდან შეიძინოს, თუმცა ვერ ახერხებს სიძვირის გამო.
  • კიდევ ერთ პრორუსულ ვებგვერდ „ნიუსფრონტზე“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, შოვის ტრაგედიის დროს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის დახმარება რომ ეთხოვა, ეს უკანასკნელი მასშტაბურ დახმარებას გაგვიწევდა, რადგან კრემლი აცნობიერებს ასეთი ქმედების პოლიტიკურ გზავნილს. ამავე მტკიცებით, საქართველოს მთავრობას რომ რაციონალურობა გამოეჩინა, ის რუსეთს მისცემდა დახმარების შესაძლებლობას, რაც ქართველ ხალხს დაანახებდა რუსეთის ჭეშმარიტ განზრახვებს და დახმარების აღმოჩენის სურვილს.
  • კვლავ აქტიურობდნენ სოციალური მედიის პრორუსული წყაროები. ერთ-ერთი ცნობილი პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტის პოსტის თანახმად, მხოლოდ რუსულ ჩექმას შეუძლია საქართველოს შიდა და გარე მტრების დამარცხება. მეორე პროპაგანდისტის თქმით, რუსეთთან მჭიდრო კავშირების გარეშე, საქართველო გახდება ლიბერალური, ათეისტური ქვეყანა, რომელიც სავსე იქნება მოღალატე ნარკომანებით. მისი თქმით, თუ ახლა პრევენციული ზომები არ იქნა მიღებული, მომავალში ქვეყანა განადგურდება. სოციალური მედიის კიდევ ერთმა პრორუსულმა ანგარიშმა ვრცელი ტირადა მიუძღვნა იმას, თუ როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ხელოვნურ ანტირუსულ განწყობებს, რადგან ამ განწყობების წარმატების შემთხვევაში საქართველო რუკიდან გაქრება. მისივე თქმით, გარე და შიდა მტრებთან გამკლავება რთულია და მათთან დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ძალით არის შესაძლებელი.
  • პრორუსულმა ვებგვერდმა „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველოს ძლიერი მფარველი ანუ რუსეთი სჭირდება და არა პედერასტული ‘მოკავშირე’ აშშ“. სტატიაში ნათქვამია, რომ მართლმადიდებლური, ქრისტიანული ქვეყანა რუსეთი ებრძვის გლობალურ ლგბტ, ფსევდოდემოკრატიულ, სატანისტურ ძალას, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი ჰქვია და რომლის ლიდერადაც აშშ გვევლინება. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დამსახურება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე და უკრაინის თხოვნაზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უარის თქმისთვის. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მეორე ფრონტის გახსნა და ლგბტ დღის წესრიგი არის ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოს წინაშე, რადგან მათ აქვთ პოტენციალი როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად მოსპონ საქართველო და მისი იდენტობა.
  • კრემლისგან დაფინანსებულმა ვებგვერდმა „სპუტნიკი“ გამოაქვეყნა რუსი ავტორის სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ გლობალური სამხრეთ და აღმოსავლეთი რუსეთს მიიჩნევს ახალი, სტაბილური და სამართლიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების შანსად, სადაც დაცული იქნება თითოეული ქვეყნის ინტერესი. სტატიის შეფასებით, დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის რუსეთის აგრესიის წინაააღმდეგ საბრძოლველად, არის წარსული ჰეგემონობის შენარჩუნების მცდელობა და გაქრობის შიში. დასავლეთი მთელი ძალით ებრძვის რუსეთს და „ბრიქსის“ სახელმწიფოებს, თუმცა რეალურად მხოლოდ ომის, დეგრადაციის და პოლიტიკურ-ეკონომიკური დიქტატურის შეთავაზება შეუძლია, მაშინ როდესაც სიმართლე, სამართლიანობა და ნება რუსეთის მხარეზეა.
  • ცნობილი პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ არსებობის მანძილზე საქართველოს არ ჰყოლია მოსაზღვრედ კეთილგანწყობილი ქვეყნები და რუსეთი ერთადერთი გამონაკლისია, რადგან ეს არის მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყანა, რომელსაც ყოველთვის მტკიცე კავშირები ჰქონდა ქართველ ხალხთან, ფიზიკური განადგურებისგან იხსნა საქართველო და ყველაფერი გააკეთა მის გასავითარებლად. ავტორის შეხედულებით, ფაქტი რომ ქართველი ხალხი რუსეთს მტერს უწოდებს მხოლოდ აშშ-ის ბრალია.
  • სოციალური მედიის ანგარიში, რომელიც სისტემატურად ავრცელებს პრორუსულ დეზინფორმაციას, წერდა თუ როგორ არის რუსეთი ერთადერთი ქვეყანა რომელსაც შეუძლია „ლიბერალურ-სატანისტური“ ძალების დამარცხება, არა მხოლოდ მისი სამხედრო და ინდუსტრიული ძლიერების გამო, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი დაფუძნებელია ტრადიციულ, კონსერვატიულ, ღმერთზე ორიენტირებულ ფასეულობებზე.

პროპაგანდის მტკიცებით, შოვში მომხდარ ტრაგედიასა და ბათუმში გამართულ აქციებზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება

  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტი აცხადებდა, რომ ისინი მმართველ პარტიას უპირისპირდებიან, თუმცა როდესაც ხელისუფლება კარგ ნაბიჯებს დგამს, მას მხარი უნდა დავუჭიროთ. ამავდროულად, თუ მთავრობა აკეთებს ისეთ რამეს, რაც მიუღებელია, მას ძალადობის ჩათვლით ყველა მეთოდის გამოყენებით უნდა შევეწინააღმდეგოთ. კიდევ ერთი პროპაგანდისტი ხაზს უსვამდა, რომ ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ და არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ნებას. პროპაგანდისტის მტკიცებით, აქციები დაფინანსებული იყო უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ და მიზნად ისახავდა საქართველოში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას. ამას გარდა, ჟღერდებოდა მოსაზრება, რომ აქციები გაიმართა პრემიერ-მინიტრის ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტის გადასაფარად.
  • „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტი ყოფილ მთავრობას და სააკაშვილს ადანაშაულებდა შოვის ტრაგედიაში და აცხადებდა, რომ სწორედ სააკაშვილის დროს აშენდა ინფრასტრუქტურის უმეტესობა მეწყერსაშიშ ზონაში.
  • ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ამტკიცებდა, რომ თუ ბელარუსში ვინმე გადაწყვეტს უკრაინაში რუსების წინააღმდეგ საომრად წასვლას, ისინი ქვეყანაში უკან ვეღარ ბრუნდებიან და მისი თქმით, ანალოგიური კანონი უნდა იქნას შემოღებული საქართველოშიც და ომი უკრაინაში არ არის საქართველოს ომი და როდესაც ქართველები უკრაინაში საბრძოლველად მიდიან, ამით საკუთარ ქვეყანას აზიანებენ.
  • პრორუსული პროპაგანდისტული ვებგვერდ „საქინფორმის“ რედაქტორმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც გაავრცელა დეზინფორმაცია თუ ომის დაწყებისთანავე როგორი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა საქართველოს მთავრობა აშშ-ის, ევროკავშირის და უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნით მოთხოვნით.
  • სოციალური მედიის პროფილი ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ თითქოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და უკრაინელები საქართველოში მაიდანის სცენარს ამზადებენ. მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ თურქული სპეცსამსახურები დაინტერესებულები არიან ქართულ-რუსული ურთიერთობების შემდგომი გაუარესებით და მიანიშნებდა, რომ ისინი ჩართულები იყვნენ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებში. კიდევ ერთი პროპაგანდისტი სოციალურ მედიაში ეხმიანებოდა ბათუმის აქციებს და აცხადებდა, რომ თურქეთმა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ანექსია განახორციელა და ცდილობდა რუსული ოკუპაციიდან ბრალის თურქეთზე გადატანას. სოციალური მედიის კიდევ ერთი მომხმარებელი ეჭვს გამოთქვამდა, რომ თურქეთის ტურისტული სექტორი რუსი ტურისტების დეფიციტს განიცდის და ცდილობს მეზობელ ქვეყნებში ვითარების არევას რუსეთიდან უფრო მეტი ტურისტის მისაზიდად, რითაც მიანიშნებდა, რომ აქციების გამართვა თურქულმა ბიზნესმა დააფინანსა საქართველოში რუსი ტურისტების დასაფრთხობად და თურქეთში გადასამისამართებლად.
  • სოციალური მედიის პროპაგანდისტი დასავლეთს და ე.წ. „ნეოლიბერალურ წესრიგს“ ადანაშაულებდა რაჭაში მომხდარ ტრაგედიაში და ხაზს უსვამდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის მოთხოვნით სამეცნიერო დაწესებულებები არასამთავრობო ორგანიზაციებით ჩააანაცვლეს. პოსტის ავტორის თანახმად, დასავლეთმა მიზანმიმართულად გაანადგურა სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და ინსტიტუტები. სოციალური მედიის კიდევ ერთი პროფილი აშშ-ს ადანაშაულებდა შოვის ტრაგედიაში და აცხადებდა, რომ ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურში მყოფი ყველა ინსტიტუტი, გეოლოგიური ინსტიტუტების ჩათვლით, აშშ-ს კოლონიზაციის შედეგად მოისპო.

პროპაგანდა აშშ-ს ადანაშაულებს საქართველოს წარუმატებლობებსა და მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ ძირის გამოთხრაში. ასევე გრძელდება თავდასხმები აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე

  • პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ სტუმარი დიტო ჩუბინიძე ამტკიცებდა, რომ აშშ არის დაცემის გზაზე მდგომი იმპერია და განიცდის კრიზისის ყველა ნიშანს, მათ შორის იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-მა ჩინეთში მოლაპარაკებებზე 100 წლის ჰენრი კისინჯერი გაგზავნა. ამავე გადაცემაში, ის აშშ-ს ადანაშაულებდა საქართველოში ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ „გეი აგენტების ქსელის“ მობილიზებაში. მისი თქმით, ამერიკელებმა მოკლეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, წააქეზეს პრეზიდენტი შევარდნაძე აფხაზეთში ომის დაწყებაზე და ნება დართეს სააკაშვილს დაეწყო 2008 წლის ომი. ამას გარდა, აშშ-ის საელჩო ფინანსურად და პოლიტიკურად კვებავდა სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც ქართველ ხალხს რეპრესიებს უწყობდა. პროპაგანდისტი ასევე ხაზს უსვამდა, რომ აშშ-ს საელჩოს საქართველოში ყველაზე მასშტაბურად არის წამოდგენილი სხვა ქვეყნებში განთავსებულ აშშ-ს საელჩოებთან შედარებით.
  • ნიკოლოზ მჟავანაძე, პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი აცხადებდა, რომ ტაო-კლარჯეთი საქართველოს ტერიტორია აშშ-ის დამსახურებით აღარ არის (ტაო-კლარჯეთი არის აჭარის სამხრეთით მდებარე რეგიონი, რომელიც ერთ დროს საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და დღეს თურქეთის სუვერენული ტერიტორიაა).
  • პრორუსული პროპაგანდისტი, რომელიც ტელეკომპანია „სეზონის“ ხშირი სტუმარია აშშ-ს ადანაშაულებდა მოქმედი მთავრობისთვის ძირის გამოთხრასა და უარესით ჩანაცვლების მცდელობაში, რომელიც ქართველი ხალხის პირდაპირი მტერი იქნება.
  • „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტები ამტკიცებდნენა, რომ დასავლეთმა საქართველო მოატყუა, როდესაც ამ უკანასკნელმა პროდასავლური კურსი აირჩია. სინადვილეში, დასავლეთი სავსეა სოდომიზმით და გარყვნილებით და საქართველოს ორ არჩევანს სთავაზობს - საქართველომ ან უნდა მიიღოს სოდომიზმი და გარყვნილება ან დაიღუპოს. „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი პროპაგანდისტი სპეკულირებდა, რომ დასავლეთი არასდროს დახმარებია საქართველოს სოციალურად და მატერიალურად, ხოლო ერთადერთი რაც საქართველომ დასავლეთისგან მიიღო ვალია. მისივე თქმით, არ არსებობს ფაბრიკა, მეურნეობა ან საწარმო, რომლის განვითარებაში დასავლეთმა თავისი წვლილი შეიტანა და საგარეო ვალით მიღებული დახმარება, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე იხარჯება. პროპაგანდისტი ასევე დასძენდა, რომ აშშ და სხვა გლობალისტები საქართველოს უკრაინის მსგავსად საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კიდევ ერთი პროპაგანდისტი „ალტ-ინფოს“ ეთერში აშშ-ს ბრალს სდებდა ვითარების გამწვავების და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის მცდელობაში. პროპაგანდისტის თქმით, თუ აშშ შეძლებს საქართველოს ომში ჩათრევას, ქვეყანა განადგურდება და დასავლეთი არაფერს მოიმოქმედებს.
  • კრემლის მიერ დაფინანსებული წყარო „სპუტნიკის“ გავრცელებული პროპაგანდის თანახმად, აშშ გეგმავს ფინანსების გადამისამართებას კიევიდან ტაიპეიში, რითაც უკრაინა სრულიად მარტო დარჩება რუსეთს გასანადგურებლად. აშშ-ის თავდაპირველი გეგმა იყო უკრაინის გამოყენება რუსეთის განადგურებისთვის, მაგრამ გეგმა ჩაიშალა და ამერიკელები უკან იხევენ. რუსული წყარო ასევე წერდა, რომ დასავლეთის იმედები უკრაინის გამარჯვებასთან დაკავშირებით შემცირდა, რადგან მისმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა კრახი განიცადა და ახლა უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზა უფრო მკაფიოა.
  • პრორუსულმა ვებგვერდის „საქინფორმის“ რედაქტორმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ავითარებდა შეთქმულების თეორიას აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მუშაობის შესახებ. სტატიის მიხედვით, ელჩი დეგნანი მიზნად ისახავდა საქართველოს ინტეგრირებას ასოცირებულ ტრიოში, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა, რადგან საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე და ტრიო დაიშალა. ავტორის მტკიცებით, „კავკასიური სიჯიუტის“ გამო განრისხებულმა დეგნანმა ვაშინგტონს სთხოვა ელჩად ყოფნის ვადის გახანგრძლივება შეცდომების გამოსასწორებლად, რაც მათ შორის მოიცავდა ოპოზიციის დაფინანსებას და მოქმედი ხელისუფლების დასამხობად რევოლუციის პროვოცირების მცდელობას. ელჩი დეგნანის მხრიდან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, შეიქმნებოდა კოალიციური მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, რომელიც მეორე ფრონტს გახსნიდა რუსეთის წინააღმდეგ.
  • პრორუსულმა პროპაგანდისტმა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევისგან. სტატიის მტკიცებით, აშშ თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობითა და „მეხუთე კოლონით“, რაშიც მოიაზრება ოპოზიციური პარტიები და მედიის წარმომადგენლები, გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციას და მთავრობის დამხობას. ავტორი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ფაქტად აცხადებდა, რომ აშშ გეგმავს მსგავსი რამის განხორციელებას შემოდგომაზე.
  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ გადაცემის სტუმარი ავრცელებდა რუსული შეთქმულების თეორიის ნარატივებს ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ, რომელიც საქართველოში აშშ-ს მხარდაჭერით დაარსდა და სადაც სამეცნიერო ბიოსამედიცინო და ბიოუსაფრთხოების კვლევები ხორციელდება. პროპაგანდისტის თქმით, ლუგარის დაწესებულებიდან მრავალი დაავადება ვრცელდება, რაც ქართველი ხალხის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. დაწესებულებაში ჩატარებული ექსპერიმენტები ასევე წამლავს საქართველოს მცენარეულ საფარს, ნიადაგს და წყალს.
  • ცნობილი პრორუსული პროპაგანდისტი სოციალურ მედიაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა აშშ-ის მიერ კონტროლდება და ადგილი აქვს საქართველოს ხელისუფლების საბოტაჟის მცდელობას. პოსტის მიხედვით, სასამართლოები და პროკურატურა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიმარჯვოს. პროპაგანდისტის მტკიცებით, ადამიანებს ზედმეტად აკავებენ, ციხეში კი ძალიან მკაცრი პირობებია, რაც მიზანმიმართულად კეთდება ხელისუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად.
  • პრორუსული პროპაგანდისტული ახალი ამბების გამოცემის რედაქტორმა დაწერა სტატია, სადაც აშშ-სა და უკრაინას ადანაშაულებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორების მცდელობაში. მისი თქმით, ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და კიევმა ვერ აიძულეს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა და მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ რიტორიკა შეარბილეს. პროპაგანდისტი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ადანაშაულებდა პროვოკაციულ მოწოდებებში, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები ძალით. სხვა სტატიაში მან გააკრიტიკა ელჩი და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იგი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ერთპიროვნულ მცდელობაში, კერძოდ, ლგბტ თემის მხარდაჭერასა და საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების მიმაეთ უარყოფით განცხადებებში. პროპაგანდისტის თქმით, აშშ-ის ელჩის დამსახურებით ჰეტეროსექსუალი, პატრიოტი, მართლმადიდებელი ქართველი პრორუსულად არის მიჩნეული, ხოლო გეი, ათეისტი მოღალატე პროდასავლურად, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს ჭეშმარიტი გზა რუსეთს უკავშირდება.
  • სოციალური მედიის მომხარებელი წერდა, რომ რუსეთთან ერთად აშშ, დასავლეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და სომხეთიც ოკუპანტები არიან. სოციალური მედიის სხვა მომხმარებელი აშშ-ს ადანაშაულებდა 3 აგვისტოს შოვში მომხდარ ტრაგედიაში და აცხადებდა, რომ ყველაფერი რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხდება აშშ-ის ბრალია.

2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით პროპაგანდა დასავლეთს, ასევე საქართველოს და უკრაინის მთავრობებს რუსეთის აგრესიის პროვოცირებაში ადანაშაულებს. დასავლეთთან ინტეგრაცია წარმოჩინდება, როგორც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო.

  • პროპაგანდისტი, რომელიც მუდმივად ავრცელებს დეზინფორმაციას და პრორუსულ პროპაგანდას, ამტკიცებდა რომ 2008 წლის კონფლიქტი საქართველოს და რუსეთს შორის დასავლეთის ინიცირებული იყო და დასავლეთმა იგივე მოიმოქმედა უკრაინის კონტექსტშიც. მისივე თქმით, დასავლეთი ცდილობს საქართველოს მიმდინარე ომში ჩათრევასაც.
  • „ალტ-ინფოს“ ცნობილი პროპაგანდისტი 2008 წლის ომს სააკაშვილის არასწორ გათვლებს აბრალებდა და დასძენდა, რომ დასავლეთმა დაავალა საქართველოს მთავრობას რუსეთთან კონფლიქტის გამწვავება საქართველოში რუსოფობიის უფრო მეტად გასაღვივებლად. ამას გარდა, პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ დასავლეთი ცდილობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში, რომელიც, როგორც ბათუმის საპროტესტო აქციები გვაჩვენებს, რამდენიმე თვეში გახნის მეორე ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ.
  • ამავე პროპაგანდისტის მტკიცებით, რუსეთი ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოვებას და არ დაუშვებს საქართველოს წევრობას ნატოში. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ამბიციები მხოლოდ ცუდ შედეგებს მოიტანს და თუ საქართველოს მაინც გახდა ორგანიზაციის წევრი, მაინც არაფერი შეიცვლება, რადგან რუსული სამხედრო ბაზები კვლავ დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პროპაგანდისტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ბაზების გარდა, საქართველოში გაჩნდება თურქული სამხედრო ბაზები, რაც ნიშნავს, რომ ქართველები სამშობლოს დაკარგავენ.
  • „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი პროპაგანდისტი ასევე ადანაშაულებდა სააკაშვილს და მის მთავრობას 2008 წლის ომში და რუსეთს ათავისუფლებდა ომზე პასუხისმგებლობისგან. „ალტ-ინფოს“ გადაცემების ხშირი სტუმარი ასევე გამოეხმაური 2008 წლის აგვისტოს ომს და აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ვერაფერი შეაჩერებდა, კრემლს არ ჰქონდა განზრახული თბილისის აღება და ამ მხრივ ცდილობდა დაეკნინებინა დასავლეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის და რუსეთის წინსვლის შეჩერების მცდელობები.
  • „ალტ-ინფოს“ ეთერში მიწვეული მორიგი პროპაგანდისტი დასავლეთს ადანაშაულებდა, როგორც რუსეთს და უკრაინას, ისე რუსეთს და საქართველოს შორის კონფლიქტის გამწვავებაში. მისი თქმით, ორივე ომის პროვოცირება კოლექტიურმა დასავლეთმა მოახდინა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სამუდამოდ გაფუჭების მიზნით.

უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული პროპაგანდა რუსეთს მსხვერპლად წარმოაჩენს და რუსეთის აგრესიის გამართლებს ცდილობს. ასევე გრძელდება ძალისხმევა უკრაინის მხრიდან გათავისუფლების ძალისხმევის დისკრედიტების მიზნით

  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტის თანახმად, უკრაინელებმა აირჩიეს გამხდარიყვნენ რუსეთის მტრები, რამაც თავის მხრივ ომი გამოიწვია. მისი თქმით, უკრაინამ დაიწყო ნატოში გაწევრიანების სურვილის დაფიქსირება, რითაც აიძულა რუსეთი მოქმედებაზე გადასულიყო, რადგან რუსეთი არასოდეს დაესხმებოდა თავს უკრაინას, თუ ის მოსკოვის ერთგული დარჩებოდა. კიდევ ერთი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ რუსეთს აქვს აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის უფლება, რადგან ამ რეგიონში ბევრი ეთნიკური რუსი და რუსულენოვანი მოსახლეა. რუსული დეზინფორმაციის თანახმად, უკრაინელები ხშირად ესხმოდნენ თავს რუსულენოვან მოსახლეობას, რამაც მოსკოვს მოქმედებისკენ უბიძგა.
  • მორიგ ეპიზოდში, პროპაგანდისტი „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდა, რომ უკრაინის კონტრშეტევა არის თვითმკვლელობა, რადგან რუსეთის პოზიციები ფრონტის ხაზზე ბოლო ორი თვის განმავლობაში გაუმჯობესდა. მისი თქმით, კონტრშეტევის დროს უკრაინამ რეზერვებისა და იარაღის 30% დაკარგა, მაგრამ ამის მიუხედავად, შედეგები უკრაინისთვის ტრაგიკულია.
  • პრორუსული პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ ომი საქართველოში არის სამოქალაქო ომი სეპარატისტებთან რუსეთის ისტორიულ მიწებზე, რომელსაც „ანგლოსაქსები“ აფინანსებენ და რომლის მიზანსაც წარმოადგენს რუსეთის დასუსტება. მისი თქმით, „ანგლოსაქსებმა“ იციან, რომ უკრაინელები დამარცხებისთვის არიან განწირული, მაგრამ უნდათ ომის გაგრძელება რუსეთის დასუსტების მიზნით.
  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ წამყვანის შეფასებით, ომი უკრაინაშ არის აშშ-ის კიდევ ერთი გეოპოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აშშ-ს ჰეგემონობის გამყარება. წამყვანის განცხადებით, აშშ სხვადასხვა მეთოდს იყენებს ჰეგემონობის გაძლიერების მიზნით და იხსენებდა ვლადიმირ პუტინის განცხადებებს, თუ როგორ დააარსა აშშ-მა ბიოლაბორატორიები პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში რუსეთს წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტი ხაზს უსვამდა, რომ როდესაც სამყარო შეიცნობს უკრაინის ხელისუფლების ჭეშმარიტ სახეს, მათ ყველა დაგმობს, მაგრამ ეს უკვე გვიანი იქნება და დაღუპულ უკრაინელ ბავშვებს ეს უკან ვეღარ დააბრუნებს. სხვა პროპაგანდისტი აცხადებდა, რომ რუსეთი თავად არის ძალადობის, ტერორიზმის, რეპრესიის და შურისძიების მსხვერპლი, რადგან ყველას უნდა რუსეთის ბუნებრივი რესურსების დატაცება და ყველა ვინც ანტიპუტინისტურ განცხადებებს ავრცელებს, ბოროტებას ემსახურება.
  • ტელეკომპანია სეზონის“ წამყვანი ავრცელებდა დეზინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რადგან ის უკრაინაში მძიმე მრეწველობის დახურვას ითვალისწინებდა. მისი მტკიცებით, ევროკავშირმა მოაწყო გადატრიალება და აპირებდა ყირიმის სამხედრო პლატფორმად გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ, რამაც მოსკოვს ყირიმის ანექსიისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაციისკენ უბიძგა. მისი თქმით, სწორედ საქართველოს ქმედებებმა გამოიწვია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაც. პროპაგანდისტმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები კუბის სარაკეტო კრიზისს შეადარა და განაცხადა, რომ აშშ-მა საბჭოთა კავშირს არ მისცა ატომური ქობინების მის საზღვრებთან სიახლოვეს განლაგების უფლება და ამჟამად რუსეთიც იმავეს აკეთებს.
  • კრემლის მიერ დაფინანსებული „სპუტნიკის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსეთის სამხედრო მრეწველობა სტაბილური და მზარდია, განსხვავებით „პარაზიტი ბანდერელებისგან“, რომლებიც დასავლეთის მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებულები. „სპუტნიკზე“ გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატიაში მოყვანილია მტკიცება, რომ ვაშინგტონი გეგმავდა უკრაინის რუსეთის ავღანეთად გადაქცევას და რუსეთის დამარცხებას და დაშლას, როგორც ეს მოხდა 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის შემთხვევაში. თუმცა, სტატიის თანახმად, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება აშშ-სთვის კონტრპროდუქიული აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს რუსეთის არმიის წინსვლა, კორუფციული სკანდალები უკრაინაში და დასავლურ მედიაში პროუკრაინული რიტორიკის ცვლილება.

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სუსტდებიან და ამ გზით ცდილობს ევროკავშირში საქართველოს წევრობის მისწრაფების დისკრედიტაციას.

  • ცნობილი პრორუსულად და ანტიდასავლურად განწყობილი პროპაგანდისტი ბექა ვარდოსანიძე „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს სუვერენიტეტის დათმობას და ამჟამინდელი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების მთავრობაში, სასამართლოებში და პროკურატურაში დანიშვნას, რის შემდეგაც საქართველოს ევროკავშირში წევრობა წლების მანძილზე კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება. ამავე გადაცემაში, ის ამტკიცებდა, რომ გერმანია კვლავ განიცდის ეკონომიკურ რეცესიას, მაშინ როდესაც რუსეთის ეკონომიკამ შეძლო სირთულეების დაძლევა.
  • პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ამტკიცებდა, რომ დასავლეთის დომინაცია დასასრულს უახლოვდება აფრიკაში, სადაც საფრანგეთის დროშებს წვავენ. აღნიშნულის საპირისპოროდ, საქართველოში ყველგან ფრიალებს ევროკავშირის დროშა, რაც მისი შეფასებით არალოგიკურია, რადგან დასავლეთი კარგავს ძალაუფლებას და გავლენას.
  • ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა პოსტი, თუ როგორ თბილად დახვდნენ ჩინელები საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც უგულებელყოფენ საქართველოს ღირებულებებს და ტრადიციებს. მისი თქმით, დასავლეთი აიძულებს საქართველოს მიიღოს ისეთი კანონები რომლებიც ეწინააღდეგება მის ინტერესებს, მაშინ როდესაც ჩინეთში ვიზიტი ცხადყოფს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს განვითარების გზაზე დააყენებს.

· მორიგმა პროპაგანდისტმა გამოაქვეყნა ევროკავშირის დროშის სურათი, შუაში სვასტიკით და აცხადებდა, რომ ნაციზმი ერთხელ უკვე დამარცხდა მე-20 საუკუნეში, თუმცა ევროკავშირის სახით კვლავ გამოჩნდა 21-ე საუკუნეში.