logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 13-19 მარტი

unnamed.jpg
29 მარტი, 2023
 0

ქართული ოცნება“ პროპაგანდისტულ კამპანიას აძლიერებს

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსულ მოდელის მიხედვით შექმნილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდების მიუხედავად, პარტიის ლიდერებს აგრესიული რიტორიკაზე უარი არ უთქვამთ. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ პირველი პირები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლებს [უცხოური გავლენის] აგენტებად მოიხსენებენ, ასევე ბრალს სდებენ პროვოკაციების და დესტრუქციული ქმედებების დაგეგმვაში და მათ რუსეთში გავრცელებული ტერმინის თანახმად „ლიბერალ-ფაშისტებს“ უწოდებენ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს ქლევერლის ვიზიტმა თბილისში კრემლისტურ ჯგუფების მხრიდან გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ პროპაგანდის გაძლიერება გამოიწვია:

  • პრორუსული გვერდი ავრცელებდა დეზინფორმაცია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელებს ვლადიმირ პუტინი საუკეთესო პრეზიდენტად მიაჩნიათ, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ბაიდენს.
  • პრორუსულ „ალტ-ინფოს“ ეთერში, პროპაგანდისტი ბლოგერი ამტკიცებდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს მოუწიათ იმასთან შეგუება, რომ მათი გადახდილი გადასახადები ომის გასახანგრძლივებლად და გასამწვავებლად უკრაინაში ზელენსკისთან მიდის.
  • პრორუსული პროპაგანდა ცდილობდა დაემახინჯებინა საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოში გასამართი არჩევნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და აღნიშნულს წარმოაჩენდა როგორც არჩევნების გაყალბების და გაერთიანებული სამეფოსთვის სასურველი შედეგის მიღების მოთხოვნას.
  • გაერთიანებულ სამეფოს კოლექტიურ დასავლეთთან ერთად სურს საფრთხე შეუქმნას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელ რუსულ-ქართულ ალიანსს, რადგან საქართველოს გავლით რუსეთი უკავშირდება ირანს და შემდგომ ინდოეთს და ჩინეთს. პროპაგანდისტების თანახმად, რუსეთი მზად იყო უკვე აპრილიდან აღედგინა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან და ივნისიდან ქართველებისთვის დაეწესებინა უვიზო მიმოსვლა, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება, საქართველოს და რუსეთის დაახლოების ეტაპზე, შესაძლო ალიანსის ჩასაშლელად დასავლეთი ჩაერია და ამჯერად დასავლური გავლენა გააქტიურდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად.
  • პრორუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ როდესაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს ქლევერლიმ იკითხა, თუ როგორ შეიძლება დიდმა ბრიტანეთმა ხელი შეუწყოს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას, ის გულისხმობდა მათი გავლენის გაძლიერებას საქართველოში, ძალადობას ბავშვებზე, ბავშვებისთვის სქესის შეცვლას და მათთვის ტვინის გამორეცხვას, ასევე ლგბტ პროპაგანდას და მოლოტოვის კოქტელის მსროლელი ადამიანების მშვიდობიან დემონსტრანტებად მონათვლას.

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული რუსული პროპაგანდა დაყოფილია „მეორე ფრონტის“ შეთქმულების თეორიას და „ევროკავშირი თავს გვახვევს ერთნაირსქესიანთა ქორწინების“ ნარატივს შორის:

  • ევროინტეგრაციას აღწერდნენ როგორც საქართველოს მოსახლეობაზე კვაზიიდეოლოგიის თავსმოხვევის ინსტრუმენტს, ხოლო ევროკავშირს როგორც ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. პროპაგანდისტების მტკიცებით, ევროკავშირის ფასეულობები უთანაბრდებოდა ზოოფილების უფლებების დაცვას, 3-4 წლის ასაკის ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ნების დართვას და ა.შ.
  • ერთ-ერთი ყალბი მტკიცების თანახმად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ასევე ჩაწერილი იყო ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა;
  • პრორუსულ ტელეარხ „ალტ-ინფოზე“ გაჟღერებული პროპაგანდისტული მტკიცების თანახმად, დეპოლარიზაცია (ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემუშავებული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი) ნიშნავდა ერთი მხარის კაპიტულაციას და ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა „ქართული ოცნების“ კაპიტულაცია და ძალაუფლების სხვა ძალებისთვის გადაცემა;
  • პრორუსი პროპაგანდისტები, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან უნისონში ადანაშაულებდნენ ცალკეულ ევროპარლამენტარებს, განსაკუთრებით კი ანდრიუს კუბილიუსს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობაში;
  • პროპაგანდა ევროკავშირს ახასიათებდა როგორც მდიდარი სახელმწიფოების კავშირს, სადაც ღარიბი ეკონომიკის მქონე საქართველოს ადგილი არ მოიძებნება და ევროკავშირის ინტერესი საქართველოში არის მხოლოდ მისი რუსეთთან სავაჭრო მონეტად გამოყენება. აღნიშნულზე დაყრდნობით, კვლავ ვრცელდებოდა გზავნილი, რომ საქართველოს არასდროს ექნება ევროკავშირის წევრობის შანსი.
  • ევროკავშირს ბრალს სდებდნენ, რომ საქართველოს მეგობრად თავის გამოცხადების მიუხედავად, 30 წლის მანძილზე არ განხორციელებულა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული არც ერთი პროექტი და დაფინანსებას აძლევს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ეკლესიას და ტრადიციებს ებრძვიან.
  • უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზად კიდევ ერთხელ დასახელდა ის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოს ომში ჩათრევა. ერთი-ერთი პროპაგანდისტული მტკიცებით, კანდიდატის სტატუსი გამოიყენება საქართველოს მთავრობაზე პოლიტიკური ზეწოლის და შანტაჟისთვის, რომ ქვეყანას აიძულონ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა და როდესაც საქართველოს მტრები ვერ ახერხებენ ამ გზით საკუთარი ჩანაფიქრების სისრულეში მოყვანას, დღის წესრიგში დგება სახელმწიფო გადატრიალების გეგმის განხილვაც.
  • აღნიშნულის გარდა, პროპაგანდისტული ბლოგერი ავითარებდა მოსაზრებას, რომ დასავლეთის საბანკო სისტემაში განვითარებული კრიზისი კავშირში იყო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან.

აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა:

  • პრორუსული მედიასაშუალება „ალტ-ინფო“ განიხილავდა USAID-ის საქმიანობას საქართველოში, განსაკუთრებით მის ჩართულობას უმაღლესი განათლების სფეროში. გადაცემის წამყვანის და მისი რესპონდენტის თანახმად, USAID-მა შეაღწია ყველა უნივერსიტეტში - ისინი ამტკიცებენ სასწავლო პროგრამას და ახორციელებენ ფინანსურ მხარდაჭერას რაც ნიშნავს, რომ ის 250 პროფესორი (საუბარია პროფესორებზე, რომელთა ხელი მოაწერეს საჯარო განცხადებას „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ) აღიარებენ, რომ თუ არ მოწერენ ხელს და არ იტყვიან იმას, რაც მათ ამერიკელ მფარველებს სურთ, ისინი ფულს ვერ მიიღებენ.
  • პროპაგანდა აცხადებდა, რომ აშშ-დან მიღებული დირექტივის საფუძველზე, ნებისმიერი ვინც გააბრაზებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ჟურნალისტებს ციხეში უნდა წავიდეს და ხაზს უსვამდნენ შემთხვევას, როდესაც პოლიციამ ჟურნალისტი შეურაცხყოფისთვის პრორუსი აქტივისტები დააკავა. პროპაგანდისტის თანახმად, ამერიკელები ყოველთვის წარმოდგენილები არიან გენერალურ პროკურატურასა და სასამართლოებში, სადაც სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს ატარებენ და ამტკიცებდა, რომ ამერიკელებმა ასეთი ტაქტიკის გამოყენებით დაამყარეს კონტროლი პროკურატურასა და სასამართლოზე და ისინი წყვეტენ თუ ვინ დაწინაურდეს.
  • მმართველი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის ნათქვამის შეფასებისას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის რომლებმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიების მოწოდებით მიმართა, რაზე დაყრდნობითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, იგივე პროპაგანდისტი აცხადებდა, რომ მმართველმა პარტიამ აშშ-ის მორიგი დაკვეთა შეასრულა და მხარი დაუჭირა ჰააგის სასამართლოს კლოუნადურ გადაწყვეტილებას ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
  • პროპაგანდისტი ბლოგერი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ე.წ. საერთაშორისო პარტნიორებს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ საქართველოსთან ურთიერთობაში და სურთ, რომ ქვეყნის სუსტის მთავრობის დამსახურებით, საქართველო სხვა ზესახელმწიფოებთან დაპირისპირებაში მარიონეტად გამოიყენონ. იგი ასევე აკრიტიკებდა სამოქალაქო საზოგადოებას და მათ ბრძოლას საქართველოში დეზინფორმაცის წინააღმდეგ. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სრულად აკონტროლებენ ტრადიციულ და სოციალურ მედიას და ფინანსებს საქართველოში და მათთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნიშნავს არასასურველ ინფორმაციასთან ბრძოლას. ამავე კონტექსტში, იგი ამტკიცებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მისინფორმაციასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა ასევე იყო ბრძოლა ნამდვილ ინფორმაციასთან, რომელიც მათთვის მიუღებელია და უკვე დამტკიცებულ ფაქტად წარმოაჩენდა იმას, რომ თითქოს აშშ-ის მთავრობა დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით საკუთარი მოქალაქეების ცენზურას ეწევა.

პროპაგანდა კვლავ აქტიურად ცდილობდა „უცხოეთის აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას:

  • მაგალითად, პროპაგანდა მათ ადანაშაულებდა ძალადობაში, გასაპროტესტებულ საკითხის უცოდინარობაში და აქციაში მონაწილეობისთვის ქრთამის აღებაში. ერთ-ერთი პროპაგანდისტი ნეგატიურ კონტექსტში აცხადებდა, რომ დემონსტრანტები იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დასავლური იდეოლოგიით აღზრდილი ახალგაზრდები და „ქართული ოცნების“ პროდასავლური პოლიტიკის გათვალისწინებით, საზოგადოებამ ეკლესიის და ჯარის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა;
  • პროკრემლისტური ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, „ლიბერალური პლატფორმები“ როგორებიცაა ფრანკლინის კლუბი (რომელიც უკანასკნელ პერიოდში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მმართველი პარტიის უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნედ იქცა) არ ემსახურებიან კულტურულ და საგანმანათლებლო მიზნებს და მოქმედებენ როგორც პოლიტიკური პლატფორმები, რომელთა საფუძველზეც დაიბადა ნეო-ლიბერალური ფაშიზმი. აქციების კონტექსტში, დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრალს სდებდა ევროპარლამენტარებს საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ფარულ ქმედებების განხორციელებაში;
  • გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის დაფინანსების უკან მდგომი ეშმაკები დარბოდნენ რუსთაველის გამზირზე და ცეცხლს უკიდებდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს;
  • დეზინფორმაცია ასევე ადანაშაულებდა დასავლეთს. პრორუსული „ალტ-ინფოს“ წამყვანის თანახმად, რადიკალური ოპოზიციის უკან დასავლეთი დგას, ხოლო დასავლელი პოლიტიკოსები ქრთამს იღებენ და რადიკალური ოპოზიციის ლობისტებად გვევლინებიან. პროპაგანდის თანახმად, ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები იმდენად კარგად იყო ორგანიზებული, რომ დაგეგმვაში მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის ძალებ, არამედ მათი დასავლელი მხარდამჭერები. სხვა მტკიცებების მიხედვით, უკვე არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ ოპოზიციას და დასავლეთს სურთ მაიდნის მსგავსი რევოლუციის ორგანიზება საქართველოში და შემდეგ საქართველოს ომში ჩათრევა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.
  • დეზინფორმაცია ასევე აქტიურად ვრცელდებოდა საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ მსგავსი ტიპის კანონები ან უკვე მოქმედებდა დასავლური ქვეყნების უმრავლესობაში ან მიმდინარეობდა მიღების პროცესი.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, 13-19 მარტი

13-19 მარტის კვირაში, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლეებმა სავარაუდო სამხედრო დანაშაულების საფუძველზე ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცეს, კრემლისტური პროპაგანდა იძულებული გახდა სათანადო რეაგირება მოეხდინა. შესაბამისად, რუსეთის, როგორც ბირთვული სახელმწიფოს მოქმედი პირველი პირის დაკავების შეუძლებლობაზე ხაზგასმის გარდა, სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს უნგრეთმა მოუწოდა „ზელენსკის რეჟიმის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების“ საერთაშორისო გამოძიების დაწყებისკენ. თუმცა, აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რადგან მსგავსი მოწოდება უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა.

რუსულენოვანი პროპაგანდისტული პოსტების ნაწილი მიმართული იყო რელიგიურ თემატიკაზე, კერძოდ კიევ-პეჩერის ლავრის საკითხზე. გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ რაც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურები ლავრადან გააძევეს, ოქროს ჯვრები გაშავდა. ამასთან, რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლების ძალისხმევით სოციალურ მედიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა კარგად ნაცნობი რუსული დეზინფორმაციული ნარატივი ზელენსკის ნარკოდამოკიდებულების შესახებ, რომლის კონტექსტში ამჯერად ასევე გამოყენებული იქნა ბიბისის“ გაყალბებული ინფორმაცია.