ქვეყანაში ცხოვრების დონის ერთ-ერთი საზომი ინდიკატორი უმუშევრობა/დასაქმებაა. საქართველოში უმუშევრობა მწვავე პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა საზოგადოებრივი აზრის შესწავლაში ვლინდება. ბოლო დროს განხორციელებულ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებში საერთო ეროვნულ საკითხებს შორის, მოსახლეობის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა. მოსახლეობის შეფასებით, სამუშაო ადგილების არარსებობა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება და ა.შ. ამავდროულად ვიღებთ სურათს, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს უმუშევრად მიიჩნევს, ხოლო ოფიციალურ სტატისტიკაში განსხვავებული მაჩვენებლებია.