გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს სრულად:
კორონავირუსის პანდემიამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევები კიდევ უფრო აშკარა გახადა. პანდემიის არსებობასთან თუ ვაქცინაციის საკითხზე გავრცელებული ყალბი ამბების გავრცელებისა და ზიანის მასშტაბების გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19-ზე დეზინფორმაციას „ინფოდემია“ უწოდეს. იმ ფაქტმა, რომ კორონავირუსზე გავრცელებული დეზინფორმაციის პირდაპირი შედეგები გაცილებით უფრო ხელშესახებია და რაც მთავარია, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია, საფრთხე, რომელსაც დეზინფორმაცია საზოგადოებრივ და სახელმწიფო კეთილდღეობაზე ახდენს, უფრო მკვეთრად გამოაჩინა.
დეზინფორმაციის საფრთხეები არსებობდა პანდემიამდეც, განსაკუთრებით, კი საქართველოში, სადაც რუსული სახელმწიფო პროპაგანდა და მისი ადგილობრივი მხარდამჭერები წლებია საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობენ.
რა გამოწვევების წინაშეა საქართველო, რას აკეთებს სახელმწიფო და როგორ მუშაობს სამოქალაქო საზოგადოება დეზინფორმაციის მავნე შედეგების შესამცირებლად, ამ საკითხებზე „საქართველოს რეფორმების ასოაციის“ (GRASS) პროექტების მენეჯერს, მარიამ წიწიკაშვილს ვესაუბრეთ.
მარიამ წიწიკაშვილი: საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც კრემლმა მის ჰიბრიდულ არსენალში შემავალი სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება დაიწყო. თუ გავიხსენებთ 2008 წლის ომს, ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიის გარდა, საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური კიბერ და საინფორმაციო თავდასხმაც განახორციელა. დღეისათვის, მთელი მსოფლიო საუბრობს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რომლებშიც დეზინფორმაციასა და საინფორმაციო ოპერაციებს ერთ-ერთი წამყვანი როლი აკისრია. საქართველო რუსეთის, მისი კონტროლირებული მედიისა და ადგილობრივი მხარდამჭერების მხრიდან დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სამიზნეა, რომელიც ცდილობს გააღრმავოს საზოგადოებრივი პოლარიზაცია, გააქროს ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის და რაც მთავარია, მოქალაქეებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი რწმენა შეუსუსტოს.
ხშირად ვსაუბრობთ, რომ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი საქართველოში დასავლეთის, ხალხის არჩეული ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერის შესუსტებაა. GRASS-მა 2020 წლის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წლიური ანგარიში „დეზინფომეტრი“ გამოაქვეყნა, სადაც ნათლად დადასტურდა აღნიშნული ტენდენცია. თუმცა, ჩვენმა ერთწლიანმა დაკვირვებამ ასევე გამოავლინა, რომ საქართველოში პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფები ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ტრადიციული გზავნილების გარდა, მავნედ ერევიან ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ პროცესში და რაც მთავარია, ცდილობენ აღნიშნულ მოვლენებზე საკუთარი დღის წესრიგი და პერსპექტივა საზოგადოების ფართო ჯგუფებს თავს მოახვიონ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ტენდენცია, რაც გასულ წელს კიდევ უფრო გამოიკვეთა, უკავშირდება დასავლეთის, აშშ-სა და ევროკავშირის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ისინი საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ერევიან. მთელი წლის განმავლობაში, იქნებოდა ეს 8 მარტის შეთანხმების პროცესში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა თუ მოგვიანებით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების კუთხით დასავლეთის მხარდაჭერა, ყველა ეს მოვლენა პრორუსული ჯგუფების მხრიდან წარმოჩინდებოდა როგორც საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზავნილი რუსეთის მაღალი სამთავრობო ტრიბუნიდან 2021 წელს ღიად გაჟღერდა. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა 2021 წლის 9 მარტს განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის ჩართულობით სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების საშუალებას კარგავს, როგორც საგარეო არენაზე ისე ქვეყნის შიგნით. 2 თვის შემდეგ კი ლევან ვასაძემ, რომელსაც აქამდეც გამოარჩევდა პრორუსული და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები და ქმედებები, პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა, რის „ბოლო წვეთადაც“ შარლ მიშელის მედიაციით მიღებული შეთახნმება დაასახელა. მისი თქმით, შეთანხმება საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფასა და შემცირებას იწვევს.
აღნიშნული მაგალითი ნათლად გვიჩვენებს რუსეთის მავნე გავლენის მოქმედების სტრატეგიას: დეზინფორმაციული გზავნილებით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, შედარებით ნოყიერი ნიადაგის მომზადების შემდეგ შემოდის პოლიტიკური ძალა, რომელიც დეზინფორმაციით ნაკვები საზოგადოებრივი განწყობების ექსპლუატაციას ცდილობს. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში პრორუსული მთავრობის ყოლაა და იმას, რომ აღნიშნულის მისაღწევად კრემლი უქმად არაა, ადასტურებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შარშანდელი განაცხადაც, რომ გამოჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსები („ეს ჯერჯერობით პატარა პარტიებია მმართველ ელიტაში“), რომლებიც მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას და გაუმჯობესებას [კრემლის პირობებით] ემხრობიან.
ამ საფრთხეების ფონზე, როგორია საქართველოს სახელმწიფო პასუხი საზოგადოებრივი და ეროვნული მზაობის გასაძლიერებლად? რუსული დეზინფორმაციისა და მავნე ჩარევების საწინააღმდეგოდ რა კონკრეტული სახელმწიფო პოლიტიკა არსებობს ან რა ნაბიჯები იდგმება, თუკი იდგმება საერთოდ, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან?
მარიამ წიწიკაშვილი: როგორც აღვნიშნე, საქართველო ერთ-ერთი პირველო სატესტო ქვეყანა იყო, სადაც კრემლმა დეზინფორმაციის და მავნე ჩარევის სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოსცადა. სამწუხაროა, მაგრამ აღნიშნული გამოცდილება საქართველოს სახელმწიფომ დღემდე გაკვეთილად ვერ გამოიყენა და აღნიშნულ საფრთხეებზე საპასუხო ნაბიჯები შემუშავებული არაა, რომელიც რეალურად რუსული აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ საზოგადოებრივ და სახელმწიფო იმუნიტეტს გაზრდიდა.
რას აკეთებენ სხვა ქვეყნები დეზინფორმაციისა თუ რუსეთის ჰიბრიდული ომის სხვა გამოვლენინებების წინააღმდეგ? 2021 წელს, GRASS-მა ლიეტუვისა და ჩეხეთის გამოცდილების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ამ ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედი ე.წ. ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომაა (whole-of-society approach). ეს მიდგომა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობისა და მუშაობის პრაქტიკულ, და გნებავთ, რუტინულ ნაბიჯებს გულისხმობს. საპასუხო ნაბიჯების შემუშავებამდე, რა თქმა უნდა, აღნიშნულმა ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის აუდიტი განახორციელეს, რაც მოიცავდა დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის საფრთხეების შესწავლას, ანალიზს, სახელმწიფოს მზაობის შეფასებას და სხვ. ამის შემდეგ კი, გაიწერა კონკრეტული სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, სახელმწიფო დონეზე სხვადასხვა უწყების მუშაობასა და ამ უწყებებს შორის, ანუ მთავრობის შიგნით, კოორდინირებას განსაზღვრავს, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე უზრუნველყოფს არასახელმწიფო ჯგუფებთან თანამშრომლობას, მათ შორის, იგულისხმება სამოქალაქო და კვლევითი ორგანიზაციები, მედია, ექსპერტული წრეები და სხვა. ერთიანი მიდგომის მთავარი კომპონენტი დეზინფორმაციის საფრთხეების გამოაშკარავება, მათზე საპასუხო ნაბიჯების კოორდინირებულად გადადგმაა. სახელმწიფო და არასახელმწიფო ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხელს უწყობს იმას, რომ დეზინფორმაციაზე პასუხიც იყოს ერთიანი და ყოვლისმომცველი.
საქართველოში მხოლოდ 2017 წლიდან დაიწყო დეზინფორმაციის როგორც საფრთხის ფორმალურად, ოფიციალურ დოკუმენტებში აღიარება. აღიარებას მოჰყვა, მაგალითად, 2018 წლიდან მთავრობის დონეზე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების შექმნა, რომელთა ფუნქციადაც უპირველესად ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან ბრძოლა განისაზღვრა. თუმცა, აღნიშნული დეპარტამენტების შექმნიდან 3 წლის თავზეც, მათი როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკეთეს შემთხვევაში უმნიშვნელოა, უარეს შემთხვევაში კი - საზოგადოებრივი მედეგობისთვის დამაზიანებელი. სტრატკომების მთავარი სამიზნე წლებია ხელისუფლებიდმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა და მათი ერთადერთი საჯარო საქმიანობა სოციალურ ქსელში ამ მედიების საწინააღმდეგო Facebook პოსტების გამოქვეყნებაა. ის ფაქტი, რომ სტრატკომი ფაქტობრივად დუმს რუსეთის ინტერესების გამტარებელი მედიებისა და ჯგუფების საქმიანობაზე და კრიტიკულ მედიას უწოდებს დეზინფორმაციის გამავრცელებელს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აუბრალოებს რუსული დეზინფორმაციის საფრთხეს და დეზინფორმაციის გაიგივება არასწორად ხდება კრიტიკული მედიის, თუნდაც მიკერძოებულ, სარედაქციო პოლიტიკასთან.
უფრო მეტიც, დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების საქმიანობა იმის ილუსტრაციად უფრო იქცა თუ როგორი დასუსტებულია შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ მუშაობენ ისინი პარტიული და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ გასულ წელს პრემიერ-მინისტრის აპარატში არსებული სტრატკომიდან მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პასუხად მივიღეთ ის, რომ აპარატი მუშაობს გარკვეულ დოკუმენტზე, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკას განსაზღვრას და რომელიც, წელს უნდა გამოქვეყნდეს. ამ პროცესში უგულებელყოფილია სამოქალაქო საზოგადოება და ის ფაქტი, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების შექმნიდან 3 წლის თავზეც უწყება ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობას ასახელებს მთავარ საქმიანობად, აღნიშნული უწყებების მუშაობის, როგორც მინიმუმ, არაეფექტურობაზე მიუთითებს.
მეორე მხრივ, პარლამენტში 2019 წელს შეიქმნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლის შედეგადაც გამოქვეყნდა პარლამენტის ანგარიში. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც, თემატური მოკვლევის ჯგუფის თანახმად, პარლამენტსა და მთავრობას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გარკვეულ მექანიზმებს სთავაზობს. სხვა მსჯელობის საკითხია, თუ რამდენად სრულყოფილია ეს ანგარიში, თუმცა, ამის მიუხედავად, ფაქტი არის ის, რომ პარლამენტს დოკუმენტის მიღებიდან ერთი წლის თავზე ანგარიშის განხილვისა და რაც მთავარია, მასში მოცემული რეკომენდაციების განხორციელებისთვის არაფერი გაუკეთებია. მისი კომიტეტში თუ სხვა საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში ფორმალურად განხილვაც კი არ მომდარა. შესაბამისად, პარლამენტის საკუთარ დოკუმენტსაც კი არ იღებს სერიოზულად, მის განხორციელებასა და მთავრობის ზედამხედველობის მიმართულებით უმოქმედოა, რომ აღარაფერი ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოების მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების უგულებელყოფაზე.
ერთია, რას არ აკეთებს ხელისუფლება და მეორე, ის თუ რას აკეთებს და პასიური ხელშეწყობით როგორ აძლიერებს პრორუსულ ჯგუფებს. მაგალითად, ჯერ კიდევ 2017 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვით და კონსტიტუციაში ჩაწერით სწორედ პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფების მიერ წლების განმავლობაში ნაკვები კამპანია „რომ ქართულ მიწებს გვართმევენ“ წახალისდა. აღნიშნულმა, ერთ დროს მარგინალური ჯგუფები, ფაქტობრივად, პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მქონე აქტორებად აქცია. იმავე მიწების გაყიდვის აკრძალვას თან სდევდა მმართველი გუნდის მხრიდან განცხადებები, რომ მიწის გაყიდვა რუსული ოკუპაციის ტოლფასია. აღნიშნული ფსევდოპატრიოტული გზავნილები პრორუსული პროგანდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. გზავნილების თანხვედრის გარდა, ხშირად გვინახავს, რომ პრორუსული ჯგუფების და მათი რიგ შემთხვევებში, ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების მიმართ სახელმწიფო უწყებები პასიურები არიან.
აღნიშნულს ემატება თავად მმართველი გუნდის მხრიდან ოპონენტების წინააღმდეგ კარგად ნაცნობი კრემლის პროპაგანდისტული ხერხების გამოყენება. ახლახანს Facebook-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გამოჩნდა, რომ საქართველო მსოფლიოში იმ ტოპ 5 ქვეყანაშია, რომლებიც 2017-2020 წლებში ყველაზე ხშირად იყო საინფორმაციო ოპერაციების სამიზნე. აღნიშნული საინფორმაციო ოპერაციების უკან ქვეყნის შიდა აქტორები იდგნენ, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან შემაშფოთებელია. შიდა აქტორებში იგულისხმება მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ორი დიდი ქსელი, რომლებიც Facebook 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის აპრილში გამოავლინა.
დღეისათვის, საზოგადოებრივ მედეგობასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ძირითადად სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც ფაქტების გადამოწმების, პრორუსული ჯგუფების გამოაშკარავების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან საინფორმაციო კამპანიების გზით ცდილობს რუსული გავლენების შესუსტებას. ამჟამად, დეზინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვმუშაობთ, რომ უფრო მეტად კოორდინირებული და ერთიანი გავხადოთ ჩვენი ინდივიდუალური ძალისხმევა და საქმიანობა. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე აღნიშნული მცდელობები უფრო ორგანიზებულ ხასიათსაც მიიღებს და საზოგადოების წინაშე კონკრეტული ნაბიჯებითა და პროგრამებით წარვსდებით, რის ფარგლებშიც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების პასუხი კიდევ უფრო ეფექტური გახდება.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გასამკლავებლად საკმარისი ვერ იქნება. სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლისას საზოგადოება, ფაქტობრივად, ბუნებრივ იმუნიტეტსაა მინდობილი და იმის გარანტია, რომ ეს იმუნიტეტი არ შესუსტდება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, სამოქალაქო საზოგადოება და ამ შემთხვევაში, საქართველოს რეფორმების ასოციაცია მზადაა, შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე რელევანტურ სახელმწიფო ინსტიტუტებთან იმუშაოს, რათა საფუძველს ჩაუყაროს ქვეყანაში ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, აღნიშნულ საფრთხეებთან ეფექტური გამკლავების ინსტრუმენტების შექმნას.
წყარო: accentnews.ge