logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი 5 - 30 ივნისი

unnamed-9-78782.png
02 აგვისტო, 2023
 0

გლობალური ომის პარტია „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრშია

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კრიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით კიდევ უფრო გაზარდეს აპელირება „მეორე ფრონტის შეთქმულებაზე“. უკანასკნელ კვირებში უკვე მკაფიო გახდა ხისტი რიტორიკის გამოყენება, სადაც განსაკუთრებით ჭარბობდა გზავნილები, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთის, მათ შორის გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან და ისინი ამ იდუმალებით მოცული გარე ძალების ბრძანების საფუძველზე ცდილობენ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. 22 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემუშავებული 12 რეკომენდაციის შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო „მეორე ფრონტის“ ნარატივების გავრცელება. აღნიშნულს ჰქონდა თავისი მიზეზი, რადგან პარლამენტსა და მთავრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებებისგან განსხვავებით, რომლის თანახმადაც მათ უკვე შეასრულეს აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია (ან 11 რეკომენდაცია 12-დან, დეპოლარიზაციის გარდა, რადგან „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე ოპოზიციაა პასუხისმგებელი), ევროკომისიამ ხაზი გაუსვა, რომ შესრულებულია მხოლოდ 3 რეკომენდაცია (გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებების გათვალისწინება სასამართლო გადაწყვეტილებებში და სახალხო დამცველის არჩევა), გარკვეული პროგრესი შეინიშნება 7 რეკომენდაციის შესრულებით თვალსაზრისით, შეზღუდული პროგრესია 1 რეკომენდაციასთან დაკავშირებით (დეოლიგარქიზაცია) და პროგრესი საერთოდ არ ფიქსირდება 1 რეკომენდაციაზე (მედიის თავისუფლება).

„ქართული ოცნების“ ლიდერები შუალედური შეფასების გამოქვეყნებამდეც აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს შესაძლოა დაბრკოლება შეუქმნას გლობალური ომის პარტიამ, რომელმაც მათი მტკიცებით, შესაძლოა დაარწმუნოს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან თუნდაც ერთი და ეს ქვეყანა შემდეგ ვეტოს დაადებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ალბათობა არის ერთი 27-თან და ეს დამოკიდებულია, ჩაერევა თუ არა კიდევ ერთხელ გლობალური ომის პარტია საქართველოს საზიანოდ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ერთი წლის წინ, როდესაც ასოცირებული ტრიოში შემავალი სხვა სახელმწიფოებისგან (მოლდოვა და უკრაინა) განსხვავებით საქართველოს მიანიჭეს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ არა კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მიზნით დაბლოკეს.

  • ირაკლი კობახიძის თქმით, თუ გლობალური ომის პარტია საქმეში არ ჩაერთვება საქართველოს მაღალი ალბათობით მიენიჭება ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. 13 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ შანსები იყო 50/50-ზე, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა ეს რომ იყოს ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, საქართველოს ექნებოდა 100%-იანი შანსი. მისი შეფასებით, მთავარია, რომ გლობალური ომის პარტია კიდევ ერთხელ არ ჩაერიოს, რადგან მას „შეუძლია 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიოს და ამ შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით, წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი“. საინტერესოა, რომ ირაკლი კობახიძემ უარი განაცხადა დაესახელებინა თუ ვინ მოქმედებს გლობალური ომის პარტიის საფარქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა რომ ეს „მათ ზუსტად იციან“ და მხოლოდ დასძინა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის „ადგილობრივი ომის პარტია“
  • მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ჩარევა საკმაოდ ადვილია, განსაკუთრებით გლობალური ომის პარტიისთვის - მისი ფართო რესურსების და ევროპული საბჭოს კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილების მექანიზმიდან გამომდინარე, რის გამოც აღიარებდა, რომ საქართველო იდგა კანდიდატის სტატუსის ვერმიღების რისკის წინაშე. ირაკლი კობახიძის თქმით, „თუ დაინახა გლობალურმა ომის პარტიამ, რომ ჩვენი გუნდი არ არის მყარად, საზოგადოება არ არის მყარად, აქ მეტი იქნება ცდუნება, რომ ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნას მიღებული“. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასევე იმედს გამოთქვამდა, რომ ასეთ შემთხვევაში გაიმარჯვებს არა გლობალური ომის პარტიის, არამედ ევროკავშირის ობიექტური და ჩვენი ქვეყნის სუბიექტური ინტერესები და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
  • გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული ანგარიში წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების“ მტკიცებებთან, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, „ქართულმა ოცნებამ“ ბრალის თავიდან ასარიდებლად სულ უფრო აქტიურად დაიწყო „მეორე ფრონტის“ ნარატივის გამოყენება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწვავედ აკრიტიკებდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს (მათ შორის „გრასი“), მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფასება გაცილებით ახლოს იდგა ევროკავშირის შეფასებასთან (საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმეტრის მიხედვით, სრულად ან მეტწილად შესრულდა 3 რეკომენდაცია, ნაწილობრივ შესრულდა 5 რეკომენდაცია და შესასრულებელია 4. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსმეტრის ახალი გამოცემა ხელმისაწვდომია 1 აგვისტოდან და განთავსებულია „გრასის“ ვებგვერდზე). ირაკლი კობახიძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, რაც შექმნიდა მთავრობის გადაყენების მოთხოვნის საფუძველს. თუმცა რეალურად, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა სწორედ საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებას ემსახურება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები შეადარა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საძულველ პიროვნებას, სერგო ორჯონიკიძეს, რომლის სახელი ქართულ ენაში მოღალატესთან ასოცირდება. სერგო ორჯონიკიძე იყო ეროვნებით ქართველი ბოლშევიკი, სტალინის გარემოცვის წევრი და თანამებრძოლი, რომელიც სტალინის ბრძანებით ხელმძღვანელობდა საბჭოთა წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში, როდესაც სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მოხდა საქართველოს ტერიტორიის სრული ოკუპაცია და ქვეყანაში დამყარდა საბჭოთა სისხლიანი მმართველობა. ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე ადანაშაულებდა გლობალური ომის პარტიის ბრძანებების შესრულებაში და მათ უწოდებდა ისეთი ძალების უცხოელ აგენტებს, რომელთაც არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამასთან საგულისხმოა, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, სწორედ ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს.
  • ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტავდა კანდიდატის სტატუსთან და ამ პროცესში გლობალური ომის პარტიის ჩართულობის ნიუანსებს. კერძოდ, მისი თქმით, „თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს, რომ რაღაც მიზნებს ვეღარ აღწევს, მაგალითად, აქ ვეღარ ახერხებს ვითარების აყირავებას, შეიძლება, ეს განცდა გაუჩნდეთ [რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა დესტაბილიზაციას ან საქართველოს ხელისუფლების დამხობას არ გამოიწვევს]. ეს ერთხელ სცადეს, არ გამოუვიდათ და, რეალურად, დეკემბერში შანსი არ აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით აქ ვითარება ააყირაონ. თუ ნახავენ ამას, ამ შემთხვევაში ალბათობა იზრდება. ეს განცდა თუ გაუჩნდებათ, რაც ობიექტური განცდა იქნება, ამ შემთხვევაში უკვე აღარ დაისახავენ მიზნად, რომ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. შარშან, ივნისში მათი მთავარი მიზანი იყო აქ ვითარების აყირავება, ანუ რევოლუცია და მერე მეორე ფრონტი. თუ დაინახეს, რომ დეკემბერში მაინც ვერ მიაღწევენ ვითარების ცვლილებას, ხელისუფლების აყირავებას და მეორე ფრონტს, ამ შემთხვევაში იზრდება ჩვენი შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის ივნისში საქართველოს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით მოგვიანებით დასავლეთმაც აღნიშნა, თუმცა საქმეში გლობალური ომის პარტია ჩაერია. მისი თქმით, გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და სხვები შეიკრიბნენ ბაკურიანში (საკურორტო დაბა საქართველოში) და გეგმავდნენ რევოლუციას, რაც გულისხმობდა იმას, რომ როდესაც საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს ივნისს, მათ უნდა მოეწყოთ რევოლუცია, რაც კობახიძის თქმით სცადეს კიდეც, მაგრამ არ გამოუვიდათ. ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ნაცმოძრაობაში“ არ იგულისხმება მხოლოდ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არამედ კოლექტიურ „ლელო“, გახარია, „გირჩი“, ვაშაძე [„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი]. რომლებიც ყველანი არიან გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტები. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე ამტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს, გიორგი გახარია მოქმედებდა გლობალური ომის პარტიისგან მიღებული დავალებების საფუძველზე (მაშინ როდესაც, ამ პერიოდში ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდაჭერი იყო). ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ვერავინ მოახერხა ვითარების არევის დავალების შესრულება და გლობალური ომის პარტიის ყველა იმედი ამჯერად სააკაშვილზეა დამოკიდებული, თუმცა კობახიძის თქმით აღნიშნული ვერც სააკაშვილმა შეძლო. ამავე კონტექსტში, ის ამტკიცებდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ასევე არის გლობალური ომის პარტიის წევრი, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნავდა: „არაერთ მაღალი თანამდებობის ევროპელ ბიუროკრატს უთქვამს, რომ ევროპარლამენტართა განცხადებებს დიდად არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ნებისმიერ და, მათ შორის, ევროპარლამენტს სიჭრელე ახასიათებს და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მათზე არ იქნება დამოკიდებული.“
  • 30 ივნისს საქართველის პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ ისევე როგორც პირველ ჯერზე, ომის პარტიას სურდა მეორედაც დაენგრია ქვეყანა, სადაც გულისხმობდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ადანაშაულებდა, რომ ვერ შეძლეს 2008 წლის ომის თავიდან არიდება და ტერიტორიების დაკარგვა. ამავე განცხადებაში, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა რეალურად სუვერენულ და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.
  • საარჩევნო კოდექსში ევროკავშირის რეკომენდაციის საპირისპირო ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტს გარე ძალები - გლობალური ომის პარტია - კარნახობენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რაც არ შედის საქართველოს ინტერესებში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს, თავის დროზე კი 19 აპრილის შეთანხმების (რომელიც მიღწეულ იქნა ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შ. მიშელის შუამავლობით) მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელოვნური კრიზისის გამოწვევა.
  • „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ამტკიცებდა, რომ ევროპული ღირებულებები ბევრად შორსაა იმ რეალობისგან, რასაც გლობალური ომის პარტიის აგენტები თავს გვახვევენ და 14 ივნისს კვლავ გაიმეორა, რომ 12 პუნქტი შესრულებულია, მაგრამ ევროპული ინსტიტუტები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ამავე კონტექსტში, დიმიტრი სამხარაძემ ასევე განაცხადა, რომ ერთადერთი რაც „ქართულ ოცნებას“ არ გაუკეთებია ეს ომის დაწყებაა. ამას გარდა, დიმიტრი სამხარაძე ამტკიცებდა, რომ წინა ხაზზე წამოწეული სუბიექტების 99%, ვინც ამტკიცებს რომ ნამდვილად ევროპელია, ჰომოსექსუალია. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% სურს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება, „მათი“ აზრით ჩვენ [ქართველები] გარყვნილებასაც დავთანხმდებით. დიმიტრი სამხარაძის მტკიცებით, ისინი ფიქრობენ, რომ ნორმად წარმოაჩინონ გარყვნილება და რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთი მიაჩნია მტრად, ცდილობენ ხელისუფლებას პრორუსული იმიჯი შეუქმნან და „ქათმებს“ ევროპული. დიმიტრი სამხარაძის თქმით, „თუ ‘პიდარასტებს’ დაგმობ, ე.ი. რუსეთუმე ხარ. ცდილობენ კომპლექსი შეუქმნან ჩვენს ერს, რომ ხმა არ ამოვიღოთ გარყვნილების წინააღმდეგ! „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი ასევე აცხადებდა, რომ მას არ გაუკვირდება თუ ჩატარდება გამოკითხვა, სადაც შემდეგი კითხვები იქნება - “ევროპაში შესასვლელად მზად ხართ თუ არა თქვენი გვარის გამგრძელებელი ბიჭი გაათხოვოთ?”, “ევროპის ნაცვლად უარს იტყვით თუ არა სარწმუნოებაზე?” იგი ასკვნიდა, რომ ასეთ შემთხვევაში ევროპული ინტეგრაციის მსურველთა 80% გახდება 5%.
  • დოჰაში გამართულ ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსეთსა და უკრაინას შორის ჩინეთის საშუამავლო ძალისხმევას ბრძნული უწოდა: „ჩინეთი რასაც აკეთებს ამ კრიზისის დროს, მგონი, ძალიან ბრძნული მიდგომა აქვს. რადგან მედიაციას ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის. მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი ლიდერისგან რომელიც მშვიდობისკენ, მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს ქვეყნებს და ცდილობს განახორციელოს ძალისხმევა ამ ომის დასასრულებლად. „მე, ზოგადად, ვამბობ, მშვიდობის ადამიანი ვარ. სტაბილურობისა და მოლაპარაკებების მჯერა“.

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრების რეალურობა და მიზანშეწონილობა და ამტკიცებს რომ ინტეგრაციის პროცესისთვის მაღალი საფასურის გადახდაა საჭიროა, როგორიცაა ლგბტ პროპაგანდის მიღება.

  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ თანახმად, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს პრობლემების გადაჭრის გზად აღიქმება, მაგრამ რეალურად, საზოგადოებას ეს ძვირი დაუჯდება და ამის ფასი სახელმწიფოს და საზოგადოების ტრანსფორმაცია იქნება, რაც გულისხმობს იდენტობის, ღირებულებების, კულტურის და სხვა ყველაფრის დავიწყებას. რაც შესაძლებელს გახდის უფრო კონტროლის უფრო მარტივად განხორციელებას და გამოიწვევს საქართველოსთვის ლგბტ პროპაგანდის თავსმოხვევას. ამავე მსჯელობით, ევროკავშირის წევრობის გზაზე გადადგმული ნაბიჯებისთვის გადახდილი მაღალი საფასურის მიუხედავად, საქართველოს კვლავაც არ აქვს ხელშესახები სარგებელი და უცდის უცნობ თარიღს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომელიც როგორღაც, ჯადოსნურად გარდაქმნის საქართველოს, რაც ირიბად გულისხმობს, რომ მთელი ეს პროცესი უშედეგოა.
  • გაჟღერდა მტკიცება, რომ ევროკავშირი აშშ-ის ზეგავლენის ქვეშაა და მისგან იმართება, ხოლო ევროკავშირის და ევროსაბჭოს მოთხოვნები საქართველოს მიმართ რეალურად აშშ-სგან მოდის.
  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ წამყვანი ამტკიცებდა, რომ 12 რეკომენდაცია არა ქართველმა ხალხმა, არამედ ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ შეიმუშავა. მისივე თქმით, მათ ვინც ეს გადააწყვეტილება მიიღეს, არაფერი იციან საქართველოსა და ქართული პოლიტიკის შესახებ და ამ რეკომენდაციების გაცემა ევროპის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მაგალითია. კიდევ ერთი პროპაგანდასტი „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდა, რომ საქართველოს მხრიდან 12 ათასი რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაშიც კი, საქართველოს მაინც არ მიიღებდენ ევროკავშირში, რადგან ქვეყანა არ ასრულებს მის გეოპოლიტიკურ ფუნქციას, რაც ამჟამად არის რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა („ალტ-ინფოს“ თანახმად, სხვა გარემოებებში ეს ფუნქცია იქნებოდა მუსლიმური სახელმწიფოების წინააღმდეგ ომში ჩართვა). ევროკავშირის 12 რეკომენდაციას ასევე წარმოაჩენდნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობად.
  • ერთ-ერთ არგუმენტად სახელდებოდა, რომ ევროპას არ სჭირდება საქართველო და მას მხოლოდ სჭირდება უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად.
  • პრორუსული „სეზონი ტვ“-ს სკანდალურად ცნობილი წამყვანი აცხადებდა, რომ საქართველოს ევროკავშირში არავინ მიიღებს, მაგრამ თუ ევროკავშირი მაინც მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, მაშინ იქნება ლგბტ პრაიდის ჩატარების და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნები.
  • პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოცხადებული იყო დასავლეთის, კერძოდ კი საფრანგეთის აგენტად, რომელიც დასავლეთს დახმარებას უწევს ანტიქართული ინტერესების რეალიზებაში - მეორე ფრონტის გახსნა, მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ლგბტ დღის წესრიგის თავზე მოხვევა.
  • „ალტ-ინფო“ ასევე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი და აშშ არ არიან საქართველოს მოკავშირეები და ისტორიულად არც არასოდეს ყოფილან. პრორუსული ტელევიზია აცხადებდა, რომ ტყუილია, თითქოს ევროპული ოჯახი საქართველოს ისტორიული არჩევნია, რადგან ევროპასთან ქრისტიანობის გარდა საერთო არაფერი გვქონია.
  • პრორუსული „სეზონი ტვ“ ევროპარლამენტს ადანაშაულებდა ეროვნული ინტერესების გამტარი მთავრობისთვის ზიანის მიყენების მიზნით საქართველოს შესახებ სიცრუის გავრცელებაში და ამ მთავრობის ისეთი ხელისუფლებით ჩანაცვლების მცდელობაში, რომელისაც არ ექნებოდა საზოგადოებრივი მხარდაჭერა და დამოკიდებული იქნებოდა ევროპარლამენტის მხარდაჭერაზე. ამის შემდეგ, ევროპარლამენტარება შესაძლებლობა მიეცემოდათ იძულებული გაეხადათ საქართველოს მთავრობა დაეკმაყოფილებინა მათი პირადი ან მათი ქვეყნების ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური ინტერესები და იძულებული გაეხადათ საქართველო დაეწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ.
  • პრორუსულად განწყობილი ექსპერტის თანახმად, ევროკავშირის პრესტიჟს ძირს უთხრიან ევროპარლამენტარები, რომლებიც ანადგურებენ ევროპულ და ევროკავშირის იდეებს. იგი ასევე ეჭვქვეშ აყენებდა ევროკავშირის მომავალს ირლანდიაში და გერმანიაში „ძალიან სერიოზული რეცესიის“ ფონზე და ასკვნიდა, რომ ევროკავშირს არანაირი სარგებლი არ მოაქვს და ევროკავშირში წევრობას არანაირი ღირებულება არ ექნება.

პროპაგანდა ნატოს „ოცნებების სასაფლაოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოსკენ ნატოსკენ სვლა, რათა უკრაინის მსგავსად არ დაისაჯოს

  • პრორუსული „სეზონი ტვ“-ს თანახმად, უკრაინა განწირული აღმოჩნდა მხოლოდ ნატოში წევრობის ღიად დეკლარირებული მისწრაფების გამო. ე.წ. ექსპერტი ამტკიცებდა, რომ დღევანდელ დღეს ომი მიმდინარეობს რუსეთსა და ნატოს შორის და შესაბამისად, იმისთვის, რომ ქართველები გადაარწმუნო ნატოში წევრობის მხარდაჭერისგან, იგი ასკვნიდა, რომ ნატოში შესვლა რუსეთთან ომის ტოლფასია. რუსული პროპაგანდის ნარატივების გამეორების გარდა, რომლის თანახმადაც რუსეთი უკრაინას კი არა ნატოს ეომება, „ექსპერტი“ ასევე უგულებელყოფდა ნატოს გაფართოვების უახლეს შემთხვევას, კერძოდ ფინეთის შესვლას ნატოში, რამაც რა თქმა უნდა შედეგად ფინეთის ომში ჩათრევის ნაცვლად, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება მოიტანა. აღნიშნულის მიუხედავად, იგი ამტკიცებდა, რომ ყოველთვის იყო ნატოს მიმართ სკეპტიციზმით განწყობილი, თუმცა ამჟამად ნატოზე საუბარიც კი საქართველოსთვის ომში ჩათრევას უდრის და შესაბამისად, იძლეოდა ნატოს ხშირი ხსენებისგან თავშეკავების რეკომენდაციას. პრორუსულად განწყობილი წამყვანი დასძენდა, რომ ნატოსკენ მისწრაფებები საქართველოს უკვე ძვირად დაუჯდა - დაიკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო (ცხინვალის რეგიონი) და ახლა უკრაინამაც დაკარგა ტერიტორიები და ნადგურდება ნატოში მისწაფების მიზეზით. თუმცა, წამყვანი ყურადღების მიღმა ტოვებდა იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის ომი 1992-1993წწ. მიმდინარეობდა, როდესაც საქართველო საერთოდ არ მიისწრაფვოდა ნატოში წევრობისკენ, მაგრამ უცვლელი იყო რუსეთის მტრული ინტერესები საქართველოს მიმართ.
  • მორიგ ჯერზე, „სეზონი ტვ“-ს წამყვანმა ნატო „ოცნებების სასაფლაოს“ შეადარა და აღნიშნავდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რას გააკეთებდა საქართველო, ჩვენ მაინც არ მიგვიღებდნენ ნატოში და იმეორებდა, რომ ნატოში მისწრაფების გამო საქართველომ დაკარგა სამხრეთ ოსეთი/სამაჩაბლო და აფხაზეთი. იგი ამტკიცებდა, რომ 2008 წელს საქართველო აცნობიერებდა ნატოსთან დაკავშირებულ რეალობას, მაგრამ უკრაინა ვერა. იგი ასევე პარალელებს ავლებდა ნატოს და საქართველოს ოფიციალური პირების საყვარელ გამონათქვამს „მეტი ნატო საქართველოში [და მეტი საქართველო ნატოში] და ისეთ ნათქვამებს შორის, როგორებიცაა „მეტი გვამები საქართველოში“, „მეტი ქართველი ქალი ძაძებში“, „მეტი სიკვდილი“ და „მეტი უბედურება“ საქართველოში. აღნიშნული წამყვანი ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ-ს არ გააჩნია რუსეთის განადგურების ნება/შესაძლებლობა, რადგან მაშინაც კი, როდესაც აშშ ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო იყო, მან ეს ვერ გაბედა, ახლა კი როდესაც რუსეთიც ფლობს ბირთვულ შეიარაღებას, აშშ-ის მიერ რუსეთის განადგურება არც კი განიხილება. მისი მოსაზრებით, საქართველომ აღნიშნულიდან გაკვეთილი უნდა მიიღოს გაითვალისწინოს, რომ 50 მილიონიან ქვეყანას, რომელსაც ანადგურებენ, კვლავ უარს ეუბნებიან ნატოს წევრობაზე და შესაბამისად საქართველომ უნდა შეწყვიტოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკა. იგი ასკვნიდა, რომ ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ და მხარს უჭერენ ნატოში წევრობას, აგენტები არიან.

პროპაგანდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ კვლავაც აგრძელებს მტკიცებას, რომ რუსეთი ომში აუცილებლად გაიმარჯვებს და უკრაინის და დასავლეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებას ავრცელებს

  • პრორუსული წყაროები ღიად ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის ომში გამარჯვება გარდაუვალია, ხოლო უკრაინისგან აღარაფერი დარჩება. ამ პროპაგანდისტულ არგუმენტზე დაყრდნობით, ისინი ავითარებდნენ მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. პროპაგანდისტების პოზიციით, თუ საქართველო შეეწინაღმდეგება უვიზო რეჟიმს და ზოგადად კარგ ურთიერთობების რუსეთთან, მაშინ საქართველოს უკრაინის ბედს გაიზიარებს - დაიბომბება და სრულად განადგურდება და მხოლოდ მაშინ მიიღებს ევროპა საქართველოს საკუთარ რიგებში.
  • პრორუსულად განწყობილი „სამხედრო ექსპერტის“ თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ არ ჩაურთავს რეგულარული არმია უკრაინაში და მხოლოდ „როსგვარდიას“ (რუსეთის ეროვნული გვარდია) ძალებს ეყრდნობა, რადგან ნამდვილი ომი ჯერ არ დაწყებულა. კიდევ ერთი პრორუსი სამხედრო ექსპერტი ამტკიცებდა, რომ რუსეთს მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ საარტილერიო ჭურვების და რაკეტების 30% არ გამოუყენებია და არანაირ დახმარებას არ საჭიროებს.
  • ასევე ფიქსირდებოდა ისტორიული რევიზიონიზმის და პროპაგანდის ფაქტები, რომელთა მიხედვითაც, უკრაინის ტერიტორიაც და მოსახლეობაც საუკუნეების მანძილზე ეკუთვნოდა რუსეთს.
  • პრორუსული პროპაგანდისტი უკრაინის მთავრობას (არა ხალხს) დღევანდელ დღეს საქართველოს უდიდეს მტრად აცხადებდა, რადგან მათ თითქოს საქართველოს მოუწოდეს ომში ჩართვისა და სისხლის დაღვრისკენ.
  • საქართველოს და უკრაინელ ხალხს შორის ისტორიულად არსებული კარგი ურთიერთობებისთვის ჩრდილის მისაყენებლად, „სეზონი ტვ“-ს პრორუსულად განწყობილი წამყვანი ამტკიცებდა, რომ უკრაინას საქართველოს წინაშე მრავალი ცოდვა და დანაშაული მიუძღვის, მათ შორის კი სტალინის და ნკვდ-ს უფროსის ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს სამოქალაქო ომის დროს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების შეფარება, 2008 წელს საქართველოს დაცინვა და ა.შ.
  • კვლავაც ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის მთავრობა ასრულებს დასავლეთის მითითებს, როდესაც ხელისუფლებამ „დაანგრია საკუთარი ქვეყანა“ და ლგბტ პროპაგანდის ფარგლებში „პრაიდ მარში“ ჩაატარა. კიდევ ერთი მტკიცების თანახმად, აშშ-მა უკრაინა დაიქირავა რუსეთის გასანადგურებლად და შესაბამისად ეს არის აშშ-რუსეთის ომი, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე.
  • მორიგი პროპაგანდისტის თანახმად, უკრაინას შეიარაღებას აწვდიან, რომ მან შეძლოს ომის გაგრძელება, თუმცა არა ომის მოგება, რადგან 1) დასავლეთს აშფოთებს ის გარემოება, რომ უკრაინის საზღვრებს მიღმა შეიძლება გავიდეს და არ აწვდის უკრაინას მნიშვნელოვან შეიარაღებას და მოწინავე ტექნოლოგიებს და 2) აშშ-ს არ აინტერესებს, თუ სად გავა ფრონტის ხაზი ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში, რადგან მას მხოლოდ აინტერესებს ომის გაგრძელება რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის მიზნით.
  • პრორუსული პროპაგანდა აცხადებდა, რომ „ნორდ სტრიმი 2“-ის აფეთქების შემდეგ, უკრაინამ ააფეთქა კახოვკის კაშხალი და ტოლიატი-ოდესას ყველაზე გრძელი ამონიუმის მილსადენი.


აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ვაშინგტონს ადანაშაულებს საქართველოში ძალადობის წახალისებასა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის ხელშეწყობაში, რომლის ფონზე გრძელდება პერსონალური თავდასხმები აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე

  • პრორუსული სეზონი ტვ“-ს წამყვანი ამტკიცებდა, რომ დასავლეთის აგენტები ხელს უწყობენ ძალადობას და მაგალითად სთავაზობენ აშშ-ს ვიზებს პარლამენტის შენობაში მოლოტოვის კოქტეილების სროლის სანაცვლოდ. ამავე წყაროს ცნობით, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ევროკავშირის ელჩებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აკონტროლებს პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოებს და საერთოდ, საქართველო გახდა აშშ-ის შტატი ან კოლონია, რადგან საქართველო ყველაფერს ასრულებს, რასაც აშშ მონასავით ავალებს და შესაბამისად ამით ხდება საქართველოს ყველაზე მავნე მტერი.
  • ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ს პრორუსული წამყვანი ასევე ამტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს არ შეუძლია რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, რადგან აშშ-ის არმია საქართველოში წარმოდგენილია მედიის, გეი აგენტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით. მისი თქმით, საქართველო ამ გაგებით დაპყრობილია, რადგან მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა, თუმცა რუსებს ეს კარგად ესმით და გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას.
  • პრორუსული წყაროები ასევე ამტკიცებდნენ, რომ 1991-92 წლებში აშშ-მ მოაწყო რევოლუცია საქართველოში რუსების ხელით, მაგრამ ამჟამად აშშ მსგავსი საიდუმლო საფარის გარეშე აგრძელებს მუშაობას.
  • პრორუსული წყაროები აცხადებდნენ, რომ აშშ-ს სურს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს როგორც გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი და საზარბაზნე ხორცი და გაუხსნას მეორე ფრონტი, რომ რუსეთს არ ჰქონდეს მშვიდობა მის სამეზობლოში.
  • გაგრძელდა პერსონალური თავდასხმები აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე და პრორუსული „ალტ-ინფოს“ წამყვანი აცხადებდა, რომ ის დიპლომატიურად სუსტია, რადგან რეალურად არ არის დიპლომატი და საქართველოში გაგზავნეს მეფისნაცვლის რანგში.
  • შავი ზღვის წყლის დაბინძურება (კახოვკას კაშხლის ნგრევის შედეგად) ბრალდებოდა დასავლეთს, რომელიც პროპაგანდის მიხედვით მზადაა ყველაფრისთვის საკუთარი ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად და არ ადარდებს სხვა ქვეყნების იგნორირება, ხოლო ამჯერად ასეთი უპასუხისმგებლო ქმედება საქართველოზეც აისახა.
  • პრორუსული პლატფორმები ეჭვქვეშ აყენებდნენ აშშ-ის სასამართლოების დამოუკიდებლობას, რადგან ისინი თითქოს ემორჩილებიან პრეზიდენტ ბაიდენს და ხელს უშლიან ტრამპს, რომ 2024 წელს ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

რუსეთის მხარდამჭერ პროპაგანდას სურს ქართველები რუსეთში მხსნელს ხედავდნენ და ამტკიცებს, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია საქართველოს უსაფრთხოების გარანტირება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

დასავლეთის დემონიზების, მათ შორის საქართველოს გეი პროპაგანდის თავსმოხვევის და ქვეყანაში ქაოსის გამოწვევის მცდელობის დასავლეთზე დაბრალების ფონზე, რომელიც თითქოს ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას და აფერხებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პრორუსული პროპაგანდა ალტერნატივად კვლავ პრორუსულ საგარეო პოლიტიკას წარმოაჩენდა:

  • პროპაგანდის თანახმად, საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური კავშირები რუსეთთან აქვს და რუსეთს როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს ალტერნატივა არ გააჩნია. შესაბამისად, საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ეს ურთიერთობა არ დააზარალოს. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, ყველა ვინც რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ეწინააღმდეგება, საქართველოს მტერია.
  • ამას გარდა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება უტოლდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივების უარყოფას. „ალტ-ინფოს“ კომენტატორის თანახმად, გამოსავალი იყო "პირდაპირი დიალოგი რუსეთთან" - რაც იყო პრორუსული პოლიტიკური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანიის ყოფილი სლოგანი და რეალურად რუსეთთან ასეთ დიალოგის მოსკოვის პირობებით წარმართვას გულისხმობს.
  • ალტ-ინფოს“ თანახმად, უკანასკნელ პერიოდში აშკარა გახდა, რომ რუსეთს გააჩნია მრავალი საჭიროება, რაზეც საქართველოს შეუძლია პირდაპირი ან ირიბი გავლენა მოახდინოს - შესაბამისად, 12 პრიორიტეტის შესრულებაზე ძალისხმევის დახარჯვისა და ნატოში გაწევრიანების მცდელობის ნაცვლად, საქართველომ სწორი პოლიტიკა უნდა გაატაროს და რუსეთთან კარგი ურთიერთობებისკენ უნდა ისწრაფვოდეს. „ალტ-ინფოს“ კომენტატორის თქმით, რადგანაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს სამხედრო ბაზები საქართველოს მხოლოდ რუსეთისგან შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების მიღება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები ასევე არის რუსეთში და არა ბრიუსელში ან ვაშინგტონში. აქედან გამომდინარე, ის ასკვნიდა, რომ რუსეთთან ამ საკითხებზე საუბარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
  • პრორუსული ტელეკომპანია „სეზონი ტვ“ ასევე ავრცელებდა მსგავს განწყობებს. მისი წამყვანის თქმით, საქართველოს მხოლოდ რუსეთი გადაარჩენს, რადგან რუსეთი საქართველოს წარსულშიც დახმარებია გამოწვევების დაძლევაში. იგი სიმპატიას გამოხატავდა სსრკ-ს მოდელის მიმართ, როდესაც საქართველო თავისუფალი იყო საშინაო საქმეებში. წამყვანის განცხადებით, იგი რუსეთში აპირებს გამგზავრებას გეორგიევსკის ტრაქტატის 240 წლის აღსანიშნავად და საქართველოს მოუწოდებდა დღესვე გააფორმოს მსგავსი ხელშეკრულება რუსეთთან, რომელიც დაიცავს ქვეყანას. იგი ასევე აცხადებდა, რომ დასავლეთს არ შეუძლია უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება, როგორც ეს 2008 წლის ომმა აჩვენა და მხოლოდ რუსეთს შეუძლია საქართველოსთვის უსაფრთხოების ქოლგის შექმნა. ზემოხსენებული ტრაქტატი რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წელს გაფორმდა, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის პროტექტორატად იქცა. ტრაქტატის პირობებით, უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობა და ბაგრატიონთა დინასტიის მმართველობის შენარჩუნება, რომლის სანაცვლოდ რუსეთი იღებდა გარკვეულ პრეროგატივებს საქართველოს საგარეო საქმეებში. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება და არ დაეხმარა საქართველოს სპარსეთის შემოსევისგან თავის დასაცავად, რასაც სამი დღის მანძილზე რიცხობრივად მცირე ქართული ჯარის თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად დედაქალაქი თბილისის გაძარცვა და განადგურება, ასევე მისი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა და დეპორტაცია მოჰყვა. სპარსეთის სამხედრო კამპანია აღნიშნულ ბრძოლამდე ერთი თვით ადრე დაიწყო და ქართველმა მეფე ერეკლე მეორემ რუსეთს დახმარება და სულ მცირე 3 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და მისი მუხლების დარღვევით აღმოსავლეთ საქართველო ანექსია განახორციელა.
  • „სეზონი ტვ“-ს წამყვანი დამატებით ამტკიცებდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია, რადგან: 1) რუსეთი ძალიან რთულ ვითარებაშია და ესაჭიროება სხვა ქვეყნების მხარდაჭერა; 2) მისი შეფასებით, დასავლეთი ებრძვის საქართველოს და რუსეთი ებრძვის დასავლეთს, შესაბამისად საქართველოს და რუსეთის ინტერესები თანხვედრაშია და 3) საქართველო და რუსეთი მართლმადიდებლური ქრისტიანობის დამცველები არიან. წამყვანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში არ გულისხმობდა მხოლოდ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, არამედ აზერბაიჯანისგან დავით-გარეჯის დაბრუნებასაც (დავით-გარეჯი არის ისტორიული ქრისტიანული მონასტერი აზერბაიჯანთან არადემარკირებულ საზღვარზე, რაც ხშირად დაძაბულობის მიზეზი ხდება. 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული საკითხი წინა მთავრობის ქვეყნის ღალატში დასადანაშაულებლად გამოიყენა). მისივე მტკიცებით, აზერბაიჯანმა სომხეთისგან ტერიტორია რუსეთის დახმარებით დაიბრუნა.
  • „სეზონი ტვ“-ს წამყვანი რეალურად წავიდა რუსეთში და ავრცელებდა ლგბტ პროპაგანდაში ჩართული „კოკა-კოლას“ და „მაკდონალდსის“ ქვეყნიდან გაძევების და მათ სანაცვლოდ, რუსული ვარიანტების „დობრი კოლას“ და „ვკუსნო ი ტოჩკა“-ს შემოტანის მოწოდებებს. რუსეთში ყოფნისას, წამყვანი ასევე მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას აერჩია რუსეთთან ურთიერთობების ბელარუსული მოდელი, რაც მისი აზრით, გულისხმობს კარგ ურთიერთობებს რუსეთთან, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის კეთილდღეობას, განსხვავებით უკრაინის ნატო-სა და აშშ-ზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისგან, რამაც მისი განადგურება გამოიწვია.
  • იგი ასევე მიესალმებოდა რუსებს საქართველოში და ამტკიცებდა, რომ საქართველოში რუსი ტურისტების წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიების უკან ამერიკელები დგანან.
  • „ალტ-ინფოსთან“ და „სეზონი ტვ“-სთან ერთად, სხვა პრორუსული წყაროებიც უნისონში მოუწოდებდნენ რუსეთთან შეთანხმების უმოკლეს ვადებში გაფორმებისკენ რადგან საქართველოში აშშ-ის ჰეგემონია დასრულდა. პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ თუ საქართველო სწრაფად არ გააფორმებს ხელშეკრულებას რუსეთთან, თურქეთი სამუდამოდ დაიკავებს საქართველოს
  • „სეზონი ტვ“-ს ეთერში ასევე გავიდა ინტერვიუ რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ ქართული წარმომავლობის მქონე წევრთან. მისი განცხადებით, რუსეთში წარუმატებელი სამხედრო ამბოხის უკან სავარაუდოდ იდგა დასავლეთი, თუმცა ამბოხი ჩავარდა, რადგან პუტინის მხარდაჭერის მაჩვენებელი 80% უტოლდება.