ავტორები: გიორგი ტყებუჩავა, მარიამ წიწიკაშვილი
ჯერ კიდევ საახალწლო მიმართვაში და მოგვიანებით, 11 იანვრის პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცილისწამებაზე და მის შესაძლო რეგულირებაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცილისწამებაზე გაამახვილა: „დღეს სოციალური ქსელები ქმნის ფონს, სადაც პასუხისმგებლობის განცდა ნაკლებია. როდესაც მხოლოდ მედიაზეა საუბარი, აღსანიშნავია, რომ მედიას აქვს თავისი ქცევის წესები და ამდენად, უფრო დაცულია მოქალაქე, მაგრამ, როდესაც საქმე გვაქვს სოციალურ ქსელებთან, რომელიც ზოჯგერ ანონიმურია, ზოგჯერ სხვა ქვეყნის მიერაა მართული, საჭიროა, ვიფიქროთ ამ მიმართულებით“. საკუთარი მსჯელობის გასამყარებლად, ზურაბიშვილმა საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ „არათუ მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, კერძოდ, საარჩევნო პერიოდში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც ადამიანის მთავარ უფლებებთან, რომლებიც ასახულია ადამიანის უფლებების დეკლარაციაში“.