logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი - 10 ოქტომბერი - 17 ოქტომბერი

196a67792778d1e702747200b19f3c13_1672228094_extra_large.png
19 ოქტომბერი, 2023
 0
  • საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აძლიერებს „ქართული ოცნების“ გზავნილს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლობა იყო
  • რობინ დანიგენს, აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ორაზროვანი განცხადებებით დახვდნენ
  • რუსული პროპაგანდა ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში აშშ-სა და დასავლეთს ადანაშაულებს, აშკარაა ანტისემიტიზმი
  • კვლავ ვრცელდება პროპაგანდისტული ნარატივი, რომლის თანახმადაც დასავლეთი, ომის გამჩაღებელი ძალა, საქართველოში მაიდნის მსგავსი რევოლუციის მოწყობას განიზრახავს
  • პროპაგანდისტები ირწმუნებიან, რომ გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი რუსეთთან თანამშრომლობაა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

საკონსტიტუციო სასამართლოს 16 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში განხორციელებული სამუშაო ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. „საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია“, განაცხადა სასამართლოს დასკვნის წაკითხვისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ. პრეზიდენტის პასუხის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მაინც გულსატკენი აღმოჩნდა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აღარ მიიჩნევს სამართლებრივ სისტემაში იმ ერთ-ერთ მხარედ, რომელიც კვლავ იმსახურებდა გარკვეულწილად ნდობას. პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება იყო სამარცხვინო და საზიანო ქვეყნის რეპუტაციისთვის, როდესაც პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე დამახინჯებულია. „არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას უღალატა. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ ზურაბიშვილი აღარ მიიჩნიონ პრეზიდენტის სტატუსის ღირსად. ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს, მყისიერად გადადგებოდა თანამდებობიდან. „თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ“, თავმჯდომარე პრეს-კონფერენციაზე აღნიშნული განცხადების ფარგლებში მკაფიოდ აფიქსირებდა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საბაბი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ანუ ოპოზიციის მხარდაჭერის მიღება გახდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია საკმარისი მანდატები იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მისაყვანად, თუმცა მმართველი პარტია ვალდებული იყო, ემოქმედა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე პასუხად.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, პრეზიდენტმა რომც განაგრძოს კონსტიტუციის დარღვევა, მაინც უკვე ყველას ეცოდინება, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ლეგიტიმაცია. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ანუ ამ დარღვევის თანამონაწილეების მხარდაჭერის შედეგად რჩება. „ყველა ის დეპუტატი, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, ხდება პრეზიდენტის თანამონაწილე“. ამასთანავე, მამუკა მდინარაძემ „რადიკალურ ოპოზიციას“ იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის წარედგინათ ის არგუმენტები, რომელთა თანახმადაც, იმპიჩმენტის პროცესი არ უნდა დასრულებულიყო.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი. მისი განმარტებით, აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თითოეული სახელმწიფო სტრუქტურის დამოუკიდებლობასა და გამართულ ფუნქციონირებას, კონსტიტუციური საქმის შესრულების გათვალისწინებით. თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო საქართველოს დემოკრატიულობის კიდევ ერთი დასტური, რადგან დაფიქსირდა, რომ კონსტიტუციური წესრიგი არსებობს და ის სახელისუფლებო შტოებს აბალანსებს. „საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა დავა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა საქართველოს კონსტიტუცია და ხაზი გაუსვა იმ წესსა და სულისკვეთებას, რომ ვერც ერთმა თანამდებობის პირმა ვერ უნდა შეძლოს კონსტიტუციის მისი პოლიტიკური მოსაზრებებისთვის ხელსაყრელი ინტერპრეტაცია. ქადაგიშვილის განმარტება პარტიის სხვა წევრებს ეხმიანებოდა და ხაზს უსვამდა, რომ მმართველი პარტია არ აპირებდა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციას კენჭისყრაზე საკმარისი ხმების მისაღებად. „ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს, რა პასუხისმგებლობითაც ისინი კონსტიტუციას უდგებიან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეხმიანება „ქართული ოცნების“ გზავნილს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლობა იყო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს 11-12 ოქტომბერს ესტუმრა. უნგრეთისა და საქართველოს შორის კავშირები ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამყარდა, რაც კონსერვატიული ფასეულობებისადმი მსგავსი დამოკიდებულებითაა გამოწვეული. მაისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) აღნიშნა, რომ კონსერვატიული ფასეულობებით „დაუპირისპირდებიან იმ ბოროტებას, რომელიც ცრუ თავისუფლებისა და ყალბი სიმართლის სახელით გვესხმის თავს“ და რომ „როგორც არ დაუშვებს უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დაუშვებს უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე“

ვიქტორ ორბანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის მონასტერში სტუმრობისას რელიგიაზე ისაუბრეს და ერთმანეთი ქრისტიანული ღირებულებების შენარჩუნების გამო შეაქეს. „არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი, მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში“, განაცხადა უნგრეთის ლიდერმა. ვიქტორ ორბანმა, რომელსაც ევროპელი ლიდერები ხშირად აკრიტიკებენ რუსეთის ინტერესების გატარების, უკრაინის დახმარებაზე უარის თქმისა და საკუთარ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის დაზიანების გამო, ქართველი კოლეგა შეაქო, რადგან ის „რუსეთის ჩრდილში ცხოვრების მიუხედავად, საკუთარი ქვეყნის ღირებულებებს მაინც ინარჩუნებს“. ვიქტორ ორბანი საქართველოს ღირებულ პარტნიორად აღიქვამს ევროკავშირში ქრისტიანობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპულობის გატარებაში და სრულად უჭერს მხარს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადებით განამტკიცა „ქართული ოცნების“ გზავნილი ევროკავშირის მიერ გამოვლენილ უსამართლობაზე ქვეყნის მიმართ: „ჩვენ ვართ ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც მას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ის ქვეყნები, რომლებმაც შეძლეს აღნიშნული სტატუსის მიღება - ეს სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს“, - განმარტა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უნგრეთის მთავრობა, რომელიც უკრაინისადმი სკეპტიციზმისა და არალიბერალური პოლიტიკის გატარების გამო უკვე ჩამოშორდა თავის მოკავშირეებს ევროკავშირსა და NATO-ში, საქართველოს უფრო მეტად დააშორებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან და დააზიანებს ქვეყნის პოტენციალს კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ ვიქტორ ორბანის, ევროპელი ლიდერისა და საქართველოს ახლო მოკავშირის, კრიტიკა იმით იყო გამოწვეული, რომ მათ არ სურთ, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. „ისინი ნებისმიერი ევროპელი ლიდერის მიმართ მუდმივად აგრესიას ავლენენ, რომელიც საქართველოსადმი ღია მხარდაჭერას გამოხატავს“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანაა და მიუხედავად ოპოზიციის დაუსაბუთებელი კრიტიკისა ორბანის რუსეთთან თანხვედრის გამო, ამ უკანასკნელის მხარდაჭერა გადამწყვეტია. ოდიშარიას განცხადების თანახმად, ორბანს, ისევე როგორც საქართველოს, შესაძლოა პრობლემები ჰქონდეს ქვეყნის გარეთ. არსებობენ ადამიანები, ლიბერალური დაჯგუფებების წევრები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებიც, რომლებიც, საზოგადოების კონტროლის მიზნით, ორბანის მიმართ დამამცირებელ ნარატივებს ავრცელებენ. „ისტორიული ქვეყნები, თავის ტრადიციებით და ქრისტიანობით ამაყები, ვერ იცეკვებენ ვერავის დაკრულზე!“, - განმარტა ბექა ოდიშარიამ. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ნინო წილოსანიც გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ღია მხარდაჭერას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. „სრულებით გაუგებარია ოპოზიციური რადიკალური პარტიების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ვიქტორ ორბანის კრიტიკა, მათ შორის, თავდასხმები მის მართვის სტილსა თუ სხვა საკითხებზე“, - განაცხადა დეპუტატმა.


რობინ დანიგენს, აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ორაზროვანი განცხადებებით დახვდნენ

12 ოქტომბერს რობინ დანიგენი, აშშ-ს ელჩი საქართველოში, თბილისში ჩამოვიდა. იმავე დღეს მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კვალიფიკაცია წარუდგინა, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გამოთქვეს მზაობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის საქართველოში ჩამოსვლას და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ოპტიმისტურადაა განწყობილი დანიგენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლებიც ყოფილ ელჩთან, კელი დეგნანთან, თანამშრომლობისას წამოიჭრა, მათ შორის აშშ-ს საელჩოს მიერ „კანვასის“ მსგავსი ტრენინგების დაფინანსებას, ექსტრემისტული პარტიების მხარდაჭერას, მოსამართლეებზე ზეწოლასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. „ერთ ელჩს არ შეუძლია იმ ხანგრძლივი პარტნიორობისთვის ჩრდილის მიყენება, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ელჩის პირობებში პარტნიორობა არა თუ არ შესუსტდება, არამედ გაღრმავდება“, - განაცხადა კობახიძემ. „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკრიტიკა აშშ-ს წინა ელჩის „მავნე პრაქტიკა“, რომელიც საქართველოსადმი ვასალური დამოკიდებულებითა და დამამცირებელი განცხადებების გაკეთებით გამოიხატებოდა. „დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს, რომ წინა ელჩის პრაქტიკას გაეცნობა, ასევე ყურადღებით გაეცნობა „ხალხის ძალის“ განცხადებებს, თუ რა გვქონდა ჩვენ პრობლემა, რადგან ამერიკასთან გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება“, - განმარტა დეპუტატმა.


რუსული პროპაგანდა ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში აშშ-სა და დასავლეთს ადანაშაულებს, აშკარაა ანტისემიტიზმი

  • ალტ-ინფოს ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა გაიმეორა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიწვია აშშ-მ კონფლიქტი ისრაელსა და ჰამასს შორის. სპეკულაციის თანახმად, აშშ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გამიზნულად აჩაღებს დაპირისპირებებს, რათა გავლენა მოიპოვოს და შეინარჩუნოს გარკვეულ რეგიონებზე. პროპაგანდისტის თქმით, აშშ-ს დუმილი სამშვიდობო შეთანხმების საჭიროებასთან დაკავშირებით ადასტურებს მედვედევის მოსაზრების სისწორეს.
  • ალტ-ინფოს კიდევ ერთი პროპაგანდისტის განცხადების თანახმად, აშშ-მ არ იკმარა კიევის განადგურება და ღაზის სექტორშიც სწორედ ამიტომ გააჩაღა კონფლიქტის ახალი წყარო. აშშ-ს მიერ ისრაელისა და უკრაინის იარაღით მომარაგება ავტომატურად განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია ომების გამწვავებით. დამატებითი სარგებელი, რომელსაც ვაშინგტონი თელ-ავივისთვის იარაღის მიწოდებით იღებს, არის ისრაელის ჩამოშორება რუსეთისგან.
  • ცნობილი პრორუსი პროპაგანდისტის სტატიის თანახმად, აშშ თანდათან იაზრებს, რომ რუსეთის ახლო კავშირები ჩინეთთან, ასევე აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ასუსტებს აშშ-ს გავლენას მსოფლიოზე. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონის მიერ მსოფლიოში დამყარებული ძალაუფლების სრული განადგურებისგან თავის ასარიდებლად, ამერიკელებმა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კონფლიქტების გაღვივება განიზრახეს - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტიც სწორედ ამის მაგალითი იყო. პროპაგანდისტმა დაუსაბუთებლად განმარტა, რომ ისრაელის მიმართ სიტყვიერი მხარდაჭერის მიუხედავად, აშშ-მ პალესტინა იარაღით ფარულად მოამარაგა და კონფლიქტისკენ წააქეზა, რადგან მხოლოდ აშშ თუ შეძლებდა ჰამასის აღჭურვას ისრაელის დაზვერვის სააგენტოებისგან შეუმჩნევლად. მსოფლიო პოლიტიკის გლობალური მოთამაშეები მშვიდობისა და ომის მომხრე ქვეყნებად იყოფიან. რუსეთი და ჩინეთი პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან, აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი კი ომს უჭერენ მხარს. თუ რუსეთს მშვიდობიანი თანაარსებობა მიაჩნია განვითარების უმთავრეს წინაპირობად, დასავლეთი ხსნას ომში ხედავს.
  • პრორუსულ მედიასაშუალებაზე “GeWorld” გამოქვეყნებული მორიგი სტატიის თანახმად, ისრაელში მიმდინარე მოვლენებმა დაადასტურა, რომ დასავლეთს არ აინტერესებს მშვიდობა, არამედ, პირიქით, ცდილობს მსოფლიოს ყველა ხელსაყრელ წერტილში ომი და კონფლიქტი გააჩაღოს. აღნიშნული პროპაგანდის მიხედვით, 1992 წლის აფხაზეთის ომი და 2008 წლის ომი ცხინვალის რეგიონშიც სწორედ დასავლეთმა გამოიწვია. მხოლოდ რუსეთის გამარჯვება თუ შეძლებს, შეაჩეროს ყალბი ამერიკული დემოკრატია და გარყვნილების კულტი მსოფლიოში.
  • კრემლის მიერ დაფინანსებულ Sputnik-ზე გავრცელდა სტატია რუსი „ანალიტიკოსის“ მიერ, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებამდე ადრე, უკვე დიდი ხნის განმავლობაში, აშშ კიევს უკონტროლოდ ამარაგებდა იარაღით, რაც რეგიონში იარაღის არალეგალური ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ყველაზე დიდ კერად იქცა. „შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე მანძილი მოკლეა - და ახლა ამ იარაღს ახლო აღმოსავლეთში იყენებენ“, - წერს ავტორი.
  • ალტ-ინფოს კიდევ ერთი პროპაგანდისტის განცხადებით, ღაზის სექტორთან გამართული „გეი ფესტივალი“ პროვოკაცია აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფესტივალი 8 ივლისს ლისის ტბაზე გამართული ღირსების ფესტივალის მსგავსი შინაარსის იყო, პალესტინელები გამიზნულად გამოიწვიეს თავდასასხმელად.
  • ალტ-ინფოს ერთ-ერთი პრორუსი წევრის განცხადების თანახმად, მითი ისრაელის უძლეველობის შესახებ განადგურდა მაშინ, როდესაც ჰამასის მებრძოლებმა ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა და მათთვის ზიანის მიყენება მსუბუქი აღჭურვილობით შეძლეს. ისრაელს მხარს უჭერს დასავლეთი, მათ შორის აშშ-ც, თუმცა მან მაინც ვერ შეძლო ასეთი თავდასხმის თავიდან არიდება, რაც დასავლეთის სისუსტეზე მიანიშნებს.
  • სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტის ავტორი ირწმუნებოდა, რომ ისრაელის მხარდამჭერები უგუნურები არიან, რადგან ამ სახელმწიფოს გაძლიერება მათ მიერ მსოფლიოს დაპყრობასა და ქრისტიანების დევნას მოასწავებს. ისრაელებს აქვთ დეტალური გეგმა, თუ როგორ მოიპოვონ მსოფლიოზე კონტროლი.
  • პრორუსული ანგარიშები სოციალურ მედიაში ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაბომბა ისრაელმა ღაზაში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია. ფაქტმეტრმა აღნიშნული ცნობები გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ წმინდა პორფირიოსის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღაზაში თავადვე უარყო ეს ინფორმაცია.
  • ერთ-ერთი ანგარიში ირწმუნებოდა, რომ აშქენაზმა ებრაელებმა კაცობრიობის გასანადგურებლად, ეროვნებისა და რელიგიის განურჩევლად, გაავრცელეს კოვიდ-19-ის პანდემია. პროპაგანდისტმა ებრაელები უკრაინის ომის დაწყებაში, კლიმატის ცვლილების გამოწვევასა და ისრაელ-ჰამასის კონფლიქტშიც დაადანაშაულა. ნარატივის თანახმად, მსგავსი მსოფლიო მოვლენები წინასწარ იგეგმება მასებზე კონტროლის მოსაპოვებლად.
  • სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეო, რომელიც ებრაელების კადრებს აერთიანებს, იმეორებს ნარატივს, თუ როგორ ცდილობენ ისინი მსოფლიოზე კონტროლის მოპოვებასა და ნებისმიერი არაებრაელის დევნას. „რაბინები აცხადებენ, რომ ისინი ამოწყვეტავენ და მთლიანად მოსპობენ ყველა არაებრაელს, ქრისტეანს თუ არაქრისტეანს, როცა მათი მაშიახი მოვა“, - წერია ვიდეოს აღწერაში.

კვლავ ვრცელდება პროპაგანდისტული ნარატივი, რომლის თანახმადაც დასავლეთი, ომის გამჩაღებელი ძალა, საქართველოში მაიდნის მსგავსი რევოლუციის მოწყობას განიზრახავს

  • ალტ-ინფოს პრორუსმა პროპაგანდისტმა მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებით სცადა გავრცელებული ნარატივის დადასტურება, თუ როგორ კარგავს დასავლეთი ძალაუფლებასა და გავლენას მსოფლიოზე, უფრო კონკრეტულად კი უკრაინასა და შუა აღმოსავლეთში. შესუსტებული ძალაუფლების გამო, კავკასიის რეგიონზე კონტროლის შესანარჩუნებლად დასავლეთი აპირებს, რომ საქართველოში მაიდნის რევოლუცია წამოიწყოს.
  • ალტ-ინფოს კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა განმარტა, რომ მსოფლიოში ახალი წყობილება ყალიბდება, რომელშიც აშშ და დასავლეთი ჩამოქვეითდებიან. რაც უფრო სუსტდება აშშ, მით უფრო იზრდება საქართველოში მაიდნის რევოლუციის წაქეზების შანსებიც, რათა კონტროლის შენარჩუნება ამ რეგიონში მაინც მოახერხონ.
  • პროპაგანდისტისა და სტალინის ცნობილი მხარდამჭერის, გრიგოლ ონიანის განცხადების თანახმად, აშშ-ს მიზანი სამი ძირითადი ძალის განადგურებაა, მათ შორის რუსეთის, ჩინეთისა და მუსლიმური სახელმწიფოების. აშშ-ს მიერ ისრაელის მხარდაჭერისა და რეგიონში კონფლიქტის გაჩაღების მთავარი დანიშნულებაც სწორედ შუა აღმოსავლეთიდან მომავალი საშიშროების აღმოფხვრა იყო.
  • პრორუსული „ტელეკომპანია სეზონის“ წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ მუსლიმური სახელმწიფოები არა ისრაელის, არამედ აშშ-ს მიმართ არიან მტრულად განწყობილნი. მუსლიმური ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ამერიკულ პოლიტიკას, რადგან ეს უკანასკნელი არ ითვალისწინებს მორალურ სტანდარტებს. ისრაელი, ბუნებრივად, სწორედ იმიტომ გახდა მუსლიმური ქვეყნების სამიზნე, რომ ის აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, შესაბამისად, კონფლიქტიც დასავლეთს უნდა დაბრალდეს.
  • ცნობილი პრორუსი და ანტიდასავლური პროპაგანდისტის, ლალი მოროშკინას, განცხადებით, USAID ძალადობრივად შემოიჭრა ქართულ აგროკულტურაში, სპორტსა და კულტურაში და იმდენად გაძლიერდა, რომ უკვე სახელმწიფოში არსებულ სახელმწიფოდ უნდა აღვიქვათ. ასევე, აშშ-მ გამოიწვია სისხლისღვრა უკრაინასა და შუა აღმოსავლეთშიც, რათა აღნიშნული რეგიონები უპასუხოდ არ დაეტოვებინა მისი ძალაუფლების შესუსტების გამო.
  • ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა „ტელეკომპანია სეზონის“ გადაცემის დროს განმარტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში ჩაბმის მიუხედავად, აშშ კვლავ განაგრძობდა მსოფლიოში ახალი კონფლიქტების გაღვივებას. პროპაგანდისტი ვარაუდობს, რომ ვაშინგტონმა სომხეთშიც სცადა კონფლიქტის გაჩაღება, თუმცა ქვეყნის მცირე სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ყურადღება ისრაელსა და პალესტინაზე გადაიტანა. მისი თქმით, ორი აზრი არაა, რომ ისრაელ-პალესტინის ომი აშშ-მ გამოიწვია.
  • აშშ რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო თანადროული ომებისთვის უნდა მოემზადოს შეიარაღების გაზრდით, კავშირების გაძლიერებითა და ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამის გაუმჯობესებით - გაჟღერდა კონგრესის მიერ დანიშნულ ორპარტიულ პანელზე 11 ოქტომბერს. „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა აშშ-ს ორპარტიული განცხადება შეაფასა, როგორც არგუმენტი, რომ აშშ ომის გამჩაღებელი სახელმწიფოა. მისი განმარტებით, ტაივანის განწყობები ჩინეთთან თანაცხოვრების მიმართ იცვლება, რის გამოც ჩინეთთან ომის დასაწყებად „გლობალური ომის პარტია“ ტაივანს მარიონეტად გამოიყენებს. „აქ სიძლიერის გარდა, ყველაფერი ამოვიკითხე: პირველ რიგში, სასოწარკვეთილება იმის გამო, რომ ძალიან ცუდად ვითარდება სამხედრო მოქლედებების თეატრი“, - წერს დავით ქართველიშვილი.
  • პრორუსულ ალტ-ინფოსთან დაკავშირებულმა სოციალური მედიის ანგარიშმა დაუსაბუთებლად განაცხადა, რომ აშშ-ს ყოფილი ელჩი კელი დეგნანი საქართველოს რუსეთთან ომში ჩასათრევად ქვეყანაში არსებულ რადიკალურ დაჯგუფებებს კრებდა. „ახლა კი დროა ამერიკის ახალი და უფრო დიდი მონსტრელჩა დანიგენი საქართველოდან აღვგავოთ!!!“, - წერია პოსტის აღწერაში.
  • პრორუსმა პროპაგანდისტმა ვალერი კვარაცხელიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოტენციალი სტატიაში განიხილა და განმარტა, რომ დასავლეთს აქვს სტატუსის როგორც მინიჭების, ისე უარყოფის საბაბი. ხოლო გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო იმაზე, დასავლეთი ომს არჩევდა თუ მშვიდობას კავკასიის რეგიონში. თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდა, ვითარება მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იქნებოდა, არმინიჭების შემთხვევაში კი დადასტურდებოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებისა და ომისთვის ამზადებდნენ საქართველოს.

პროპაგანდისტები ირწმუნებიან, რომ გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი რუსეთთან თანამშრომლობა იქნება

  • პროპაგანდისტები ირწმუნებიან, რომ საქართველომ სასწრაფოდ უნდა დაამყაროს ნორმალური, ღრმა დიპლომატიური კავშირები რუსეთთან, რადგან ახალი მსოფლიო წყობილების დამყარების შემთხვევაში, მსოფლიოში კონფლიქტისა და ომის მრავალი კერა გაჩნდება. მართლმადიდებლური რუსეთი ის ერთადერთი პარტნიორია, რომელიც საქართველოს მსგავს ვითარებაში დასჭირდება.
  • პროპაგანდისტმა, რომლის მასალებსაც პრორუსული წყაროები ხშირად ავრცელებენ, გამოაქვეყნა ვიდეო გზავნილით, რომ აშშ-მ უკრაინა მიატოვა. ისრაელი ამერიკელების რეალური პარტნიორია, ხოლო უკრაინას დასავლეთი ქვემეხის საკვებად და რუსეთის წინააღმდეგ ომის ინსტრუმენტად იყენებს. აშშ-სა და ისრაელის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და კოლექტიურ დასავლეთს მუსლიმური ქვეყნები მოსკოვსა და პეკინთან ახლო კავშირების დამყარებით უპასუხებენ. თუ საქართველოს მოახლოებულ ომის ერაში ჩაბმა არ სურს, ის დასავლეთს უნდა ჩამოშორდეს. ნარატივის თანახმად, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი ერთობლოვად შეთანხმდნენ, რომ კავკასიამ მშვიდობა უნდა შეინარჩუნოს, ასე რომ, დესტაბილიზაციის, მაგალითად, მაიდნის მსგავსი რევოლუციის შემთხვევაში, ყველა მეზობელი ქვეყანა საქართველოში კოალიციურ ჯარს დააყენებს, რათა კავკასიის რეგიონში მშვიდობა დამყარდეს და სტაბილურობა შენარჩუნდეს.
  • აგრეთვე, ერთ-ერთი პროპაგანდისტის განცხადებით, უკრაინამ რუსეთისთვის ზურგის შექცევის შედეგად დაკარგა უზარმაზარი სამხედრო და ინდუსტრიული პოტენციალის მქონე ქვეყნის სტატუსი და გახდა საერთაშორისო დონაციებზე დამოკიდებული.
  • ზემოთ ხსენებული ნარატივების მსგავსად, ნიკოლოზ მჟავანაძე ირწმუნებოდა, რომ რუსეთის უარყოფით სომხეთმა თვითგანადგურების გზა აირჩია. სომხეთი მთიან ყარაბაღზე კონტროლის შენარჩუნებას სწორედ რუსეთთან ახლო კავშირების გამო ახერხებდა. როგორც კი უარყო სომხეთმა მოსკოვთან თანამშრომლობა და დაიწყო დასავლეთთან კავშირების გამყარება, მაშინვე გამწვავდა მისი მდგომარეობა. მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება საქართველოც, თუ რუსეთთან თანამშრომლობას არ აღადგენს.
  • ნიკოლოზ მჟავანაძემ ასევე განაცხადა, რომ საბჭოთა რეჟიმის ფარგლებში საქართველო საბჭოთა კავშირის შვეიცარია იყო. თუ საქართველო რუსეთთან კავშირებს აღადგენს, ის დაიბრუნებს რეგიონის შვეიცარიის სტატუსს.
  • ალტ-ინფოს კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა განაცხადა, რომ რუსეთი თანდათან ძლიერდება და უშედეგო იქნებოდა სანქციები, რომლებიც ამ სახელმწიფოს დასუსტებისკენ იყო მიმართული. გერმანია და აშშ ეკონომიკურ რეცესიაში არიან მაშინ, როცა რუსული ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. მოლოდინები, რომ რუსი ხალხი დასავლეთის სანქციების გამო მთავრობას გადააგდებდა, უსაფუძვლო იყო, რადგან პროტესტის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების წარუმატებლობა იქნებოდა. ამავდროულად, უკრაინა საგრძნობლადაა დასუსტებული და ვეღარ ახერხებს კონტრშეტევას. შუა აღმოსავლეთის მოვლენები აჩენს ვარაუდს, რომ დასავლეთის დახმარება ისრაელისკენ იქნება მიმართული და მალე აღარავის ემახსოვრება უკრაინა. კიევი გამარჯვების შანსებს სრულად დაკარგავს მაშინ, როცა რუსეთის წინააღმდეგ პირისპირ დარჩება.
  • პროპაგანდისტული წყაროები ირწმუნებიან, რომ გლობალური კონფლიქტების ხანა ახლოვდება და საქართველოს გადარჩენის ერთადერთი წინაპირობა რუსეთთან მჭიდრო კავშირების აღდგენაა.

· პრორუსულმა ანგარიშმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ სანამ საქართველო რუსეთის მტრების ბანაკშია, ვინც საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდება, კლინიკური იდიოტია.