logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

“არა-ფობიას!“ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ ისლამოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

statements.jpg
19 ივნისი, 2021
 0

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება 2021 წლის 16 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მოცეკვავე თეა დარჩიას მიერ გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას და მიაჩნია, რომ გადაცემის წამყვანმა დაარღვია პროფესიული სტანდარტები და კანონმდებლობის მოთხოვნები.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფერიის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას თეა დარჩიამ გააკეთა შემდეგი განცხადება: „მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო დედები გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ, ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვამს, რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს? იქნებ ვიკითხოთ, ხომ? მეც ძალიან მაინტერესებს, დავიღალე“. ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტმა მაგდა ანიკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „მადლობა, რომ მოგვიყევით და სრულიად გულწრფელად გაგვიზიარეთ თქვენი განცდები“.

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ გმობს თეა დარჩიას განცხადებას როგორც ისლამოფობიურს და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს. თეა დარჩიას განცხადება აღვივებს სტერეოტიპულ წარმოდგენებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელი შეიძლება იყოს („აღარაფერი ქართული მათში აღარ არის“). სწორედ ამგვარი დამოკიდებულებები უწყობს ხელს საზოგადოებაში რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციასა და რელიგიურ კონფლიქტებს. ასეთ ვითარებაში კი ჟურნალისტებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, არ გახდნენ სტერეოტიპული წარმოდგენების გავრცელების ხელშემწყობნი.

კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას“, ხოლო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. ამ პრინციპთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განმარტა, რომ „ჟურნალისტი არა მხოლოდ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციული განცხადებების და ზოგადად დისკრიმინაციის წყარო, არამედ ყველა ღონე უნდა იხმაროს სხვა პირთა დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის შემცველი მოსაზრება შესაძლებელია ჟურნალისტურ მასალაში მოხვდეს იმ შემთხვევაში, როდესაც გაშუქების მიზანია იმის ჩვენება თუ რა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით საუბრობს საჯარო პირი ან/და ასეთი განცხადება კეთდება პირდაპირ ეთერში. ასეთ დროს ჟურნალისტმა მაშინვე ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება არის მიუღებელი როგორც მისთვის, ისე მედია საშუალებისათვის“. [1] ამ ეთიკური სტადარტის საწინააღმდეგოდ, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, მაგდა ანიკაშვილი არათუ არ გაემიჯნა გადაცემის სტუმრის დისკრიმინაციულ ნათქვამს, არამედ მადლობა გადაუხადა მას ინტერვიუსთვის, ამით კი მან დისკრიმინაციული დამოკიდებულება წარმოაჩინა როგორც მისაღები.

[1] საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2017 წლის 19 აპრილის N131 გადაწყვეტილება საქმეზე – თანასწორობის მოძრაობა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

უფლებები საქართველო (RG)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა ცენტი (HRC)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

თბილისი პრაიდი