logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 15-21 მაისი

Screenshot 2023-05-29 164701.png
30 მაისი, 2023
 0

საქართველოს დატვირთული პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემები: რუსეთთან პირდაპირი ფრენები, „მეორე ფრონტის“ შესახებ შეთქმულების თეორია და ლავროვის შვილის ქვეყანაში ვიზიტი.

  • რუსეთთან პირდაპირი ფრენების საკითხზე საუბრისას, მმართველი „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დაპირებას იძლეოდა, რომ თურქეთის, ისრაელის და აზერბაიჯანის მოდელების მსგავსად, საქართველოც გაყვება საკუთარ მოდელს და არ მისცემს სანქცირებულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის ნებართვას, რაც ნიშნავს, რომ საქართველო არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ვინც საქართველოს რუსეთზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ, რომელთა რიგებშიც არიან „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლები, სურთ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ქაოსის გამოწვევა, რამაც საბოლოოდ მეორე ფრონტის გახსნამდე უნდა მიგვიყვანოს. მისი მტკიცებით, როდესაც ითხოვ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც 10-დან 18%-მდე ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევს, ამას მხოლოდ ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს - ქვეყანაში ვითარების არევა და ეკონომიკური პრობლემების შექმნა, იმის იმედით, რომ ეს ყველაფერი მიგვიყვანს მეორე ფრონტამდე. ირაკლი კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოს პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით ნათელია - სანქციების დაწესება არ მოხდება, მაგრამ ასევე არ მოხდება არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლა.
  • გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მათ აქვთ ფრთხილი მიდგომა [რუსეთთან მიმართებით] და ამიტომ ხშირად აკრიტიკებენ სიფრთხილის და პრაგმატულობის გამო, რაც შესაძლოა აღქმული იქნას როგორც კრიტიკა საქართველოს და ქართველების დაუსჯელობის გამო, თუმცა ამის პირდაპირ თქმის გარეშე. მისი შეფასებით, მოლდოვა რომელიც საქართველოს მსგავს ვითარებაში იმყოფება, ასევე ატარებს ფრთხილ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, თუმცა კიშინიოვის მიმართ კრიტიკას არ ვხვდებით, რაც მიუთითებს რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოსგან სხვა რამეს ელის - ელის განსხვავებული როლის თამაშს და ეს არის მინიშნება მეორე ფრონტის გახსნაზე. ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ისინი საქართველოს შესახებ ათასობით სისულელეს, აბსურდს და სიცრუეს ტირაჟირებენ. მაშინ როდესაც მოლდოვის ახლანდელ ხელისუფლებას პრორუსულს არ უწოდებენ.
  • ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების წინააღმდეგ აგრძელებდა ტერმინ „ლიბერალური ფაშიზმისგამოყენებას, რაც საგანგაშო მოვლენაა, რადგან აღნიშნულ ტერმინს დიდი ხანია იყენებენ ანტიდასავლური რადიკალური პროპაგანდისტული წყაროები.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა, საჰაერო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კრიტიკული შეფასებების შესახებ ამბობდა, რომ შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდე პირდაპირ ფრენებს, თუ გავითვალისწინებთ ორივე ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების და ოჯახების რაოდენობას და თუ შენ საკუთარ ხალხს წარმოადგენს და ფულის სანაცვლოდ სხვების ბრძანებებს არ ასრულებ.
  • მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, რომელიც მოგვიანებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმაც დაადასტურა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილი საქართველოში იმყოფებოდა ნათესავის ქორწილზე დასასწრებად ქ. ყვარელში, რომელიც ცნობილია თავისი ტბებით, თანამედროვე სასტუმროებით, ღვინით და ტურიზმით და არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების ადგილი. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით გამოწვეული საპროტესტო გამოსვლების გარდა, აღნიშნულმა ინფორმაციამ დამატებითი ბიძგი მისცა საპროტესტო აქციების დაწყებას თბილისსა და ყვარელში. მოგვიანებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო დაპირება შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ ოჯახმა, რომელიც აპირებდა ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას, დატოვა საქართველო და ქორწილი აღარ შედგება. პრეზიდენტმა ამას საზოგადოების გამარჯვება უწოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განცხადებას არასერიოზული და არასწორი უწოდეს და აღნიშნეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს არ შეუძლია ასეთი რაღაცის თქმა, რადგან ასეთი საკითხებით გომელაური დაკავებული არ არის [იგულისხმება ვიღაცის ქორწილების გამართვის ნებართვა ან აკრძალვა]
  • ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს ადანაშაულებდა „სიბნელესა“ (იგულისხმება „არაცივილურობა“) და რუსების წინააღმდეგ ქსენოფობიის გაღვივებაში და აცხადებდა, რომ ოჯახის წევრების სანქცირება წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. მისი მტკიცებით, ასეთ ე.წ. საპროტესტო გამოსვლებს აქვს ერთადერთი მიზანი რაც არის ვითარების დაძაბვა, საქართველოში არეულობის გამოწვევა და პროვოკაციების მოწყობა, რომლის საბოლოო ამოცანას წარმოადგენს [საქართველოში] მეორე ფრონტის გახსნა.
  • პრორუსული „ალტ-ინფო“ ასევე ადანაშაულებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ იგი იკავებს პროდასავლელების მხარეს, რომლებსაც უნდათ არეულობის გამოწვევა და საქართველოს ომში ჩათრევა.

პრორუსული წყაროები პირდაპირი ფრენების აღდგენას ზეიმობენ:

  • პროკრემლისტურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რუსული თვითმფრინავი ‘ევროპის წართმევის’ პროცესს იწყებს“. სტატიაში რუსულ თვითმფრინავებთან დაკავშირებული უსაფრთხოების პრობლემები და სანქციები უმნიშვნელოდ არის წარმოჩენილი და ხაზგასმულია თვითმფრინავის ბილეთების შეუსაბამოდ მაღალი ფასები.
  • პრორუსულად განწყობილმა პროპაგანდისტმა ვალერი კვარაცხელიამ (პარტია „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი, პრორუსული ტელევიზია „ობიექტივის“ ერთ-ერთი წამყვანი და 1990-იანი წლების პარლამენტის წევრი), რომელმაც რუსეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა რუს თანამდებობის პირებთან, ასევე პრორუსულ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ და საქართველოში პირველი პირდაპირი ფრენით დაბრუნდა, პრორუსულ გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა რუსეთში დაწერილი სტატია, რომელშიც გამოკვეთილია ტრიუმფალური სულისკვეთება. მისი მტკიცებით, ქართულმა დელეგაციამ [რომელშიც შედიოდნენ პრორუსი პროპაგანდისტები] მასპინძლებს სთხოვეს, რომ მადლობა გადასცენ ვლადიმირ პუტინს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ვალერი კვარაცხელიას თქმით, საპროტესტო გამოსვლები აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სისულელეა, რადგან ფრენები მაინც ხორციელდებოდა მესამე ქვეყნების გავლით, თუმცა ეს ზრდიდა ფრენის ღირებულებას. მისი მტკიცებით, ტერორისტი დემონსტრანტების უკან აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დგას. ვალერი კვარაცხელიას თქმით, დასავლეთს საქართველოსთვის არაფერი აქვს რაც შეიძლება შესთავაზოს და ფრენების განახლების შემთხვევაში ქვეყანას დაემუქრა, რომ არ მიანიჭებდა კანდიდატის სტატუსს, რაც მისი შეფასებით სისულელეა კვლავ ზემოხსენებული არგუმენტის გათვალისწინებით. იგი ასკვნიდა, რომ საქართველომ უნდა დაასრულოს დასავლეთთან მონური პოლიტიკა და აღნიშნულის სანაცვლოდ, პარტნიორობა შეინარჩუნოს ევროპაში და ამერიკაში მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც არ ავრცელებენ და ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას და დგანან ქრისტიანობის და ტრდიციების გზაზე, რასაც ამჟამად დასავლეთი ებრძვის.
  • გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა ვალერი კვარაცხელიას კიდევ ერთი სტატია სათაურით „იმედის თვითმფრინავი“, რომელშიც იგულისხმება ფრენების აღდგენის შემდეგ განხორციელებული პირველი პირდაპირი ფრენა, რამაც მისი თქმით საქართველოს პოლიტიკის გამოსწორების ნიადაგი უნდა შექმნას, სადაც იგულისხმება რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და დასავლეთის ნაცვლად რუსეთთან მოკავშირეობა.
  • „სოციალისტური მოძრაობის“ კოორდინატორი თემურ ფიფია ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია, რომელიც ცდილობს რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების დაბლოკვას მოღალატეები არიან. თემურ ფიფიას თქმით, მას არ გააჩნდა ინფორმაცია საქართველოს და რუსეთის მთავრობების პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობის შესახებ, თუმცა მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი პროპაგანდისტების ვიზიტს მოსკოვში, მათ შორის ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების წინ წამოსაწევად. ვალერი კვარაცხელიას და საკუთარი თავის გარდა, თემურ ფიფიამ აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორად ასევე დაასახელა მერაბ ჭიქაშვილი, პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი, ხოლო დიალოგის ერთ-ერთ მონაწილედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გორჩაკოვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე. თემურ ფიფიას თქმით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება არის რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადადგმული დადებითი ნაბიჯი, მაგრამ სიკეთე რომელიც შეიძლება მივიღოთ, ქართველი ოპოზიციონერებისთვის მიუღებელია. თუმცა, ვერც ოპოზიცია და ვერც დასავლეთის ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებს, რადგან ამ ეტაპზე რუსეთმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა. მისი შეფასებით, რუსულ მხარეს სამომავლოდაც შეუძლია საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება, ისეთ საკითხებზეც კი, როგორიცაა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. თემურ ფიფია ასევე განიხილავდა აფხაზეთს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც არ არის მარტივი პროცესი, თუმცა გამოსავლის მონახვა გაადვილდება, თუ საკითხზე საქართველოს, აფხაზეთის და რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ მოილაპარაკებენ. მისი დასკვნით, სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კომპლექსური საკითხია და აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობა. მისივე მტკიცებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ნელ-ნელა თბება და ამ პროცესს ხელს შეუშლის მხოლოდ ის, თუ საქართველოს მთავრობა სიმტკიცეს ვერ გამოიჩენს და ვერ გაუძლებს დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას.
  • პრორუსული „საქართველო და მსოფლიო“, რუსულ წყაროზე (Тайная канцелярия) დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რუსეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დათბობის მცდელობის ფარგლებში ახლო მომავალში მოსკოვში ქართველი ოფიციალური პირების დელეგაციის ჩასვლას. ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ დელეგაციაში იქნება რამდენიმე ქართველი მინისტრი, ასევე მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ არაერთი მაღალი რანგის ფუნქციონერი, როგორიც მათ შორის შეიძლება იყოს კახა კალაძე. აღნიშნულ „გაჟონილ“ ინფორმაციასთან დაკავშირებით ცნობა არც ერთ რესპექტაბელურ წყაროს არ გაუვრცელებია და მაღალი ალბათობით, მას საფუძვლად არ უდევს რეალური ინფორმაცია.
  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ამჟამად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კონსტანტინე მორგოშია ამტკიცებდა, რომ რუსულ შიდა წრეებში კარგად ცნობილია, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებები რუსეთში მიღებულ იქნა 2022 წლის აგვისტოში, თუმცა განხორციელება შეყოვნდა იმის გამო, რომ გაეთვალისწინებინათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესები შიდა პოლიტიკური თავდასხმების ფაქტორიდან გამომდინარე. მორგოშიას მტკიცებით, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებმა (როდესაც ნაწილობრივ „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ჩაშალეს „ღირსების მარშის“ ჩატარება თბილისში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 50-ზე მეტი ჟურნალისტს და დაარბიეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი), სადაც „ალტ-ინფომ“ საკვანძო როლი ითამაშა, მოამზადა ნიადაგი ზემოხსენებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
  • პრორუსული მედიასაშუალებამ „საქინფორმი“ და მისმა სკანდალურად ცნობილმა მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, რამდენიმე საავტორო სტატია მიუძღვნეს ხსენებულ საკითხს, მათგან ერთ-ერთის სათაური კი შემდეგნაირად ჟღერს: „საქართველო აზიმუტს [რუსული ავიაკომპანია, რომელმაც პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ რუსეთიდან თბილისში პირველი ფრენა განახორციელა] ვაშინგტონიდან მოსკოვამდე აფართოვებს - ავიამიმოსვლის კვალდაკვალ ველით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას“. სხვა პროპაგანდისტების მსგავსად ფრენების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა გაკრიტიკების გარდა, არნო ხიდირბეგიშვილი ასევე აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“ თავის მართლების გამო, რომ რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილებები, ხოლო რუსეთს სავიზო მოთხოვნები პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუუქმა. იგი მოუწოდებდა პროდასავლური საგარეო პოლიტიკის შეცვლისა და აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ყურადღების მიქცევისკენ.
  • არნო ხიდირბეგიშვილი ასევე აქებდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ბოლო პერიოდის ქმედებების გამო, როგორებიცაა „კონსერვატიული პარტიის სამოქმედო კონფერენციაზე“ მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლა, რუსოფობიური რევოლუციის გეგმების ჩაშლა და ა.შ. და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული რუსეთმაც დადებითად აღიქვა, რასაც მოჰყვა კიდეც მოსკოვის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. მისი თქმით, დასავლეთი არ არის კმაყოფილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებით და სურს მათ ადგილზე ოპოზიცია იხილოს, რადგან ოპოზიცია შეასრულებს დასავლეთიდან მიღებულ ბრძანებებს. შესაბამისად, იგი ამტკიცებდა, რომ დასავლეთი შეეცდება წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას შანტაჟის, ტერაქტის ან საბოტაჟის მეშვეობით, რადგან ფრენების აღდგენა არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობისთვის გადადგმული ნაბიჯი.
  • მორიგ სტატიაში, არნო ხიდირბეგიშვილი ამტკიცებდა, რომ დასავლეთმა საქართველო დაკარგა იმ ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლის გამო, რომელთაც რუსეთი იცავს. ხიდირბეგიშვილი ასევე ცრუობდა, როდესაც ამტკიცებდა, რომ საქართველო სამჯერ მეტი რაოდენობით აშშ დოლარს იღებს რუსეთიდან, ვიდრე აშშ-სგან მიიღო უკანასკნელი 30 წლის მანძილზე.
  • პრორუსული ტელევიზია „სეზონი“ ასევე ამტკიცებდა, რომ აქციები პირდაპირი ფრენების განახლების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ფინანსდება და ეს აქციები ქართველი ფერმერებიის წინააღმდეგაა მიმართული. ამავე მედიასაშუალებაში გაჟღერებული კიდევ ერთი არგუმენტის თანახმად, აშშ ეწინააღმდეგება საქართველოში სიმდიდრის მოხვედრას და ქართველების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
  • მრავალი პროპაგანდისტის მტკიცებით, პროდასავლელ აქტივისტებს და ოპოზიციას არ სურთა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად დაბრუნებას, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი ფუნქციას დაკარგავენ და შესაბამისად აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ვერ აღდგენის ხარჯზე ხელის მოთბობას.
  • „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ აშშ-მა ქართველებისთვის უნდა გააუქმოს სავიზო რეჟიმი, მაგრამ აშშ-ს ქართველები არ ანაღვლებს. შესაბამისად, აშშ-ს ელჩი არ უნდა ერეოდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.
  • პროპაგანდის აქტორები ასევე მანიპულაციურად აკავშირებდნენ პირდაპირი ფრენების განახლებას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში წინსვლასთან.

პროპაგანდა ცდილობს ევროპული ინტეგრაციის უშედეგობის წარმოჩენას სოციალურ, (გეო)პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში

  • პრორუსული „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ საქართველოს არ გააჩნია ევროპის [ევროკავშირის] ნაწილად გახდომის შანსი, რადგან ევროკავშირს საქართველო არ ჭირდება. შესაბამისად, მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც კონკრეტული გადაწყვეტილებებით საქართველოს ევროპას ართმევს მხოლოდ მანიპულაციაა.
  • „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი წამყვანი აცხადებდა, რომ მას არ სურს ევროპა საქართველოში, ან ქართველების გაევროპელება და უნდა მხოლოდ საქართველო საქართველოში. ევროპის მსურველებს იგი სთავაზობდა ევროპაში ემიგრაციას იქამდე, სანამ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას გააუქმებს. მისი მტკიცებით, ევროკავშირი აუცილებლად გადადგამს ამ ნაბიჯს, რადგან საქართველო არ ერთვება ომში.
  • საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის თანახმადაც „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ მკაცრად აკრიტიკებდნენ მათ შორის იმ არგუმენტით, რომ ევროკავშირის დაშლის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუცია აზრს დაკარგავს.
  • „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი რესპონდენტი ერთმანეთთან ადარებდა საქართველოს ვაჭრობას ევროკავშირთან და რუსეთთან და ამტკიცებდა, რომ თუ არ ჩავთვლით ქართველი ხალხის გადინებას, რომლებიც ევროპაში მიდიან და მონებად მუშაობენ, საქართველო ევროკავშირში არაფრის ექსპორტს არ წარმოებს, რამაც შესაძლოა გადაწონოს ექსპორტი რუსეთში.
  • „ალტ-ინფოს“ თანახმად, ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ ებრძვის საქართველოს ტრადიციებს და ფასეულობებს, ხოლო ევროკავშირი მიუღებლად მიიჩნევს ნებისმიერ მცირე ნაბიჯს, რომელიც გადადგმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. შესაბამისად, ამავე მტკიცებით, ევროკავშირი საქართველოს კეთილდღეობის, განვითარების და უსაფრთხოების გარანტირების ნაცვლად, თვითონ იბრძვის საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის, სოციალური ვითარების და დემოგრაფიის წინააღმდეგ. „ალტ-ინფო“ ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლად გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი შეფასებულია ანტიდასავლურად, რასაც მოჰყვება დასავლეთისგან სანქციების დაწესების მუქარა.
  • „ალტ-ინფო“ აცხადებდა, რომ ორმაგი სტანდარტები გამოიყენება მაშინ, როდესაც ხდება ნებისმიერი პროდასავლურად განწყობილი ფიგურის (როგორიცაა „მთავარი არხის“ დირექტორი“ ნიკა გვარამია) დაკავება, რადგან ის ცხადდება პოლიტიკურ პატიმრად, ხოლო დაკავება მიჩნეულია მიუღებლად. თუმცა, ამავდროულად, ადამიანებს აკავებენ მხოლოდ ანტიდასავლური ლოზუნგების გამო, როგორც ეს მოხდა 5 ივლისის აქციის მონაწილეების დაკავების შემთხვევაში, რომელთაც არაფერი უკანონო არ ჩაუდენიათ.