logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ევროკავშირის ქმედითი სტრატეგიაა საჭირო

georgien_Alvydas-Kucas_header.jpg
16 ივლისი, 2020
 0

2009 წელს შექმნილმა აღმოსავლეთ პარტნიორობამ ევროკავშირისა და ექვსი პარტნიორი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამ პროცესში არსებული მნიშვნელოვანი საგარეო და საშინაო გამოწვევებისა, აღნიშნულმა პოლიტიკამ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებთან სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მედეგობის ზრდის ხელშეწყობის უნარი გამოავლინა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა თითოეული პარტნიორის ინტერესების, ამბიციებისა და პროგრესის გათვალისწინებით განვითარდა. მის ფარგლებში სამ პარტნიორ ქვეყანასთან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა - ევროკავშირთან ასოცირებული ტრიო) ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმსაც მოიცავს; სომხეთთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო აზერბაიჯანსა და ბელარუსთან ურთიერთობაში კი სპეციალურად ამ ქვეყნებზე მორგებული თანამშრომლობა განვითარდა. აღმოსავლეთ პარტნიორობამ შედეგები ყველასთვის გამოიღო: ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა, რამაც აღნიშნული ქვეყნების ჯგუფი ევროკავშირის რიგით მეათე დიდ სავაჭრო პარტნიორად აქცია. მისი მეშვეობით 250,000 სამუშაო ადგილის შექმნა ან მათი შენარჩუნება მოხერხდა, ხოლო 125,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსებით ისარგებლა.

კრიზისული მდგომარეობა მეგობრობის შესაფასებლად საუკეთესო ტესტია, რომელიც ევროკავშირმა, კორონავირუსის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების ხელის დროულად გაწვდენით, წარმატებით ჩააბარა. ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სწრაფი დახმარების პაკეტის მობილიზება მოახდინა, რომელიც გადაუდებელი საჭიროებებისთვის 80 მილიონ ევროს, ხოლო მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის მხარდასაჭერად 900 მილიონ ევრომდე თანხას მოიცავს.

სტატია მომზადდა პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობა 2.0“-ის ფარგლებში, რომელიც Center for Liberal Modernity-ის მიერ ხორციელდება. სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა შემდეგ მისამართზე: https://libmod.de/a-need-for-credible-eu-strategy-for-the-eastern-partnership/