logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი: 1-10 სექტემბერი

Screenshot 2023-09-14 175136.jpg
21 სექტემბერი, 2023
 0

გამოცემაში შესული საკითხები

  • მთავრობის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად ევროპაში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, პროპაგანდა თავს ესხმის პრეზიდენტ ზურაბიშვილს - „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტით იმუქრება;
  • ჯოზეფ ბორელის თბილისში ვიზიტის წინ დეზინფორმაციის გამავრცელებლები ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გაძლიერებას და საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების უპერსპექტივობის წარმოჩენას ცდილობენ;
  • „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ აგრძელებენ განცხადებებს იდუმალებით მოცული „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ;
  • პროპაგანდისტები აგრძელებენ მოწოდებებს რუსეთთან ახლო კავშირების დამყარებისკენ, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად წარმოაჩენენ;
  • პროპაგანდა აგრძელებს უკრაინაში რუსეთის ომის გამართლებას და უკრაინის მხრიდან ტერიტორიების გათავისუფლების ძალისხმევის დისკრედიტაციას;
  • ანტი-ამერიკული შეთქმულების თეორიების თანახმად, უკრაინასა და საქართველოში რფ-ის მიერ განხორციელებულ აგრესიაში აშშ-ია დამნაშავე;
  • პროპაგანდისტები სამხრეთ კავკასიაში შექმნილი დაძაბული ვითარებით სპეკულირებენ და სომხეთს აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვის გამო აკრიტიკებენ.

მთავრობის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად ევროპაში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, პროპაგანდა თავს ესხმის პრეზიდენტ ზურაბიშვილს - „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტით იმუქრება

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 12 ივლისს მთავრობას წინადადებით მიმართა გერმანიაში დიპლომატიური ვიზიტთან დაკავშირებით. 3 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით პრეზიდენტს უარი ეთქვა არა მხოლოდ ზემოაღნიშნულ წინადადებაზე, არამედ წლის განმავლობაში დაგეგმილ სხვა ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში. განცხადებაში მკაფიოდ იყო ხაზგასმული საკონსტიტუციო ჩარჩო, რომელიც ადგენს საქართველოს პრეზიდენტის როლს საგარეო ურთიერთობებში. ასევე, განცხადების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობით ფუნქციებს ახორციელებს მხოლოდ მთავრობის თანხმობის საფუძველზე, რადგან საგარეო პოლიტიკის განხორციელება განეკუთვნება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას. ამას გარდა, 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დეტალურად იყო გაწერილი მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრების სერია, რომელიც 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრით იწყებოდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებები, მათ შორის შეხვდა პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. აღნიშნულზე პასუხად, 1 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად გამოაცხადა კონსტიტუციის დარღვევის საფუძველზე პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ.

  • მმართველი პარტიის გეგმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროპული კომისიის მიერ დადგენილ 12 რეკომენდაციას, ნიშნავს, რომ მისი აზრით საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. შესაბამისად, მისი ვიზიტები ევროპაში მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ირაკლი კობახიძემ ასევე ბრალი დასდო პრეზიდენტს, რომ ის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცდილობს პოლიტიკური სარგებლის მიღებას და გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი სტატუსის მოპოვების გზაზე ქვეყნისთვის შეგნებულად ხელის შეშლის გამო. პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ დამატებითი ხმების მოპოვება ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისგან მოუწევს, თუმც ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებით, მმართველი პარტია არ ითანამშრომლებს რადიკალურ ოპოზიციასთან.
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანალოგიური განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტს არ სჯერა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობის. მისი მტკიცებით, პრეზიდენტის განცხადება, რომ მთავრობა არასათანადოდ ასრულებს 12 რეკომენდაციას სიცრუე და ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა პრეზიდენტის წინადადებებზე საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური გარემოებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით შეძლო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თავიდან აცილება. მისი თქმით, გასული ათი წლის განმავლობაში, არც საქართველოს პრეზიდენტს და არც ოპოზიციას ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანია და ეს ყველაფერი ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურებას წარმოადგენს.
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ასევე აფიქსირებდა მტკიცე პოზიციას პრეზიდენტის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით და მას უწოდებდა კონსტიტუციის დარღვევას. შესაბამისად, იგი გამართლებულად მიიჩნევდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილი აღიარებდა იმ ფაქტს, რომ მმართველ პარტიას არ გააჩნია პარლამენტში იმპიჩმენტის დასასრულებლად საჭირო ხმები და აცხადებდა, რომ თითოეულმა დეპუტატმა თავად უნდა განახორციელოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არაფერი უთქვამს ოპოზიციასთან შესაძლო მოლაპარაკებებზე. პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, „თუ ჩვენ არ ვცემთ პატივს კონსტიტუციას, მაშინ არავინ სცემს პატივს ჩვენ კონსტიტუციას და სახელმწიფოს“.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 100 ხმის მობილიზება შეუძლებელია. თუმცა, მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის მხარდაჭერას სააშკარაოზე გამოაქვს მათი ნამდვილი ამოცანები. მამუკა მდინარაძე ღიად აცხადებდა, რომ საჭირო ხმების უზრუნველსაყოფად, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის განზრახვა. ამას გარდა, ის არ გამორიცხავდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას, რომ იმპიჩმენტზე ხმის მიცემისგან თავშეკავების სანაცვლოდ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა მდინარაძე პრეზიდენტისგან არ მოელის ასეთი ნაბიჯის გადადგმას, იგი არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას, რადგან პრეზიდენტს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერთნაირი მესიჯბოქსი აქვთ და მითითებს ერთი და იმავე წყაროსგან იღებენ.
  • ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ხაზს უსვამდა, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნა კონსტიტუციის დასაცავად და არა დასარღვევად, რის გამოც მმართველი პარტიის რეაგირება შესაბამისი იყო. ირაკლი ზარქუა ასევე მიუთითებდა ოპოზიციის ორმაგ სტანდარტებზე და იხსენებდა, თუ როგორ მკაცრად აკრიტიკებდა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს, თუმცა დღეს მათი მხარდაჭერის ობიექტი გახდა. ამას გარდა, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს ადანაშაულებდა, რომ მისი ქმედებები ხელს უშლის საქართველოს მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღებას და ხაზს უსვამდა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი ადეკვატური ვერ გახდება. თუმცა, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არის ნათელი გზავნილი, რომ არავის, მათ შორის პრეზიდენტს, კონსტიტუციის დარღვევა არ შერჩება.
  • „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ვარაუდობდა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა გამოააშკარავებს კავშირებს პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და „გლობალურ ომის პარტიას“ შორის. „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის წინაშე აღებულ კონსტიტუციურ ვალდებულებებს სხვა დამკვეთების წინაშე აღებული ვალდებულება ამჯობინა. ამას გარდა, „ხალხის ძალის“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სწორედ ზემოხსენებული, მოუხელთებელი „გლობალური ომის პარტიის“ მითითებს ასრულებდა.
  • „ხალხის ძალის“ მოძრაობის წევრის, დავით ქართველიშვილის შეფასებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან იყო აგენტის და ზემდგომის შეხვედრა, აგენტისთვის დამატებითი მითითებების გადასაცემად. შესაბამისად, დავით ქართველიშვილმა პრეზიდენტს ბრალი დასდო უცხო ქვეყნის აგენტობაში.
  • პრორუსული ვებგვერდ „საქინფორმის“ რედაქტორი წერდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტით სურს თავად დარწმუნდეს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. მისი შეფასებით, პრეზიდენტის ამოცანას წარმოადგენს საბოლოო ჯამში ბრალის „ქართულ ოცნებაზე“ გადატანა, შესაბამისად მმართველი პარტიის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დაწყება და ქვეყნის შიგნით შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება. მორიგ სტატიაში, პრორუსულად განწყობილი რედაქტორი ხაზს უსვამდა, რომ ევროკავშირს ნაკლებად აღელვებს არა ის, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, არამედ ის, თუ როგორ ასრულებს მოქმედი ხელისუფლების ძირის გამოთხრის მიზნით მიღებულ დავალებებს. ამავე სტატიის თანახმად, ევროკავშირი ამზადებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ მან შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. კიდევ ერთ პრორუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს კოლექტიური დასავლეთი და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს საკმარისი ხმების მოპოვებას პარლამენტში შესასვლელად.

ჯოზეფ ბორელის თბილისში ვიზიტის წინ დეზინფორმაციის გამავრცელებლები ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გაძლიერებას და საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების უპერსპექტივობის წარმოჩენას ცდილობენ

7 სექტემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საქმეებში / ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, რომელმაც შეხვედრები გამართა მთავრობის წარმომადგენლებთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციურ პარტიებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებთან. ვიზიტის დროს, ჯოზეფ ბორელის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად, მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის უკმაყოფილებას საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, რამაც თბილისი რუსების ევროპაში გადასვლის ჰაბად აქცია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურაზე და განაცხადა, რომ ეს ზრდის უკუშედეგების მომტან პოლარიზაციას. ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება ჯოზეფ ბორელმა გააკეთა ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველომ 3 რეკომენდაცია შეასრულა, ხოლო დანარჩენი რეკომენდაციების შემთხვევაში საჭიროა დამატებითი მუშაობა.

  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და ხაზი გაუსვა მთავრობის ვალდებულებას მკაცრი დისციპლინის და სრული გამჭვირვალობის დაცვის თვალსაზრისით. მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის მკაცრად სამართლებრივი საკითხი. მან ასევე დააფიქსირა, რომ რადგანაც საქართველო მიისწრაფვის ევროპული სტილის დემოკრატიისკენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონსტიტუციის დაცვას და პატივისცემას. ევროპული კომისიის მიერ დადგენილ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა შესაძლო ქმედება განახორციელა დროის უმოკლეს ჩარჩოში, მაშინ როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ავანსად მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ევროკავშირის რეკომენდაციები არ შეუსრულებიათ, რაც უსამართლობაა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე ევროკავშირისგან სამართლიან მოპყრობას და შესაბამისად კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოელის. დაძაბული გეოპოლიტიკური კლიმატის და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი ასევე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის ნებისმიერი უარყოფითი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იქნება რუსეთისთვის მწვანე შუქის ანთება.
  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ იმპიჩმენტის პროცესი კი არ უწყობს ხელს პოლარიზაციის გაზრდას, არამედ ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილი უცხოეთის აგენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეგნებულად და ხელოვნურად ზრდიან პოლარიზაციას. ირაკლი კობახიძე ასევე ხაზს უსვამდა, რომ პოლარიზაციას ამძაფრებს კონსტიტუციის დარღვევა, რითაც პრაქტიკულად ბრალს სდებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს.
  • „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერი კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით. კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი წარმომადგენლის პოზიცია გასაგებია, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და კონსტიტუციის და კანონმდებლობის პატივისცემა ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ასევე შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი და განცხადებები. კერძოდ, მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას მაშინ საქმე გვექნება ხელისკვრასთან რუსეთის მიმართულებით. ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები პროფესორს და სტუდენტს შორის ურთიერთობას შეადარა. მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველო როგორც სტუდენტი პროფესორის მიერ შეგნებულად იჩაგრება, მაშინ როდესაც საქართველო ევროკავშირის კრიტერიუმებით ერთ-ერთი მოწინავეა. მისი თქმით, თუ ევროპული კომისია გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, მაშინ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
  • ხალხის ძალის“ მოძრაობის წევრი დავით ქართველიშვილი აკრიტიკებდა ჯოზეფ ბორელს და იხსენებდა მისი 2020 წლის ვიზიტს კიევში, როდესაც მან განაცხადა, რომ ევროკავშირი არ არის უკრაინის ბანკომატი და საჭიროა რეფორმების გატარება. დავით ქართველიშვილის თქმით, ქვეყანას რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებით, მაინც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ბორელის შეფასებები საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით, ფარისევლური, ცრუ და შულერობაა. მისივე თქმით, თუ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევენ, მაშინ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა აღარ ექნება.
  • პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი „ალტ-ინფოს“ ეთერში ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირის ყოველი ვიზიტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების შეფასებას, რომ შეცვალონ და დახვეწონ თავდასხმები კონსერვატიულად განწყობილ პატრიოტებზე. ევროკავშირი ცდილობს შეინარჩუნოს პროდასავლური დღის წესრიგი საქართველოში, რაც ასევე მოიცავს მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას. „ალტ-ინფოს“ ეთერში სხვა პროპაგანდისტი აკრიტიკებდა ბორელის წინა პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, თუ როგორ არის ევროკავშირი ბაღი, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ჯუნგლები. იგივე პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა თავისი „ბაღი“ გენოციდით და სხვა ქვეყნების ძარცვით შექმნა და არა სწორი პოლიტიკის გატარებითა და დემოკრატიით.
  • პრორუსულმა ვებგვერდმა „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის რეალურ მიზეზს წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული ვითარების პირადად შეფასება. კერძოდ, დასავლეთი დაინტერესებულია მოქმედი ხელისუფლების ჩანაცვლებით და ცდილობს დაინახოს, დაიწყება თუ არა საპროტესტო გამოსვლები იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს. შესაბამისად, დასავლეთი შეეცდება ხელისუფლების დამხობას რევოლუციის გზით, რაც კიდევ უფრო დაასუსტებს საქართველოს და გაზრდის მის დამოკიდებულებას დასავლეთზე. ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ცნობილი პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ ფორმალობაა და ჯოზეფ ბორელი საქართველოს ესტუმრა არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც მონას. პროპაგანდისტების თანახმად, საქართველო ვერ მიაღწევს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში და საქართველოს არაფერი აკავშირებს ევროპულ კულტურასთან და იდენტობასთან.
  • სოციალური მედიის პროსახელისუფლებო ანგარიში ამტკიცებდა, რომ ჯოზეფ ბორელის განცხადებები მიზნად ისახავს შემოდგომის ბოლომდე, ანუ მაშინ როდესაც ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყანაში ქაოსის და ანტისახელისუფლებო განწყობების გამოწვევას. პროპაგანდისტული წყაროს თანახმად, ჯოზეფ ბორელის კრიტიკული განცხადებებს ძალიან ოსტატურად უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. სოციალური მედიის ანგარიში ასევე აკრიტიკებდა ბორელის განცხადებებს, თუ როგორ გახდა საქართველო ჰაბი რუსებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესაღწევად და ხაზს უსვამდა, რომ ანალოგიურ არგუმენტებს არასდროს იყენებენ თურქეთის წინააღმდეგ, რომლის გავლითაც ევროკავშირში გაცილებით მეტი რუსი შედის. ამას გარდა, პოსტის ავტორი ახსენებდა, თუ როგორ მიიღო დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და საქართველომ ვერა, რითაც ხაზს უსვამდა ევროკავშირის არათანმიმდევრულობას.

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ აგრძელებენ განცხადებებს იდუმალებით მოცული „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ

  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა გულმოდგინედ ამტკიცებდა, რომ 4-5 სექტემბერს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია სახელად „პუტინიზმის დამარცხება“ მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, რადგან ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე. დეპუტატის განცხადებით, საქართველო არ იქნება „ბანანის რესპუბლიკა“, ხოლო ჯორჯ. უ. ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ დევიდ კრამერს და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ხელმოცარულ ადამიანებს და ფასიან ლობისტებს უწოდებდა, რომლებიც საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად შეიკრიბნენ.
  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა კონფერენციას და განაცხადა, რომ ცალკეული ექსპერტების გარდა, რომლებმაც ალბათ არ იცოდნენ კონფერენციის არსი, დამსწრეები იყვნენ კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი უცხოელი პარტნიორები. ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პრეზიდენტს და რადიკალურ ოპოზიციას საერთო მფარველი ჰყავთ, რომელსაც იგი იდუმალების ბურუსში გახვეული სახელით - „გლობალური ომის პარტიით“ მოიხსენიებს.
  • 7 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარადგინა ახალი პლატფორმა სახელად „საქართველოს ევროპული ორბიტა“, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა პოლიტიკური გამოცდილების მქონე ხალხის გაერთიანებას საქართველოს ევროპული მომავლისთვის. 11 სექტემბერს, „ხალხის ძალამ“ გაავრცელა წერილობითი განცხადება, სადაც ხაზგასმულია, რომ „გლობალური ომის პარტია“ არ პატიობს „ქართულ ოცნებას“ იმას, რომ მან არ გახსნა მეორე ფრონტი და ცდილობს მოქმედი ხელისუფლების დამხობას და ძალაუფლების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის გადაცემას. ამავე მტკიცებით, იმისთვის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს, „გლობალური ომის პარტია“ ეხმარება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ მსგავს პლატფორმებს, რომ მათ დაასუსტონ „ქართული ოცნება“ და ხელი შეუწყონ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წლის არჩევნების მოგებაში. თუმცა, განცხადების თანახმად, ასეთი მცდელობები ფუჭი იყო ადრეც და მომავალშიც იგივე განმეორდება.

პროპაგანდისტები აგრძელებენ მოწოდებებს რუსეთთან ახლო კავშირების დამყარებისკენ, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად წარმოაჩენენ

  • „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორდა პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი ტელეკომპანია „სეზონის“ ეთერში აცხადებდა, რომ რუსეთის სამთავრობო პროგრამები საქართველოს მოქალაქეებს აძლევს რუსეთში უფასოდ და გამოცდის ჩაბარების გარეშე სწავლის საშუალებას. ამას გარდა, რუსული უნივერსიტეტები არ მოითხოვენ რუსული ენის ცოდნას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ რუსული ენის ერთწლიან უფასო კურსებს. პროპაგანდისტმა მაყურებელს მოუწოდა განაცხადის შეტანისკენ, რადგან პროგრამა უამრავ საგანმანათლებლო და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობებს იძლევა.
  • სოციალური მედიის პროფილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მიზნად ისახავდა ხელმოწერების შეგროვებას პეტიციისთვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას სთხოვს. განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტს ხოტბას ასხამენ „გლობალიზმისა და მსოფლიო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“ და ხაზს უსვამენ ქართველებისა და რუსების ისტორიულ ერთობას, მათ შორის გამოყოფენ იმას, რომ საქართველო მხოლოდ რუსეთის მმართველობის პირობებში განვითარდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელმომწერები ადასტურებენ სიყვარულს მართლმადიდებლური რუსეთის მიმართ, რომელიც კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს.
  • პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ პროპაგანდისტმა განაცხადა, რომ რუსეთთან ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა თავს იკავებს მოსკოვთან მოლაპარაკების გამართვისგან. პროპაგანდისტის მტკიცებით, ეს პოზიცია მოკლებულია პრაქტიკულობას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ვითარების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. იგივე პროპაგანდისტი „ალტ-ინფოს“ ეთერში აჟღერებდა კარგად დამკვიდრებულ პრორუსულ ნარატივს და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მხარდაჭერა ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ქართველების, აფხაზებისა და ოსების თანაარსებობის ცნების მიმართ. ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანის თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილების) რეპატრიაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ფუნდამენტური ნაბიჯი.
  • პრორუსული „საქინფორმის“ რედაქტორმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციას რეალისტურს გახდის. კიდევ სხვა სტატიაში იგივე პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ ქართველები საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ უცხოელ მოწინააღმდეგეებს და უმეტესად წარუმატებლად, მაგრამ საბოლოოდ გადარჩნენ გეორგიევსკის ტრაქტატით, რამაც შედეგად მოიტანა რუსეთის მიერ დაცულობის უზრუნველყოფა და საქართველოს გაერთიანება. სხვა სტატიაში „საქინფორმის“ რედაქტორი წერდა, რომ რუსეთი კავკასიის რეგიონის ტრადიციული ლიდერია და საქართველოს მთავრობამ ეს უნდა აღიაროს. ასევე, მისი მტკიცებით, რაც არ უნდა გააკეთოს საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ის დასავლეთისთვის მაინც უცხო ქვეყნად დარჩება.
  • ცნობილი პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი მოსახლეობას მოუწოდებდა, რუსული მხარისთვის ფრონტისპირა ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისკენ. მისი თქმით, ბევრი ქართველი რუსეთში გაცილებით უკეთეს პირობებში ცხოვრობს, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში. შესაბამისად, რუსებისთვის საქართველოდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება რუსეთში მცხოვრებ ქართველების რეპუტაციას გააუმჯობესებს.
  • პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტების მორიგი სტატია ხოტბას ასხამდა ბიძინა ივანიშვილს საქართველო-რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის აბაშიძე-კარასინის ფორმატის ინიცირებისთვის, თუმცა ასევე აკრიტიკებდა მას რუსეთთან ურთიერთობების სრულად აღდგენისგან თავშეკავებისთვის, რამაც მოსპო რუსული ქარხნების საქართველოში გახსნის შესაძლებლობა, ისევე როგორც ქართველების რუსულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში სწავლის და რუსულ საწარმოებში ადამიანების დასაქმების შანსები. პროპაგანდისტის თანახმად, ყველა ზემოხსენებული საქართველოში ვითარებას გააუმჯობესებდა.

პროპაგანდა აგრძელებს უკრაინაში რუსეთის ომის გამართლებას და უკრაინის მხრიდან ტერიტორიების გათავისუფლების ძალისხმევის დისკრედიტაციას;

  • ტელეკომპანია “სეზონის“ ეთერში პროპაგანდისტების რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში თავდაცვითი ომს უწოდებდნენ, რადგან მათი აზრით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ კოლექტიური დასავლეთის და რაც მთავარია, აშშ-ს წინააღმდეგ იბრძვის. იგივე პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ ზელენსკი ამერიკელებმა დასვეს და აკონტროლებენ უკრაინელი ხალხის გასანადგურებლად. კიდევ ერთი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ მარცხდება, ხოლო უკრაინელები უზარმაზარ ზარალს განიცდიან და რუსულ არმიასთან ტერიტორიებს კარგავენ.
  • პროპაგანდისტი დასავლეთს ადანაშაულებდა უკრაინაში ომის პროვოცირებასა და კიევისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებით მის გამწვავებაში. პროპაგანდისტის თქმით, დასავლეთი მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი სლავის დახოცვას სხვა სლავების ხელით, ხოლო ამასობაში კი უკრაინას ძარცვავს და ანადგურებს. ომის შემდეგაც კი, უკრაინას დასჭირდება მუდარა, რომ მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა დასავლეთისგან ქვეყნის აღსადგენად, რაც მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან საკვანძო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების შესაძლებლობას, სავარაუდოდ მხოლოდ საბჭოთა კავშირი უზრუნველყოფდა.
  • სოციალური მედიის პროფილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სტეპან ბანდერას და მისი დაჯგუფების შთამომავლები არიან, რომლებიც ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ და მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი ქართველი დახოცეს. შესაბამისად, ალოგიკურია უკრაინელების საქართველოს მეგობრებად მიჩნევა.

ანტი-ამერიკული შეთქმულების თეორიების თანახმად, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაში აშშ-ია დამნაშავე

  • ცნობილი პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტი, რომელიც „ალტ-ინფოს“ და ტელეკომპანია „სეზონის“ ხშირი სტუმარია, აცხადებდა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ უბიძგა. ამას გარდა, ის ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯონ მაკკეინს აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული, ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი და 2008 წლის აგვისტოს ომის ინიციატორია, რის შედეგადაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამ გზით, პროპაგანდისტი ცდილობდა რუსეთის ოკუპაციის ბრალის აშშ-ზე გადატანას.
  • სხვა პროპაგანდისტი „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდა და ხელისუფლებაში მოვიდა აშშ-ის მხარდაჭერით და იგივე სცენარი ვითარდება უკრაინაშიც. აშშ დემოკრატიის, ლიბერალიზმისა და ადამიანის უფლებების სახელით, მხარს უჭერს ფაშისტურ და სისხლიან რეჟიმებს აღმოსავლეთ ევროპაში და ამ თვალთახედვით, ზელენსკის და სააკაშვილის რეჟიმები ამის მაგალითია.
  • ანალოგიური იდეა იყო გამოთქმული პრორუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშ, რომლის თანახმადაც აშშ-მა 1991 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო იდეების რევოლუციის განხორციელება ქვეყანაში. მათ შორის, დადგმული იყო „ვარდების რევოლუცია“ და აშშ-მა სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების ტვინების შესაცვლელად ჩანერგა.
  • სოციალური მედიის მომხმარებელი გამოქვეყნებულ პოსტში ამტკიცებდა, რომ აშშ და ევროკავშირი მთავარი ოკუპანტები არიან, რადგან აშშ-მა ნახევარი აზია დაიპყრო, ხოლო ევროკავშირმა სერბეთი დაშალა და „კოსოვო წაიღო“. სოციალური მედიის სხვა მომხმარებლის პოსტის თანახმად, აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველო გაანადგურეს და ქვეყანაში გენოციდი მოაწყვეს.

პროპაგანდისტები სამხრეთ კავკასიაში შექმნილი დაძაბული ვითარებით სპეკულირებენ და სომხეთს აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვის გამო აკრიტიკებენ

  • პრორუსული „საქინფორმის“ რედაქტორი ამტკიცებდა, რომ თურქეთი სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის და აქედან გამომდინარე, გეგმავს მთიან ყარაბაღზე ან სომხეთზე თავდასხმას. ავტორის მოსაზრებით, ამ ტერიტორიებზე წარუმატებელი შეჭრის შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა გახდეს შემდეგი სამიზნე, მისი წყლის ფართო რესურსების გათვალისწინებით. „საქინფორმის“ რედაქტორი ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველო ფლობს დიდი რაოდენობით ბუნებრივ რესურსებს, თუმცა საზოგადოებას ამ ინფორმაციას უმალავენ, რომ ამან არ გამოიწვიოს ქართული საზოგადოების მხრიდან ყოყმანი აშშ-სთან, ნატო-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
  • ამავე პროპაგანდისტის მტკიცებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კმაყოფილია არსებული სტატუს-კვოთი და არ უნდა ვითარების არევა, მაგრამ მას თურქეთის სახით „დიდი ძმა“ ავალდებულებს ხელი შეუწყოს თურქეთის ექსპანსიონისტურ გეგმებს და შეუტიოს სომხეთს.
  • პრორუსული პროპაგანდისტების განსაკუთრებული განრისხება გამოიწვია სომხეთის გადაწყვეტილებამ ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-სთან ორმხრივი სამხედრო სწავლებების გამართვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პროპაგანდისტული წყარო ამტკიცებდა, რომ ერთობლივი სწავლებები მხოლოდ გაზრდის დაძაბულობას კავკასიაში და შედეგად სომხეთის განადგურებას გამოიწვევს. პროპაგანდისტის თანახმად, დასავლეთს არ გააჩნია სამხრეთ კავკასიაში წარმატების მიღწევის შანსი და ცდილობს მხოლოდ ქაოსის გამოწვევას, ისევე როგორც რუსეთის და მისი მოკავშირეებისთვის პრობლემების შექმნას.