logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: საარჩევნო დეზინფორმაცია და დისკრეტიდაციის კამპანიები

image001.jpg
20 დეკემბერი, 2021
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) წარმოგიდგენთ საქართველოს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების 1-ელ ტურამდე სოციალურ ქსელში საინფორმაციო სივრცის მიმოხილვას. ანგარიში მიმოიხილავს სოციალურ ქსელში პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული, თუმცა ხშირ შემთხვევაში ანონიმურად მოქმედი, ანგარიშების (გვერდები, ჯგუფები) მიერ გამოქვეყნებულ მასალებს და მათ მიერ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიებს. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პროექტ „ფაქტ-მეტრის“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელში აღმოჩენილი და Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მონიშნული დეზინფორმაციის მაგალითები.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება, 2014 წლის შემდეგ ინტერნეტისა და განსაკუთრებით სოციალურ ქსელ Facebook-ის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტები სოციალურ ქსელს როგორც ოფიციალური, ასევე შეფარული (არაოფიციალური) კამპანიის წარმოებისთვის აქტიურად იყენებენ. Facebook-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიოში იმ 5 ქვეყანაშია, რომლებიც 2017-2020 წლებში ყველაზე ხშირად გახდა ადგილობრივი აქტორების (მათ შორის პოლიტიკური პარტიების) მხრიდან საინფორმაციო ოპერაციების სამიზნე. ამდენად, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელში არსებული საინფორმაციო გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა როგორც პოლიტიკურ გარემოზე, ისე ამომრჩევლების განწყობებზე.

სოციალური ქსელის მონიტორინგი მოიცავდა 300-მდე Facebook-ანგარიშს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ და/ან საწინააღმდეგოდ საინფორმაციო მანიპულაციების გავრცელებით გამოირჩეოდნენ. როგორც წესი, დამონიტორინგებული გვერდების უმრავლესობა ანონიმურად მოქმედებდა და რიგითი Facebook-მომხმარებლისთვის მათ უკან მდგომი ადამიანების ვინაობა და მიზნები ცალსახა არ იყო.

მონიროტინგი განხორციელდა 1 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, რომლის დროსაც შეირჩა და გაანალიზდა 425 Facebook-პროდუქტი (მათ შორის სტატია, ფოტო/ვიდეო, ტექსტური პოსტი). სოციალურ ქსელში შერჩეული გვერდების მონიტორინგი ხდებოდა Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, CrowdTangle-ის მეშვეობით.