logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციის ბრიფი - 22 მაისი - 4 ივნისი

350768334_1461589457918045_1763659778057766432_n.png
16 ივნისი, 2023
 0

გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრის გაკეთებული განცხადებები ნატო-სა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მწვავე დისკუსიის საგანი გახდა

გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართული დისკუსიის დროს მოდერატორის შეკითხვაზე პასუხად, თუ რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ვფიქრობ, ყველამ იცის მიზეზი“, ხოლო მოდერატორის დასმულ დამატებით შეკითხვაზე, „არ ვარ დარწმუნებული რომ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით“, ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: „ვფიქრობ, კარგად იცით და აუდიტორიამაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო. ნატოს გაფართოება, არა? და სხვა მრავალი მიზეზი. მოდერატორის მიერ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვაზე: „თქვენ ფიქრობთ, რომ ომი ნატოს გაფართოვებამ გამოიწვია?“ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა შემდეგი: „მე არ მსურს სპეკულაცია და არ მსურს მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების განცხადებების ციტირება. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი და მისწრაფება გამხდარიყო ნატოს წევრი და შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ შედეგებს“. პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა საქართველოში და საზღვარგარეთ მწვავე საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია. პრემიერ-მინისტრი შეეცადა საკუთარი ნათქვამის დაცვას და განაცხადა, რომ მომდევნო დღეს ევროპული კომისიის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ ომის მიზეზი იყო უკრაინის სურვილი შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, რაც ასევე გაიმეორა პრეზიდენტმა მაკრონმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ უკრაინას და საქართველოს მისცეს ნატოს წევრობის პერსპექტივა უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია რუსეთის აგრესია. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მას ახალი არაფერი უთქვამს და რამდენიმე დღის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლეიენმა იგივე გაიმეორა ბრატისლავაში, თუმცა სხვა სიტყვებით და სიტყვა ნატო ჩაანაცვლა „ევროპული ოჯახით“.

  • პოლიტიკურმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა ომის ბრალეულობის ნატოზე გადატანაში, რაც მათი შეფასებით წარმოადგენს რუსული პროპაგანდის გამეორებას და ზიანს აყენებს საქართველოს ნატოში წევრობის მისწრაფებას;
  • მომხდართან დაკავშირებით „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ნატოს წევრობის მსურველი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომში ნატოს ადანაშაულებს. საქართველოს სურს გახდეს სამხედრო ალიანსის და ევროკავშირის წევრი, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ახალი განცხადებები კარგად არ აღიქმება“;
  • პრემიერ-მინისტრის განცხადებები ასევე მკაცრად გააკრიტიკეს ევროპარლამენტის წევრებმა, განსაკუთრებით რასა იუკნევიჩენემ, რომლის შეფასებითაც „ლაპარაკობს მოსკოვი“;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხშირად არიან მეგობრის ნიღაბს ამოფარებული, თუმცა ხშირად გვლანძღავენ. მისი განმარტებით, რაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იყო სიმართლე და არაფერი ახალი და თვით ზელენსკიც ამბობდა, რომ ისინი მზად იყვნენ ეომათ ნატოს გულისთვის და ეს არა ერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს და პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა ის, რასაც იმეორებენ სხვები, მათ შორის ზელენსკი. თუმცა, მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობდა ჭიანჭველასგან სპილოს შექმნას;
  • „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც ასევე იცავდნენ პრემიერ-მინისტრს და ამბობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრს არ უთქვამს, რომ საქართველოს უარს ამბობს ნატოზე და ევროპულ მომავალზე. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკას უწოდებდა დეზინფორმაციის კამპანიას და საქართველოს დისკრედიტაციის მიზნით, შიდა და გარე წყაროების მიერ პროპაგანდისტული გზავნილების შემუშავების და გავრცელების კლასიკურ მაგალითს. შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ კამპანიაში ჩართულები არიან ისიანი, ვინც ეწინააღმდეგებიან საქართველოს წინსვლას ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით;
  • ქართული ოცნების კიდევ ერთი ლიდერი განმარტავდა, რომ „საქართველო და შემდგომში უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ იმიტომ, რომ ჩვენ გვსურდა ჩვენ მომავალზე ჩვენ თვითონ მიგვეღო გადაწყვეტილება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, სუვერენული და თავისუფალი. საქართველოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის ევროპული ოჯახი, საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ საზოგადოებაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერით ეს ისტორიული არჩევანი ჩავწერეთ კონსტიტუციაში...“;
  • პრორუსულად განწყობილი პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ პრემიერ-მინისტრს იმიტომ დაუსვეს ეს შეკითხვა, რომ საქართველოზე ზეწოლა განახორციელონ და საქართველოს მთავრობას ათქმევინონ ისეთი რამ, რაც მოგვიანებით გამოყენებული იქნება მათსავე წინააღმდეგ, ხელისუფლების დამხობის და ძალაუფლებაში ისეთი მონების მოყვანის მიზნით, რომლებიც საქართველოს ომში ჩართავენ.

„ქართული ოცნება“ 2008 წელს ტერიტორიების დაკარგვაში (სულ მცირე ნაწილობრივ) ყოფილ მთავრობასა დანაშაულებს.

ბრატისლავაში დასმულ შეკითხვაზე, იყო თუ არა 2008 წლის ომი აგრესიის აქტი/არაპროვოცირებული აგრესია, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „არ მსურს ამ ომის დეტალებში შესვლა, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება: ვგულისხმობ იმას, რომ მთავრობაში რომ ვყოფილიყავით – ეს ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში - ვფიქრობ, ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ ეს ომი აგვეცილებინა“. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ პასუხში რუსეთის ქმედებებს აგრესია უწოდა და გააკრიტიკა მსოფლიო ყურადღების ნაკლებობის გამო, რომლის მაგალითადაც დაასახელა, ის, რომ რუსეთს მაშინ სანქციები არ დაუწესეს. ეს ხაზი 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაიმეორეს ქართული ოცნების სხვა ლიდერებმაც, რითაც ნაწილობრივ მაინც დაადანაშაულეს ნაციონალური მოძრაობის წინა ხელისუფლება ომის შედეგებში. აგალითად:

  • პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებდა, რომ: „რუსეთის აგრესია მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმ დანაშაულებრივმა შეცდომებმა და ალბათ, მოღალატეობრივმა პოზიციამ, რაც იმ პერიოდის ხელისუფლებას გააჩნდა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით გადახია საგზაო რუკა, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირს გააჩნდა და რომელსაც საკმაოდ მაღალი ინტენსივობით და შედეგიანობით მივყვებოდით. 2006 ივლისიდან მოყოლებული იმდენი საოცარი და საეჭვო ე.წ. შეცდომებია დაშვებული, რომ სხვას ვერაფერს იფიქრებ, თუ არა იმას, რომ აქ კონსპირაცია არსებობდა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტერიტორიების ოკუპაციას [რუსეთის მიერ];
  • თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მტკიცებით, 2008 წელს საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, სოფლები და საქართველოს ბევრი მოქალაქე და გმირი სამხედრო დაიღუპა „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო. მისი თქმით, მაშინ ხელისუფლებაში რომ „ქართული ოცნება“ ყოფილიყო, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა.

საქართველოში მოქმედი პროკრემლისტური მედია რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის მიზეზად ნატოს ასახელებს:

  • პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ პროპაგანდის გასავრცელებლად მანიპულაციურად იყენებდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერბოკის განცხადებას, რომ ომის პირობებში უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. მისი მტკიცებით, ომი, რომელსაც უკვე მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა და უამრავი ადამიანის დაღუპვა უკრაინისთვის, იყო უკრაინის ნატოსკენ სწრაფვის შედეგი და ამის მიუხედავად, ნატომ მაინც გადაწყვიტა უკრაინისთვის კარი დაეკეტა. აღნიშნულის საფუძველზე, ის ამტკიცებდა, რომ პროდასავლური ძალები მოუწოდებენ საქართველოს განაგრძოს გზა ნატოსკენ, მიუხედავად იმისა, რომ ნატო არ იღებს საქართველოს თავის რიგებში და ეს იწვევს ტერიტორიების დაკარგვას. მისი თქმით, თუ საქართველოს გადარჩენა უნდა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკა უნდა დასრულდეს;
  • ანტიდასავლურად განწყობილი აქტივისტის და პრორუსული „ალტ-ინფოს“ წამყვანის თქმით, ომი დაიწყო იმის გამო, რომ უკრაინა დასავლეთისკენ შემობრუნდა და ქვეყანაში ნატო და ევროკავშირი მიიწვია, რამაც დასავლეთის გავლენა გაზარდა. აქედან გამომდინარე, დაძაბულობა დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთის ხელშეწყობით რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებთან ერთად იბრძოდნენ უკრაინის პროდასავლური ხუნტას წინააღმდეგ. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მათი სამყაროს („რუსული სამყაროს“) გადაქცევას დასავლურ სამყაროდ. მისი თქმით, რუსეთს არ დაუწყია სრულმასშტაბიანი ომი ევროკავშირის ან დასავლეთის გავლენის გაძლიერების გამო, მაგრამ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი მას შემდეგ, რაც უკრაინის მოლაპარაკებებმა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეალური და სერიოზული სახე მიიღო.

პრორუსული წყაროები რევოლუციების და ქაოსის მიმართ შიშის გამძაფრებას ცდილობენ:

  • პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ მუდმივი წამყვანი და ანტიდასავლურად განწყობილი ლექტორი ამტკიცებდა, რომ პროდასავლური ოპოზიციის წევრი ელენე ხოშტარია რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვთან თანამშრომლობდა და საქართველოში არეულობა წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით გამოიწვია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება. აღნიშნულში წამყვანი გულისხმობდა სერგეი გავრილოვის სკანდალურ ვიზიტს საქართველოში, რამაც 2019 წლის 20 ივნისის მასობრივი საპროტესტო გამოსვლა გამოიწვია და რომლის შემდეგაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აკრძალა;
  • „სეზონის“ წამყვანი ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-დან ცდილობდა 7-8 მარტის საპროტესტო გამოსვლების („უცხოეთის აგენტების კანონპროექტთან“ დაკავშირებით) დროს არეულობის გამწვავებას და მისმა ვიზიტმა ბრიუსელში შესაძლოა ასევე გამოიწვიოს მის მიერ რევოლუციისკენ მოწოდებების გაჟღერება. პროპაგანდის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში მაგ დროს იმყოფებოდა იმიტომ, რომ შემდგომ მოეპოვებინა ძალაუფლება საქართველოში და ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, აღნიშნული გეგმა ჩაშალეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გომელაურმა და მთავრობამ, რომლებიც კარგად მოქმედებდნენ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს;
  • „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი პრორუსული „ალტ-ინფოს“ ეთერში საუბრობდა, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, მაგრამ ვერ ახერხებს საზოგადოებაში შესაბამისი მუხტის შექმნას. მისი მტკიცებით, საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა - პოლიტიკური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოწვევას, რომლის ბოლო მაგალითსაც წარმოადგეს რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლება, მაგრამ ხალხი მათ არ მიყვება, რადგან ხალხს სჭირდება პირდაპირი ფრენების აღდგენა. მისი თქმით, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ორი საზოგადოებრივი ფიგურა - ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და ოპოზიციური „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია გავრცელებულ სატელეფონო საუბარში რევოლუციას გეგმავდნენ;
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტი აშშ-ის მხრიდან ოპოზიციის აქტიურ მხარდაჭერას იმით ხსნიდა, რომ მოქმედი ხელისუფლება არ აღმოჩნდა საქართველოში აშშ-ის ინტერესების გატარების მსურველი და შესაბამისად აშშ-ს სურს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, რომლებიც აშშ-ის ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებენ, იქნება ეს მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ თუ რაიმე სხვა.

ქართველი პროპაგანდისტებისთვის რუსეთი დიდი სახელმწიფოს მისაბაძი მაგალითია

  • პრორუსი პროპაგანდისტის თქმით, რუსეთი საქართველოს დაეხმარა აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების დაბრუნებაში და რუსეთის გარეშე საქართველო დღეს არ იარსებებდა; რუსეთმა ასევე ხელი შეუწყო საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას და თუ რუსეთმა საქართველოს რაღაც ცუდი გაუკეთა, მას რუსეთის ჩადენილი სიკეთე ბევრად აღემატება. მისივე მტკიცებით, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ, პირიქით - ქვეყანას ტერიტორია წაართვეს. შესაბამისად, რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსთვის ბევრი სიკეთე გააკეთა;
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ პროდასავლურ საზოგადოებას არ უნდა ახარებდეს რუსეთის დაშლა, რადგან ამ შემთხვევაში ერთის ნაცვლად 50 რუსეთს მივიღებთ;
  • პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრი ამტკიცებდა, რომ რუსეთის მიზანი არ არის დაპყრობა ან გეოპოლიტიკა (თუმცა დასძინა, რომ არ ამართლებს რუსეთის ქმედებებს) და ურჩევნია ჰქონდეს თბილი ურთიერთობები, ალიანსები და ამით მიიღოს სარგებელი, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით იგი ამტკიცებდა, რომ საქართველომ უნდა დაამყაროს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, დაასრულოს მუდმივი დაპირისპირების რეჟიმი და არ იყოს რუსეთისთვის თავის ტკივილი სამხრეთ კავკასიაში. თუმცა, დასავლეთი ცდილობს განახორციელოს აღნიშნული პროცესის საბოტაჟი და არ დაუშვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხის დღის წესრიგში დაბრუნება. მისივე თქმით, დასავლეთი აწარმოებს საპირისპირო პოლიტიკას - ცდილობს განახორციელოს დესტრუქციული ქმედებები საქართველოში თავისი აგენტების ხელით.

პროპაგანდა დასავლეთს კვლავ ადანაშაულებს უკრაინის პოლიგონად გამოყენებაში

  • სოსო შატბერაშვილის თქმით, უკრაინას ნაცისტური და ფაშისტური მთავრობა მართავს ჯამბაზი ზელენსკის ხელმძღვანელობით, რომელსაც უკრაინელი ხალხი და ერი სრულ გენოციდამდე მიჰყავს. პროპაგანდისტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულს საჯაროდ არ აფიქსირებდა;
  • პრორუსული კონსერვატიული მოძრაობის წევრი აცხადებდა, რომ ომი გამოიწვია იმან, რაც უკრაინამ გააკეთა ევროსტრუქტურებთან მიმართებით, თუმცა ევროკავშირი და ნატო არაფერს აკეთებენ იარაღის მიწოდების გარდა და უკრაინა სამხედრო პოლიგონად გადააქციეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ამტკიცებდა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროსტრუქტურებზე, ანუ ნატოსა და ევროკავშირზე;
  • ანტიდასავლური შეხედულებების მქონე სასულიერო პირის თქმით, უკრაინა საქართველოს არასდროს დახმარებია. კიდევ ერთი პროპაგანდისტი აცხადებდა, რომ ერთადერთი, რაც საქართველოსა და უკრაინას აერთიანებს, არის ჯორჯ სოროსისა და მისი ინსტიტუტების მიერ ორგანიზებული ფერადი რევოლუციები;
  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ წამყვანი ამტკიცებდა, რომ ზელენსკი უკრაინის მოღალატეა, მაგრამ ის არ ეკუთვნის უკრაინელ ერს, რადგან გარე ძალების დასმულია. კერძოდ, ხაზს უსვამდა, რომ ზელენსკი არ არის უკრაინელი არც ეთნიკური წარმომავლობით და არც რელიგიით, რადგან არ არის მართლმადიდებელი და ამიტომაც აქტიურად ებრძვის უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და აშშ-ს ხელისუფლებასთან ერთად იცინის უკრაინელებისა და რუსების დაღუპვის შემთხვევებზე;
  • დეზინფორმაციის მიხედვით, მინსკის შეთანხმება მხოლოდ იარაღი იყო დასავლეთისთვის, უკრაინის ომისთვის მოსამზადებლად დროის მოსაგებად. ამ დროის განმავლობაში პოროშენკო საკუთარ ხალხს ბომბავდა - რაზეც ახლა პუტინი საუბრობს, მაგრამ დასავლეთმა უგულებელყო ბავშვებისა და ქალების სიკვდილი. პროპაგანდისტი ამავე ცრუ ნარატივით ცდილობდა გაემართლებინა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მას მერე განახორციელა რაც პოროშენკომ ომი გამოუცხადა თავის ხალხს და მოსახლეობა აღმოჩნდა საფრთხეში, რამაც რუსეთს არჩევანი არ დაუტოვა;
  • პროპაგანდის მტკიცებით, წამყვანი მედიასაშუალებები 2014 წელს კიევში გამართულ დემონსტრაციებს წარმოაჩენდნენ მშვიდობიანად, სინამდვილეში კი ეს იყო აშშ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერილი სამხედრო გადატრიალება;
  • „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი წამყვანი აცხადებდა, რომ როდესაც 2021 წელის დეკემბერში ბლინკენმა პასუხი გასცა რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, აშშ-მა პრაქტიკულად აცნობა რუსეთს, რომ არ გაითვალისწინებდნენ რუსეთის ინტერესებს ეუთოსა და გაერო-ს დოკუმენტებში დაფიქსირებულ საკითხებთან დაკავშირებით;
  • პრორუსი პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ ბელგოროდის ოლქში შეჭრები არ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი დასუსტებულია, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ცდილობდა ყურადღების გადატანას ბახმუტის დაცემისგან (ბელგოროდში შეჭრის თაობაზე იგივე ინტერპრეტაცია არაერთხელ იქნა დაფიქსირებული). ასევე ხაზგასმულია, რომ მას შემდეგ რაც მოხდებოდა დონეცკის სრულად დაკავება რუსეთს სჭირდებოდა საფუძველი ოპერაციის დნეპროპეტროვსკის ოლქში გაგრძელებასთან დაკავშირებით. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ წარსულში მის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა 0%-ია, რადგან ეს მხოლოდ რუსეთის დაშლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რადგან რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისგან განსხვავებით აღნიშნული ტერიტორიების ანექსია მოახდინა;
  • პროპაგანდისტი სასულიერო პირი აცხადებდა, რომ უკრაინაში ეკლესია მოისპო სისტემატური თავდასხმების შედეგად, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს ნგრევა და ლიბერალური დასავლეთი კი საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ იმავე მიზნით იბრძვის - რომ შემდეგ საქართველო უკრაინის მსგავსად ჩაითრიოს რუსეთთან ომში.

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა: დასავლეთი საქართველოს მტერია, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაითრიოს

  • პროპაგანდისტული წყაროები ავრცელებდნენ ცრუ დილემას - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებზე უარის თქმის სანაცვლოდ ან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა და მოსკოვთან მოლაპარაკებების გზით ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების გადაჭრა;
  • პროპაგანდის თანახმად, დღეს საქართველოს არ ჰყავს მეგობრები, რადგან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, რომელთა ელჩები ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის კაბინეტში შეცვივდნენ და რუსეთის სანქცირება მოითხოვეს, არ შეიძლება მივიჩნიოთ მეგობრებად, უფრო პირიქით - ისინი მტრები არიან, რადგან საქართველოს ომში ჩათრევა სურთ;
  • „ალტ-ინფო“ ასევე ამტკიცებდა, რომ ამჟამად ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოებისთვის იმის ახსნას, რომ დასავლეთი აღარ არის საქართველოს პარტნიორი (თუმცა არც წარსულში ყოფილა) და პირიქით - დასავლეთი არის საქართველოს მტერი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას;
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტის მოსაზრებით, ევროკავშირი რომ ასეთი კარგი ყოფილიყო, გაერთიანებული სამეფო მის წევრობაზე უარს არ იტყოდა. მისი მტკიცებით, საბჭოთა კავშირი იყო უფრო უკეთესი, რადგან ევროკავშირს/დასავლეთს სურს საქართველოს შიდა საქმეების ყოველდღიური ასპექტების კონტროლი;
  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ თანახმად, საუბარი ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებასთან დაკავშირებით 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება - როდესაც შემოდგომაზე 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ვითარება გამწვავდება, მაღალი ალბათობით ევროკავშირი გააუქმებს უვიზო მიმოსვლას;
  • ერთ-ერთი პროპაგანდისტის მტკიცებით, ევროკავშირს არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რადგან რეალურ გადაწყვეტილებას იღებს აშშ;
  • „ალტ-ინფოს“ თანახმად, თუ ევროკავშირს უნდა სტაბილურობა საქართველოში, მაშინ საქართველოს უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი რომ დაასრულოს ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, თუმცა ევროკავშირი ამას არ აკეთებს, რადგან ამ საკითხს იყენებენ დესტრუქციული ძალების ზედაპირზე შენარჩუნების ინსტრუმენტად, რომელთა გამოყენებითაც კოლექტიურ დასავლეთს სურს საქართველოში რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა;
  • „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ როდესაც ხორვატია ევროკავშირში შედიოდა, მას აიძულეს უარი ეთქვა ყველა ეროვნულ ინტერესზე, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებთან და სერბეთთან მიმართებით. ამან ბალკანეთში ხორვატიის გავლენის დაკარგვა გამოიწვია. პროპაგანდის თანახმად, იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც - მას აიძულებენ, რომ დათმოს ყველა ინტერესი. ხორვატიისგან განსხვავებით, საქართველოს შესვლა ევროკავშირში არავის ჭირდება, რადგან ისინი ისედაც აღწევენ საკუთარ მიზნებს საქართველოსთან მიმართებით, რაც არის რუსეთთან დაძაბულობის შენარჩუნება;
  • კიდევ ერთი პროპაგანდისტი „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდა, რომ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არასდროს დამდგარა - დასავლეთის მიზანი საქართველოსთან მიმართებით არის ის, რომ ქვეყანა ჩაერთოს რუსეთთან ომში.

აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ფოკუსირებულია აშშ-ს აგენტებზე საქართველოში და ამტკიცებს, რომ აშშ-მა საქართველოს „სულიერი ოკუპაცია“ განახორციელა.

  • პროპაგანდის მტკიცებით, აშშ-ს სურს ომი საქართველოში და ამ მიზნით აწყობს პროვოკაციებს. კერძოდ, საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის გეგმა შემდეგი სახისაა: საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმა, რაც რუსეთისგან პასუხს გამოიწვევს, ხოლო რუსეთის პასუხი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის განწყობების გაძლიერებას განაპირობებს;
  • პროპაგანდისტის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები არ არიან დაინტერესებულნი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. თუ საქართველო რუსეთის ადმინისტრაციის ნებართვით გაერთიანდება, საქართველო დაკარგავს აშშ-ს სატელიტის ღირებულებას. აღნიშნული კი, დეზინფორმაციის თანახმად, გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის პროვოცირებისთვის ისე, რომ აშშ არც იცავს და არც რეალურად ეხმარება საქართველოს;
  • ტელეკომპანია „სეზონის“ პრორუსული წამყვანი აშშ-ს აცხადებდა საქართველოს უდიდეს მტრად, რადგან ვაშინგტონი საქართველოს ანადგურებს იმით, რომ ეწინააღმდეგება რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას, რაც გამოიწვევდა სამუშაო ადგილების შექმნას და ქართველ ფერმერთა წარმოების ზრდას. ამავე რესპონდენტის, ანტიდასავლური სასულიერო პირის თქმით, არც ერთ იმპერიას არ გაუკეთებია მსოფლიოში იმაზე მეტი ბოროტება, ვიდრე აშშ-ს;
  • იგივე სასულიერო პირი აცხადებდა, რომ აშშ ეწევა ქართველების გენოციდის პოლიტიკას - თავდაპირველად, აშშ-მ 1990-იან წლებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტ შევარდნაძის ხელით მოახდინა ომის პროვოცირება აფხაზეთში, რომ გამოეწვია მტრობა ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და რუსებს შორის, რამაც საქართველო როგორც პატარა სახელმწიფო იძულებული გახადა ეზრუნა აშშ-ს მხარდაჭერის მოპოვებაზე, რამაც საქართველო აშშ-ის ვასალურ სახელმწიფოდ აქცია. კიდევ ერთი პროპაგანდისტი ასევე ამტკიცებდა, რომ შევარდნაძე იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტი, რომელმაც ხელი შეუწყო აშშ-ს გეგმების 120%-ით შესრულებაში [სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას] და სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ შევარდნაძე საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანეს;
  • პროპაგანდისტის თანახმად, აშშ-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს და საქართველოში მოქმედ აგენტებს უბრძანა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რაც აშშ-მა საქართველოს მთავრობას ულტიმატუმის სახით წაუყენა. ამავე პროპაგანდისტის თქმით, აშშ ასევე ცდილობს მეორე ფრონტის გახსნას ცენტრალურ აზიაში;
  • პროპაგანდისტი ამტკიცებდა, რომ აშშ-სგან დაფინანსებული და კონტროლირებადი აგენტები საქართველოში აშანტაჟებენ ცნობილ სასულიერო პირს შალვა კეკელიას და აიძულებენ მას, რომ ამ ძალებს მხარი დაუჭიროს. პროპაგანდისტის მტკიცებით, აშშ-ის მიერ კონტროლირებადი გეი-მაფია ჩართულია ყველა სფეროში და უწყებაში, განსაკუთრებით განათლების სამინისტროში, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ლგბტ აგენტების ბუდეა;
  • პრორუსულად განწყობილი წამყვანი აგრძელებდა იგივე ნარატივს და ამტკიცებდა, რომ აშშ-მა საკუთარი აგენტების მეშვეობით შეძლო ის, რაც აქამდე საქართველოს ვერც ერთმა ისტორიულმა მტერმა ვერ მოახერხა - განახორციელა საქართველოს სულიერი ოკუპაცია. მისი მტკიცებით, აშშ და მისი აგენტები 30 წელიწადზე მეტი ახორციელებდნენ საქართველოზე ზეწოლას, კლავდნენ პატრიოტებს და ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, როგორიც იყო გურამ შარაძე, ხოლო ქართველების განადგურების მიზნით სააკაშვილის მმართველობის დროს გასცემდნენ საქართველოს ციხეები პატიმრების წამების დირექტივას და აღნიშნული მიზანი გარკვეული ინერციით დღესაც გრძელდება. მისი დაპირებით, როდესაც აშშ-ს მოუწევს საქართველოდან გაქცევა, ყველა მისი აგენტი ვერ მოახერხებს ქვეყნიდან მათთან ერთად გაფრენას, როგორც ეს მოხდა ვიეტნამში, ავღანეთსა და სირიაში.

„ალტ-ინფომ“ ცნობილი ამერიკელი პროპაგანდისტი სკოტ რიტერი მოიწვია - ძირითადი თეზისები:

  • რუსეთი დიდი ქვეყანაა, უფრო სწორად - ყველაზე დიდი ქვეყანა დედამიწაზე, უზარმაზარი მოცულობის ბუნებრივი რესურსებით და ეკონომიკით, რაც მას მსოფლიოში ძალიან ძლიერ სახელმწიფოდ აქცევს. სწორედ ამიტომ სცადა აშშ-მა რუსეთის დაჩოქება;
  • აშშ-ის მიერ რუსეთის დაჩოქების მცდელობა არის ნატოს შექმნის და არსებობის საფუძველი;
  • ნატო არ არსებობს საქართველოს დასაცავად. ნატომ უკრაინა გამოიყენა და არ იცავს, როდესაც ანადგურებენ. ნატო შეეცდება ამავე ფორმით გამოიყენოს საქართველოც;
  • საქართველო და განსაკუთრებით უკრაინა იყვნენ რუსეთის განადგურების გეგმის ნაწილი. აშშ-ს საერთოდ არ აინტერესებს საქართველო და საქართველოს გამო საკუთარ ჯარისკაცებს საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა საქართველოს გამოიყენებს რუსეთის დასასუსტებლად;
  • ნატო და აშშ არ ეხმარებიან საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაში. ოსებთან და აფხაზებთან ქართველების დაახლოვებაზე მუშაობის ნაცვლად, მათ გადაწყვიტეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ, რასაც შედეგად საქართველოს სრული განადგურება მოჰყვება - ამას კი მეგობარი მეგობარს არ უკეთებს;
  • რუსეთს ეს ომი არ სურდა და ცდილობდა ყველა საშუალებით აერიდებინა თავიდან. რუსეთი ითხოვდა, უკრაინას არ შესულიყო დასავლურ ალიანსში. რუსეთი მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ბოლო წუთამდე ცდილობდა პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრას, მაგრამ როდესაც მშვიდობიანი მოგვარების ყველა გზა ამოიწურა, რუსეთი შევიდა უკრაინაში და ატარებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომლის მიზანსაც უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება წარმოადგენს;
  • დასავლეთი ამჟამად საქართველოსგან მოითხოვს დასავლური ფასეულობების მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტრადიციულ ფასეულობებს და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და გადარჩენას და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას;
  • უკრაინისთვის მიცემული შეიარაღება მოიცავს საკმაოდ ძველ ტანკებს და კიევისთვის მიწოდებული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები შეიარაღების საცავებიდან მოიხსნა და რეალურად გაუმართავია;
  • „ბრიქსი“ ფართოვდება - მასში შესვლის სურვილს გამოთქვამენ ეგვიპტე, ირანი, არგენტინა, თურქეთი, საუდის არაბეთი და სხვა, ხოლო ორგანიზაცია იზრდება და სულ უფრო ძლიერ ეკონომიკურ ინსტიტუტად ყალიბდება. შესაბამისად, ქართველები უნდა გამოფხიზლდნენ, გააცნობიერონ რომ მათი მომავალი არ არის ევროკავშირში გაწევრიანება და მიხვდნენ, რომ ყველას სურს „ბრიქსში“ შესვლა. საქართველოს მომავალიც „ბრიქსშია“, სადაც გლობალური ეკონომიკური ურთიერთობები იქმნება და ყველა თანასწორია, რაც ნიშნავს მულტიკულტურალიზმს და არა ამერიკულ ინსტიტუციონალიზმს, რაც გულისხმობს წაართვა ყველას ყველაფერი თუ ეს ამერიკას დასჭირდება;
  • საქართველოს მრავალწლიანი ისტორიული გამოცდილება რუსეთთან, უფრო მეტად ბუნებრივს ხდის რუსეთთან კავშირს ვიდრე ევროკავშირთან ან აშშ-სთან.