logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი: 2-9 ოქტომბერი

Screenshot 2023-10-12 171142.png
10 ოქტომბერი, 2023
 0
  • პარლამენტის თავმჯდომარე თავს ესხმის GRASS-ს და ცდილობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ამაზე ბრალი არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეკისროთ.
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო გადატრიალების დაანონსების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ცვლის კანონს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ და აცხადებს, რომ არ დაუშვებს „სისხლიან რევოლუციას“.
  • პრორუსი პროპაგანდისტები ცდილობენ ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებას.
  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ შექმნილი „ანტი-მაიდანის მოძრაობა“ აძლიერებს ნარატივს, რომ დასავლეთი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით გეგმავს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გამოწვევას.
  • სუს-ის განცხადება USAID-ის მიერ „სახელმწიფო გადატრიალების შესახებ“ დაფინანსებული ტრენინგის შესახებ ხელს უწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებას.
  • პროპაგანდა მოსკოვს წარმოაჩენს საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად.

პარლამენტის თავმჯდომარე თავს ესხმის GRASS-ს და ცდილობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ამაზე ბრალი არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეკისროთ.

2023 წლის 5 ოქტომბერს, GRASS-ის („საქართველოს რეფორმების ასოციაცია“) დამფუძნებელმა და საბჭოს თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ გამოაქვეყნა პირადი მოსაზრება საქართველოს სამომავლო ევროინტეგრაციის გზაზე დასაწესებელი პირობების შესახებ. GRASS-ის არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის წევრი, რომელიც მონიტორინგს უწევს ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობას, რაც ქვეყნდება „ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსმეტრის“ სახელით. აღნიშნული ანგარიში ხშირად ხდება მმართველი პარტიის მხრიდან აბსურდული ბრალდებების სამიზნე, რომ თითქოს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი სურთ.

2023 წლის 6 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა GRASS-ი და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანამატია, რომელიც ევროკავშირს ურჩევს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუ ხელისუფლება გაათავისუფლებს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სანქციებს დაუწესებს რუსეთს.

GRASS-ის ოფიციალური პოზიცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მკაფიოდ არის ასახული „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმეტრსა“ და ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენისთვის 18 სექტემბერს გაგზავნილ წერილში, სადაც GRASS-მა კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით ევროპული კომისიის პრეზიდენტს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. GRASS-ის მიერ განმარტებითი განცხადების გაკეთების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე აგრძელებდა მაპოლარიზებელ რიტორიკას და კიდევ ერთხელ გააჟღერა ცრუ ბრალდება ორგანიზაციის მისამართით, რომ თითქოს ეს უკანასკნელი ცდილობს საქართველოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების და ეკონომიკური კოლაფსის რისკში შეყვანას, ხოლო სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა ღიად დააფიქსირონ უთანხმოება, „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმეტრში“ გადმოცემულ დასკვნებთან დაკავშირებით. GRASS-მა კიდევ ერთხელ უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც მოუწოდა შეცვალოს დამაზიანებელი და მაპოლარიზებელი რიტორიკა და ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად, გადადგას რეალური ნაბიჯები ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგულარული, შინაარსობრივი შეხვედრების დასაწყებად.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო გადატრიალების დაანონსების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ცვლის კანონს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ და აცხადებს, რომ არ დაუშვებს „სისხლიან რევოლუციას“.

სუსის თავდაპირველ განცხადებაში, რომელიც მოსახლეობას აფრთხილებდა საქართველოს მთავრობის დამხობის გეგმის შესახებ, ასევე აღწერილი იყო სქემა, რომელიც ითვალისწინებს დემონსტრანტების მიერ ქალაქის ცენტრში კარვების განთავსებას. ამ განცხადების თანახმად, გადატრიალების ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ერთ-ერთ ამ კარავში უნდა მომხდარიყო ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, მწვავე საზოგადოებრივი რეაქციის გამოწვევა და ძალადობრივი რევოლუციის განხორციელება. 30 სექტემბერს, მმართველმა პარტიამ წარადგინა ცვლილებები კანონში „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა უკვე 5 ოქტომბერს დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, საპროტესტო გამოსვლების და დემონსტრაციების მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა, თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამას გარდა, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი ვეტოს დაადებს ამ კანონს, ხოლო სახალხო დამცველის პოზიციით, კანონი ეწინააღმდეგება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას.

· „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღრმა შეშფოთებას გამოხატავდა აშშ-ის საელჩოს პასუხთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით იყო აბსოლუტურად შემაშფოთებელი. ირაკლი კობახიძე შენიშნავდა, რომ აშშ-ს საელჩო მკაფიოდ არ გაემიჯნა რევოლუციის მზადებაში ნებისმიერ ჩართულობას. მისი თქმით, ქართველი ხალხს სურს მშვიდობის შენარჩუნება და არა რევოლუცია და ის უბედურება, რომელიც რევოლუციას მოაქვს, რაც უკრაინის მაგალითზეც გამოჩნდა. ამასთან, ქართული საზოგადოება აშშ-ს საელჩოსგან მოელის განსხვავებულ პოზიციას და განმარტებას, რომ არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი. მმართველი პარტიის ხელმძღვანელის თანახმად, როდესაც სუსი წარმოადგენს კონკრეტულ მტკიცებულებას, რომ USAID-მა დააფინანსა ტრენინგი რევოლუციის მომზადების შესახებ, მან ეს მკაცრად უნდა დაგმოს. ამას გარდა ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველო დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს და სიფრთხილით იმოქმედებს საქართველოს „უკრაინიზაციის“ თავიდან ასაცილებლად, რაც მისი თქმით ნიშნავს რევოლუციას, ქაოსს და მეორე ფრონტს.

  • პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა უცხოურ აქტორებს, რომ თავი შეიკავეს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესწორებებში ჩარევისგან. შალვა პაპუაშვილი აცხადებდა, რომ უცხოურმა აქტორებმა აქტიური როლი ითამაშეს „უცხოელი აგენტების კანონის“ რუსულ კანონად გამოსაცხადებლად, რაც იყო სიცრუე და შედეგად გამოიწვია 7-8 მარტის ძალადობრივი აქციები და რადიკალიზმი. ამჯერად, ცვლილებებს არ გამოუწვევია რადიკალიზმი, რადგან უცხოელმა აქტორებმა პატივი სცეს საქართველოს შიდა პოლიტიკას და კონსტრუქციულად მოიქცნენ, ხოლო ცვლილებებმა მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და „ყალბი ენჯეოების“ გაღიზიანება გამოიწვია. USAID-თან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებდა 2020 წლის არჩევნებს და მიუთითებდა, რომ USAID-ის დაფინანსების მიმღებმა „სამართლიანმა არჩევნებმა“ თავდაპირველად ხმების პარალელური დათვლის არასწორი შედეგები გამოაქვეყნა. იქამდე, სანამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ოფიციალურად აღიარა ამ შედეგების მცდარობა, ხმების პარალელური დათვლის შედეგების საფუძველზე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილის თანახმად, USAID-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ შედეგები არ იყო სწორი, თუმცა ძალადობრივი საპროტესტო აქციების მიმდინარეობის მიუხედავად, არ გამოაქვეყნა შესაბამისი განცხადება. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციით, USAID-მა ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე, „შეკრებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას აცხადებდა, რომ როგორც ჩანს, სუსის თავდაპირველი განცხადება რევოლუციის მზადების შესახებ სიმართლეა, რასაც USAID-ის დაფინანსებული ტრენინგიც ადასტურებს. მამუკა მდინარაძის თქმით, სუსის განცხადება დემონსტრანტების კარვებში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებასთან დაკავშირებით ასევე სარწმუნო ჩანს. შესაბამისად, მმართველი პარტია ვალდებულია აღნიშნული აღკვეთოს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკულად. მისი თქმით, ყველა ვინც უპირისპირდება შესწორებებს არის ადამიანების დაღუპვის და პოლიტიკური სარგებლის მოპოვების რევოლუციური გეგმების თანამონაწილე. მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობრივ და სისხლიან რევოლუციას. ერთ-ერთ დასმულ შეკითხვაზე პასუხად, თუ რატომ არ დააკავა სუსმა არავინ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კონკრეტული ნაბიჯები ტრენინგების გამართვის შემდეგ არ გადადგმულა, რადგან ტრენინგებზე ადგილი ჰქონდა მხოლოდ ვერბალურ კომუნიკაციას. ამასთან, მისი თქმით, თუ საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ რევოლუციის მზადების ქმედებებს, მაშინ შესაბამისად იმოქმედებენ.
  • „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი შეფასებით, ნებისმიერი, იქნება ეს ინდივიდი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, მხარს უჭერს სუსის განცხადებაში დაფიქსირებულ შემაშფოთებელი პროვოკაციებს. კახა კალაძის თქმით, უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება. მისი მტკიცებით, რადგან ოპოზიციურ პარტიებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ისინი ცდილობენ მთავრობის დამხობას, ზოგჯერ „უცხოელი მოკავშირეების“ ჩართლობით. თუმცა, კახა კალაძე ირწმუნებოდა, რომ მმართველი პარტია ურყევად დაიცავს ქართველ ხალხ, საქართველოს ინტერესებს და უსაფრთხოებას.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებდა, რომ სუსის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ საგამოძიებო უწყებები კომპეტენტურად ახორციელებენ საკუთარ მოვალეობებს და გამოავლინეს „მავნებლები“, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციის ორგანიზების მიზნით ჩამოვიდნენ. ირაკლი ზარქუას შეფასებით, აშშ-ს საელჩო შეცდომაშია შეყვანილი და არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. დეპუტატის თქმით, „აქ შტერი არავინ არ არის, ეს მინდა იცოდნენ!“
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებდა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ვერც ერთი მცდელობა ვერ იქნება ამ პარტნიორობის დამაზიანებელი. იგი ასევე ხაზს უსვამდა, რომ აშშ-ს საელჩო უნდა ინტერესდებოდეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერით და ხელისუფლების არჩევნების მეშვეობით და კონსტიტუციის შესაბამისად ცვლილებით, არა რევოლუციებით და ძალადობრივი ქმედებებით. ალუდა ღუდუშაური ასევე ხაზს უსვამდა, რომ სუსის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ზოგიერთი ინდივიდები მთავრობის დამხობის მეთოდებს ასწავლიან. შესაბამისად, აშშ-ს საელჩომ ასეთი ქმედებები უნდა დაგმოს და ქართველ ხალხს საკუთარი პოზიცია განუმარტოს.
  • „ხალხის ძალის“ წევრი და დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებდა, რომ საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ ჩატარდა ტრენინგი რევოლუციების და ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩასატარებლად. მისი თქმით, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავად აღიარეს ამ ჩანაწერების ავთენტურობა და ისინი ძალადობას ქადაგებენ. დეპუტატის თანახმად, ქართველი არ მოტყუვდება, თუ აშშ-ს საელჩო უარყოფს სუსის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების შინაარსს.


პრორუსი პროპაგანდისტები ცდილობენ ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებას.

  • ტელეკომპანია „სეზონის“ პროპაგანდისტის შეფასებით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა არის მუსლიმური სამყაროს ერთობლივი ბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, საქართველო სახიფათო ვითარებაში იგდებს თავს დასავლეთის გვერდზე დგომით. ამავე განცხადებით, საქართველომ უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკა, რადგან ისლამურმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ირანი და თურქეთი, შესაძლოა დაიპყრონ საქართველო. ასევე, ახლო აღმოსავლეთთან სიახლოვის გამო, საქართველომ უნდა უარი თქვას დასავლეთთან ინტეგრაციაზე კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად.
  • ტელეკომპანია „სეზონის“ ხშირი სტუმარი სასულიერო პირი დასავლეთს ადანაშაულებდა „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში და აცხადებდა, რომ დასავლეთის პოლიტიკამ ახლო აღმოსავლეთის მიმართ გამოიწვია ისლამური ქვეყნების პროვოცირება. აღნიშნული სასულიერი პირი ასევე საუბრობდა შეთქმულების თეორიაზე, რომლის თანახმადაც, თუ ებრაელი ხალხი დაეპატრონება სოლომონის ტაძარს, ისინი აირჩევენ ახალ მესიას, რომელიც იქნება ანტიქრისტე.
  • პრორუსულმა ვებგვერდმა „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გადმოცემულია რუსი ექსპერტის ვლადიმირ პავლენკოს მოსაზრება, რომლის თანახმადაც სწორედ დასავლეთმა მოახდინა „ჰამასის“ და ისრაელის პროვოცირება კონფლიქტის დასაწყებად. მისი თქმით, ისრაელი ახორციელებდა აშშ-სგან დისტანცირების და ჩინეთთან დაახლოების პოლიტიკას, შესაბამისად აშშ დაეხმარა „ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმაში. ასევე, დასავლეთი საბოლოო ჯამში დაეხმარება ისრაელს „ჰამასის“ დამარცხებაში, რაც გამოიწვევს ირანის მოკავშირეების განადგურებას და შესაძლებელს გახდის ისრაელის ერთგულების მოპოვებას. ამას გარდა, ისრაელის შეიარაღებით დახმარება კარგი მიზეზია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების შესაჩერებლად.
  • პრორუსი პროპაგანდისტი აცხადებდა, რომ მას შემდეგ რაც ირანმა განაცხადა „ჰამასის“ მხარდაჭერის შესახებ, რუსეთი ერთადერთი ძალაა მსოფლიოში, რომელსაც სამშვიდობო შუამავლობა შეუძლია. მისი თქმით, თუ ირანი პირდაპირ ჩაება ისრაელთან კონფლიქტში, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება. ამავე პოსტის თანახმად, რადგან ძლიერდება რუსეთის, როგორც შუამავლის პოზიციები, საქართველომ ღიად უნდა განაცხადოს, რომ უარს ამბობს ნატოში ინტეგრაციაზე და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები მოსკოვთან.
  • პრორუსული პროფილი აცხადებდა, რომ ადამიანები განრისხებულები იყვნენ, როდესაც უკრაინა მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებდა, რამაც ისინი რუსული სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ აქცია და მოსახლეობაში მასობრივი მსხვერპლი გამოიწვია. თუმცა, ამჟამად ყურადღებას არ აქცევენ იგივე ვითარებას პალესტინაში.
  • სოციალური მედიის კიდევ ერთი პროფილი აცხადებდა, რომ თუ რუსეთი დასუსტდება, თურქეთი და ირანი საქართველოს დაიპყრობენ, რადგან მათ ქრისტიანები ებრაელებზე მეტად სძულთ.
  • პროპაგანდისტული წყაროს მტკიცებით, ისრაელი არასწორად მოექცა რუსეთს, როდესაც სლავური სამყაროს დასუსტების და დაშლის გლობალისტურ გეგმას შეუერთდა. ამავე პოსტის თანახმად, სიონისტურ ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ რუსეთმა ებრაელი ხალხი მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპული ფაშიზმისგან იხსნა და დაეხმარა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი სახელმწიფოს შექმნაში. თუმცა, მადლიერების ნაცვლად, ისრაელმა რუსეთს ზურგი შეაქცია და ამერიკის პარტნიორი გახდა. პოსტის ავტორი ასევე ხაზს უსვამდა, რომ ისრაელი ეხმარებოდა ებრაელი პრეზიდენტის ზელენსკის ფაშისტურ მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ და ისრაელის სახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების ფასს აუცილებლად გადაიხდის.
  • სოციალური მედიის იგივე პროფილი ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ ისრაელის მთავრობას აქვს საბრძოლო მასალის პრობლემა, რის გამოც ვეღარ ახერხებენ ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების გამოყენებას და საბრძოლო შენაერთების მომარაგებას. ამავე პოსტის თანახმად, ისრაელი აწვდიდა აზერბაიჯანს და უკრაინას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას, ამერიკელები კი გარანტიას აძლევდნენ ებრაელებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მარაგებს შეუვსებდნენ, თუმცა დანაპირები არ შეასრულეს. ამას გარდა, ავტორი ამტკიცებდა, რომ აშშ ხელს უწყობს ისრაელის დაღუპვას, რადგან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაგზავნა ავიამზიდი „USS Gerald Ford”.
  • ასევე გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კორუფციის მიზეზით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღება ღაზას სექტორში აღმოჩნდა.
  • პირდაპირი ჩართვის დროს, სოციალური მედიის პროფილი აცხადებდა, რომ რადგან ნეთანიაჰუს მთავრობამ ამერიკელებს სასამართლო სისტემა არ დაუთმო, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა რევოლუციის მცდელობას, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. აშშ არ სჯის ისრაელს „ჰამასისთვის“ შეიარაღების მიწოდებით, რადგან „ჰამასს“ არ შეუძლია ამდენად დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალების მიღება უცხოური დახმარების გარეშე. ამას გარდა, აშშ დაინტერესებული იყო ახლო აღმოსავლეთში ვითარების არევით, რადგან რეგიონში გავლენას კარგავდა.
  • პროპაგანდისტული წყარო აცხადებდა, რომ ისრაელი უფრო სახიფათოა ქრისტიანული სამყაროსთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმური ქვეყნები უფრო აგრესიულები არიან, მათ ასეთივე სამხედრო სიძლიერი არ გააჩნიათ. ამას გარდა, ისრაელი ჩართულია მოსახლეობის შემცირების, ადამიანების გონების კონტროლის გლობალისტურ გეგმებში და არანაკლებ რადიკალურია, ვიდრე მუსლიმი ტერორისტები. პროპაგანდისტების თანახმად, ებრაელი ხალხი აკონტროლებს გლობალურ ფინანსებს და სძულს ქრისტიანები.
  • სოციალური მედიის კიდევ ერთი პროპაგანდისტული სოციალური მედიის პროფილი ამტკიცებდა, რომ სანამ აშშ ამჟამინდელი ფორმით არსებბოს, ყოველთვის იქნება ომი, ტერორიზმი, პანდემია, ხელოვნურად გამოყვანილი ვირუსები და ლგბტ პროპაგანდა. ასევე, აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ფაშიზმს, ნაციზმს და ულტრა-ნაციონალიზმს რადგან ის შექმნილია ომების პროვოცირებისა და სხვა ერების ექსპლოატაციის მიზნით.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ შექმნილი „ანტი-მაიდანის მოძრაობა“ აძლიერებს ნარატივს, რომ დასავლეთი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით გეგმავს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გამოწვევას.

  • „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერი ზურაბ მახარაძე პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ ეთერში მოუწოდებდა ადამიანებს დაერეკათ „ანტი-მაიდანის“ ოფისებში და ჩაწერილიყვნენ დაჯგუფებაში. პროპაგანდისტის თანახმად, მაღალი ალბათობით გარდაუვალია ხელისუფლების დამხობის და საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობები. ზურაბ მახარაძის განცხადებით, გამოძახების შემთხვევაში, დაჯგუფების წევერები მზად უნდა იყვნენ თბილისში სამოქმედოდ 4 საათის ვადაში, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის დაცვა ომისგან.
  • პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებდა, რომ აშშ ემზადება საქართველოში რეჟიმის ცვლილებისთვის და რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.
  • „ალტ-ინფოს“ მორიგი პროპაგანდისტი ძალადობის მუქარით მიმართავდა ოპონენტებს და აცხადებდა, რომ მოსპობდნენ ყველას, ვისაც სძულს ქართველი ერი, მათ შორის დასავლეთს და მათ ვინც დასავლური ქვეყნებიდან იღებს დაფინანსებას.
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტი აპელირებდა სუსის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, თუ როგორ ამზადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და უნივერსიტეტის კლუბები საქართველოში ტერორისტულ აქტებს. ამავე პროპაგანდისტის თანახმად, სუსმა იმიტომ გამოაქვეყნა ეს მტკიცებულება, რომ ხალხი მზად იყოს პასუხი გასცეს ასეთ საფრთხეს. პროპაგანდისტი ასევე ამტკიცებდა, რომ საჭიროა უცხოელი აგენტის კანონის მიღება, რომ გამოაშკარავდეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორში არსებული აგენტურული ქსელი.
  • პროპაგანდისტი სოციალურ მედიაში აცხადებდა, რომ დასავლეთს მიერ მართული ლიბერალები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში სისხლისღვრას და რევოლუციას გეგმავენ. პოსტის თანახმად, არსებობს ორი შესაძლებლობა. პირველ შემთხვევაში, ევროკავშირი ანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რაც ნიშნავს, რომ ბრიუსელი არ ენდობა ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ისინი შეძლებენ ხელისუფლების დამხობას და შესაბამისად საქართველოს მისცემს კანდიდატის სტატუსს გავლენის შესანარჩუნებლად. მეორე შემთხვევაში, ევროკავშირი მიზანმიმართულად არ აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსს რევოლუციის გამოსაწვევად, რომლის შემდეგაც ოპოზიციური პარტიები მოდიან ხელისუფლებაში, იწყებენ რეპრესიებს კონსერვატორი ქრისტიანების წინააღმდეგ და ხსნიან მეორე ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ.

სუს-ის განცხადება USAID-ის მიერ „სახელმწიფო გადატრიალების შესახებ“ დაფინანსებული ტრენინგის შესახებ ხელს უწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებას.

ტელეკომპანია „სეზონის“ პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძე სუსის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ აშშ პირდაპირ არის ჩართული საქართველოში გადატრიალების მომზადებაში. მისი თქმით, USAID ახალგაზრდებს ზუსტად ისე ამზადებს, როგორც 2003 წელს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში.

  • „ალტ-ინფოს“ ლიდერი ზურაბ მახარაძე ასევე გამოეხმაურა სუსის განცხადებას USAID-ის დაგეგმილი ტრენინგის შესახებ. პროპაგანდისტის თანახმად, ტრენერები საქართველოში კონკრეტული მიზნით ჩამოვიდნენ, რომ დახმარებოდნენ აქტივისტებს ქალაქის ცენტრის დაკავების, კარვების აღმართვის და ერთ-ერთ კარავში ბომბის დეტონაციის გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით. ზურაბ მახარაძის მტკიცებით, რადგანაც ხელისუფლებას ცვლილებები შეაქვს კანონში შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ, რომელიც ზღუდავს დროებითი კონსტრუქციების აღმართვას, ეს ნიშნავს, რომ სუსის განცხადებაა სანდოა და ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს.
  • სხვა პრორუს პროპაგანდისტხაზს უსვამდა, რომ USAID არ ეწეოდა მსგავს საქმიანობას ტრამპის ადმინისტრაციის დროს. ამავე პროპაგანდისტის ანახმად, მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა თბილისის პრაიდის ღონისძიებები გააპროტესტა, პრეზიდენტმა ტრამპმა შეიტყო, რომ მას USAID აფინანსებდა. ამ კონტექსტში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შემდეგ საქართველოში გაგზავნა წარმომადგენლები, რომლებმაც უსაყვედურეს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და აშშ-ის საელჩოს პერსონალს.
  • „ალტ-ინფოს“ პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში აშშ- მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება იხარჯებოდა პროფესიონალი მომიტინგეების მომზადებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე და არა საქართველოს ეკონიმიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორების განვითარებისთვის. ამავე პროპაგანდისტი მტკიცებით, აშშ-სთვის USAID არის იმპერიული ძალაუფლების ინსტრუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. პროპაგანდის მტკიცებით, USAID მოქმედებს უცხო ქვეყნებში ფარული ქსელების დაფინანსები, გადატრიალების წახალისებით და უკანონო საშუალებებითს გამოყენებით, აშშ- გავლენის მსოფლიოს მასშტაბით გაფართოების მიზნით.
  • „ალტ-ინფოს“ გადაცემის წამყვანი ამტკიცებდა, რომ USAID საქართველოში მაიდნის რევოლუციას აფინანსებს. კერძოდ, მტკიცების თანახმად, USAID-მა შეძლო შეღწევა ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და განათლების სამინისტროში და მისი კარნახით იქმნება ქართველი ბავშვების სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები, რაც ბავშვებისთვის ტვინის გამორეცხვას ისახავს მიზნად. ამას გარდა, პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის ინიციატივები საქართველოს აზარალებს, რადგან იწვევს საქართველოსთვის ენდემური, ტრადიციული და სტრატეგიული მნიშვნელობის კულტურების ეროზიას. მისი თქმით, აღნიშნული პროექტებით სავარაუდოდ წახალისებულია სოფლის მეურნეობის ის სექტორები, რომლებიც არ არიან თანხვედრაში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებთან.
  • მორიგი პროპაგანდისტი აცხადებდა, რომ უკრაინაშ ომის დაწყებიდან, აშშ მუდმივად ცდილობს დაამტკიცოს, რომ არ არის დაინტერესებული საქართველოში რეჟიმის ცვლილებით და მეორე ფრონტის გახსნით. თუმცა, პროპაგანდისტის თანახმად, აშშ-ს საელჩოს უკანასკნელი განცხადება, სუსის განცხადებებზე პასუხად, წარმოადგენს აღიარებას, რომ აშშ ნამდვილად აფინანსებს რევოლუციურ ქმედებებს საქართველოში და ამას მომავალშიც გააგრძელებს.
  • პროპაგანდისტული წყარო ამტკიცებდა, რომ აშშ-ს არ გააჩნია ეკონომიკური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, ხოლო ვაშინგტონს მხოლოდ გლობალური გეოპოლიტიკური გავლენის შენარჩუნება ადარდებს და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მცირე ზომის დაშნად იყენებს. პროპაგანდისტის თანახმად, საჭიროა კონსტიტუციურად შეიზღუდოს უცხოური ჩარევა შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

პროპაგანდა მოსკოვს წარმოაჩენს საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად.

  • ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებდა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველო სიფრიფანა ყინულზე მოძრაობს, რადგან არსებობს სახელმწიფო გადატრიალების მუდმივი საფრთხე და ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ საფრთხის შეკავება შეუძლია რუსეთია. შესაბამისად, საქართველოს საჭიროა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან. ნიკოლოზ მჟავანაძე ასევე იხსენებდა შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის და ხაზს უსვამდა, რომ პირდაპირი მოლპარაკებები მოსკოვთან საჭიროა, რომ მოსკოვმა არ მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია.
  • სხვა გადაცემაში ტელეკომპანია „სეზონის“ პროპაგანდისტაკრიტიკებდა აჭარის მუზეუმებს, რომ ისინი არ აღნიშნავდნენ რუსული ძალების მიერ ოსმალეთის ოკუპაციისგან აჭარის განთავისუფლების 145 წლის იუბილეს და აცხადებდა, რომ ხდება თარიღის უგულებელყოფა. გასული პერიოდებში მრავალჯერ გაკეთებული განცხადებების მსგავსად, პროპაგანდისტმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში რუსეთის ყოფნის გარეშე აჭარა კვლავ დაიკარგებოდა და თურქეთი კვლავ განახორციელებდა მის ოკუპაციას. ამას გარდა, პროპაგანდისტული ნარატივის თანახმად, ვლადიმირ პუტინის გარეშე, თურქეთ, სირია, ყაზახეთსა და ბელარუსს სისხლიანი რევოლუციების გადატანა მოუწევდათ.
  • პრორუსული ვებგვერდის „საქინფორმის“ რედაქტორმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ავტორი ამტკიცებდა, რომ მიმდინარეობს ქართველი ერის დეგრადაცია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა ზედაპირზე ტივტივს რუსეთთან კავშირების წყალობით ახერხებს, ქვეყანა ნატო-ს ანტირუსული შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი აქტორია. პროპაგანდისტის თანახმად, ქართველები ვერასდროს დაბრუნდებიან აფხაზეთში, ვიდრე ევროკავშირის და ნატოს წევრობის გზას მიჰყვებიან. აფხაზეთში, ახალი რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ სამხედრო ბაზა საქართველოს დამატებით საფრთხეს არ უქმნის. ამას გარდა, მისი თქმით, რუსულ ბაზებს სარგებელი მოაქვს ადგილობრივებისთვის, რადგან მოსახლეობას ასაქმებს როგორც მომმარაგებლებს და ხელოსნებს, მათ შორის სამხედროები ადგილობრივ საკვებ პროდუქტებს ყიდულობენ მაღალ ფასად და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თხოვნის საფუძველზე, ბაზის პერსონალი მშვიდობიან მოსახლეობას დახმარებას უწევს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში.
  • „ალტ-ინფოს“ ეთერში პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ საქართველოში დასავლეთის მიერ დაგეგმილი გადატრიალების ფონზე, პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს შეაკავებს აშშ-დან და ევროკავშირიდან მომავალ მავნე ზეგავლენას.
  • სოციალური მედიის პროფილის პოსტის თანახმად, კეთილგანწყობიდან გამომდინარე, რუსეთი მალე დაუბრუნებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს საქართველოს.
  • პროპაგანდისტული წყარო ამტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირის 70 წლიანი ოკუპაცია საქართველოს იცავდა გარე საფრთხეებისგან და ხელი შეუწყო ეკონომიკის განსაკუთრებულად მაღალ განვითარებას. თანამედროვე ეპოქაში, რუსეთის მიმართ მადლიერების გამოხატვის ნაცვლად, საქართველო მას გმობს. ამავე მტკიცებით, ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყნის გათავისუფლება დასავლეთის კოლონიური მარწუხებისგან არსებითი მნიშვნელობისაა გადასარჩენად.
  • კრემლის მიერ დაფინანსებულმა „სპუტნიკ-საქართველომ“ გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის სტატია, რომელიც ამტკიცებს, რომ მაშინ როდესაც რუსეთი იზრდება, აშშ ჩაფლულია ქაოსში, სკანდალში, პოლიტიკურ კრიზისებსა და საბიუჯეტო დავებში. ევროპა იტანჯება მისი „ჯამბაზი ლიდერების“ გამო და უკრაინა ზიანს განიცდის დაფინანსების და საბრძოლო მასალის დეფიციტის შედეგად, რომლის შევსებაც დასავლეთს არ შეუძლია. სტატიის თანახმად, კოლექტიური დასავლეთი კრიტიკულ მიჯნაზე იმყოფება, მაშინ როდესაც რუსეთი სიმტკიცეს ინარჩუნებს.