EURACTIV-ზე გამოქვეყნდა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორის, პაატა გაფრინდაშვილის სტატია, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დიდი ხნის განმავლობაში შორეულ პერპექტივას წარმოადგენდა. 2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმებას (ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან ერთად) მიაღწია. საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების განხორციელება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, თუმცა ის მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ბრიუსელში შესაბამისი პოლიტიკური მადის ნაკლებობის გარდა, ევროკავშირში ინტეგრაციის დამაბრკოლებელ ფაქტორად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა იქცა. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მზარდმა პოლარიზაციამ, ისევე როგორც დემოკრატიულ მმართველობასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულმა სერიოზულმა გამოწვევებმა მნიშვნელოვნად შეაფერხეს საქართველოს პროგრესი.
ამჟამად, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე აღარ წარმოადგენს შორეულ პერსპექტივას, საქართველოს უჭირს ევროპული მომავლის რეალობად ქცევა. შესაბამისად, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის გაზრდილმა ჩართულობამ შესაძლოა სრულად შეცვალოს სურათი და ერთი მხრივ, უზრუნველყოს რეგიონში ბრიუსელის სტრატეგიული ინტერესების გატარება, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველო რუსეთის მავნე გავლენისგან დაიცვას.
რუსეთის ბარბაროსულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც განუზომელი მასშტაბის ადამიანური ტრაგედია გამოიწვია, ამავდროულად უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა და მათ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის საშუალება მისცა.
ამის მიუხედავად, საქართველო შანსს, რომელიც ქვეყანას რამდენიმე ათწლეულში ერთხელ შეიძლება მიეცეს, ცუდად მომზადებული შეხვდა და უკრაინასა და მოლდოვასგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ნაცვლად ამისა, ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა უდავოდ მნიშვნელოვანი და რამდენიმე თვის წინ საოცნებო ევროპული პერსპექტივა და შესაძლებლობა, რომ საქართველო ევროკავშირის განახლებული გაფართოების მატარებელს დაეწიოს და პროცესში ჩაერთოს.
ამისთვის, საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პრიორიტეტი, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორებიცაა: პოლარიზაცია, დემოკრატიული კონტროლი, საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, მედია, გენერალური პროკურორისა და სახალხო დამცველის დანიშვნა, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, „დეოლიგარქიზაცია“, ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
ჩამოთვლილი რეფორმების შესრულების ბოლო ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი განისაზღვრა, თუმცა მოგვიანებით შეფასებამ 2023 წლამდე გადაიწია.
პრიორიტეტების შესრულების მხრივ არსებული მდგომარეობა
ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რომ გაერთიანდნენ და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დადგენილი პრორიტეტების შესასრულებლად იმუშავონ. თუმცა ჯერჯერობით შედეგები დამაიმედებელი არაა.
მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვალდებულება საჯაროდ აიღეს და წარადგინეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო მოთხოვნების შესრულების გეგმა. გეგმის საფუძველზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, სადაც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიწვიეს.
თუმცა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, არ დაეშვა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე, მმართველი პარტიის მიერ წარმართული პროცესის დემოკრატიული ხასიათი, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვქვეშ დააყენა.
ნდობისა და თანამშრომლობის ნაკლებობის გამო, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზად მათ შორის დასახელდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის შეთავაზებების მიუღებლობა და მმართველი პარტიის მხრიდან სამუშაო ჯგუფების არა რეალური თანამშრომლობის პლატფორმად, არამედ ფასადად შექმნა.
მმართველმა პარტიამ ზოგიერთი პრიორიტეტის შესასრულებლად კანონპროექტები შეიმუშავა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამუშაო ჯგუფებში ჩართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უკმაყოფილება გამოხატეს მმართველი პარტიის მიერ მათი შეთავაზებების უგულებელყოფის გამო.
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც უარი განაცხადეს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, დაიწყეს საკუთარი სამუშაო პროცესი და თითოეული პრიორიტეტის განხორციელების მიზნით საკუთარი ხედვის შემუშავება სცადეს.
არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი შესაძლებელია, თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეუთავსებელი მოსაზრებები გააჩნიათ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: პოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს რეფორმა და ა.შ. კრიტიკული მოსაზრებებით, ხელისუფლება კეთილსინდისიერად არ ასრულებს მოთხოვნებს და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ფასადური ხასიათისაა.
ევროკავშირის გარდამტეხი როლი
ამჟამად, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ქვეყანა გაფართოების პროცესის ნაწილია, ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონის მიმართ მისი გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, დაუშვებელია საქართველოს წარუმატებლობა, რაც ქვეყნის ევროკავშირის გაფართოების პროცესიდან გათიშვას, მის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევას და იზოლაციონიზმისა და ავტორიტარიზმის გზაზე შედგომას გულისხმობს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ 12 პრიორიტეტის დაუსრულებელ „მოძრავ სამიზნეებად“ გადაქცევა არ მოხდეს.
ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველოზე პასუხისმგებლობა აიღო და შესაბამისად, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში დახმარება უნდა გაუწიოს. ამჟამად, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხია.
აღნიშნული განეკუთვნება კიდეც ევროკომისიის, კერძოდ კი სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ოფიციალურ ფუნქციას, რომელიც ითვალისწინებს „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მქონე სახელმწიფოების დახმარებას იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებითა და ევროპული საბჭოს მიერაა განსაზღვრული“.
ამდენად, ახლაა შესაბამისი დრო, რომ სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოსთვის გაწერილი 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში ქვეყნის დასახმარებლად აქტიურად ჩაერთოს.
კერძოდ, საჭიროა, რომ გენერალურმა დირექტორატმა, მისი ფუნქციების შესაბამისად, დაიწყოს პროცესის დაკვირვება და ხელი შეუწყოს რეფორმების გატარებას თითოეული პრიორიტეტის ირგვლივ გზამკვლევისა და ინტერპრეტაციის შეთავაზებით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების ინიციატივებისა და კანონპროექტების წინასწარი შეფასებებით, და სადაც შესაძლებელია, მხარეებს შორის არსებული განსხვავებების დაძვლევაში დახმარებით.
ამ მიზნით, სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორატმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში უნდა მოავლინოს მუდმივი წარმომადგენლობა. აღნიშნული დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომელიც, მათ შორის, აპრობირებულია დასავლეთ ბალკანეთშიც. გენერალური დირექტორატის 1,500-ზე მეტი თანამშრომლის ორი მესამედი სწორედ პარტნიორ სახელმწიფოებში ევროკავშირის მისიებშია მივლენილი.
შესაბამისად, სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მიერ საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის არსებობა საქართველოში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის ხელშემწყობი და ევროკავშირის მზარდი გავლენის დადასტურება იქნება.