ავტორი: პაატა გაფრინდაშვილი
საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ევროპულ გამოცემაში EURACTIV
2 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ყველას რუსეთში მიღებულ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ახსენებს და რამაც, საბოლოოდ, რუსული სამოქალაქო საზოგადოება განადგურებამდე მიიყვანა.
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან ხმაურიანი პროტესტის ფონზე ჩატარდა. კანონპროექტის განხილვისას, ზოგიერთი დეპუტატი ძალის გამოყენებით გაიყვანეს სხდომის დარბაზიდან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ მისცეს განხილვაში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება და პოლიციამ ათეულობით ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანა.
კანონპროექტის წარდგენას წინ უძღოდა დისკრედიტაციის კამპანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ხმამაღლა აკრიტიკებენ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას.
მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერებმა აბსურდული ბრალდებები გააჟღერეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომ თითქოს ისინი ძირს უთხრიან მშვიდობას და სტაბილურობას ქვეყანაში და ცდილობენ საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიონ.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ის ფლანგი, რომელიც ტექნიკურად ითვლება კანონპროექტის წარმდგენად, თითქმის ერთი წლის მანძილზე აწარმოებს კამპანიას, რომლის ფარგლებში ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალურ პირებს ბრალს სდებს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის „მავნებლური პროექტების“ ხელმძღვანელობაში.
„ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერის მცდარი განცხადებების მიუხედავად, რომ ზემოხსენებული კანონი არ არის მიმართული დასავლელი დონორების წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ საჯაროდ დააფიქსირა, რომ საქართველოში პოლარიზაციას სწორედ ევროკავშირი აფინანსებს და წარდგენილი კანონპროექტი აღნიშნულ პრობლემას გადაჭრის.
„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონი ითვალისწინებს ისეთი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20% უცხოელ დონორებისგან იღებენ (რაც საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას მოიცავს), უცხოური გავლენის აგენტებად გამოცხადებას. კუდიანებზე დეკლარირებული ნადირობის სამიზნეს წარმოადგენს დასავლური დახმარების მიმღები ორგანიზაციები და შესაბამისად, მიზნად ისახავს ამერიკელი და ევროპელი დონორების და გაეროს მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების საეჭვო ძალებად გამოცხადებას.
„ქართული ოცნების“ მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოს მხრიდან დემოკრატიული ფასეულობებისთვის ზურგის შექცევას, ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას და ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე, ქართველთა რამდენიმე თაობის მიერ გაწეული შრომის, ბრძოლის და მისწრაფებების საბოტაჟს. აღნიშნული კანონპროექტი ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუტიციას, რომელიც ადგენს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
თავისუფალი ხმების ჩასახშობად დაწესებული შეზღუდვების გასამართლებლად, ავტორიტარული რეჟიმები უნივერსალურად და მცდარად აპელირებენ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე.
„ქართულმა ოცნებამ“ მისაბაძ მოდელად რუსეთის მაგალითი აირჩია და ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ კანონპროექტი აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე დაყრდნობით შეიქმნა და შეზღუდვის ნაცვლად, მიზნად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას ისახავს.
2012 წელს, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი „ერთიანი რუსეთის“ რიგებიდან და უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ავტორი ალექსანდრ სიდიაკინი ასევე ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავდა „გამჭვირვალობის უზრუნველყოფას“ და „არც ერთ შემთხვევაში არ ჩაერეოდა [არასამთავრობო ორგანიზაციების] საქმიანობაში“.
სინამდვილეში, კანონპროექტი სწორედ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის გაჩუმებას ისახავს მიზნად. ამისთვის, მათ დაეკისრებათ უცხოური გავლენის აგენტებად რეგისტრაციის ვალდებულება, რასაც საქართველოში მტრის დატვირთვა გააჩნია. კანონპროექტით გათვალისწინებული მექანიზმები სტალინისტური რეჟიმის მიერ „ხალხის მტრების“ გამოსავლენად გამოყენებულ სულისკვეთების და მეთოდების ასოციაციას იწვევს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს (რომლის დაძლევა მარტივად არის შესაძლებელი) და აღნიშნულის მიზეზად დაასახელა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუტიცას და საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. პრეზიდენტი უფრო შორსაც წავიდა და აღნიშნა, რომ „ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ [ევროატლანტიკურ] გზას“.
ასეულობით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მედიასაშუალებამ, სტუდენტმა, მასწავლებელმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლმა დაგმო აღნიშნული კანონი. მას ყველა ოპოზიციური პარტია ეწინააღმდეგება. დასავლური გრანტები და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, წარსულშიც და ახლაც საკვანძო როლს ასრულებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, ეხმარებიან მოწყვლად ჯუფებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ საცხოვრებელი პირობების და საზოგადოებრივი ყოფის გაუმჯობესებას და ძალისხმევას არ იშურებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან ხიდების გასადებად.
საქართველოში დემოკრატიული თავისუფლებებისთვის ძირის გამოთხრის გარდა, კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას და შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებთან. სამართლებრივი ასპექტით მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ რუსული და უნგრული კანონების განხილვისას დაადგინა, რომ მათი მიღება არ იყო გამართლებული, რადგან ამ კანონებით ირღვეოდა ფუნდამენტური უფლებები და ევროკავშირის ფასეულობები.
კანონპროექტის წარდგენამ მნიშვნელოვანი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებში, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მოუწოდებენ პარლამენტარებს თავი შეიკავონ აღნიშნული კანონის მიღებისგან. აშშ-მა ღიად განაცხადა, რომ კანონის მიღება ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.
ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან ასევე გაჟღერდა შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ კანონი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ევროპულ ფასეულობებს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე. აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა სამანტა პაუერმა ხაზი გაუსვა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ქართველებს საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებების რეალიზების გზაზე.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა, პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს საგანგებო წერილით მიმართა და მოუწოდა უარი თქვან კანონპროექტის მიღებაზე.
„ქართულ ოცნებას“ კრიტიკა ნაკლებად ადარდებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე აბსურდულად ამტკიცებს, რომ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რადგან უზრუნველყოფს ქვეყანაში დეპოლარიზაციის მიღწევას.
აღნიშნული კანონი არის ქვეყნის დემოკრატიისა და საგარეო პოლიტიკის წყალგამყოფი და მისი მიღების შემთხვევაში უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება.
თუ ქართულმა საზოგადოებამ ვერ შეძლო კანონის მიღების შეჩერება და მიღების შემდეგ კანონს დამანგრეველი გავლენა ექნება საქართველოში არსებულ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ევროკავშირს აღარ დარჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დააწესოს სანქციები ქართველი პოლიტიკოსებისთვის და არა მხოლოდ მათთვის.
საქართველო, როგორც ქვეყანა, ასევე დასანქცირდება, რადგან ამ დრაკონული კანონის აღსრულების შემდეგ სულ მცირე საქართველოდან გავლენ საერთაშორისო დონორები.
თუმცა, სანამ ეს მოხდება, ევროკავშირმა პირდაპირ და არაორაზროვნად უნდა გააფრთხილოს კანონპროექტისთვის ხმის მიმცემი დეპუტატები, რომ აღნიშნული გამოიწვევს მათ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას, მათ შორის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერების ჩათვლით. შეკავების ასეთი პოლიტიკა შესაძლოა ქმედითი და შედეგიანი აღმოჩნდეს.