logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 20-26 მარტი

sdfds.png
05 აპრილი, 2023
 0

„ქართული ოცნება“ აქტიურად ავრცელებს „მეორე ფრონტის“ შეთქმულების თეორიას

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე დამკვიდრებული ჩვეულების თანახმად, როდესაც მმართველი „ქართული ოცნება“ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, პარტიის ლიდერები დაუყოვნელივ მიმართავენ „მეორე ფრონტის“ სახელით ცნობილ შეთქმულების თეორიას - ერთი მხრივ კრიტიკოსების დისკრედიტაციის და მეორე მხრივ რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მიზნით.

  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას კვლავ განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის (2021 წლის ოქტომბერი) მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება, თუმცა აღნიშნული გეგმა ჩაუვარდათ და შიდა და გარე მტრებმა წააგეს. უფრო კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა, რომ „ყოფილ პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილს, რომელიც უკანონოდ შემოვიდა და შემოიპარა, ჰქონდა მხოლოდ ერთი მიზანი და მისი მიამიტური გათვლებით აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ შემდგომ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მე ვფიქრობ, არც ერთ გონიერ ადამიანს ეჭვი აღარ შეეპარება და კითხვა აღარ დარჩება უბრალოდ, რომ დიახაც, მიზანი სააკაშვილის შემოსვლისა იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი“.
  • „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებაში შიშის დათესვის მიზნით აქტიურად დაიწყეს ტერმინ „უკრაინიზაციის“ გამოყენება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ომის დაწყებიდან და დაწყებამდე, უამრავი მცდელობა იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩათრევის“. მისი მტკიცებით, აღნიშნული წარმოადგენდა უკრაინის და კერძოდ ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსეი დანილოვის გაცხადებულ სურვილს. პრემიერ-მინისტრის თანახმად, „ჩვენი ქვეყნისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს გეგმა, შეთქმულება რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.წ. უკრაინიზაცია და მეორე პოლიგონის, მეორე ფრონტის გახსნის გეგმა“. მისივე თქმით, „სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მიზანი [საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა] პირდაპირ კავშირშია მეხუთე კოლონის მიზნებთან, ჩანაფიქრებთან და გეგმებთან“.
  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ „სამწუხაროდ, უკრაინის ხელშეწყობით, მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს. ეს იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო... საბედნიეროდ, უკრაინიზაციის გეგმა ჩავარდა და ამაში გადამწყვეტი როლი ხელისუფლებამ შეასრულა“.
  • პრემიერ-მინისტრი „მეორე ფრონტის“ შეთქმულებას ასევე უკავშირებდა უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევას. მისი განცხადებით, არც ერთი პატრიოტული და ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკური ძალა არ შეეცდება ხელისუფლების დამხობას რეგიონში კრიზისის პირობებში და მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნული გეგმა ასევე ჩავარდა და მტრები დამარცხდნენ, თუმცა გეგმა კვლავ არსებობს: დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარი დაკომპენსირება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევა. ასეთ ადგილად რჩება საქართველო, ასევე რჩება მოლდოვა. ამიტომ, დღეს საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ!“ პრემიერ-მინისტრი ასევე აფრთხილებდა საქართველოს შიდა და გარე მტრებს, რომ მთავრობამ კარგად იცისი საქართველოს უკრაინიზაციის მათი გეგმების შესახებ და შესაბამისად, საქართველოს სპეცსამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელ ორ წელიწადში გამოვლენილ იქნა საქართველოს დესტაბილიზაციის და ომში ჩათრევის ოთხი მცდელობა.
  • პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია ეწევა ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობას და მხარს უჭერს, რომ საქართველო ჩამორჩეს ევროინტეგრაციის პროცესს და ამაში ოპოზიციამ ჩართო მოსყიდული კორუმპირებული ლობისტები და ევროპარლამენტარები. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ადანაშაულებდა, რომ მათ არ უნდათ დეპოლარიზაცია და ამის საპირისპიროდ, ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას და შეთქმულებაში მონაწილეობას. მისი მტკიცებით, ყველაზე მწვავე უსაფრთხოების გამოწვევა არის საქართველოში „მეხუთე კოლონის“ ქმედებები, სადაც გულისხმობდა ოპოზიციას და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ „მეხუთე კოლონამ“ საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწიოს: „მეხუთე კოლონის“ მიზანია ქვეყნის განადგურება, ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ!“
  • ირაკლი კობახიძის მტკიცებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ბაკურიანში, რომელზეც შეთანხმდნენ სიტუაციის არევაზე, ხელისუფლების გადაგდებასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. მისი განცხადებით, შეხვედრის ყველა მონაწილე იყო უცხოეთის გავლენის აგენტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა გამოეხმო „უცხოეთის აგენტების კანონპროექტი“, პარტია რიტორიკის დონეზე კვლავ აგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთის აგენტებად მოხსენიებას.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ცდილობდა დაეცვა „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი და ამტკიცებდა, რომ „ერთი წელია ამ ქვეყანას უწევს ბეწვის ხიდზე სიარული. ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომელთა საბოლო მიზანი არის რაღაცნაირად ეს ქვეყანა საომარი პლაცდარმი გახდეს“. მისი თქმით, ეს იყო სიმარტლე და „ამის ირგვლის საუკუნის აფიორა ტრიალებს“. მისი მტკიცებით, რადიკალური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ცდილობენ ხელისუფლება ამ ბეწვის ხიდიდან გადააგდონ, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან ლობისტების („ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპარლამენტარებს როგორც წესი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებად მოიხსენებენ) რჩევების მიუხედავად, საქართველო ომში არ ჩაებმება. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ისინი ვინც ცდილობენ საქართველოს დასჯას „ქართული ოცნების“ დასჯით, ის ხალხია, რომლებიც ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ საქართველოში მიიღება. მისი დასკვნით, რადიკალური ოპოზიციის და სხვების რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, „ზუსტად ორ-სამ კვირაში რუსული ტანკები თბილისში იდგებიან“.
  • პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებდა, რომ ოპოზიციისთვის „მთავარია სიტუაციის დესტაბილიზაცია, პოლიტიკური დივიდენდების მიღება, რასაკვირველია მთავარი თემა რჩება ომში ჩართვა, რასაც აღარც მალავენ.“

„ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ:

  • პრემიერ-მინისტრის თანახმად, რამდენიმე კვირის წინ ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი „სამარცხვინო რეზოლუცია“ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი თანხვედრაში მოდის დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან (მაღალი ალბათობით გულისხმობდა ოპოზიციას, კერძოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“).
  • დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე და მარკეტა გრეგოროვა არ არიან საქართველოს მეგობრები და რეალურად არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაქირავებული ლობისტები.
  • დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებდა, რომ მათ ექნებათ უთანხმოება ქართველ პარლამენტართანაც, უცხო ქვეყნის პარლამენტართანაც, ევროპარლამენტართანაც, რომლისთვისაც სააკაშვილი არის „სინათლე“ და სხვა დანარჩენი „სიბნელე“.

პროპაგანდა რუსეთი-უკრაინის ომის შესახებ: კრემლის პროპაგანდა ხოტბას ასხამს რუსეთის მხარეზე მებრძოლ ქართველს და მას მისაბაძ მაგალითად წარმოაჩენს:

  • პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორმა და საქართველოს უკვდავი პოლკის (რუსეთის უკვდავი პოლკის ქართული ანალოგი) დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ გამოაქვეყნა სტატია პრორუსულ გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“ შემდეგი სათაურით: „თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს გივის საქციელით“. აღნიშნული აჩენს შეკითხვას - რა გააკეთა ამ უცნობმა გივიმ, რომ თითოეული ქართველის სიამაყე და მისაბაძი მაგალითი იყოს? პასუხი შემდეგნაირად ჟღერს: საამაყო არაფერია, რადგან იგი მოხალისედ იბრძვის რუსული არმიის რიგებში უკრაინის ქალაქ ბახმუტთან. გულბაათ რცხილაძის თქმით, რადგან ფაშისტური რეჟიმის მხარეს იბრძვის ასეულობით ქართველი, მათგან უმეტესობა კი ფულის გამო, აღნიშნული ფაქტი კარგადაა ცნობილი და მას სურდა ქართველი მოხალისეები რუსეთის მხარესაც ეხილა. „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორის მტკიცებით, გივი მას მუდმივად სთხოვდა დახმარებას, რომ რუსეთში ჩასულიყო და რუსულ არმიასთან ერთად ებრძოლა, რაზეც იგი უარზე იყო. თუმცა, საბოლოოდ, მოსკოვში გამოჩნდა „სერიოზული საზოგადოებრივი ორგანიზაცია“, რომელიც დაეხმარა მას რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვაში და მისმა გამოჩენამ რუსეთში გაკვირვება, სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია. აღნიშნული შემთხვევის პროპაგანდის მიზნებში გამოყენების და რუსეთის არმიის რიგებში საბრძოლველად ქართველების ირიბად წახალისების გარდა, ვითარება მოითხოვს შემდგომ ყურადღებას, რადგან საჯაროდ იქნა დაფიქსირებული, რომ კონკრეტულმა რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ძალისხმევა გასწია საქართველოს მოქალაქის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჩასარიცხად;
  • პრორუსული პროპაგანდისტულ არხზე ასევე მსჯელობდნენ, რომ ადგილი აქვს საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნების, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოების რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობას. პროპაგანდის თანახმად, აპრილში უკრაინაში, განსაკუთრებით კი ბახმუტის გარშემო მოსალოდნელი მწვავე ბრძოლების კონტექსტში, დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ომში ჩართვა. დეზინფორმაციული მტკიცებების მიხედვით, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ომში ჩათრევა სტრატეგიული ამოცანაა და გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრის ჯეიმს ჰიპის ვიზიტი, საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნა და სხვა მოვლენები ამ ჭრილში უნდა იქნას დანახული;
  • პრორუსული პროპაგანდა ასევე მტკიცებდა, რომ ქართველ რადიკალებს უნდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა;
  • ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის გამართულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, პრორუსული პროპაგანდა აცხადებდა, რომ უკრაინის პოზიციები არ არის დამოკიდებული პრეზიდენტსა და მის გუნდზე, არამედ მათ მიერ დასავლეთისგან მიღებულ დირექტივებზე.

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული გზავნილები:

  • პროპაგანდისტული მტკიცებით, ევროკავშირის მოთხოვნით საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და იუვენალური კანონი / ბავშვთა კოდექსი, გაატარა კოაბიტაციის პოლიტიკა [ოპოზიციასთან], განახორციელა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება, დაუშვა ეკლესიასთან მებრძოლი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ შექმნა, დამნაშავეები გამოუშვა ციხიდან და ახლა ევროკავშირი დამატებით მოითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, გეი ადამიანებისთვის ბავშვის აყვანის უფლების მინიჭებას, ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის საჯარო სექტორში მუშაობის ნების დართვას, პედოფილების საზოგადოებაში მიღებას და სხვა მრავალი საშინელი კანონის მიღებას, რომელიც ჩვენი ერის გადაშენებას გულისხმობს. ევროკავშირს ასევე ბრალს სდებდნენ, საქართველოსთვის სოდომის მიღების იძულებასა და რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნაში. პროპაგანდის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნების წაყენებით საფრთხეს უქმნის საქართველოს, მაგრამ მაინც არ იღებს ევროკავშირის რიგებში.


    პროპაგანდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით:
  • მაშინ როდესაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ჭირდება, ევროკავშირი დახმარების ნაცვლად საქართველოს შესასრულებად აძლევს 12 რეკომენდაციას და დამატებით დაუყენებს კიდევ 21 პირობას, თუ საქართველოს დახმარება არ იქნება ევროკავშირის ინტერესებში;
  • 12 პუნქტიანი გეგმა რეალურად არის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის და ქაოსის გამოწვევის ბერკეტი, რომლის გამოცდაც მოხდა 7-8 მარტს. ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მისი გაზომვის კრიტერიუმი. 12 პუნქტიანი გეგმა არ ემსახურებ საქართველოში დაძაბულობის განმუხტვას ან რაიმეს გადაჭრას, არამედ მათ ხელში ასრულებს კონფლიქტის გამწვავების მექანიზმის ფუნქციას;
  • 12 რეკომენდაცია ეწინააღმდეგება ქრისტიანულ რწმენას და ეს უნდა შევაჩეროთ;
  • ანტიდასავლური წყაროების ხედვით, სამართლიანი სასამართლო სისტემის მოთხოვნაში, დასავლეთი გულისხმობს სრულად კონტროლირებად სასამართლო სისტემას. პროპაგანდის თანახმად, აღნიშნული მკაფიოდ გამოჩნდა ევროკავშირის ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებული, ანტიევროპულად განწყობილი აქტივისტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში;
  • ევროკავშირი საბჭოთა კავშირის გაუარესებული ვერსიაა;
  • ევროკავშირში და ნატოში გაწევრება და ევროპული კარგი ცხოვრება ნიშნავს საკუთარი სულის და სინდისის გაყიდვას და რწმენის და ტრადიციების დაკარგვას. ამავე მტკიცებით, ნატოში გაწევრიანებას განაპირობებდა ის, რომ აშშ-ის ელჩი მართავს საქართველოს და საქართველო ხდება თურქეთის ტერიტორიული დანამატი. პროპაგანდა ასევე ამტკიცებდა, რომ ბევრმა სახელმწიფომ ვერ ნახა სარგებლო ევროკავშირში გაწევრების შემდეგ, მათ შორის ინგლისი გავიდა, საბერძნეთი გაკოტრდა, პორტუგალია, ესპანეთი და იტალია გაკოტრების რიგში დგანან, საფრანგეთი ცეცხლის ალშია გახვეულია განრისხებული ხალხის გამო, უნგრეთი მალე დატოვებს ევროკავშირს, ევროპაში საშუალო კლასი აღარ არსებობს და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ახალგაზრდები აღარ დარჩნენ უმუშევრობის და ცხოვრების გაძვირების მიზეზით. ხაზგასმული იყო, რომ ლიტვა და ლატვია მოწინავე ქვეყნები არიან თვითმკვლელობების მაჩვენებლებით, ხოლო საბერძნეთი ნატოს წევრია და მაინც ვერ ახერხებს ტერიტორიული პრობლემის გადაჭრას. პროპაგანდისტულ ნარატივებში გამოკვეთილი იყო, რომ თუ საქართველოს არ ექნებოდა ნატოში გაწევრებისკენ სწრაფვა, არ მოხდება რუსეთთან ომიც.
  • საქართველოს ჭირდება დასავლეთი პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ დასავლეთი საქართველოს საკუთარ ინტერესებში იყენებს.
  • ევროპა და ევროკავშირისგან მიღებული სარგებელი სახიფათოა საქართველოსთვის უპირველეს ყოვლისა იდეოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს ლგბტ კანონების მიღებას და ეკლესიის და ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას.
  • საქართველოს დესტაბილიზაციის პასუხად, საფრანგეთის საგარეო მინისტრის განცხადებაში სანქციების განხილვაზე მითითება აშკარას ხდის, რომ დასავლეთმა ქართულ ოპოზიციას მისცა კარტ-ბლანში ქვეყანაში არეულობის ორგანიზებისთვის;
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის თაობაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის კრიტიკულ განცხადებაზე პასუხად, პროსახელისუფლებო მედიამ გამოაქვეყნა ქართველი ფიზიკოსის და პროსახელისუფლებო ექსპერტის განცხადება, რომლის თანახმადაც ანალენა ბერბოკი არაკომპეტენტურია და სწორედ ამ თვისებების გამო შეარჩიეს ის ამერიკელებმა და ამუშავებენ გერმანიის და ევროპის ინტერესების საზიანოდ.

პროპაგანდის სამიზნე გახდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური:

  • პრორუსული პროპაგანდა აცხადებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური (ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შემდეგ), რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ან გენერალურ პროკურატურას და არის სახალხო დამცველი ოფისის მსგავსი დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა გააჩნია უფრო მეტი ბერკეტი. პროპაგანდისტების თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელი ანგარიშს აბარებს უცხოელ დიპლომატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახასიათებდნენ როგორც სადამსჯელო ორგანოს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის, განსაკუთრებით მისი ნაციონალისტურად განწყობილი სეგმენტის დაშინებას და საქართველოს ლიბერალურ ქვეყნად გადაქცევას. პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ თუ სახალხო დამცველის ოფისი წარმოადგენდა ლიბერალების დაცვის ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყო სადამსჯელო ორგანო დასავლეთის ხელში, რადგან მათ დაიწყეს გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ 7-8 მარტის მოვლენების დროს ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით.
  • პროპაგანდა ასევე აცხადებდა რომ სააგენტოს აბრევიატურა [ქართულ ენაზე] იქნება სსს და უწყება (ერთი ს-ს დამატებით) გერმანიაში ფაშისტების სს-ის მსგავსი და კიდევ უფრო უარესი სადამსჯელო ორგანოა.

აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა

პრორუსულმა ტელეკომპანიამ „სეზონი“ ანტიამერიკულ პროპაგანდას თოქ-შოუ მიუძღვნა, რომლის წამყვანმა და რესპონდენტმა გააჟღერეს შემდეგი მტკიცებები:

  • მიმდინარე ომი არ არის უკრაინას და რუსეთს შორის, რადგან ასე რომ იყოს, ომი უკვე დამთავრდებოდა და სინამდვილეში ომი არის ნატო-ს და რუსეთს და აშშ-ს და რუსეთს შორის;
  • ტრამპის დაპატიმრება დააჩქარებს აშშ-ის გლობალიზმის ცენტრების ნგრევას, რადგან აშშ უკვე სამოქალაქო ომის ზღვარზეა;
  • ამერიკული დრონი [რომელიც შავ ზღვაში რუსულ გამანადგურებლის ზემოქმედების შედეგად ჩამოვარდა] რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე დაეშვა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ს ამ გაზსადენის აფეთქება ჰქონდა განზრახული;
  • აშშ საქართველოს უკრძალავს რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან ურთიერთობას და პარალელურად საქართველოში აფინანსებს სოდომიტებს და „გრანტიჭამიებს“ (იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციები);
  • აშშ ეხმარება მხოლოდ მის მონებს, რომლებიც საქართველოში ლგბტ პროპანდას და ბინძურ სექსუალურ იდეოლოგიას ავრცელებენ
  • აშშ ებრძვის საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ტურიზმის სექტორსაც და მაშინვე, როდესაც ტურიზმი იზრდება და მცირე ბიზნესი იწყებს მუშაობას, აშშ ააქტიურებს ბერკეტებს ამის გასანადგურებლად. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აშშ-ს არ ჭირდება თავისუფალი და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო და საქართველო ჭირდება როგორც მონა. ამისთვის, აშშ 90 მლნ დოლარს უყოფს საკუთარი აგენტების ქსელს, რომლებსაც ევალებათ ქართული ეკონომიკის და პოლიტიკის მოსპობა, საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი რწმენის და ოჯახური ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა. აშშ-ის საქართველოს ტერიტორია ჭირდება მხოლოდ სამხედრო ბაზების განლაგების მიზნით და არა საქართველოს დასახმარებლად, ან მისი კულტურის მხარდასაჭერად;
  • აშშ-მა შეაჩერა პროექტი საუდის არაბეთიდან, რომელიც ითვალისწინებდა წყალგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას საქართველოში და წყლის ექსპორტს არაბულ სახელმწიფოებში, რაც ხელს შეუწყობდა პენსიების მატებას საქართველოში და გაზრდიდა ხალხის შემოსავლებს.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე

  • 20-26 მარტის კვირაში, მოსკოვში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ვიზიტის შემდეგ, პროკრემლისტურმა სოციალური მედიის გვერდებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თეთრი სახლის პრესმდივნის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არ დაუშვებს უკრაინის მხრიდან ჩინეთის დელეგაციის მიერ მოსკოვში ვიზიტისას გახმოვანებული სამშვიდობო ინიციატივის მიღებას. „ფაქტმეტრის“ სტატიაში ახსნილია, თუ როგორ მოხდა კირბის სიტყვების დამახინჯება;
  • გასული კვირის მსგავსად, რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდებოდა კარგად ნაცნობი რუსული ნარატივი ზელენსკის ნარკოდამოკიდებულების შესახებ. ამჯერად, პროპაგანდისტულ მასალებში გამოჩნდა თანამედროვე ხელოვნების ნიმუში - 2018 წლის ცხვირის ფორმის მტვერსასრუტის ინსტალაცია.