წინამდებარე კვლევა აანალიზებს პარლამენტის საქმიანობას დეზინფორმაციასთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ.
კვლევა მიმოიხილავს პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის საქმიანობას, აფასებს მიღებული ანგარიშის შესრულებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და თემატური მოკვლევის ანგარიშის მიღმა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი) დეზინფომაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ საქმიანობას. ამისათვის, კვლევა, ერთი მხრივ, მიმოიხილავს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების საჯაროდ ხელმისაწვდომ სტრატეგიის დოკუმენტებს, სამოქმედო გეგმებსა და შესრულების ანგარიშებს, მეორე მხრივ, კი ეყრდნობა კომიტეტებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას.
პრორუსული დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტი, როგორც პოლიტიკის განსაზღვრისა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მთავარი ორგანო, განსაკუთრებულ როლს უნდა ასრულებდეს.
დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევის საპარლამენტო დონეზე აღიარება ოფიციალურ დოკუმენტებში პირველად 2018 წელს მოხდა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა1 და სამოქმედო გეგმის2 ფარგლებში. სტრატეგიის თანახმად, ანტიდასავლური პროპაგანდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთხედ იყო მოხსენიებული და მასთან ბრძოლის კონტექსტში, კომიტეტი საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობის კუთხით საკუთარ როლზე საუბრობდა.
მოგვიანებით, 2019 წელს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე საქართველოს პარლამენტში შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლის მომზადებული ანგარიში „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართ“ დღემდე პარლამენტის მიერ შემუშავებულ ერთადერთ დოკუმენტად რჩება, რომელიც მტრული დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხს ეხება და პარლამენტის ხედვასა და საქმიანობას განსაზღვრავს.