logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 27 თებერვალი - 12 მარტი

333233769_129715130021649_2433187935291799841_n.jpg
16 მარტი, 2023
 0

რუსული და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული კამპანია თბილისში გამართული აქციების წინააღმდეგ

საპარლამენტო კომიტეტებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ, ქვეყნის შიგნით არსებული პროტესტის და საერთაშორისო უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მსგავსი კანონითაც რუსეთში შესაძლებელი გახდა კრიტიკული ხმების ჩახშობა და რომელიც დასავლეთისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აცხადებს უცხოური გავლენის აგენტებად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს და ევროკავშირის ნორმებს.

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო დაგეგმილზე ორი დღით ადრე რამაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციების დაწყება გამოიწვია. სპეცდანიშნულების რაზმები ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ათობით ათასი დემონსტრანტის დაშლას წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, რომლის ფარგლებშიც, ახალარჩეული სახალხო დამცველის და კრიტიკულად განწყობილი პირების შეფასებით, პოლიციამ სულ მცირე კონკრეტულ შემთხვევებში გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, თუმცა აღნიშნულმა შედეგი ვერ გამოიღო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იძულებული იყო კარდინალურად შეეცვალა პოზიციები და გამოეწვია კანონპროექტი, მეორე მოსმენაზე ჩაგდების გზით. აღნიშნული წარმოადგენს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვებას და მთავრობის მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გადახედვის მცდელობის აღკვეთას.

საპოლიციო ძალების მიერ საპროტესტო აქციის დაშლის მცდელობის პარალელურად, პროსახელისუფლებო და პრორუსული პროპაგანდისტული მანქანები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. მათი გზავნილები ხშირად თანხვედრაში იყო ერთმანეთს და რიგ შემთხვევაში ერთგვარი ურთიერთდამატების/შემავსებლის ფუნქციას ასრულებდა. აქციის დისკრედიტაციის მიზნით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ცალკეული დეზინფორმაციების გარდა, შეინიშნებოდა კოორდინირებული გზავნილებიც, რომელთა ფარგლებში გამოიყოფა შემდეგი ნარატივები:

  1. კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები იმიტომ ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს, რომ ეშინიათ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროვების, რადგან ხალხი დაინახავს თუ რისთვის „ჭამენ“ მილიონებს. გზავნილი შეიცავდა „გრანტისმჭამელების“ იარლიყს, რომლითაც მოიხსენიებენ დასავლეთისგან დაფინანსების მიმღებ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.
  2. „კანონპროექტს აპროტესტებს ეკლესიის მაგინებელი ხალხი“ - აღნიშნული გზავნილი არის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებების გაგრძელება, რომლის თანახმადაც კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ გამოავლენს „ექსტრემისტულ ორგანიზაციებს“, რომლებიც „ანტისაეკლესიო ბოლშევიკურ პროპაგანდას“ ეწევიან. „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს მათი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ ძალად წარმოჩენის მეშვეობით. აღნიშნული გზავნილს განსაკუთრებით აქტიურად ავრცელებდნენ პროპაგანდისტული გვერდები.


  3. 7 მარტს გამართული მრავალრიცხოვანი აქციის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ დემონსტრანტები დეზინფორმაციის მსხვერპლი არიან და არასწორ ინფორმაციას ფლობენ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციის მიზნით, პროსახელისუფლებო გვერდები სვამდნენ რიტორიკულ შეკითხვას: „თქვენი აზრით, აქციის მონაწილეთა რამდენ პროცენტს აქვს წაკითხული კანონი?“


  4. 7 და 8 მარტის საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი შეიძინა და შესაბამისად მთავრობა ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა.


  5. თბილისში მდებარე საელჩოს მეშვეობით, აშშ ორგანიზებას უწევს რევოლუციას და ეს ადამიანები ამ პროცესის მონაწილეები არიან. აშშ კარგავს გავლენას საქართველოში, რადგან ქართველი ხალხი ეროვნულ ინტერესებს აშშ-ზე მაღლა აყენებს, რაც აშშ-ში პანიკას და შეშფოთებას იწვევს.
  6. ევროკავშირი და აშშ უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. აღნიშნული ხაზგასმული იყო ევროკავშირის და აშშ-ის მიერ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კონტექსტში და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანონპროექტის მიმართ გამოხატული კრიტიკის და კანონპროექტის ჩაგდების შესახებ პარლამენტისთვის გაკეთებულ მიმართვასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კანონპროექტის გაპროტესტების თაობაზე, პროპაგანდა ავრცელებდა ნარატივს, რომ დასავლეთი (ევროკავშირი და აშშ) საქართველოს არ განიხილავს თანასწორად და ღიად ესხმის თავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს.
  7. თბილისში მიმდინარე აქციები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო გადატრიალების გზით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობას და მთავრობაში ისეთი ძალების მოყვანას, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩაითრევენ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არყოფნა ნიშნავს გარდაუვალ ომს საქართველოსთვის. აღნიშნულ კონტექსტში, საზოგადოებას აყენებდნენ ცრუ დილემის წინაშე - ან მშვიდობა (და სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები) ან ევროკავშირი და ნატო. ამ მხრივ, ასევე ფართოდ ვრცელდებოდა ნიჰილისტური მოსაზრებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შანსებთან დაკავშირებით და ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ გააჩნდა ევროკავშირში წევრობის შანსი საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოზიციიდან გამომდინარე.
  8. ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტვინს ურეცხავენ ახალგაზრდებს და მათ რევოლუციის მოწყობის ძალისხმევაში იყენებენ.


  9. პროპაგანდა ასევე თავს ესხმოდა უკრაინელ მიგრანტებს. კერძოდ, ამტკიცებდნენ, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობას შეადგენდნენ უკრაინელები და უკრაინელი ლტოლვილები ცდილობენ საქართველოში მთავრობის დამხობას საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად;
  10. სამოქალაქო საზოგადოება არ მუშაობს საქართველოს ინტერესებისთვის, არამედ ემსახურება კოლექტიური დასავლეთის ინტერესებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დასავლეთის აგენტები არიან.

კრემლი და პროპაგანდისტები მხარს უჭერენ აღნიშნულ გზავნილებს

თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები უცხოეთის აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ პირველ მოსმენაზე მიიღო, ხოლო შემდეგ პარლამენტიდან გამოიხმო, ფართო განხილვის საგნად იქცა კრემლის მაღალჩინოსნებს, რუსულ ტრადიციულ მედიასა და რუსული ნარატივების გამავრცელებელ სოციალური მედიის გვერდებსა და ანგარიშებში. რუსული სამთავრობო მედიასაშუალებების და პროპაგანდისტული წყაროების მიერ მომზადებულ პოლიტიკურ ტოქშოუებში, სტატიებში, რეპორტაჟებსა და პუბლიკაციებში ძირითადად ვრცელდებოდა ერთი და იგივე ნარატივი, რომლის თანახმადაც თბილისში დაწყებული „ქაოსი“ დასავლეთის მიერ იყო ორგანიზებული საქართველოს ომში ჩათრევის და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის მიზნით. რუსული წყაროები მმართველ „ქართულ ოცნებას“ ახსენებდნენ თბილისში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას და აფრთხილებდნენ არ დაეშვა იგივე „შეცდომა“, რაც უკრაინამ დაუშვა 2014 წელს. ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას აცნობიერებს, რის გამოც ვაშინგტონი ცდილობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ უკრაინული სტილის ევრომაიდანის მოწყობას. რუსული პროპაგანდის მტკიცებით, მმართველი პარტიის მიერ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა, ფართო საპროტესტო მოძრაობის დასაწყებად მხოლოდ საბაბს წარმოადგენდა.

  • რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს ადანაშაულებდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლაში;
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა და ვ. პუტინის პრესმდივანი დ. პესკოვი, „ქართული ოცნების“ რიტორიკასთან თანწყობილად ამტკიცებდნენ, რომ განსახილველად გამოტანილ კანონპროექტს არაფერი საერთო არ გააჩნია რუსეთთან და რეალურად ამერიკული ვერსიის ანალოგია;
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი მხოლოდ მთავრობის ძალადობრივი გზით შეცვლის „კაზუს ბელია“. სერგეი ლავროვი ამერიკელ თანამდებობის პირებს აკრიტიკებდა საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებაში (როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ გამოსვლების მიმართ ლავროვიც განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავს) და ევროპელ თანამდებობის პირებს აკრიტიკებდა მათი მხრიდან კანონპროექტის ევროპულ ნორმებთან შეუთავსებლობის ხაზგასმის გამო, მაშინ როდესაც მსგავსი კანონმდებლობა ევროპის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს. ს. ლავროვის აღნიშნული მტკიცება სრული სიცრუეა, რადგან ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ უნგრეთში მიღებული მსგავსი კანონი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას;
  • აქციის მონაწილეთა მიერ სოხუმის (რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქი) სკანდირების პასუხად, მარგარიტა სიმონიანი ირწმუნებოდა, რომ თბილისში მიმდინარე მასობრივი გამოსვილები დაგეგმილი იყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად. ასევე, მარგარიტა სიმონიანი ღიად ემუქრებოდა ქართველებს ომით, რომლის შედეგადაც თბილისზე უყოყმანოდ განხორციელდებოდა პირდაპირი დარტყმები, რადგან ქართველები არასოდეს განიხილებოდნენ რუსი ერის ნაწილად.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ ყირიმში ასევე შეადარა თბილისში მიმდინარე დემონსტრაციები კიევის ევრომაიდანს და დაიმუქრა შესაბამისი შედეგებით;
  • ცნობილმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა შეაქო კიდეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ უკანასკნელის მიერ უკრაინის, პრეზიდენტი ზელენსკის და ევროპარლამენტარების კრიტიკის გამო, როდესაც ღარიბაშვილმა მათ საკუთარი საქმეებისთვის მიხედვისა და საქართველოსგან თავის შორს დაჭერისკენ მოუწოდა. სოლოვიოვის თქმით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრი კაცია და მას კვერცხები აქვს“.

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა:

  • საქართველოს არ ჭირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან აღნიშნული არავითარ სარგებელს არ მოუტანს, რაც ექსპერტებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბეს. კანდიდატის სტატუსს საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ. მეორე მხრივ, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც, საქართველოს კიდევ უფრო მეტი ვალდებულება ექნება შესასრულებელი, როგორებიცაა ლგბტ პროპაგანდა, ხოლო ზოგიერთი ვალდებულება დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს განათლების სისტემას და დამატებით სამხედრო მოთხოვნებს.
  • ევროკავშირმა რომ საქართველო საკუთარ რიგებში მიიღოს, საქართველომ უნდა მიიღოს გარკვეული კანონები, რომელთაგან ერთ-ერთი იყო მორალურად გამხრწნელი ანტიდისკრიმინაციული კანონი. პროპაგანდის თანახმად, ევროკავშირი მხოლოდ მაშინ დაუშვებს საქართველოს წევრობას, როდესაც საქართველოში დაკანონდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ტრანსგენდერი ადამიანები გახდებიან მასწავლებლები.
  • კვლავ გამოჩნდა გასულ პერიოდში აქტიურად კულტივირებული პროპაგანდისტული გზავნილი, რომ ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საქართველოსთვის მიცემულ რეალურ დავალებას კოლექტური დასავლეთის, ანუ ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევა წარმოადგენს. აღნიშნული ნარატივის თანახმად, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ამ დავალების შესრულების გამო და საქართველოს ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია, შესაბამისად ამ მხრივ წარმატებას ვერ მიაღწია. პროპაგანდისტები აცხადებდნენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, როდესაც იძულებული გახდება ომში ჩაერთოს. ამასთან, კანდიდატის სტატუსი ფარატინა ფურცელია, რომელიც არაფერს ნიშნავს, თუმცა სწორედ მსგავსი უშინაარსო დაპირებებით ეწევიან საქართველოს მანიპულირებას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში.

ნატო-ს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა:

  • ზემოხსენებულის მსგავსად, პროპაგანდა ასევე პარალელებს ავლებდა ნატო-ს და ჰორიზონტს შორის - თითქოს უახლოვდები, მაგრამ რეალურად მას ვერასოდეს მიაღწევ. ნატო-ს ასევე ბრალს სდებდნენ, რომ ის არის ანტირუსული ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს რუსეთის საზღვრებთან (კავკასიის რეგიონის შემთხვევაში ეს არის საქართველო) ანტირუსული დაძაბულობის კერების შენარჩუნებას. საზოგადოებას აყენებდნენ ნატო-სა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას შორის ცრუ დილემის წინაშე. პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ ნებისმიერი სარგებელი რაც შეიძლება საქართველომ რუსეთისგან მიიღოს და რამაც შეიძლება გააძლიეროს საქართველო და დააახლოვოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციასთან, აღქმული იქნება ნატო-ს საწინააღმდეგო ნაბიჯად და შესაბამისად მას დაუპირისპირდება როგორც ნატო, ისე მისი გავლენის აგენტები საქართველოში;
  • პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა წარმოადგენს მკაფიო მაგალითს, როდესაც ქვეყანა ნატო-ში გაწევრების იდეის სანაცვლოდ კომპრომისზე მიდის სახელმწიფოებრიობასთან და ექცევა განადგურების საფრთხის ქვეშ, თუმცა მაინც ვერ ახერხებს წევრობას. აღნიშნული დეზინფორმაციის თანახმად, უკრაინის დაშლის შემდეგ ნატო-ს შემდეგი სამიზნე იქნება კავკასია და ირანი და აღნიშნულიდან გამომდინარე, ნატო ცდილობს გავლენის აგენტების შენარჩუნებას საქართველოს ხელისუფლებაში;
  • პროპაგანდისტების მტკიცების, ნატო-ს (და ევროკავშირის) რეალური სახე გამოჩნდა 2008 წელს, როდესაც მათ მოახდინეს საქართველოს პროვოცირება, შემდეგ კი ცეცხლის პირველად გახსნის საფუძველზე, საქართველო დაადანაშაულეს რუსეთთან ომის დაწყებაში. აშშ-ს ასევე ბრალს სდებდნენ კონფლიქტის დასაწყებად საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წაქეზებაში;
  • ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით, პრორუსული ტელეარხის წამყვანი ავითარებდა მოსაზრებას, რომ ნატო კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს.